რატომ მიამსგავსეს "მუნდიალი 2018" ჰიტლერულ ოლიმპიადას? - კვირის პალიტრა

რატომ მიამსგავსეს "მუნდიალი 2018" ჰიტლერულ ოლიმპიადას?

რუსეთში მიმდინარე ფეხბურთელთა მსოფლიო პირველობა "გახურდა" და რამდენიმე საინტერესო შეხვედრასთან ერთად არაერთი მოულოდნელი შედეგიც ვიხილეთ.

ბრიტანული გამოცემა "დეილი მეილის" ჟურნალისტმა რობერტ ჰარდმანმა მსოფლიოს ამჟამინდელი პირველობა, მისი ორგანიზატორები, ასე ფიფა-ს მაღალჩინოსნები დაუფარავად გააკრიტიკა. რობერტ ჰარდმანმა "მუნდიალი -2018" 1936 წელს ნაცისტურ გერმანიაში ჩატარებულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს შეადარა. ჩვენი ბრიტანელი კოლეგის მტკიცებით, 1936 წელს გამართული ოლიმპიური თამაშები ადოლფ ჰიტლერისა და მისი ნაცისტური იდეების დაუფარავ პროპაგანდას ეწეოდა. ანალოგიური რამ ამჟამად რუსეთშიც ხდება, ოღონდ ჰიტლერის ადგილი ვლადიმირ პუტინმა დაიკავა.

"რუსეთში მიმდინარე მსოფლიო პირველობა ერთ დიდ პოლიტიკურ ცირკს მაგონებს. რომ დავფიქრდი, არაერთი მსგავსება აღმოვაჩინე 1936 წელს გერმანიაში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებთან. იქ ყველაფერი ადოლფ ჰიტლერის პროპაგანდას ემსახურებოდა, აქ კი ვლადიმერ პუტინის კულტის ზღვარგადაცილებულ რეკლამას ვხვდებით. რუსებს მორალური უფლება არ აქვთ მსოფლიო საფეხბურთო ზეიმის სამასპინძლოდ.

გავიხსენოთ: უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა და დონეცკელ-ლუგანსკელი სეპარატისტების მხარდაჭერა, სამოქალაქო თვითმფრინავის განადგურება, სირიაში ომის გაჩაღება, დიდი ბრიტანეთის ქუჩებში ტერორისტული აქტების მოწყობა. ამის მიუხედავად ფიფა-ს მექრთამეობაში გასვრილი ხელმძღვანელობა პუტინის დაკრულზე ცეკვავს და მსოფლიო პირველობის მასპინძელი ქვეყნის შეცვლა თავში არ მოუვიდა. სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეში ამ სახის კორუფციულ გარიგებებს კიდევ ვხვდებით", - განაცხადა რობერტ ჰარდმანმა.

წინა კვირის დასაწყისში, ქალაქ ბერნიდან ხუთი მამაკაცი და ერთი ქალი მანქანით ქალაქ დონის როსტოვამდე გამოეშურა. გზაში თავგადავალი გადახდათ, ნუ იკითხავთ. სხვადასხვა მანქანებით დონეცკის ოლქში, ზუსტად საომარი მოქმედებების ზონაში აღმოჩნდნენ. თურმე ღამის გათევება დონეცკში სურდათ, მაგრამ... შვეიცარიის ეროვნული გუნდის ერთგული ფანები უკრაინის არმიისა და დონეცკელი "ოპოლჩენჩების" გაცხარებული ბრძოლის შუაგულში მოექცნენ. "გზაააბნეული" ევროპელები თავიდან ვერ მიმხვდარან მათ თავს რა ხდებოდა.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჯერ ცეცხლმოკიდებული სახლები დაინახეს, ხოლო ცოტა ხანში მათთან ახლო საბრძოლო ჭურვებიც აფეთქდა კი მიხვდნენ, მაგრამ უკვე გვიანი გახლდათ. ბოლოსა და ბოლოს დონეცკის ოლქს თავი უსაფრთხოდ დააღწიეს. ამ ისტორიაში საინტერესო ის გახლავთ, რომ წინ და უკან გადაადგილებისას შვეიცარიელებს არა ერთი სამხედრო ბლოკპოსტის გავლა მოუწიათ. მეომრების სასახელოდ, ევროპელ სტუმრებს დაუბრკოლებლად ატარებდნენ და მათ სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ შექმნია.

რამდენიმე დღის წინ რუსულ მასმედიაში საინტერესო ინფორმაცია გამოჩნდა. მსოფლიო პირველობის დაწყებამდე ორი კვირით ადრე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის ყველა რეგიონში განლაგებულ პოლიციის განყოფილებებში საიდუმლო ბრძანება დააგზავნა. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩემპიონატის მიმდინარეობის დღეებში, რუსეთის პოლიციის ქვეგანყოფილებებმა დაფიქსირებული დამნაშავეობის სტატისტიკა და შემთხვევები ოფიციალურად არ უნდა გამოაქვეყნდეს.

გამოცემა "ნეზავისიმაია გაზეტას" მტკიცებით, ამ დღეებში თუ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდს ესტუმრებით იქ მხოლოდ რამდენიმე "უბრალო" კრიმინალურ შემთხვევას წააწყდებით. გაგიკვირდებათ და მსოფლიო პირველობის დაწყებიდან დღემდე რუსეთში დანაშაულის რაოდენობა 20-ჯერ შემცირდა და ჩემპიონატის დასრულებამდე ალბათ სულ "გაქრება".

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს