როცა ივანიშვილი პრემიერებს ნიღბებივით იცვლის... - კვირის პალიტრა

როცა ივანიშვილი პრემიერებს ნიღბებივით იცვლის...

გასული კვირა ქართული საზოგადოებისათვის ორმაგად დატვირთული აღმოჩნდა და ამის ლომის წვლილი რუსეთში მიმდინარე ფეხბურთელთა მსოფლიო პირველობამ შეიტანა. მართალია ქვეყანამ ახალი პრემიერ-მინისტრი და დროებითი მთავრობა მიიღო, მაგრამ ამისათვის არავის ეცალა, ალბათ თავად ბატონ პარლამენტარებსაც.

არგენტინის ეროვნული გუნდის ხორვატიასთან მარცხმა სრულიად საქართველო, დიდიან-პატარიანად ფეხზე დააყენა. სოციალურ ქსელებში ამის თაობაზე ერთგვარი განცხადებაც გამოჩნდა - "დიღმელი ნიგერიელები ნიგერიას, აღმაშენებელის ქუჩა - ირანს, დანარჩენი საქართველო კი არგენტინას გულშემატკივრობს". ნიგერია - ისლანდიის შეხვედრის წინ ახალი პოსტი გამოჩნდა - "დღეს მე ნიგერიელი ვარ" და ვისაც არ ეზარებოდა იგივე "ფეისბუქის" გვერდზე საკუთარი თავი აფრიკული გუნდის მაისურით უკვდავყო. ეს ხუმრობით, მაგრამ ლეო მესისა და მის თანაგუნდელებს საქართველო მათ "ისტორიულ" თანამემამულეებზე ნაკლებად არ ქომაგობს.

ფეხბურთის ირგვლივ ყველა ბჭობს და პროგნოზების გაკეთებასაც არ ერიდება, განსხვავებით... ქართველი პოლიტიკოსებისა. მათ წინა კვირას ფეხბურთისათვის ელემენტარულად არ ეცალათ. თუმცა ერთი "ორიგინალი" ყველგან გამოერევა და გამონაკლისი არც საქართველოს პარლამენტი აღმოჩნდა. უმცირესობის წევრმა, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა სოციალურ ქსელებში შემდეგი განცხადება გაავრცელა: "არც არავის მოვუწოდებ და ამით არც ქვეყნის ბედი გადაწყდება, მაგრამ მე პირადად ამ მსოფლიო ჩემპიონატის ვერც ერთ თამაშს ვერ და არ ვუყურებ". რა გითხრათ, კომენტარი ზედმეტია. ალბათ არსებობენ ადამიანები რომლებსაც ფეხბურთი არ უყვართ და ამაში ვერ დავადანაშაულებთ.

ალბათ ფეხბურთს არც ბატონი ნიკა მელია უყურებს. მას ამისათვის დრო არ ექნება. სადაც საქართველოში შფოთი და არეულობაა იქ აუცილებლად ნიკა მელიას ხელი უნდა იყოს გარეული. აგერ, წინა კვირას, პარლამენტის მორიგი სხდომისას შინაგან საქმეთა მინისტრს წამოუხტა და ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერთა მიტინგი, მიმდინარე წლის 11 ივნისს რატომ დაარბიეო, - ჰკითხა. პასუხიც შესაბამისი მიიღო, წესრიგი დაარღვიეთ, დასაჭერები იყავით და თუ ანალოგიური კიდევ გამეორდება კვლავ არაერთხელ დაგაკავებო.

მაინც ვერ ჩერდებიან ეს "ნაციონალები". ახალ პრემიერ მინისტრს ჯერ მუშაობა ხეირიანად არ დაუწყია და მისი ახალგაზრდული ბიოგრაფიის მიუხედავად არაერთი "შუქ-ჩრდილი" გამოუმზირეს.

მამუკა ბახტაძეს კრიტიკა მომავალში ისედაც არ მოაკლდება, თუ, რასაკვირველია, თავის საქმიანობას ჯეროვნად ვერ შეასრულებს. ჯერჯერობით მხოლოდ სამოქმედო გეგმა შეადგინა. თურმე სამინისტროების შემცირება იგეგმება და მხოლოდ თერთმეტი მათგანი დაგვრჩება. ამ გზით ბიუჯეტიდან 100-120 მილიონი ლარის გამოთავისუფლებასა და სოციალურ სფეროში გადამისამართებას აპირებს. საინტერესოა რომ პარალელურად, გაუქმებული სამინისტროების თანამშრომლების უმუშევრად დატოვებას არ აპირებს. ალბათ მარტივი კითხვა იბადება. როგორ აპირებს ნახსენები თანხების გამოთავისუფლებას? ალბათ იგორ კიო ან დევიდ კოპერფილდია ეს რთული მისია რომ განახორციელოს. არ ვიცი, ალბათ მორიგი უტოპიური დაპირებაა, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში განხორციელება არ უწერია.

ისე, რამდენიმე დღის წინ მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების მორიგ რეიტინგს გავეცანი და იქ წარმოდგენილ 150 ქვეყანას შორის საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ128-ე პოზიცია უკავია. ისე შედარებისათვის: ბედნიერი ქვეყნების ხუთეულში არიან ფინეთი, ნორვეგია, დანია, ისლანდია და შვეიცარია. ყველაზე უბედურ ქვეყნებად დასახელდნენ იემენი, ტანზანია, სამხრეთ სუდანი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და ბურუნდი. კარგია ტანზანიას, ბურუნდისა და იემენს ჯერჯერობით რომ ვჯობნით, მაგრამ მთავარი მაინც "მონდომებაა" და არ გამიკვირდება უახლოეს რამდენიმე წელიწადში ამ ქვეყნებმა უკან რომ ჩამოგვიტოვონ.

ასეა თუ ისე, ახალი პრემიერი და ახალი მთავრობა ახალი დაპირებებით მალე მუშაობას შეუდგება. საინტერესოა, მოსახლეობა კვლავ გაბრიყვებული დარჩება თუ ყინული ამჯერად ნამდვილად გალღობას დაიწყებს. ისიც საინტერესოა, ამჟამინდელი მთავრობა ამ შემადგენლობით თანამდებობებს რამდენი ხნით შეინარჩუნებს და მორიგ "გადაადგილებებს" რამდენ თვეში უნდა ველოდოთ. "თვე" ვახსენე და ჩვენს ქვეყანაში ერთ წელიწადზე მეტი, გინდა პრემიერი ან მისი მთავრობა ფიზიკურად ვერ ძლებს. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია და ამ სინამდვილეს ვერსად წაუვალთ.

პ.ს. გია ბუღაძეს უთქვამს ეს ბიძინა ივანიშვილი პრემიერებს ნიღბებივით იცვლისო, მოდი და ნუ დაეთანხმები...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს