რას იზამს "ჩუმი დიქტატორი" - ლეო მესი?
რას იზამს "ჩუმი დიქტატორი" - ლეო მესი?
რუსეთში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო პირველობაზე დღეს ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გაიმართება. მის შედეგს სამხრეთ ამერიკის ერთ ქვეყანაში და საქართველოშიც განსაკუთრებით ელოდებიან. საუბარი არგენტინა - ნიგერიის მატჩს ეხება. ალბათ ყველა დამეთანხმება რომ მსოფლიო პირველობაზე მოასპარეზე გუნდებს ჩვენს ქვეყანაში ქომაგები არ აკლია, მაგრამ დიეგო მარადონასა და ლეო მესის თანამემამულეები მაინც განსაკუთრებული, "სახალხო" სიყვარულით სარგებლობენ.

შეიძლება არაერთი ოპონენტი გამომიჩნდეს, მაგრამ არგენტინელთა უსუსური თამაში ნაწილობრივ წინასწარ პროგნოზირებადი გახლდათ. ბოლო სამი წლის განმავლობაში გუნდმა რამდენიმე მწვრთნელი
გამოიცვალა. ხერარდო მარტინო ედგარდო ბაუსამ შეცვალა, ეს უკანასკნელი კი ხორხე სამპაოლიმ ჩაანაცვლა. რასაკვირველია, ორ წელიწადში სამი მთავარი მწვრთნელის გამოცვლა გუნდს ხეირს ვერ მოუტანდა. ასეც მოხდა. რუსული მუნდიალის საგზური არგენტინამ შესარჩევი შეხვედრების მხოლოდ უკანასკნელ ტურში გაიფორმა.

რამდენიმე სიტყვა თავად ხორხე სამპაოლის შესახებ. ის ცუდი მწვრთნელი არ
გახლავთ. თავის დროზე, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩილეს ეროვნული გუნდი მერვედფინალში გაიყვანა, 2015 წელს კი სამხრეთამერიკის ჩემპიონის წოდება მოუტანა. შემდეგ ევროპის კონტინენტზე გადმობარგდა და მუშაობა ესპანურ "სევილიაში" გააგრძელა. ყველაფერი მის არგენტინის ეროვნულ გუნდში მისვლის შემდეგ აირია.

ლეო მესი უდიდესი ფეხბურთელია და ამ ფაქტს არავინ უარყოფს, მაგრამ არგენტინელი ჟურნალისტების ნაწილი ნაკრების სუსტ თამაშს სწორედ რომ მესის აბრალებს. გამოცემა "რევისტა უნიკანიო" ჯერ კიდევ მსოფლიო პირველობის წინ წერდა, რომ სამპაოლი მესის ჩუმ დიქტატორს უწოდებდა. მიზეზი: მესი ყოველთვის ითხოვს, რომ მისმა მეგობრებმა, ხავიერ მასკერანომ და ლუკას ბილიამ ძირითად შემადგენლობაში ითამაშონ და თუ რომელიმე სასტარტოში არ არის, მწვრთნელთან მიდის და ეუბნება, "იმედები გამიცრუეო".

ლეო მესი გააკრიტიკა გამოჩენილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა მარიო კემპესმაც: "მესი ჩინებული მოთამაშეა, მაგრამ ეროვნულ გუნდში არაჯანსაღ ატმოსფეროს ქმნის. ხორხე სამპაოლი მისი დაჟინებული მოთხოვნით დანიშნეს და მწვრთნელი მესის დაკრულზე დადის. მაქვს ინფორმაცია, რომ შემადგენლობას არა მწვრთნელი, არამედ ლეო მესი აყენებს. რატომ არ მიდის რუსეთში მაურო იკარდი? გაინტერესებთ პასუხი? რთული პიროვნებაა, მესისთან ურთიერთობა ვერ აეწყო და სამპაოლის მისი იგნორირება მოუწია. შიშით ველოდები მომავალ პირველობას. არგენტინის ნაკრებში დიდი შიდა ქაოსია და როგორც ფედერაცია ასევე მასმედია ამას ჯერჯერობით არ ახმოვანებს", - აცხადებდა მარიო კემპესი ჩემპიონატამდე.

დაიწყო რუსული მუნდიალი და კემპესის პესიმიზმიც გამართლდა. ისლანდიასთან უსახურ თამაშს ხორვატიასთან გამანადგურებელი მარცხი მოჰყვა. მონასტერიც ამის შემდეგ აირია.

თავდაპირველად ნიჟნი ნოვგოროდში, მარცხით გამწარებულმა არგენტინელმა ფანებმა ჯერ ხორხე სამპაოლის საჯაროდ აფურთხეს, შემდეგ კი ხორვატ გულშემატკივრებთან იჩხუბეს. იმავე ღამეს შორეულ ინდოეთში ლეო მესის ერთმა თავგამოდებულმა მავანმა ფეხბურთის თაყვანისმცემელმა გამოსამშვიდობელი წერილი დაწერა და გაუჩინარდა. ინდოეთის პოლიციის ცნობით მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მეორე დილით საქმეში უშუალოდ ფეხბურთის სპეციალისტები "ჩაერთვნენ". მადრიდის "ატლეტიკოს" ამჟამინდელმა თავკაცმა დიეგო სიმეონემ გამოცემა "ოლესთან" შემდეგი განცხადება გააკეთა: "არგენტინის ნაკრებში ხდება ის, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში ხდებოდა. ანარქია! გუნდი დაკარგულია. პრობლემა ის არის, რომ მწვრთნელი განავალია, რაც გაცილებით უარესია, ვიდრე ის, რომ ფეხბურთელები იყვნენ განავლები… იმიტომ, რომ მწვრთნელი აშენებს გუნდს!".

მოგვიანებით საკუთარი მოსაზრება თავად არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებმა გამოთქვეს.

თავდაპირველად გაჩნდა ინფორმაცია, რომ როხოს, დი მარიას, მასკერანოს, აგუეროს და ბანეგას ნაკრების დაუყოვნებლივ მიტოვება და სამშობლოში დაბრუნება სურდათ. რამდენიმე საათში მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. გაჩნდა მოსაზრება რომ ნიგერიასთან შეხვედრის წინ ძირითად შემადგენლობას ლეო მესი და მასკერანო დააყენებდნენ.

ამასობაში ნიგერიამ ისლანდია დაამარცხა და არგენტინას მერვედფინალში გასვლის შანსი დაუტოვა. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია "დაუყოვნებლივ მოქმედებას" შეუდგა. გაჟონა ინფორმაციამ, რომ სამპაოლის ნაცვლად ხორხე ბურუჩაგა ან... დიეგო მარადონა ინიშნებოდა. ეს უკანასკნელი ფეხბურთელების საბრძოლო ენთუზიაზმის ასამაღლებლად ნაკრების საწვრთნელ ბანაკში შეშვებას დაჟინებით ითხოვდა, მაგრამ ამაოდ...

საბოლოოდ რუსეთში მიმდინარე პირველობის დასრულებამდე არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ ხორხე სამპაოლი ნაკრებში მაინც დატოვა და მას დღეს ბოლო შანსი მიეცა.

საინტერესოა, რომ მოთამაშეები ნიგერიასთან შემადგენლობის დაყენებასა და ტაქტიკის არჩევას თავად აპირებენ, ხორხე სამპაოლის კი... საკუთარი გეგმები გააჩნია. გუშინ გავრცელდა ცნობა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე სამპაოლი კუნ აგუეროს მინდორზე კატეგორიულად არ გამოიყვანს. მიზეზი ის გახლავთ, რომ ხორვატებთან მატჩის დასრულების შემდეგ ამ ორ ადამიანს ერთმანეთთან ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა.

როგორც ჩანს, არგენტინის ეროვნულ გუნდში შიდა ვითარება უფრო და უფრო იძაბება. ერთი მხრივ მოთამაშეები, მეორე მხრივ კი ფედერაცია და მისი "ფავორიტი" ხორხე სამპაოლი. ნიგერიასთან მატჩი რამდენიმე საათში დაიწყება და აქამდე არავინ იცის ვინ უხელმძღვანელებს გუნდს - მაკერანო - მესის დუეტი თუ კვლავ ხორხე სამპაოლი. იმედია ყველაფერი მაინც არგენტინელთათვის დადებითად დასრულდება და მერვედფინალურ სტადიაზე ავად თუ კარგად მაინც გააღწევენ. "ფლეი ოფი"-დან კი სულ სხვა მსოფლიო პირველობა იწყება და ლეო მესისა და მის თანაგუნდელებს თავის გამოჩენისა და გულშემატკივრების გახარების შესაძლებლობა კიდევ მიეცემათ.

იხილეთ ასევე: "ლიონელ მესი და მე - ჩემი 18-წლიანი მეგობრობა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან" - ფაბრეგასის ბლოგი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები