ფრთხილად, მარგველაშვილი არ მოგენატროთ - ვის უჭერს მხარს საფრანგეთის მოქალაქე გრიგორიჩი? - კვირის პალიტრა

ფრთხილად, მარგველაშვილი არ მოგენატროთ - ვის უჭერს მხარს საფრანგეთის მოქალაქე გრიგორიჩი?

მართალია პატარა ხორვატია ვერ გახდა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონი, მისი ჩინებული გამოსვლა საქართველოსთვის გამორჩეულ მაგალითად უნდა იქცეს. ჩვენნაირი პატარა ქვეყანა, ჩვენსავით ომგამოვლილი, ჩვენსავით გაპარტახებული ეკონომიკა და სოციალური პრობლემები. ამის მიუხედავად ევროპის შუაგულში მდებარე ამ სახელმწიფომ ფეხზე დადგომა მოახერხა და სპორტულ სამყაროშიც ერთ-ერთი ლიდერის მაისურიც მოირგო. მსოფლიო პირველობის თემას ორი "საინტერესო" ამბით დავასრულებ. საფრანგეთი-ხორვატიის ფინალური ორთაბრძოლის წინ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში შემდეგი კითხვა ამოვიკითხე: - "საინტერესოა "ქართული ოცნება" რომელ გუნდს გულშემატკივრობს? - ბიძინა ივანიშვილი გრიგორიჩია, მაგრამ ამავდროულად საფრანგეთის მოქალაქე".

რასაკვირველია, ფეხბურთს ქართველი პარლამენტარებიც უყურებდნენ. ამათგან ნათელმხილველის მონაცემებით ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე გამოირჩა. მან პირველი ოთხეული ასპროცენტიანი სიზუსტით იწინასწარმეტყველა. რა გითხრათ, ბატონო რომან. მომავლის განჭვრეტის ჩინებული უნარი გქონიათ. მოგენდომათ რა თავის დროზე, მიგეხედათ სათანადოდ ეროვნული ვალუტისათვის და "კუპონას" ზედმეტსახელსაც ასცდებოდით.

მაგრამ ალბათ დროა მაინც წინა კვირის ეროვნულ - პოლიტიკურ მოვლენებს დავუბრუნდეთ. ამჟამინდელმა პრეზიდენტმა თავის წინამორბედს მიბაძა და უცხოეთიდან რამდენიმე ხმაურიანი განცხადება გააკეთა. ერთი კი მიკვირს. სააკაშვილისაგან განსხვავებით გიორგი მარგველაშვილი დროის უმეტეს ნაწილს ისტორიულ სამშობლოში ატარებს და რაღა ბრიუსელში მყოფს აეშალა ლაპარაკის საღერღელი?

ჯერ იყო და "ქართული ოცნება" გააკრიტიკა - მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებსო, შემდეგ კი ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აქო და ადიდა. რასაკვირველია, საკუთარი პერსონაც არ დავიწყებია და საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვიფიქრებ საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობა მივიღო თუ არაო...

რასაკვირველია, პასუხი უმალვე მიიღო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ, საჯაროდ დატუქსა, "პლასტელინად" მოიხსენია და "კურიოზი პრეზიდენტიც" უწოდა.

გიორგი მარგველაშვილს არც ლტოლვილობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ჩამორჩა. "შემომიშვით სამშობლოში, შემომიშვით, ვერ გაიგეთ ხალხო. დავაწყნარებ აქაურობას და მივხედავ ქვეყანასო", - უკვე მერამდენედ იხვეწება ყოფილი პირველი. თურმე დონალდ ტრამპსაც ჩინებულად იცნობს და მსოფლიოს სხვა წამყვან პოლიტიკოსებსაც. იფიცება, რომ მათი დახმარებითა და ხელშეწყობით ჩვენს ქვეყანას უმოკლეს დროში სამოთხის ბაღად გადააქცევს.

მსოფლიო საფეხბურთო პირველობამ და ორი პრეზიდენტის უცხოეთიდან გამოგზავნილმა "მესიჯებმა" ახალი მთავრობის დამტკიცების საკითხი თითქმის მეორეხარისხოვან "ნიუსად" აქცია. მოსახლეობა ამ "ახალ-ახალი" მთავრობებით ისეა "გაბედნიერებული" რომ ყოველ "მორიგ გადაადგილებებს" ყურადღებას თითქმის აღარც აქცევს. აგერ, ისიც "გაირკვა" რომ მამუკა ბახტაძისა და გიორგი კვირიკაშვილის სამოქმედი პროგრამები თითქმის იდენტური ყოფილა. მართალია ეს "აღმოჩენა" ოპოზიციონერმა დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა, მაგრამ ანალოგიურ დასკვნამდე რამდენიმე ჟურნალისტიც მივიდა, რომლებმაც ორივე პროგრამა ერთმანეთს შეადარეს და საერთო ბევრი იპოვეს.

წულუკიანი - მინისტრი 6-წლიანი დაძველებით, ახლა უკვე ბახტაძეს უმშვენებს მხარს... ისე ვატყობ ეგ ამ პრემიერსაც გაისტუმრებს...

მუდმივი დაპირებები, მუდმივი იმედები, მუდმივი ოპტიმიზმი, - არ მოგბეზრდათ ბატონებო. გინდა ათი მთავრობა შეიცვალოს და გინდა ოცი. სამოქმედო პროგრამა მაინც ერთი და იგივე რჩება და მასაც არავინ ასრულებს.

დასასრულ, ამბობენ, "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს პრეზიდენტის პოსტზე და თავისი კანდიდატურა არ ეყოლებაო... თუ ასე მოხდა, ისეთი სუნი მცემს, გრიგორიჩს მარგველაშვილი მოენატრება....

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს