"წითელ ბარათმიღებული", "ახალგაზრდა კომკავშირელები" და "დონ ჟუანი" - კვირის პალიტრა

"წითელ ბარათმიღებული", "ახალგაზრდა კომკავშირელები" და "დონ ჟუანი"

ალბათ, ქართული "პოლიტიკური ელიტა" ფეხბურთში მსოფლიო პირველობის დასრულებას ელოდა, რადგან წინა კვირას თანამემამულეებს არანაკლებ მძაფრსიუჟეტიანი მოვლენებით დახუნძლული რამდენიმე სანახაობა შესთავაზა. ხალხსაც მეტი რა უნდოდა, პუტინის, ხორვატიის პირმშვენიერი ქალბატონი პრეზიდენტის, "მუნდიალი - 2018"-ის სხვა გამორჩეული ფიგურების შემდეგ უკვე ქართულ-ეროვნულ პოლიტიკურ სახეებზე საუბარი დაიწყო. არც გაემტყუნება. "საყვარელი პოლიტიკოსები" ყოველ დღე "ახალ-ახალ შთამბეჭდავ" სიურპრიზებს გვთავაზობენ. არ ვიცი ყოველივე ეს ზაფხულის მოჭარბებულ სიცხეს დავაბრალო თუ მოსალოდნელ საპრეზიდენტო არჩევნებს.

მსოფლიო პირველობის ფინალური შეხვედრიდან ორიოდე დღე იქნებოდა გასული და საქართველოს პარლამენტში თინა ბოკუჩავა და ეკა ბესელია ლამისაა ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. რომ არა პარლამენტის თავმჯდომარე, ახალგაზრდა "ნაციონალი" ასაკმოძალებულ "ქართული ოცნების" წარმომადგენელს ანგარიშს მუშტის დახმარებით გაუწევდა. საბედნიეროდ აქამდე საქმე არ მისულა, მაგრამ ერთმანეთი სიტყვიერად კი კარგა ბარაქიანად გამოლანძღეს.

არ მაინტერესებს ამ ინციდენტის არც არსი და არც მიზეზი. ფაქტია, ხალხის რჩეულებმა კიდევ ერთი ულამაზო "შოუ" მოაწყეს და ყოველივე ამას სრულიად საქართველო ლამისაა "პირდაპირ ლაივში" უყურებდა. კაცების ჩხუბი და დავიდარაბაა ძნელი საყურებელი და "სუსტი სქესის" პოლიტიკოსების "კინკილაობა" მით უმეტეს ამაზრზენი სანახავი გახლდათ. ალბათ, დადგა დრო, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკოსების ახალი თაობა გამოჩნდეს, რომლებსაც ელემენტარულად თუნდაც ზრდილობის დეფიციტი არ ექნება.

პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე "ქართული ოცნების" რიგებიდან გარიცხეს. რა გითხრათ. თანამედროვე ქართველმა პოლიტიკოსებმა, გინდა მმართველ ძალაში, გინდა ოპოზიციურად მოაზროვნეთა რიგებში მყოფებმა თანამემამულეების მოლოდინი და იმედები არ ან ვერ გაამართლეს. ამ ჭრილიდან თუ შევხედავთ, ამ "ნიუსს" მოსახლეობის დიდი ვნებათაღელვა არ გამოუწვევია. ერთით ნაკლები თუ მეტი დეპუტატი იქნება "ქართულ ოცნებაში", ამით არც ქვეყანა აშენდება და არც დაინგრევა. ხალხს იმდენი პრობლემა აწუხებს რომ ჭიჭინაძისა და იგივე პარლამენტის თავმჯდომარის ურთიერთდაპირისპირება და მისი წარმოშობის რეალური მიზეზები სიმართლე გითხრათ და არავის აინტერესებს. გარიცხვის შემდეგ "წითელ ბარათმიღებულმა", მმართველი პარტიის ახალგაზრდა წევრებს სულ "ბოლშევიკები", "ბავშვები" და "კომკავშირელები" უწოდა. ფაქტია, "ქართულ ოცნებაში" დიდი შიდა დაპირისპირებაა. მან ისეთი მძაფრი ხასიათი მიიღო რომ მისი დამალვა შეუძლებელი გახდა და გარეთაც გამოაღწია. ეს კონფლიქტი საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ალბათ კიდევ უფრო გაღრმავდება და მას ვერც ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი და ვერც სხვადასხვა "სადამსჯელო ღონისძიებები" უშველის.

რასაკვირველია საპრეზიდენტო არჩევნებზე "ქართული ოცნების" მიერ წამოყენებული კანდიდატურა უალტერნატივო იქნება და ალბათ გამარჯვებასაც იოლად მოიპოვებს. ამაში წინა კვირას დავრწმუნდი. მიმაჩნია, რომ დავით ბაქრაძისა და გრიგოლ ვაშაძის წამოყენებით ე.წ. "ოპოზიციურმა პარტიებმა" მორიგი სერიოზული შეცდომები დაუშვეს.

ხალხს ჩინებული მეხსიერება გააჩნია და მას არაფერი ავიწყდება. ვინ უნდა მისცეს ხმა დავით ბაქრაძეს? ადამიანს რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის სისხლიან და ბობოქარ დღეებში მოსახლეობას მოუწოდებდა "რუსებს დანებითა და ჩანგლებით ვებრძოლოთო". ყველას გვახსოვს ბატონი დავით ბაქრაძის ეს სიტყვები და ამ პიროვნებამ ქვეყანა ჩიხური მდგომარეობიდან როგორ უნდა გამოიყვანოს?

გრიგოლ ვაშაძეს რაც შეეხება. დარწმუნებული ვარ, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მისმა მეუღლემ, ნინო ანანიაშვილმა რომ მიიღოს, გაცილებით მეტ ხმას დააგროვებს. საზოგადოებაში რუსეთის მიმართ დიდი ანტაგონიზმია. ეს დამოკიდებულება თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა ჩამოაყალიბა და მის გაღრმავებასაც ხელი შეუწყო. ვაშაძე გინდა არ გინდა რუსეთის სახელთან მოიაზრება და ამ შემთხვევაშიც მეეჭვება რომ მმართველი გუნდის სავარაუდო კანდიდატურას რაიმე სერიოზული კონკურენცია გაუწიოს. კი გამოვიდა ზომიერი სიტყვით, "დონ ჟუანიც" ახსენა და "კომანდორიც" და საქართველოს აღმშენებლობის მოკლე გზაც დაგვისურათა, მაგრამ... მაინც მეეჭვება... ისიც მაიტერესებს მისი კანდიდატურის დამსახელებელ პოლიტიკურ პარტიებში ("ნაციონალურ მოძრაობას" თუ არ ჩავთვლით) რა რაოდენობის წევრები ირიცხებიან. რაღაც მგონია, რომ ძალიან ცოტა.

გაგვიაქტიურდა ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტიც. მგონი საკუთარ თავსაც გადაამლაშა და "საარჩევნოდ გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, რადგან "ქართული ოცნების" ოფიციალური კანდიდატურის ვინაობის დადასტურებას ველოდებიო", - განაცხადა. მართლა იმედი აქვს, რომ თუ "გარისკავს" და საპრეზიდენტო მარათონში ჩაებმევა რაიმე წარმატების იმედი უნდა ჰქონდეს. რას იზამ. თავად ჰგონია რომ ქვეყანაში მაღალი რეიტინგი აქვს და დაე იყოს ასე. უახლოეს მომავალში ალბათ ეს იმედები დაემსხვრევა და სულ მალე უბრალო მოქალაქეების კოჰორტაში აღმოჩნდება. ზემოდან ქვევით დაშვება კი ყოველთვის მტკივნეულია. ანალოგიურ ბედს ალბათ კიდევ არაერთი ამჟამად ცნობილი პოლიტიკოსიც გაიზიარებს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს