"ბიძინა ბიძია, ახლა გეიგე ხალხს რომ უჭირს, სად იყავი აქამდე?" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ბიძია, ახლა გეიგე ხალხს რომ უჭირს, სად იყავი აქამდე?"

წინა საუკუნის 80-იან წლებში ჩვენს ოჯახს ახლობელი ჰყავდა, რომელიც ერთ-ერთ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში რიგითი მეცნიერ-თანამშრომელი გახლდათ, მისი მეუღლე კი სკოლაში ინგლისურს ასწავლიდა. ხელფასიდან ხელფასამდე თავი გაჰქონდათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც ყოველდღიურად სარგებლობდნენ და არც იმდროინდელი მაღაზიების გრძელ რიგებს უფრთხოდნენ.

ყველაფერი ერთ დღეს შეიცვალა. მამაკაცი დააწინაურეს და იმდროინდელ ცეკა-ში განყოფილების უფროსად დანიშნეს. ცოლ-ქმარი "უბრალოთა" კატეგორიიდან რამდენიმე დღეში "განსაკუთრებულთა" ჯგუფში აღმოჩნდნენ - პერსონალური მძღოლი, პერსონალური მაღაზიები, პერსონალური დასასვენებელი სახლები. ახალმა დროებამ ამ ადამიანების თვალთახედვა ელვის სისწრაფით შეცვალა. თავდაპირველად მეუღლემ "გაკვირვება" გამოხატა რომ ქვეყანაში ცხოვრება მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულა და საქართველოში დეფიციტის პრობლემა გამქრალიყო. ცოტა მოგვიანებით ამავე თემაზე ყოფილი მეცნიერ-მუშაკიც ალაპარაკდა. "ხალხი რატომ წუწუნებს, ყველაფერი იშოვება, ეკონომიური მდგომარეობაც გამოსწორდა და მე და ჩემი მეუღლე მშვენივრად არსებობას ვახერხებთო", - რამდენჯერმე განაცხადა.

ამ მაგალითის მოყვანა წინა კვირას ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუმ გადამაწყვეტინა. კარგია, როდესაც ქვეყნის ერთ-ერთი ლიდერი მტკივნეულ თემებზე საუბარს თავს არ არიდებს, მაგრამ სიმართლე ითქვას და ტელევიზიაში მისმა სტუმრობამ ორმაგი გრძნობა გამიჩინა. მისასალმებელია, რომ საქართველოში არსებული ვითარება ობიექტურად შეაფასა და პასუხისმგებლობაც ნაწილობრივ საკუთარ თავზე აიღო. მეორე მხრივ სასაცილოდაც კი გამოიყურებოდა, როდესაც ქვეყანაში არსებული სიღატაკის შესახებ - "არაფერი ვიცოდი, რეალურ მდგომარეობას მიმალავდნენ, რომ გავიგე მოსახლეობას წამლის საყიდელი ფული არ აქვს, რამდენიმე ღამე არ მიძინიაო", - განაცხადა.

დავიჯერო ბატონო ბიძინა რომ მართლა არაფერი იცოდით. საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველამ ყველას შესახებ ყველაფერი იცის. კარგია, რომ რამდენიმე ღამე სიმწრით თეთრად გაგიტარებიათ, მაგრამ მართლა ამ ქვეყანაზე ცხოვრობთ თუ ვირტუალურ სამყაროში არსებობთ. თავად თუ ვერ შენიშნეთ, ნუთუ თქვენს გვერდით ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი არ აღმოჩნდა, რომელიც არსებულ რეალობაზე თავის დროზე თვალს აგიხელდათ. კარგია შუშის სასახლეში ცხოვრება მაგრამ ქვემოთაც ხომ უნდა დაიხედოთ და მიწასაც ფეხი დააკაროთ.

თავის დროზე საქართველოს დიდი სამსახური გაუწიეთ, როდესაც "სააკაშვილი და კომპანია" ხელისუფლების სათავეებს მოაშორეთ. მაშინ ქვეყნის მოსახლეობის წინაშე გარკვეული პასუხისმგებლობაც აიღეთ და კარგი იქნება თუ იმდროინდელ დაპირებებს ბოლომდე შეასრულებთ. ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს და ადამიანი სიყვარულიდან სიძულვილამდე იოლად მიდის. ალბათ, დღეს იმ ერთადერთ პოლიტიკურ ფიგურად რჩებით, ვისიც მოსახლეობის დიდ ნაწილს ჯერ კიდევ ეიმედება. გთხოვთ ეს მოლოდინი და იმედი წყალს არ გაატანოთ.

ბატონო ბიძინა, ინტერვიუში განაცხადეთ, რომ 2030 წლისათვის ქვეყანაში ეკონომიური მდგომარეობა შესამჩნევად გამოსწორდება და ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქცია საქართველოში არსებული 4400 თუ 4500-დან 12 000-სს გადააჭარბებს. კარგია, რომ ნელ-ნელა წინ მივიწევთ და სადღაც 12 წლის შემდეგ მოსახლეობა შვებით ამოისუნთქებს, მაგრამ დაიცდის კი ხალხი ამდენს და მორიგი უტოპიური დაპირება ხომ არ არის. უფროსი თაობის წარმომადგენლებს ალბათ კარგად ახსოვთ ნიკიტა ხრუშჩოვის დაპირებები და სადამდე მივიდა ის ოდესღაც დიდი სახელმწიფო. მოსახლეობის უმეტესობის აზრით, ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება ნელ-ნელა გამოსწორების ნაცვლად უკან-უკან მიდის. ხალხი ბრძენია. თუ დაინახა, რომ სახელმწიფოს ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანა სურს მას მხარში დაუდგება. ჩვენთან კი პირიქით, მმართველი ძალები კიდევ უფრო მდიდრდებიან და ეს უკვე შეუიარაღებული თვალითაც ჩინებულად ჩანს.

ბატონო ბიძინა, თქვენ კი აცხადებთ, კიდევ თორმეტი წელი როგორმე გაძელითო. რჩევას მოგცემთ, თანაც უფასოდ, საქართველოში სასწრაფო ეკონომიკური რეფორმებია გასატარებელი და ნაცვლად გრძელვადიანისა, უსწრაფესი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ქვეყანა 2030 წლის "სამოთხემდე" ფიზიკურად ვერ მიაღწევს და ხუხულასავით დაიშლება.

ბანკების თემასაც შეეხეთ, გეთანხმებით, რომ ამ ინსტიტუტებმა მოსახლეობა გაღატაკების გზაზე დააყენა, მაგრამ ალბათ უმჯობესია კრიტიკისა და ხსენების შემდეგ უსწრაფესი ღონისძიებების გატარება დაიწყოს. ერთ-ერთ სოციალურ ქსელში რამდენიმე ეკონომისტის მოსაზრება ამოვიკითხე, ისინი ბანკებს მოუწოდებენ, რომ მოჭარბებული ვალების დასაფარავად მოსახლეობისათვის დაბალპროცენტიანი მრავალწლიანი ე.წ. განვადების სისტემა შემოიღონ. არც ეკონომისტი გახლავართ და არც ბანკირი, მაინც მგონია, რომ ეს მოსაზრება შექმნილი მდგომარეობიდან ერთ-ერთი რეალური გამოსავალია. რამდენიმე წელიწადში ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მთელი უძრავი ქონება ბანკირების ხელში აღმოჩნდება. ეს ისედაც გაღარიბებულ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს