ეჰ, ქალბატონო ლელა, ეგებ გვითხრათ, ვინ იმარჯვებს 28 ოქტომბერს, ანუ წამზომი ჩაირთო - კვირის პალიტრა

ეჰ, ქალბატონო ლელა, ეგებ გვითხრათ, ვინ იმარჯვებს 28 ოქტომბერს, ანუ წამზომი ჩაირთო

წინა კვირას საქართველოს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბოლოსა და ბოლოს ინება, ყურად იღო პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის "დიდი თხოვნა" და მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო თარიღი დაასახელა. 2018 წლის 28 ოქტომბერს სრულიად ერი ახალ წინამძღოლს აირჩევს. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება ერთგვარად დაკნინებული და სეკვესტრირებულია, ეს თანამდედობა მაინც პრესტიჟულად ითვლება და მისი რბილი სავარძლის დაუფლებისათვის არაერთი ადგილობრივი პოლიტიკოსი "გააფრთებით" იბრძვის.

მომავალ არჩევნებში მონაწილე კანდიდატები არაერთმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ დაასახელა, განსხვავებით "ქართული ოცნებისა". მმართველი ძალა ერთგვარ კუკუდამალობანას თამაშობს და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. თავდაპირველად გავრცელდა მოსაზრება, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი იქნებოდა. ცნობილ ტელეინტერვიუში ამ უკანასკნელმა ეს ვარაუდი არ დაადასტურა და მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭირა, რომელიც "ოცნების" აქტიური ხელშეწყობით იმოქმედებდა.

მაღალი პარტიული კულუარებიდან გამოსული იატაქვეშეთური "სადაზვერვო ინფორმაციით" "ქართული ოცნება" ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურისაკენ იხრებოდა. რამდენიმე დღის წინ გაიელვა ცნობამ რომ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს აპირებს და შესაბამისი სამართლებრივი მოქმედებები უკვე წამოიწყო.

მოსახლეობას ხომ მეტი რა უნდოდა. სხვადასხვა სოციალურ ქსელებში დიდიან-პატარიანად ზურაბიშვილის პიროვნების დეტალური განხილვით დაკავდა. მიუხედავად აზრთა შესამჩნევი სხვაობისა, ყველა "მოკამათე" ამ ქალბატონის ძლიერ პიროვნულ თვისებებსა და პოლიტიკურ გამოცდილებას განსაკუთრებით აღნიშნავდა.

კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. გავიდა რამდენიმე დღე და აღმოჩნდა რომ "ქართულმა ოცნებამ" შესაძლოა საპრეზიდენტო კანდიდატურად ზურაბ პოლოლიკაშვილი წამოაყენოს. აქ კი მართლა "დაიბნა" ხალხი და ალბათ მართლებიც იქნებიან. არჩევნები კარს მოგვადგა, მმართველ პარტიას კი საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ნამდვილად არასერიოზულად იქცევიან. არ გამიკვირდება აგვისტოს დასასრულს სულაც ბიძინა ივანიშვილმა რომ წამოაყენოს ამ თანამდედობაზე საკუთარი კანდიდატურა, ამჟამინდელი ლოდინისა და გაურკვევლობის პოლიტიკა კი ერთგვარი ხრიკი აღმოჩნდეს რომ შესაძლო მოწინააღმდეგეებს "მოქმედების გეგმა" აურიონ.

ალბათ "ქართულ ოცნებაში" მომავალ გამარჯვებაში ღრმად დარწმუნებულები არიან. თვითდაჯერება ცუდი არ არის, მაგრამ მას გარკვეული საფუძველი უნდა უმაგრებდეს. მმართველი ძალის ბოლოდროინდელი რეიტინგი ქვეყანაში მნიშვნელოვნად დაცემულია და ეს ტენდენცია გაჩერება-შეჩერებას არ აპირებს.

აგერ, წინა კვირას "ენ-დი-აი"-ს მიერ მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა. გამოკითხულთა 30 პროცენტი აცხადებს რომ ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს არ იცის მხარი რომელ პარტიას დაუჭიროს, 15 პროცენტი კი ხმის მიცემას არავისთვის აპირებს. ალბათ შემაშფოთებელი ციფრებია. ქვეყანაში მოსახლეობის პოლიტიკური აქტიურობა თანდათან მინიმუმის დონემდე დადის და ეს ამჟამად მოქმედი პოლიტიკური სპექტრის უპირველესი დანაშაულია. მუდმივი კინკლაობა, დაუსრულებელი საქმეების გარჩევა, შეუსრულებელი დაპირებები. მოსახლეობა მისი უდიდებულესობა - პოლიტიკით გადაიღალა და ამ სფეროსაკენ გახედვაც აღარ უნდა.

ერთი სიტყვა "ყველასათვის ცნობილი" "ენ-დი-აი"-ს შესახებაც მინდა გითხრათ. გონივრული ეჭვი მაქვს, რომ მოყვანილ ციფრებს ელემენტარულად... ჰაერიდან იღებს. არ დავიზარე და რამდენიმე დღის განმავლობაში არაერთი ახლობელ-ნაცნობი გამოვკითხე. მაინტერესებდა ამ "ენ-დი-აი"-ს გამოკითხვაში მონაწილეობა მიღებული თუ ჰქონდათ. რასაკვირველია ერთი კინკილა ადამიანიც კი ვერ აღმოვაჩინე.

წინა კვირას დიდი ხმაური გამოიწვია ე.წ. "მარიხუანას ლეგალიზაციის" საკითხმა. ამ თემაზე ბევრი დაიწერა და ახალს ვერაფერს დავამატებ. რასაკვირველია იმ კატეგორიაში გავდივარ, რომელიც მისი მოხმარების აკრძალვას მოითხოვს. ვერ გავიგე ეს "გირჩი" ქვეყნის მტერი თუ მოყვარეა. ალბათ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის აქედანვე თადარიგს იჭერს და პოტენციურ ხმის მიმცემებს აგროვებს. ჯერ სამხედრო სავალდებულო სამსახურისაგან ახალგაზრდების გათავისუფლება რა იყო და ეხლა ამას კიდევ "მარიხუანაც" დაემატა. ეს უნდოდა ამ ქვეყანას? მართლა სერიოზული სამხედრო დაპირისპირების წინაშე რომ დავდგეთ, ეს "პლან მოწეული" ახალგაზრდობა დაიცავს სამშობლოს. ხომ არ დადგა დრო რომ ამ "გირჩის" მოქმედება ქართული საზოგადოების სერიოზული განსჯის საგანი გახდეს.

დღევანდელ ბლოგს კი მაინც "სახალისო" ნოტაზე დავასრულებ. ლელა კაკულიამ მარიხუანას ლეგალიზაცია თურმე სამი წლის წინ იწინასწარმეტყველა:

"მსუბუქისთვის არ დაიჭერენ ნამდვილად. თვითონ მართავს ადამიანი თავის ცხოვრებას, ამიტომ ადრე თუ გვიან მაინც დაუშვებენ, მაინც იქნება. პროცესები მიდის და მივა ბოლომდე და დაუშვებენ", - განაცხადა ცნობილმა ნათელმხილველმა.

ეჰ, ქალბატონო ლელა. ბევრ საინტერესო მოვლენას "წინასწარმეტყველებთ", ხშირად უკვე დაფიქსირებული ფაქტების შემდეგ. ეგებ ის გვითხრათ რა მოელის ჩვენს ქვეყანას უახლოეს ერთ-ორ-სამ წელიწადში, ვინ იმარჯვებს მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ვინ მოიგებს 2020 წლის საპარლამენტო კამპანიას, ბოლოსა და ბოლოს რა გველის უახლოეს რამდენიმე წელიწადში. საინტერესო იქნებოდა თქვენი ნათელხილვები უახლოეს მომავალზე. ეგებ საქართველო კარგ დროებაში შესვლას აპირებს და ხალხს პატარა იმედი მაინც მიეცეს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს