"ზურაბგირჩიჯაფარიძე", სალომე, შალიკო და... - ბიძინა შენ ურევ ამინდს?
13-08-2018
"ზურაბგირჩიჯაფარიძე", სალომე, შალიკო და... - ბიძინა შენ ურევ ამინდს?
საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი - 28 ოქტომბერი თანდათან გვიახლოვდება და საქართველოში პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. საარჩევნო მარათონში ჩართული "ტახტის მაძიებლები" უკვე მეტნაკლებად გამოიკვეთა, მაგრამ ქართული ეროვნული პოლიტიკა მაინც ერთგვარი "მზაკვრობით" გამოირჩევა და დიდი ალბათობით, მიმდინარე თვის დასრულებამდე კიდევ რამდენიმე ახალ "საპრეზიდენტო მაძიებელს" ვიხილავთ.

რამდენიმე დღის წინ 2008 წლის აგვისტოს ტრაგედია კიდევ ერთხელ გავიხსენეთ, გუშინ კი დიდგორის ბრძოლის ისტორიული თარიღი აღვნიშნეთ. საქართველოში მკვეთრად აცივდა და მავანმა და მავანმა ოხუნჯობის მოყვარულებმა
კლიმატური ცვლილებები ბიძინა ივანიშვილის უხილავ სამოქმედო ძაფებს დაუკავშირა. ამის მიუხედავად ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პოლიტიკური თემა მაინც მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებია.

ერთი ვერ გამიგია. მორიგ არჩევნებში მონაწილე თითოეულ სუბიექტს უეჭველი წარმატების იმედი აქვს. გადავხედე ბოლო დღეების ქართულ მასმედიას და საპრეზიდენტო კანდიდატების სავარაუდო პროგნოზებსაც გავეცანი. სიმართლე გითხრათ და
"ორიგინალური სურათი" მივიღე. თავად განსაზღვრეთ:

გრიგოლ ვაშაძემ, - პირველივე ტურში 51 პროცენტით მოვიგებო, შალვა ნათელაშვილს მეორე ტურის იმედი აქვს და მოსახლეობის 40 პროცენტი ჩემიაო - ომახიანად აცხადებს, "ევროპული საქართველო" 20 პროცენტს უმიზნებს, ამდენივეს იმედი აქვს ალეკო ელისაშვილს, ნინო ბურჯანაძე "შედარებით მორცხვი" გამოდგა და მხოლოდ 15 პროცენტს ელოდება. აი, სალომე ზურაბიშვილი კი ამ თემაზე საჯაროდ საუბარს თავს არიდებს. დამავიწყდა, ზურაბ ჯაფარიძეს, ბოდიში "ზურაბგირჩიჯაფარიძეს" წარმატების იმედი პირველივე ტურში აქვს და დარწმუნებულია რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ასპროცენტიანი სიზუსტით გახდება.

ასე რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე დიდი ბრძოლა გველის. იქ სადაც დაუნდობელი ჭიდილია დაუვიწყარი პოლიტიკური სანახაობაც იქნება და 28 ოქტომბრამდე მოწყენის საშუალება არ გვექნება. მაინც უცნაური ქვეყანაა საქართველო. იგივე შალვა ნათელაშვილი მორიგ არჩევნებში კენჭს მერამდენედ იყრის და სულ გამარჯვების იმედი როგორ აქვს. მართლა მაინტერესებს ეს ადამიანი ამ ცხოვრების ბოლომდე ასე მუდმივი კანდიდატის როლში უნდა გვევლინებოდეს? ალბათ, არსებობს პროფესია - "არჩევნების მუდმივი მონაწილე-კანდიდატი" და სიცოცხლის ბოლომდე ამ გზას უნდა მისდიოს. ნუთუ მის ახლობლობაში ვერავინ მოიძებნა რომ ამჟამინდელი "პროფესიის" შეცვლა ურჩიოს და ქვეყნისათვის უფრო სასიკეთო საქმიანობით დაკავდეს.

ამ "ქართული ოცნებისა" კიდევ გამკვირვებია. ჯერ რამდენიმე თვის განმავლობაში თავიანთ საპრეზიდენტო კანდიდატზე დაუსრულებლად ფიქრობდნენ, შემდეგ ვითომ არჩევანი სალომე ზურაბიშვილზე გააკეთეს, მაგრამ ამ უკანასკნელის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ ხელები დაიბანეს და "დავფიქრდებით ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს მხარი დავუჭიროთ თუ არაო" - განაცხადეს. კულუარული ცნობით, ამ თვის ბოლოს "ოცნება" საკუთარ კანდიდატს მაინც დაასახელებს. დღეისათვის საპრეზიდენტო კანდიდატად უკვე 14 ადამიანია რეგისტრირებული. პატარა ქვეყნისათვის მგონი დიდი ციფრია. საინტერესოა, რომ ის შეიძლება კიდევ გაიზარდოს. "ქართულ ოცნებაზე" უკვე ვისაუბრე. აგერ, გუშინ ცნობილი გახდა რომ "თავისუფალი საქართველო" ლევან ვასაძის კანდიდატურის დასახელებას აპირებს. თუ არ დათანხმდა მაშინ პარტიის ლიდერი კახა კუკავა იბრძოლებს.

რაღა მსოფლიო პირველობა ფეხბურთში და რაღა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები. აქეთ სალომე, იქეთ გრიგოლი, შორიახლოს "ზურაბგირჩიჯაფარიძე" და დანა-მეჩანგლე დავითი, ალბათ "ეროვნული პოლიტიკური ფრონტის ვეტერანები" ნინო და შალიკოც საკუთარ სიტყვას იტყვიან, ამათ თუ კიდევ "ოცნების" ჯერ უცნობი ფარული ჯილა და ლევან ვასაძეც დაემატებათ წარმოიდგინეთ რა უშეღავათო "პოლიტიკური საჩემპიონო ფლეი-ოფის" მომსწრენი გავხდებით. ისეთი შერკინება იქნება რომ გამარჯვებულს ალბათ ვერც ქალბატონი ლელა კაკულია დაასახელებს.

"ქართული ოცნება" კი ალბათ უფრო უნდა გააქტიურდეს. სანამ მოლოდინისა და გადაწყვეტილებების მიღების სტადიაში იმყოფება, სხვა კანდიდატები არ სთვლემენ. დავით ბაქრაძე და გრიგოლ ვაშაძე აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას უკვე შეუდგნენ, "ჯაფარიძე-გირჩს" კი ეს პროცესი დიდი ხნის დაწყებული აქვს.

წინა კვირას ერთმა ადგილობრივმა ვებ-გვერდმა (არა "ნაციონალური" და "ევროპული" ორიენტაციის) მკითხველების გამოკითხვა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები დღეს რომ ჩატარდეს ჯაფარიძე იმარჯვებს. მას მცირედით ვაშაძე ჩამორჩება, საპატიო მესამე ადგილს კი დავით ბაქრაძე და სალომე ზურაბიშვილი თანაბრად იყოფენ. ალბათ დამაფიქრებელი ინფორმაციაა და არ გამოვრიცხავ, რომ მიმდინარე წლის 28 ოქტომბერმა საქართველოს მოსახლეობას ერთგვარი სიურპრიზი შესთავაზოს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს


რედაქტორის რჩევით