"ქართული ოცნების" ცოდვა მიეცა ბიძინას, ახლა აბასთუმანში დასვენების დროა?!
27-08-2018
"ქართული ოცნების" ცოდვა მიეცა ბიძინას, ახლა აბასთუმანში დასვენების დროა?!
გასული კვირის ქართული პოლიტიკური ცხოვრების უმთავრესი თემა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელის ვიზიტი გახლდათ. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა წამყვანი მსოფლიო პოლიტიკოსების სტუმრობით განებივრებული არ გახლავთ.

ამ ვიზიტზე იმდენი ითქვა და დაიწერა აღარ შეგაწყენთ თავს, ერთი კია, როგორც ამბობენ, ფრაუ მერკელის ჩაცმულობის მიხედვით ხშირად აკეთებენ დასკვნებს მისი განწყობისა და პოლიტიკური მიზნების შესახებ. ჰოდა, ჩამობრძანდა თეთრი პიჯაკით, რაც ალბათ მისი კეთილგანწყობის ნიშნად უნდა მივიჩნიოთ, აი, საოკუპაციო ხაზთან იმავე პიჯაკით მისვლა, რაც პუტინთან
შეხვედრისას ეცვა, საინტერესოა, რას ნიშნავდა... ფაქტია, მერკელის მიერ ჭოგრიტით რუსული საოკუპაციო ძალისთვის თვალის შევლება სასიამოვნო სანახავი ვერ იქნებოდა ვოვასთვის...

ჰო, კიდევ, თავის დროზე ბუში ხომ ვაცეკვეთ, ახლა მოვახერხეთ
და ქალბატონი მერკელი ვამღერეთ, ესეც საქმეა, ვინ იცის ევროინტეგრაციის გზაზე სად წამოგვეწიოს მერკელის სიმღერის მადლი...

ყველაფერს ეხმაურება და მერკელს როგორ გამოტოვებდა, ჰოდა, კანცლერის ვიზიტს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "შორეული ემიგრაციიდან" გამოეხმაურა. ექსპირველმა კიდევ ერთი საშუალება სათავისოდ გამოიყენა და საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის წევრებს სულ "ხელის ბიჭები" უწოდა, შემდეგ კი ყურადღება იმაზე გაამახვილა რომ გერმანიის ლიდერის აზრით, საქართველო ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილებისათვის მზად არის.

ისე, სააკაშვილს ახალი სამსახური უპოვია. გავრცელდა ცნობა, რომ ბატონი მიშა რუსული ბლოკჩეინკომპანია "ფინოლოგის" თანამშრომელი გახდა. "ფეისბუკზე" გამოქვეყნდა მიხეილ სააკაშვილის მიმართვა, სადაც ის ბლოკჩეინის შესაძლებლობებზე საუბრობს. სააკაშვილის თქმით, ტექნოლოგიური რევოლუცია, რაც კრიპტოვალუტებსა და ბლოკჩეინ სისტემებს მოაქვთ, მსოფლიოს აძლევს საშუალებას, რომ "შუასაუკუნეობრივი და მოძველებული ბანკები მოვიშოროთ". მოკლედ, მიშას რას გაუგებ, როგორც უნდა ისე ჭრის და კერავს.

28 ოქტომბერი გვიახლოვდება მაგრამ მმართველი პოლიტიკური ძალა კვლავ დიდ გაურკვევლობაშია. "ქართული ოცნება" საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატურაზე ჯერ ვერ ჩამოყალიბებულა. ფაქტია, რომ ამ პოლიტიკურ მიმდინარეობაში დიდი იატაკქვეშა ბრძოლა მიმდინარეობს და ერთმანეთს რამდენიმე დაჯგუფების ინტერესი ეჯახება.

ყურადღება მივაქციე და წინა კვირას "ოცნებამ" ორი ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადება გაავრცელა. ჯერ იყო და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ „ქართული ოცნება“ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას რვა სექტემბრის შემდეგ გააჟღერებსო.

მოგვიანებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა,"ოცნება" მომავალ არჩევნებში საკუთარ კანდიდატს არ დააყენებს.

მოკლედ, ვერ გაუგიათ რა უნდათ და რას აპირებენ, მაგათი ცოდვა მიეცა ბიძინა ივანიშვილს, აბასთუმანში დასვენების და ძაღლის სეირნობის დროა ახლა? ცოტაც და შეიძლება "ნაციონალი" პრეზიდენტი ზარ-ზეიმით შევიდეს ავლაბრის სასახლეში და ალბათ მიშასაც შეიწყალებს და მერე უყარონ კაკალი...

იხილეთ ასევე: აკი, პოლიტიკაში დავბრუნდიო, ბატონო ბიძინა?!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს





რედაქტორის რჩევით