ბუსუსებიანი პრეზერვატივიდან მარიხუანას პლანტაციამდე - "ვაშა, ამ ახალ საქართველოს!.." - კვირის პალიტრა

ბუსუსებიანი პრეზერვატივიდან მარიხუანას პლანტაციამდე - "ვაშა, ამ ახალ საქართველოს!.."

ქვეყნის მთავრობამ "მარიხუანას თემა" შემოგვიგდო და ამ საკითხმა ყველა სხვა საჭირბოროტო პრობლემა უკანა მხარეს გადაწია. რა ხდება? საით მივდივართ? ეჭვი მაქვს, რომ ერთგვარ ვირტუალურ სამყაროში გადავინაცვლეთ და ყოველდღიურად რაღაც გამოგონილ ქვეყანაში ვმოღვაწეობთ და ვცხოვრობთ.

ე.წ. "მარიხუანას" პრობლემის შესახებ ბოლო დღეებში არაერთი მოსაზრება გამოითქვა. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ამ "წამოწყებას" წინ აღუდგა და არ გამიკვირდება თუ მთავრობამ უკან არ დაიხია, "მარიხუანას რევოლუციამდეც" კი მივიდეთ. თუმცა არის ნაწილიც, რომელიც ქვეყნის მომავალ ეკონომიკურ აღმავლობას მარიხუანას პლანტაციების მოშენება - გაშენებაში ხედავს. ეს ხალხი თუნდაც ერთი-ორი წლის წინ ყოველგვარ ნარკოტიკულ ნივთიერებებს მძაფრ ბრძოლას უცხადებდა. "ახალმა სიომ" დაჰბერა და სულ სხვანაირად აჭიკჭიკდნენ.

ერთი რამე ნამდვილად ვერ გავიგე. ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მხოლოდ მარიხუანასგან დამზადებულ პრეპარატებზეა დამოკიდებული? რამდენიმე დღის წინ წავიკითხე და ევროპაში 250 გრამი მარიხუანას ზეთი 7 ევრო ღირს. გოგრის და ნუშის -12 ევრო. ვარდის - 75 ევრო, ნიგვზის - 150 ევრო! ამ ოხერი "მოსაწევის" კულტივაციას იგივე კაკლის ხეები გავახაროთ არ სჯობს?

კი, გვიმტკიცებენ რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ პლანტაციებს საკუთარი ზედამხედველობის ქვეშ აიღებს და "საქონელი" კერძო პირების ხელში ვერ მოხვდება, მაგრამ ამ ზღაპრების სიმართლე გითხრათ და არ მჯერა. ისედაც დაბოლილი დადის მთელი ქვეყანა და ცირკი და სანახაობა შემდეგ ნახეთ. ამ გაბრუებულმა ახალგაზრდობამ უნდა განავითაროს ქვეყანა? ასეთ სამშობლოზე ვოცნებობთ?

"კონტროლს გავუწევთო", - აცხადებენ. ამ დროს, თუ "ამ საქმით" დაკავება გსურთ, ლიცენზიაში 25 ათას ლარს გადაიხდით და "დიდ ასპარეზზე გასასვლელადაც" მზად იქნებით. არ მივიდეთ იმ დრომდე რომ სრულიად საქართველოში მხოლოდ მარიხუანას პლანტაციები გაჩნდეს და სხვა, ტრადიციულ კულტურებზე საკუთარი ნებით უარი ვთქვათ.

მესმის რომ შეიძლება ეს სფერო ქვეყანაში მართლაც დიდძალი თანხების შემოტანის წყარო გახდეს. ეს მედლის ერთი მხარეა. არსებობს მეორე მხარეც. ნარკომანია ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის უდიდესი პრობლემაა. ნაცვლად მასთან შეურიგებელი ბრძოლისა, ამ სახის "არაორდინალურ" გამოწვევებთან გვაქვს საქმე.

ნათელმხილველი არ ვარ, მაგრამ მაინც მგონია რომ ნელ-ნელა ქვესკნელისაკენ მივეშურებით და არ გამიკვირდება თუ ერთ მშვენიერ დღეს მოსახლეობის მოთმინება გაწყდება, კიდევ ერთ რევოლუციას მოაწყობს და "ნაცებსაც" და "ქოცებსაც" ისტორიის სანაგვეზე მოისვრის.

ჯერ იყო და საპარლამენტო მოღვაწეობა ე.წ. ბუსუსებიან პრეზერვატივებზე "კამათით" დაიწყეს, შემდეგ "პროგრესი" განიცადეს და მარიხუანას პლანტაციებამდე მივიდნენ. კარგი რა?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს