"ჯონ ლენონის ბიძასთან, ჩარლზ ლენონთან ერთად ვიქეიფეთ..." - კვირის პალიტრა

"ჯონ ლენონის ბიძასთან, ჩარლზ ლენონთან ერთად ვიქეიფეთ..."

"ბესტის დედამ ორი საათი ლანძღა მაკარტნი. ჯონ ლენონის ბიძასთან, ჩარლზ ლენონთან ერთად ვიქეიფეთ..."

ამქვეყნად არსად არავის არ გამოსჩენია იმდენი მიმბაძველი და მიმდევარი, რამდენიც პოპულარულ ლივერპულელ ოთხეულს. ჯონ ლენონი, პოლ მაკარტნი, ჯორჯ ჰარისონი და რინგო სტარი წინა საუკუნის 60-70-იანი წლების თაობას ცხოვრების წესისა და ქცევის ნორმების, მეტყველების, მიხვრა-მოხვრისა და ჩაცმის სტილის დამდგენად მოევლინა.

"ბიტლომანიის სენით" იმდროინდელი საქართველოც დაავადდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი კომუნისტური იდეოლოგები ამ უწყინარ გენიოსებს უზნეო, გახრწნილ და უზრდელ პიროვნებებად გვიხატავდნენ, ჩვენი ყოფილი დიადი სამშობლოს ახალგაზრდობა ამ "ეპიდემიით" საკმაოდ დაინფიცირდა. ცნობილია, რომ აკრძალულ ხილს უფრო მეტი ხალხი ეტანება და რამდენიმეწლიანი უშედეგო ბრძოლის შემდეგ, საბჭოთა ფუნქციონერებმა "ბითლზთან" ჭიდილში უპირობო კაპიტულაცია გამოაცხადეს. The Beatles

რამდენი წელია გასული იმ დროიდან და დღესაც კი მახსოვს მაშინდელი პერიპეტიები. ამბობდნენ, რომ არსებობდა "მაგიური" ჩემოდანი, რომელშიც "ბითლზის" შესახებ უცხოეთში გამოცემული ყველა გრამფირფიტა იყო მოთავსებული. ეს "აუხდენელი ოცნება" თურმე 1000 მანეთი ღირდა და მისი შოვნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

ქართველ მელომანებში დადიოდა ჭორი, რომ 1966-67 წლებში პოლ მაკარტნი ავტოავარიაში დაიღუპა და "ბითლზის" მენეჯერებმა მისი ჩანაცვლება ორეულით მოახდინეს, რომელიც წარმოშობით კანადელი იყო.

ზუსტი სიმართლე არავინ არ იცოდა, მაგრამ იძახდნენ, რომ ლივერპულელ ოთხეულს კონცერტები მოსკოვში უნდა ჩაეტარებინა. მათი თვითმფრინავი თურმე სსრკ-ს დედაქალაქში ჩამოფრინდა კიდეც, მაგრამ ქვეყანაში შემოსასვლელი ვიზები არ მისცეს და "ბითლზიც" უკან გაბრუნდა.

ამ ჯგუფის ორდისკიანი კონცერტის, "თეთრი ალბომის" პირველ კომპოზიციას სახელად "უკან სსრკ-ში" ჰქვია. მელომანებში გავრცელდა აზრი, რომ ეს სიმღერა მოსკოვიდან უკან დაბრუნებისას, უშუალოდ თვითმფრინავის სალონში დაიწერა.

გრამფირფიტებზე ჩამვარდა სიტყვა და როგორც ზემოთ მოგახსენეთ, იმ პერიოდში ე. წ. "ვინილის" დისკების შოვნა იოლი ნამდვილად არ იყო. ხმის ჩამწერ სტუდიებში ნებისმიერ ჩანაწერს გაგიკეთებდნენ, გრამფირფიტის შეძენა თუ გსურდა რამდენიმე "დაბრკოლება" უნდა გადაგელახა. თავდაპირველად "ზვუკოზაპისის" თანამშრომლებს უნდა დაახლოებულიყავი, ნდობის მოპოვების შემდეგ კი "იღბლიანთა" სიაში ჩაეწერებოდი.

განსაკუთრებული პოპულარობით მეცხრე საავადმყოფოს წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე სტუდია სარგებლობდა.

მისი მამოძრავებელი ძალა ბატონი მიკი იყო და მასთან მთელი თბილისის ახალგაზრდობა დადიოდა. არასოდეს დამავიწყდება ის ბედნიერი წუთები, როდესაც მიკისთან ინგლისში გამოშვებული "ჰელფის" გრამფირფიტა შევიძინე.

სამწუხაროდ, მაშინდელი ოცნება, "ბითლზის" ჩემოდანს დავპატრონებოდი, განუხორციელებელი დამრჩა.

კომუნისტური რეჟიმი წარსულს ჩაბარდა, ყოველგვარი უცხოურიც ჩვენში აღარ იკრძალება. საყვარელი ჯგუფის ნებისმიერი ჩანაწერის შოვნა ამჟამად არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ იმ პირველ "ჰელფის" გრამფირფიტას, ხოლო მოგვიანებით, იმდროინდელ კიროვის პარკში შაბათ-კვირაობით გამართულ წიგნების ბაზრობაზე შეძენილ "ბითლზის" სხვა დისკებს, სულ სხვანაირი და განსაკუთრებული ხიბლი გააჩნდა.

1967-68 წლებში ანსამბლი "ორერა" დედამიწის გარშემო კრუიზით გაეგზავრა. ამ მოგზაურობის შედეგად დაიბადა მხატვრულ-მუსიკალური ფილმი "ორერა სრული სვლით". წინასწარი მოლაპარაკებით, ლონდონში "ორერასა" და "ბითლზის" წევრები ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ. სამწუხაროდ, ამ დროს ინგლისური ჯგუფი ლივერპულში გამოიძახეს გადაღებებზე. ამის გამო "ბითლზმა" ქართველ მუსიკოსებს ბოდიშის წერილი გამოუგზავნა, რომელსაც ოთხივე წევრი აწერდა ხელს.

ბრიტანულ ჯგუფთან შეხება კიდევ ერთ ქართულ ანსამბლს ჰქონდა, მაგრამ მანამდე ერთ ისტორიას გავიხსენებ.

წინა საუკუნის 70-იანი წლებიდან ლივერპულში სათავე დაედო ტრადიციულ კონკურსს, სადაც საუკეთესო "ბითლზ-ორეულები" გამოდიოდნენ. ამ ფესტივალის გრან-პრი ყოველთვის ინგლისურენოვანი ქვეყნების ჯგუფებს ერგებოდათ. ტრადიცია მხოლოდ ერთხელ დაირღვა, როდესაც 1989 წელს მთავარი ჯილდო "ბითლზის" საუკეთესო გარეგნული და მუსიკალური მიბაძვისათვის მიენიჭა თბილისურ ჯგუფს "ბლიცს" (The blitz). ჩვენს სტაჟიან მელომანებს ალბათ ახსოვთ ეს ანსამბლი, რომელიც ვალერი კოჩაროვის ხელმძღვანელობით 80-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: ვალერი კოჩაროვი (ჯონ ლენონი), ვალერი ამბარცუმიანი (პოლ მაკარტნი), ზაზა სახამბერიძე (ჯორჯ ჰარისონი), ბიჭიკო ოსიპოვი (რინგო სტარი) და ელო შახბაიანი (კლავიშებიანი ინსტრუმენტი). აი, ამ შემადგენლობით ჩავიდა "თბილისური ბითლზი" ლივერპულში. ჯგუფი The blitz

ფესტივალი ათ დღეს გაგრძელდა და ყველასათვის მოულოდნელად, მთავარი გრან-პრი საქართველოდან წარგზავნილებს ერგოთ. ჟიურის წევრები იყვნენ ლენონის ღვიძლი ბიძა, ჩარლზ ლენონი, "ბითლზის" ყოფილი წევრი პიტ ბესტი, რომელიც ჯგუფში რინგო სტარის მოსვლამდე უკრავდა, პოლ მაკარტნის ანსამბლ "უინგსის" წევრი დენი ლეინი და ტონი შერიდანი, რომელიც ჯონთან და პოლთან ერთად ჯგუფის საბოლოო ჩამოყალიბებამდე გამოდიოდა. ინგლისელები თბილისელი მუსიკოსებისათვის მხოლოდ მთავარი ჯილდოს გადაცემით არ დაკმაყოფილდნენ და ხუთივეს ქალაქ ლივერპულის საპატიო მოქალაქის ტიტული უბოძეს.

უკვე მოგვიანებით, "ბლიცის" წევრი ბიჭიკო ოსიპოვი ბრიტანულ შთაბეჭდილებებს შემდეგნაირად იხსენებდა:

"როგორი გრძნობა გვქონდა? მილიონს რომ მოიგებ და შინ მიხვალ, იქ კი დედა დაგხვდება და გეტყვის, შვილო, შენმა ლატარიის ბილეთმა მილიონი მოიგოო. აი, ასეთი რაღაც იყო გრან-პრი და საპატიო მოქალაქეობა. რაც მთავარია, ისეთი ხალხი გავიცანით, ვინც წლების განმავლობაში ოთხეულის გარშემო ტრიალებდა. პიტ ბესტის დედა მეუბნებოდა, ნახე რა მაგარი ბიჭი მყავს, მაკარტნიმ მოაშორებინა ლენონს ჯგუფიდან, რომ არ დაეჩრდილა, თორემ "ბითლზში" უნდა ყოფილიყოო.

ბესტის დედამ ორი საათი ლანძღა მაკარტნი. ჯონ ლენონის ბიძასთან, ჩარლზ ლენონთან ერთად ვიქეიფეთ,

"ბითლზის" პირველი მენეჯერი ალან უილიამსი კი უსაშველო ალკოჰოლიკი გამოდგა და ერთად ბევრი ვისკი დავლიეთ. უილიამსმა გაიხსენა ის პერიოდი, როცა ბიჭები მის კლუბში, 1959 წელს, თითო ჰამბურგერისა და კოკა-კოლას საფასურად უკრავდნენ. ჩვენზე ბედნიერები არავინ იყო, "ბითლზის" სამყაროში ვცხოვრობდით რამდენიმე დღე, წამოსვლა აღარ გვინდოდა".

იმავე, 1989 წელს "ბლიცმა" იმღერა იმ დარბაზში, სადაც თავის დროზე კონცერტებს "ბითლზი" მართავდა. ამ სცენაზე გამოსვლა მხოლოდ ერთეულების ხვედრია. ამის შემდეგ "ბლიცი" კიდევ სამჯერ მიიწვიეს ლივერპულის ფესტივალზე, 1990-92 წლებში. ჯგუფის წევრებს დღემდე შეუძლიათ გამოიყენონ ის შეღავათები, რომელიც მინიჭებული აქვს ლივერპულის საპატიო მოქალაქეებს - არ გადაიხადონ დღგ, მიიღონ უფასო განათლება, სამედიცინო მომსახურეობა და ადვოკატის დახმარება.