"ოცნების" ვატერლოო, ანუ რაში ვადანაშაულებ ბიძინა ივანიშვილს? - კვირის პალიტრა

"ოცნების" ვატერლოო, ანუ რაში ვადანაშაულებ ბიძინა ივანიშვილს?

საპრეზიდენტო არჩევნებზე  მმართველი პარტიის კანდიდატის დამარცხებასა და "ნაციონალური მოძრაობის" რევანშს ერთგვარად ველოდებოდით კიდეც, მაგრამ მწარე რეალობა მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა.

ბოლო დღეებში ბიძინა ივანიშვილისა და მისი პარტიის მიმართ არაერთი კრიტიკული გამონათქვამი ისმის: კორუფცია, ნეპოტიზმი, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის დასამარება, არაობიექტური სასამართლო სისტემა, კორუმპირებული მაღალჩინოსნების მომრავლება, "პოლიტიკურ-ქურდული" საქმის გარჩევები, მოსახლეობის ტოტალური გაღარიბება, კანაფის პლანტაციების თემა, ფარცხალაძისა და სხვა საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანების აღზევება... ეს ჩამონათვალი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ "ქართული ოცნების" უპირველესი დანაშაული ხალხისათვის უკეთესი მომავლისა და რწმენის იმედის დასამარებაა.

"მომავლის რწმენის" დაკარგვა ვახსენე და ეს ალბათ ამჟამინდელი ხელისუფლების ყველაზე დიდი დანაშაულია. ორი შვილის მშობელი გახლავართ. ყოველთვის მიმაჩნდა რომ 23 წლის ვაჟიშვილსა და 20 წლის ქალიშვილს პოლიტიკა არ აინტერესებდათ. 28 ოქტომბრის დილით ორივე ახალგაზრდა საარჩევნო უბანში გაიქცა და საკუთარი არჩევანი გააკეთა. საღამოს აღმოჩნდა, რომ არჩევანი "ქართული ოცნების" საწინააღმდეგოდ გაეკეთებინათ. იგივეს გაკეთებას კი არჩევნების მეორე ტურშიც კატეგორიულად აპირებენ.

ჩემი მამა-შვილობის ლამის ოცწლიანი ისტორიის განმავლობაში შვილებთან პოლიტიკაზე პირველი "შეხლა-შემოხლა" მომივიდა. ერთი შეხედვით "არაპოლიტიკურმა" ქალიშვილმა და ვაჟიშვილმა საკუთარი მოსაზრებები გამაცნეს და ამიხსნეს რომ "ქართული ოცნების" ხელში ქვეყნის მომავალს ვერ ხედავენ, ეს პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს ჭაობისაკენ მიექანება და თუნდაც განათლების სისტემის გაუმჯობესების ნაცვლად ქვეყანაში კანაფის პლანტაციების გაშენებისათვის იღწვის, ახალგაზრდობას სამსახურების შოვნა ძალიან უჭირს, ფარცხალაძეები და ძმანი მისნი კი კალეიდოსკოპური სისწრაფით მდიდრდებიან. ამის გამო ხმას "ნაციონალებს" კი არა, "ოცნების" საწინააღმდეგოდ აძლევენ, რათა ეს ერთეული საქართველოს მოწყობა-განვითარების საქმეს საბოლოოდ ჩამოშორდეს.

გავიკითხე და ჩემს ირგვლივ მყოფ ახლობელ-მეგობართა შვილებსაც ანალოგიური პოლიტიკური არჩევანი გაუკეთებიათ.

"ქართულ ოცნებასა" და პირადად ბიძინა ივანიშვილს ახალგაზრდობაში რწმენისა და უკეთესი მომავლის გრძნობის დასამარებაში ვადანაშაულებ. ვადანაშაულებ იმაშიც, რომ საქართველო წინა საუკუნის 90-იან წლებში დააბრუნა და პოლიტიკური მოტივით ქვეყანა ორ ნაწილად დაყო. ვადანაშაულებ იმაში, რომ თავი ისევ და ისევ ხალხის გადასარჩენად გაიხადა. "ნაციონალები" ქვეყნის მართვის სადავეებში ვეღარ დაბრუნდებიან, ამას ხალხი ფიზიკურად აღარ დაუშვებს. არ აქვს მნიშვნელობა არჩევნებს მოიგებენ, "ოცნება" ნებით გადააბარებს ძალაუფლებას თუ ე.წ. "საიდუმლო გარიგებით" (არის მოსახლეობაში ეს ვერსია) დაგვიბრუნდებიან. ექვსწლიანი "შედარებითი სიმშვიდის" შემდეგ რატომ გაიხადეს საქმე რომ კვლავ ქუჩაში გამოსვლა მოგვიწიოს რათა "ნაციონალების" შესაძლო აღზევების საფრთხე ჩვენთვის კარგად ნაცნობი და "ახლობელი" ქუჩის აქციებით მოგვიწიოს.

მაინც განსაკუთრებული "მოხერხება" უნდა, რომ ექვსი წლის განმავლობაში მაღალი რეიტინგი და მოსახლეობის მხარში დგომა ქარს გაატანო. ამას ცნობილი ილუზიონისტებიც ვერ მოახერხებდნენ.

ალბათ მართალი გახლდათ ჯაბა იოსელიანი, "დემოკრატიობანა ლობიოს ჭამა არ გეგონოთო", რომ ამბობდა. სააკაშვილის დროს დიქტატურაში ვცხოვრობდით, გავთავისუფლდით და მეორე უკიდურესობაში გადავეშვით. ისე, სიმართლე გითხრათ და დღევანდელ მდგომარეობას უფრო ანარქიას დავარქმევდი. კარგია დემოკრატია, მაგრამ მას ნორმალური, მართლა ეროვნული და რაც მთავარია, პატიოსანი ხელისუფლება ესაჭიროება. წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხში იგივე სააკაშვილის დროის ნოსტალგია გაჩნდება და ამისი უშუალო მოწმეები ამ დღეებში გავხდით.

წინ ბობოქარი და "საინტერესო" მოვლენებით დახუნძლული დღეები გველის. რა მოგველის, საითკენ მივექანებით, როგორ განვითარდება უახლოესი დღეების საქართველოს ისტორია? აი კითხვები, რომელიც ალბათ თითოეულ ჩვენთაგანს აწუხებს. რა გითხრათ. ალბათ კარგს ვერაფერს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს