გეგეშიძე-დათუნაშვილის ბრძოლა წესების გარეშე - შეწყდეს სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებად ადამიანების პოლიტიკური ნიშნით შერჩევა! - კვირის პალიტრა

გეგეშიძე-დათუნაშვილის ბრძოლა წესების გარეშე - შეწყდეს სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებად ადამიანების პოლიტიკური ნიშნით შერჩევა!

რამდენიმე კვირის წინ, თბილისის სპორტის სასახლეში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საქართველოს პირველობის მიმდინარეობისას დაწყებული კონფლიქტი ახალ ფაზაში შევიდა და ისეთი პირი უჩანს, რომ მალე არც დასრულდება. ე.წ. "სპორტულმა" და "შიდა საოჯახო" ინციდენტმა გარკვეულწილად პოლიტიკური ელფერიც შეიძინა.

ამ, ჩემი აზრით კრიმინალურმა შემთხვევამ ორივე დაპირისპირებულ მხარეს საკუთარი მომხრეები გაუჩინა. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მხარდამჭერები ზურაბ დათუნაშვილს "აფერისტს", "რუსთავი - 2"-ის დაკვეთების შემსრულებელს", "ცუდ ბიჭს", "ჭიდაობის ერთიანი ოჯახის მოღალატეს", "სხვა ქვეყანაში გადაბარგების მსურველს და ამ მიზეზით მთელი ამ დავიდარაბის წამომწყებს", "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერს და "პროვოკატორს" უწოდებენ. გავიგე ვერსიაც, რომ (რამდენად სიმართლეს შეეფერება ვერ გეტყვით) გასული წლის ზაფხულში დათუნაშვილმა გეგეშიძეს უცხო ქვეყანაში გადასვლის ნება სთხოვა და უარი მიიღო. ამჟამინდელი სკანდალიც გარკვეულწილად სწორედ იმ ამბავს უკავშირდება.

მოჭიდავის თანამოაზრეები ძირითადად გეგა გეგეშიძის პოლიტიკურ წარსულს იხსენებენ. 2007 წელს ამჟამინდელი ჭიდაობის თავკაცი თურმე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდასაჭერად სპორტსმენ ზონდერების ჯგუფებს აყალიბებდა და განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანებს დაუნდობლად უსწორდებოდა. მოგვიანებით პოლიტიკური მრწამსი შეიცვალა, "ქართული ოცნების" სამსახურში ჩადგა და ყოფილ თანამოაზრეებთან დაიწყო ანგარიშსწორება. იგივე კორცხელის კონფლიქტში მისი ძმა აქტიურად "მოღვაწეობდა". გეგა გეგეშიძე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ჭიკაიძის დაცვის უფროსი გახლდათ, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ კი ყოფილი უფროსი ჭიკაიძე მოადგილედ დანიშნა. გეგეშიძეს მაღალ სამთავრობო ეშელონებში არაერთი მხარდამჭერი ჰყავს და დაუსჯელობის სინდრომით არის შეპყრობილი.

რასაკვირველია, რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი ვარაუდია. ამ ჭორ-სიმართლეების დადგენას არ შევუდგები. ფაქტი ერთია. რობერტ კობლიაშვილთან იმ საბედისწერო შერკინებისას დათუნაშვილმა ალბათ თავი ვერ მოთოკა, მაგრამ უკვე მოგვიანებით, ჭიდაობის ფედერაციის ამჟამინდელი თავკაცის ქმედება ყოველგვარ ზღვარს გადაცილებული გახლდათ.

შეიძლება სპორტსმენს კოლეგასთან ან მსაჯთან გარკვეული უთანხმოება მოუვიდეს, მაგრამ ფედერაციის პირველი პირი სტატუსით სხვა კატეგორიას განეკუთვნება და მას უფრო მეტი მოეთხოვება.

შორს ვარ იმ აზრისაგან რომ გეგა გეგეშიძე იმ საქციელისათვის დასაპატიმრებელია, მაგრამ თანამდებობიდან აუცილებლად უნდა გადამდგარიყო. მას შემდეგ რაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი სპორტსმენს სახალხოდ სისხლს ადენს და ეს ფაქტი მთელი მსოფლიოსათვის ცნობილი ხდება, არ აქვს მნიშვნელობა დათუნაშვილი "ცუდი ბიჭი" და "პროვოკატორია", გეგეშიძეს დაკავებულ თანამდებობაზე საქმიანობის გაგრძელების მორალური უფლება აღარ ჰქონდა..

რითი იყო მასზე ნაკლები ელდარ კურტანიძე, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ერთი ინციდენტის გამო თანამდებობიდან წასვლა რომ მოუწია.

მაინც რა გახდა "ქართველ ფალავანთა ოჯახი"? ჯერ ძიუდოს სამყაროში ატეხილი შფოთი ძლივს ჩაწყნარდა, ახლა კი ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენები. ნუთუ არ შეუძლიათ იგივე ძალოსნობის ფედერაციის მაგალითი აიღონ. ბატონი კახი კახიაშვილი როგორ უნარიანად უძღვება საქმეს, მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე კი ბოლოსა და ბოლოს მიხვდა, რომ პოლიტიკა მისი საქმე არ არის და პარლამენტში მოღვაწეობას მისთვის უფრო წარმატებული სფერო არჩია.

ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენების მთავარი არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ქვეყანაში ბოლოსა და ბოლოს უნდა შეწყდეს ამა თუ იმ ფედერაციის სათავეში პოლიტიკური ნიშნით ადამიანების ჩაყენება. ამ დანიშვნებს ქართული სპორტისათვის ხეირი არ მოაქვს და ვერც მოიტანს.

ისიც ვერ გამიგია, რა აუცილებელია ის საქვეყნო აჟიოტაჟი რაც დათუნაშვილი - გეგეშიძის კონფლიქტს თან სდევს. ორივე ჭიდაობის ნაკრების გაფიცვა, სახალხო დამცველის ჩართვა, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის მონაწილეობა, სამინისტროს ხელმძღვანელის ჩართულობა.

ცივილურ სახელმწიფოში ამ სახის დავებს სპორტული ტრიბუნალი წყვეტს და ორივე დაპირისპირებული მხარის სიმართლეს ის ადგენს. სამწუხაროდ, საქართველოში ამ სახეობის ორგანო მხოლოდ ფეხბურთში მოქმედებს. ვფიქრობ, რომ აუცილებელია ქვეყანაში შეიქმნას სამართლებრივი სივრცე სპორტის მიმართულებით.

ამჟამინდელი კონფლიქტის გადაჭრის უპირველეს პირობად კი გეგეშიძის უპირობო გადადგომა მიმაჩნია. ამ პიროვნებას ჯიბრში არ ვუდგევარ. უბრალოდ, საკუთარი თავი ვერ მოზომა, სპორტსმენს (თუნდაც დამნაშავეს) ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ამაზე პასუხი, რასაკვირველია, უნდა აგოს. სასამართლო პროცესზე კი განაცხადა, "თუ გადავდგები ჭიდაობა ჩამოიშლებაო", მაგრამ ქართულ ჭიდაობას უდიდესი ტრადიციები გააჩნია. ამ სფეროში დღეს არაერთი მსოფლიო მნიშვნელობის ადამიანი საქმიანობს და მეეჭვება გეგეშიძის წასვლით სპორტის ამ სახეობას ძირი გამოეთხაროს. თუ გადადგამს ამ ნაბიჯს, ჩატარდება ახალი საპრეზიდენტო არჩევნები და ქართული ჭიდაობა ჩვეულებრივ და წარმატებულ ცხოვრებას გააგრძელებს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს