გთხოვთ, ნუ გვაცხოვრებთ ასაფეთქებლად გამზადებული ნაღმის პირობებში! - კვირის პალიტრა

გთხოვთ, ნუ გვაცხოვრებთ ასაფეთქებლად გამზადებული ნაღმის პირობებში!

კორონავირუსის მომძლავრების დღეებში თვითიზოლაციის პირობებში გადასვლა მომიწია. ვმუშაობ სახლიდან, გარეთ გასვლა კი დღეში მხოლოდ ერთხელ, ახლომდებარე მაღაზიაში, ისიც რამდენიმე წუთით მიწევს. ანალოგიურ მდგომარეობაშია ჩემი მეუღლე და ორი შვილი.

დამავიწყდა. ორ დღეში ერთხელ 80 წელს მიტანებული ნათესავი ქალბატონის მონახულებაც მევალება, რომელიც მარტო ცხოვრობს და მუდმივ ყურადღებას მოითხოვს. აქ უკვე მივადექით იმ პრობლემას რომელმაც დღევანდელი ბლოგის დაწერა მაიძულა.

ასაკოვანი ნათესავი ღრმად მორწმუნეა. სწამს რომ ამჟამინდელ განსაცდელს ღმერთისა და ეკლესიის მეშვეობით იოლად გაუმკლავდება. წმინდა სახლს ყოველდღე სტუმრობს, ლოცულობს, სანთელს ანთებს და ზიარების ყველა წესსაც ზედმიწევნით იცავს. დიდი და არაერთი თხოვნის მიუხედავად სახლში ლოცვაზე უარს ამბობს. ამ ყოველდღიური წესის დარღვევას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს თუ მისი მოძღვარი დროებით, პანდემიის დასრულებამდე შინ დარჩენასა და სახლში, ხატის წინ ლოცვისაკენ მოუწოდებს.

მეშინია, მართლა მეშინია მის გამო და ჩემი ოჯახის წევრების გამოც, რადგან მისი მოვლა-პატრონობა სწორედ ჩვენი ვალია, ის რომ დაინფიცირდეს, როგორ გაუმკლავდება დაავადებას და ხომ არ იქცევა ინფექციის წყაროდ ჩვენთვის?!

ვცდილობ, სახელმწიფოსა და ექიმების მიერ დადგენილი ყველა წესი ზედმიწევნით შევასრულო, მაგრამ, სამწუხაროდ, ამჟამინდელი ქართული რეალობა საწინააღმდეგო სურათს გვიხატავს. ქვეყანაში დადგენილ საერთო შეზღუდვებსა და ნორმებს ყველა თანაბრად ემორჩილება... ეკლესიის გარდა.

მესმის რომ მტკივნეულ თემას შევეხე, მაგრამ სიმართლე მაინც უნდა ითქვას.

მე, საქართველოს ერთ ჩვეულებრივ მოქალაქეს მეშინია. დიახ, მართლა მეშინია. ჩემს დღეში არაერთი ჩემი თანამემამულეა. ჩვენ არც ფაშისტები, არც ლიბერალები, არც მსოფლიო მასონური დაჯგუფების წევრები... ჩვენ ეკლესიის საწინააღმდეგო მართლა არაფერი გაგვაჩნია, მაგრამ მიგვაჩნია, რომ კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ ყველა ზომა უნდა გატარდეს და ამ ღონისძიებებს დროებით ეკლესიაც უნდა დაემორჩილოს.

ექიმების მტკიცებით ხალხის მასობრივი თავშეყრის ადგილები ინფექციის გავრცელების გაუკონტროლებელ წყაროს წარმოადგენს. ეკლესიის უფლებებს არავინ ზღუდავს და ამის გაკეთებას არც მომავალში აპირებს. ნუთუ იოლია დროებით შინ დარჩენა და წმინდა ხატების წინ ლოცვა. დავიჯერო რომ ეს ნაბიჯი (დროებით) ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის როლსა და ფუნქციას დააკნინებს?!

რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ.

ისრაელი: კორონავირუსის გამო შესაძლოა წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალზე მორწმუნეების დასწრება აიკრძალოს.

რომის პაპი კორონავირუსის საფრთხის გამო, საკვირაო ლოცვას ონლაინრეჟიმში ატარებს.

ირანის მსხვილ ქალაქებში პარასკევის ლოცვა არ იმართება.

საუდის არაბეთმა მექაში პილიგრიმობა აკრძალა.

მსოფლიო საპატრიარქო კორონავირუსის გამო მარტის ბოლომდე ყველა რელიგიურ მსახურებას და წესის შესრულებას წყვეტს.

დავიჯერო რომ ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში ქართველებზე ნაკლებად მორწმუნეები ცხოვრობენ?

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და მისი მრავალრიცხოვანი მრევლის მიმართ არანაირი შეურიგებელი პოზიცია არ მაქვს. მაგრამ მიმაჩნია, რომ ისინი საქართველოში დღეს არსებული მწარე რეალობის სურათს უნდა ითვალისწინებდნენ და ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვების მკაცრ ნორმებს (ვიმეორებ დროებით) უნდა დაემორჩილონ. ამისათვის კი პირველი ნაბიჯი თავად ეკლესიამ უნდა გადადგას და ჩემნაირად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქეები ასაფეთქებლად გამზადებული ნაღმის პირობებში არ აცხოვროს. დარწმუნებული ვარ რომ თუ ეკლესიების კარი ღია კი იქნება, მღვდელმსახურები ტაძრებში, მრევლი კი - საკუთარ სახლებში ილოცებს, ამით ამ "ჩინური ვირუსის" დამარცხებას უფრო იოლად და ნაკლები დანაკარგის ფასად მოვახერხებთ. და უმთვრესი ხელისუფლება ვალდებულია კანონის და დადგენილი ნორმების აღსრულება მოსთხოვოს ყველას!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს