ვანგამ ეს იწინასწარმეტყველა, ლელა კაკულიამაც, მიხეილ ცაგარელის აზრით კი... - როგორ გავუმკლავდეთ "კორონასაინფორმაციო" ტერორს? - კვირის პალიტრა

ვანგამ ეს იწინასწარმეტყველა, ლელა კაკულიამაც, მიხეილ ცაგარელის აზრით კი... - როგორ გავუმკლავდეთ "კორონასაინფორმაციო" ტერორს?

ფსიქოლოგებო მოემზადეთ, თქვენი დახმარების დრო დადგა

რამდენიმე დღის წინ თვითიზოლაციაში მყოფ სრულიად საქართველოს მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმდა და საკომენდანტო საათის რეალობაშიც აღმოჩნდა. კორონავირუსი დანებებას ჯერ არ აპირებს, პირიქით, "ფრთებს უფრო ფართოდ შლის" და ბოლოდროინდელი მსოფლიო ლოზუნგი "დარჩი სახლში" ლამისაა გადარჩენის ერთადერთ საშუალებად განიხილება.

ქართველი სპეციალისტების ვარაუდით, საქართველოში კორონავირუსის აქტიურ შემოტევას ორი კვირის შემდეგ უნდა ველოდოთ, საერთო მდგომარეობის გაუმჯობესობა კი სადღაც ხუთი კვირის შემდეგ დაგვიდგება.

ბევრი სჯა-ბაასია იმაზე თუ, როგორ გადაიტანს ამ სენს ჩვენი ქვეყანა. უფრო გავღარიბდებით თუ არა, რა ბედი ეწევა გაუფასურების გზაზე დამდგარ ეროვნულ ვალუტას, როგორი იქნება ქვეყნის ეკონომიური მდგომარეობა, რა ბედი მოელის ამჟამად უმუშევრად დარჩენილ მოსახლეობას. რასაკვირველია ამჟამინდელი მთავრობა სიტუაციის საერთო კონტროლისათვის ყველაფერს აკეთებს და მის გასაქილიკებლად ენა არ მომიბრუნდება, პირიქით, ქების მეტს არაფერს იმსახურებს. ისე, სიმართლე უნდა ითქვას და ბოლო რვა წლის განმავლობაში დღევანდელი დღესავით დარაზმულები რომ ყოფილიყვნენ, საქართველოში არაერთი პრობლემა აღარ იარსებებდა.

მიმაჩნია, რომ უშუალოდ ვირუსით ინფიცირებულების გამოვლენისა და მკურნალობის გარდა აუცილებელია სახლებში "ჩაკეტილი" მოსახლეობისათვის სასწრაფო ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა და შესაბამისი ონლაინკონსულტაციების დაუყოვნებელი დაწყება. წინააღმდეგ შემთხვევაში პანდემიის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს უკვე არა ფსიქოლოგების, არამედ ფსიქიატრების მასობრივი კონსულტაციები დასჭირდება.

ერთ ძირეულ პრობლემას შევეხები. ვირუსის კიდევ უფრო გავრცელების პარალელურად, არაერთ ჩემს ნაცნობს ე.წ. "კორონაფობია" შეეყარა. დღეში რამდენჯერმე სიცხეს იზომავენ და თითოეულ დაცემინება-დახველებაზე ჩინეთიდან ემიგრირებული ვირუსი ელანდებათ. მერწმუნეთ, მათი რიცხვი ცოტა არ არის. პირიქით. ეროვნული ბანკის თანამშრომლების დაინფიცირების შემდეგ მათი რიცხვი უკვე გაასმაგდა და ხველებისა და მსუბუქი სურდოს სიმპტომებს ნაღდი ფულის შიშიც დაემატა. ეს ადამიანები კვალიფიციური და პროფესიონალი ფსიქოლოგების მუდმივ რჩევებს საჭიროებენ.

სრულიად საქართველო საინფორმაციო "ზეშემოტევის" პირობებში არსებობს. რასაკვირველია, ამა თუ იმ მოვლენების შესახებ ინფორმაცია ნებისმიერ დროს გვჭირდება, მაგრამ ამ დღეებში მან განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. პოზიცია-ოპოზიციური მასმედიის პირობებში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ყოველდღიურად არაერთი ურთიერთგამომრიცხავი "ნიუსი" ვრცელდება, აკადემიური, ზომიერი ინფორმაციებიდან დაწყებული სენსაციებზე აგებული და მოსახლეობის ისედაც გატანჯული ფსიქიკის კიდევ უფრო დასათრგუნად "გამზადებული" ამბებით დასრულებული.

ვანგამ ეს იწინასწარმეტყველა, ლელა კაკულიამ კორონავირუსის დასრულების თარიღი გამოაცხადა, მიხეილ ცაგარელის აზრით... ნათელმხილველებს თავი რომ დავანებოთ სოლიდური და სერიოზული მეცნიერებიც სცოდავენ. ერთნი კორონავირუსის დასრულებას მომავალი წლის ზაფხულში გვპირდებიან, სხვები კი დედამიწაზე მოსახლეობის დიდი ნაწილის გარდაცვალებას ქადაგებენ. საქართველოში დაფიქსირებულ პანდემიის ახალ-ახალ შემთხვევებსა და მის გაზრდილ გეოგრაფიასაც თუ დავამატებთ, მწარე სურათი ალბათ ნათელი გახდება, ამ ზღვა ინფორმაციულ ნაკადში ისევ და ისევ უბრალო ადამიანების ფსიქიკა ზარალდება. "კორონასაინფორმაციო" ტერორს დასასრული არ უჩანს, პირიქით უფრო ძლიერდება. შედეგად: ჩემი ახლობლების დიდი ნაწილი ყოველდღიურ დამამშვიდებელ წამლებზეა გადასული.

ნაცნობების უმრავლესობა, მათ შორის მე, ჩემი ოჯახის წევრები და არაერთი ჩემი თანამემამულე ამ თვითიზოლაცია-კარანტინის დროებას ჯერჯერობით მტკიცედ უმკლავდება, მაგრამ რის ფასად? არ ვაჭარბებ, ბევრი მათგანის მდგომარეობა ფსიქოლოგის უშუალო დახმარებას თუ არა კონსულტაციას დაუყოვნებლივ მოითხოვს.

მთავრობა, ოპოზიცია, საზოგადოებისათვის ცნობადი სახეები ხვალინდელ დღეზე და პანდემიის შემდგომ დროებაზე აქტიურად საუბრობენ. რასაკვირველია თავის საქმეს მაღალპროფესიულად უძღვებიან სამი გმირი, ორი მარინა და სხვა მათი კოლეგები. რომ არა ეს ადამიანები ქვეყანაში საერთო ფსიქოლოგიური გარემო გაცილებით უარესი იქნებოდა.

ინფექციას უნდა ებრძოლო და ეკონომიკაზეც უნდა იფიქრო, მაგრამ მგონი არ ვცდები, მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი საბოლოოდ დასრულდება, ხელთ რამდენიმე ათასი ფსიქოლოგიურად გაჩანაგებული ადამიანი შეგვრჩება. მათთვის კორონავირუსი, ლარის კურსი, ეკონომიკის გამოჯანმრთელება, სამსახურის ხელახლა ძიება უკვე მეორეხარისხოვანი პრობლემა იქნება.

საქართველოში არაერთი ჩინებული ფსიქოლოგია. ეგებ მოხდეს ამ ადამიანების გაერთიანება და რამდენიმე ცხელი ხაზის ჩამოყალიბება. მერწმუნეთ, არაერთ ჩვენს თანამემამულეს ამ მიმართულებით დაუყოვნებელი დახმარება ესაჭიროება. ღმერთმა დაგვიფარის, მაგრამ პანდემიის უფრო გაძლიერების შემთხვევაში მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

იხილეთ ასევე: "ყველას ვაჯობეთ და კიდეც ვაჯობებთ!"

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს