რუსეთის უკანასკნელი მეფე - კვირის პალიტრა

რუსეთის უკანასკნელი მეფე

პუტინის რუსეთის მკვლევრების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მათ ამ რეჟიმის ბუნება უკვე ამოხსნეს და ვლადიმირ პუტინი მათ ვეღარაფრით გააოცებს. ყველაფერი რასაც ის აკეთებს, ან მომავალში გააკეთებს, ადვილად მისახვედრი და პროგნოზირებადია.

როდესაც მიმდინარე წლის იანვარში, პუტინმა რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიციატივა გაახმაურა, შეფასებები ძირითადად რუტინული იყო. იყო მხოლოდ ერთი სიახლე, პუტინი პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ არსებული ჩანაწერიდან სიტყვის "ზედიზედ" ამოღებას ითხოვდა. ეს შეფასდა, როგორც რუსეთის ფორმალური ტრანსპოფრმაციის მცდელობა, რაც იმას ნიშნავდა, რომ პუტინი ძალაუფლების ვერტიკალის სათავეში რჩებოდა, თუმცა, ფორმალურად, ქვეყნის "პირველი კაცი" აღარ იქნებოდა.

ორ თვეზე ნაკლები დასჭირდა იმის გაცნობიერებას, რომ პუტინს ყოველთვის შეუძლია გაგვაოცოს. როგორც ჩანს, ვლადიმირ პუტინმა მიიჩნია, რომ რუსეთის მართვა კულისებიდან გაუჭირდება ან ამის გაკეთება, უბრალოდ, არ სურს. ბევრი მიიჩნევდა, რომ რადგან 4 წლის განმავლობაში, 2008-2012 წლებში ის ქვეყანას პრემიერ-მინისტრის სავარძლიდან მართავდა, ამის გაკეთებას 2024 წლიდანაც მოახარდებდა, ოღონდ რომელი პოსტიდან, ამაზე ბოლომდე ვერ ჩამოვყალიბდით.

თუ იანვრისგან განსხვავებით, მარტში პუტინი ჩამოყალიბდა, რომ ქვეყნის მართვა პრეზიდენტის სავარძლიდან სურს, მას ამ საკითხის მოგვარება შეეძლო ძალიან ადვილად და ამავე დროს ტრივიალურად. მას შეეძლო ზედიზედ ორჯერ არჩევის შეზღუდვა უბრალოდ მოეხნა. მითუმეტეს, რომ ამ ხერხს პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა მარადიულმა ლიდერებმა უკვე მიმართეს; ლუკაშენკომ  - 2004 წელს და ილჰამ ალიევმა - 2009 წელს. ყაზახეთის კონსტიტუციაში კი წერია, რომ ერთიდაიგივე პირი პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ, თუმცა ეს შეზღუდვა პირველ პრეზიდეტს არ ეხება.

რუსული წყაროები გვეუბნებიან, რომ პუტინი ბოლომდე წინააღმდეგი იყო კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის შეცვლის. შესაძლოა სწორედ მისი ამ "პრინციპული" პოზიციის გამო, "ერთიანი რუსეთის" დეპუტატი ვალენტინა ტერეშკოვა, ინიციატივით გამოვიდა პუტინის წინა ვადები "განულდეს", ანუ 2024 წელს ჩაითვალოს, რომ ოთხჯერ არჩეული პუტინი მანამდე არჩეული არასოდეს ყოფილა. როგორც ჩანს, ლეგენდარულმა ასტრონავტმა, პირველმა ქალმა კოსმოსში, ვალენტინა ტერეშკოვამ, ჩათვალა რომ ისტორიას თავი სხვა რამითაც უნდა დაამახსოვროს და ამისთვის ამ ორიგინალური ინიციატივით გამოვიდა.

რუსული წყაროები ასევე გვეუბნებიან, რომ პუტინი ამ ვარიანტზე თანახმაა. ძნელად სავარაუდოა, რომ მის თანაგუნდელებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ მის დასათანხმებლად. პუტინს მხოლოდ ერთი პირობა აქვს, მთავრია ეს ვარიანტი საკონსტიტუციო სასამართლომ დასაშვებად მიიჩნიოს. არადა, ძნელად წარმოსადგენია, ამ საკითხზე რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლოს ვალენტინა ტერეშკოვასგან განსხვავებული აზრი ექნება.

ამ ერთობ უცნაურ ვითარების სერიოზულ ანალიზს რომ ვეცადოთ, შეიძლება დავსვათ კითხვა: რატომაა პუტინი წინააღმდეგი იმის, რომ ზედიზედ არჩევის შეზღუდვა გაუქმდეს? ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ამით ის დემოკრატიულობის იმიტაციის შექმნას ცდილობს, თუმცა წინა ვადების განულებაზე თანხმობა, ამ მოსაზრების მართებულობას სერიოზულ დარტყმას აყენებს. აქ მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება - Умом Россию не понять.

ასევე შეიძლება დავსვათ კითხვა: რატომ გადაიფიქრა პუტინმა ქვეყნის კულისებიდან მართვა?

მით უფრო იმ ფონზე, რომ მას ამის გამოცდილება აქვს და ვერავინ იტყვის, რომ 2008-2012 წლებში, როცა პრეზიდენტის პოსტს დიმიტრი მედვედევი იკავებდა, რაიმე ეჭვი არსებობდა იმის თაობაზე, ვინ იყო რუსეთში პირველი კაცი. შეიძლება ამ საკითხზე სერიოზული მსჯელობა არასერიოზულია, მაგრამ რადგან კითხვა დავსით, ვეცადოთ პასუხიც გავცეთ.

2008 წელს პუტინი 55 წლის იყო და ჯერ 60 წელიც არ ჰქონდა შესრულებული, როცა პრეზიდენტის პოსტზე კვლავ დაბრუნდა. დღეს პუტინი 67 წლისაა, 2024 წელს კი 71 წლის იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2008 წლისგან განსხვავებით რუსეთის პრეზიდენტს ახლა 6 წლის ვადით ირჩევენ, პუტინს პოსტზე დაბრუნება 77 წლის ასაკში შეეძლება. ჰოდა, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ რუსეთის ძლევამოსილი პრეზიდენტი იმ ასაკში აღარაა, როცა ასეთი მანიპულაციების ხალისი ჰქონდა. ეგეც არ იყოს, 55 წლის წლის პუტინისთვის ბევრად ადვილი იქნებოდა ძალაუფლებისა და გავლენების 4 წლით შენარჩუნება, ვიდრე 71 წლის პუტინისთვის 6 წლის განმავლობაში იქნება, ამიტომაც 2 თვე იფიქრა და ზედმეტ თავის ტკივილს მოერიდა. როგორც ჩანს, პუტინმა ჩათვალა, რომ იმპერიის მართვა კულისებიდან აღარ ეკადრება.

ძალაუფლების შენარჩუნება ყველა დიქტატორის ძირითადი ინსტინქტია. ამ მიზნით ისინი ხშირად ცვლიან კანონებს ან უბრალოდ იგონირებას უკეთებენ მათ. ძნელი სათქმელია, ამ შემთხვევაში პუტინი კანონს ცვლის, თუ მის სრულ იგნორირებას ახდენს. ფაქტია, რომ რუსეთის პრეზიდენტი საბოლოოდ დაადგა აფრიკელი დიქტატორი გზას, რომელიც სტანდარტული დიქტატორული ნაბიჯებით არ კმაყოფილდება. 4 საპრეზიდენტო ვადის განულება, მხოლოდ უგანდელი დიქტატორის, იდი ამინის იმ გამოხტომას შეიძლება შევადაროთ, რომლითაც დიდი ბრიტანეთის მიერ მასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საპასუხოდ მის ოფიციალურ ტიტულატურას "ბრიტანეთის იმპერიის დამპყრობელი" და "შოტლანდიის უგვირგინო მეფე" დაუმატა.

მიუხედავად იმისა, რომ პუტინი არც მეზობელი სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების მითვისებას ერიდება, ჯერ თავს კიევის დიდ მთავრად არ აცხადებს. მიუხედავად ამისა, მას შეიძლება რუსეთის უკანასკნელი მეფე ვუწოდოთ. რუსული სისტემა ეცდება პუტინი რაც შეიძლება დიდხანს დატოვოს ძალაუფლების სათავეში, რადგან რუსეთი და პუტინი უკვე სინონიმებად იქცა.

დასასრულს კიდევ ერთ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი: რას იზამს 83 წლის პუტინი 2036 წელს როდესაც მას "ზედიზედ ორი" ვადა მესამედ ამოეწურება? ასაკში დასვენებას გადაწყვეტს და სულ წავა? თუ ცოტას დასვენებას გადაწყვეტს და ქვეყანის კულისებიდან მართვას 6 წლით კიდევ გააგძელებს? თუ ისევ გაანულებს? ვფიქრობთ, რომ ამ დროისთვის ზუსტად იმდენი წლის პუტინი რამდენაც ახლა ვალენტინა ტერეშკოვაა, მიხვდება, რომ ჯობია კონსტიტუციაში მისი 36-წლიანი მმართველობის განმავლობაში არსებული ჩანაწერი "ზედიზედ ორჯერ" არჩევის შეზღუდვასთან დაკავშირებით გააუქმოს და სიცოცლის ბოლომდე მშვიდად გააგრძელოს რუსეთის უკანასკნელი მეფის გვირგინის ტარება, რადგან იმ დროისთვის 99 წლის ვალნტინა ტერეშკოვას ჯანმრთელობა მეორედ "განულების" ინიციატივით გამოსვლის საშუალებას შეიძლება აღარ იძლეოდეს.

თუმცა მანამდე 2024 წლის 17 მარტს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, რომელზეც რუსეთის კანონმორჩილი მოქალაქეები გამოცხადდებიან და ისე აირჩევენ პუტინს, თითქოს აქამდე არასოდეს აურჩევიათ.

დავით ბრაგვაძე, საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი

იხილეთ ასევე: "მეფე არ ვარ! ყოველ დღე ვმუშაობ და არ ვმეფობ!"

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს