Covid-19 და რუსული პროპაგანდის პანდემია - კვირის პალიტრა

Covid-19 და რუსული პროპაგანდის პანდემია

2019 წლის წლის 31 დეკემბერს ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში, ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დაფიქსირდა. მას შემდეგ, ეტაპობრივად მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა ჩაერთო ინფექციასთან ბრძოლაში. 11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ covid-19 ოფიციალურად გამოაცხადა პანდემიად.

რუსეთის ფედერაციამ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად 2020 წლის 31 იანვარს დაადასტურა. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანას საკმაოდ მჭიდრო კავშირი აქვს ჩინეთთან, განსაკუთრებით მის აღმოსავლეთ რეგიონებს, გაჩნდა მოლოდინი, რომ რუსეთი შესაძლოა ეპიდემიის ეპიცენტრად ქცეულიყო, თუმცა ოფიციალური სტატისტიკა რუსეთში საგანგაშო მდგომარეობას არ ადასტურებს. 1-ლი აპრილის მონაცემებით, რუსეთში ვირუსის მხოლოდ 1337 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც 145 მილიონიანი ქვეყნისთვის არც ის ბევრია.

რამდენად რეალურია რუსეთის ფედერაციის ოფიციალური მონაცემები?

ეს კითხვა სულ უფრო ხშირად ისმის. ბევრს უკვე ეჭვი არ ეპარება, რომ კრემლი რეალურ სურათს მალავს და ვითარება გაცილებით მძიმეა. მეორე ვერსიის თანახმად, რუსული ჯანდაცვის სისტემას ეპიდემიის მართვისთვის საკმარისი რესურსები არ აქვს და ინფიცირებულთა გამოვლენას უბრალოდ ვერ ახერხებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ოფიციალური სტატისტიკის რეალურობის თითქმის არავის სჯერა.

იმ ფონზე, როდესაც კრემლი პრობლემას სერიოზულად არ უყურებს, რუსულ სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად იმაზე მეტი ვირუსული ვიდეო ვრცელდება, ვიდრე კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევა ვლინდება. რუსეთის მოქალაქეები ატარებენ ერთგვარ ექსპერიმენტებს, რეკავენ სამედიცინო დაწესებულებებში, ამბობენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი აქვთ, თუმცა კვალიფიციურ რჩევებს ვერ იღებენ. მათ შორის ვერც სახლში დარჩენის რეკომენდაციას. ამავე დროს ვრცელდება ვიდეოები, რომელშიც ჩანს, რომ "როსგვარდიის" ემბლემიანი ავტობუსების კოლონები მოსკოვში შედიან, რაც აჩენს განცდას, რომ ვითარება გაცილებით მძიმეა, ვიდრე ოფიციალური სტატისტიკით ჩანს.

პარალელურად, ახალი კორონავირუსი კრემლამდეც მივიდა. ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელს covid-19 დაუდასტურდა. აქვე იმითიც დაგვამშვიდა, რომ ამ თანამშრომელს რუსეთის პრეზიდენტთან შეხება არ ჰქონია. ღიად რჩება კითხვა, ჰქონდა თუ არა ამ თანამშრომელს შეხება პესკოვთან? რადგან ყველამ ვიცით, რომ პესკოვი ხშირად ხვდება პუტინს.

თუმცა უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ covid-19 ცნობილ რუს მომღერალ ლევ ლეშენკოს დაუდასტურდა, რომელის დაბადების დღის წვეულებაზე პესკოვი იმყოფებოდა. როგორც ჩანს, პუტინი აქაც გადარჩა, რადგან ლეშენკოს დაბადების დღე 1-ლ თებერვალს იყო. გამოდის, რომ პუტინს ჯერჯერობით ბედი სწყალობს, ან უბრალოდ Его не какая зараза не берёт.

ასეთ ვითარებაში, კრემლმა ეპიდემიის ახალი ეპიცენტრისთვის მოიცალა. როგორც ჩანს, კრემლში ჩათვალეს, რომ პანდემია ხელსაყრელი დროა მათი პროპაგანდის კიდევ უფრო გასააქტიურებლად და პირველ სამიზნედ ვირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალებული იტალია იქცა. იტალიურ სოციალურ ქსელში განსაკუთრებით გააქტიურდა აზრი, რომ ამ განსაცდელის ჟამს ერთიანმა ევროპამ ისინი მიატოვა; ევროპული სოლიდარობა ფიქციაა და დროა იტალიელებმა, ბრიტანელების მსგავსად, ევროკავშირიდან გასვლაზე იფიქრონ. ცხადია, ასეთმა ვითარებამ, ისედაც ემოციური იტალიელების ემოციებზე სათამაშოდ რუსულ პროპაგანდას ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა.

იტალიის მსგავსად რუსული პროპაგანდა გააქტიურდა ევროპის სხვა ქვეყნებშიც. მსგავსი შინაარსის გზავნილები გამოჩნდა ფრანგულ, ესპანურ და ბერძნულ ენებზეც. ცნობილია, რომ ამ მეთოდს კრემლის პროპაგანდა საკმაოდ ხშრად მიმართავს. ასე იქცეოდნენ რუსი ბოტები ბრექსითისა და კატალონიის რეფერენდუმის, ისევე როგორც სხვადასხვა ქვეყნის არჩევნების დროს. ისიც ცნობილია, რომ კატალონიის რეფერენდუმის დროს, ესპანურენოვანი ბოტების ნაკლებობის გამო, რუსეთი აქტიურად იყენებდა მოკავშირე ვენესუელას რესურსს. როგორც ჩანს, პანდემიის დროსაც რუსული პროპაგანდა მაქსიმალური სიმძლავრით მუშაობს.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს იცის, რომ ევროკავშირი დაგვიანებით, მაგრამ მიხვდა პანდემიის ფონზე მეტი სოლიდარობის აუცილებლობას და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმაც დაიწყო. ევროპელი ლიდერები სულ უფრო აქტიურად ლაპარაკობენ ერთმანეთის დახმარების აუცილებლობაზე. მათ შორის განსაკუთრებით საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოირჩევა. საუბრის პარალელურად, გერმანიამ უკვე მიიღო იტალიელი პაციენტები და თავის კლინიკებში მკურნალობს; ბერლინმა იტალიელებს სამედიცინო ინვენტარიც გაუგზავნა; იტალიელებს ეხმარება საფრანგეთიც, ისევე როგორც საფრანგეთს ეხმარება გერმანია. მოსალოდნელია, რომ ეს დახმარება კიდევ უფრო მოცულობითი გახდება.

რუსეთი, რომელსაც ვირუსისთვის საკუთარ ქვეყანაში ვერ მოუვლია, შექმნილ ვითარებაში სხვების "მხსნელად" მოგვევლინა. იმ დროს, როდესაც ბოტები ერთიანი ევროპის იდეას უტევდნენ სამედიცინო პერსონალითა და ინვენტარით სავსე რუსული სამხედრო თვითმფრინავები იტალიის მიწაზე დაეშვნენ.

ცხადია, ეს ყველაფერი რუსულმა პროპაგანდამ სასწრაფოდ აიტაცა. "როგორ ეხმარება რუსეთი ევროპისგან გასაჭირში მიტოვებულ იტალიას". სხვადასხვა ენებზე დაიბეჭდა პროპაგანდისტული სტატიები. ასე მაგალითად, ბერძნულმა გამოცემა iskra.gr-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც დაიწერა, რომ ამ ამბით აღფრთოვანებულმა იტალიელებმა ევროკავშირის დროშები დაუშვეს და მის ნაცვლად რუსეთის აღმართეს. რაც ცხადია არ მომხდარა, მაგრამ სამიზნე აუდიტორიამ ალბათ დაიჯერა.

თუმცა როგორც კრემლის ბევრი პროპაგანდისტული გზავნილი, ეს ამბავიც მალე საპნის ბუშტივით გასკდა. 26 მარტს ცნობილმა იტალიურმა გამოცემა La Stapma-მ დაწერა, რომ რუსეთის მიერ იტალიისთვის გამოგზავნილი ინვენტარი უვარგისია და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საქმისთვის არ გამოდგება. რაც შეეხება სამედიცინო პერსონალს, მათი დიდი ნაწილი საერთოდ არ აღმოჩნდა ექიმი და მაღალი რანგის სამხედროები იყვნენ.

შეიძლება ძნელბედობის ჟამს ემოციურ იტალიელთაგან ბევრმა დაიჯერა, რომ ევროპამ ისინი მარტო დატოვა და ნაწილი რუსული პროპაგანდის უნებლიე გამავრცელებელიც გახდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ისინი არც ამ რთულ დროს მიუტოვებია იუმორის გრძნობას. იტალიურ სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა ხუმრობა, რომ რუსეთიდან ჩასული "მედიკოსების" ნაწილი კორონოვირუსით აღმოჩდნენ ინფიცირებული და იტალიელების დასახმარებლები გახდნენ.

იტალიისთვის გაწეული რუსული ქველმოქმედების ასეთი დასასრული სულაც არ იყო მოულოდნელი. ან როგორ უნდა დახმარებოდა კრემლი იტალიას მაშინ, როდესაც პრობლემას საკუთარ ქვეყენაში ვერ აგვარებს? ან როგორ უნდა დახმარებოდა იტალიას მაშინ, როდესაც ხელი აიღო მისი პატრონაჟის ქვეშ მყოფი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დახმარებაზე, რომლისთვისაც ისევ საქართველოს ხელისუფლებამ მოიცალა და ფორსირებულად გახსნა სოფელ რუხში ახალი ჰოსპიტალი?

მიუხედავად იმისა, რომ კრემლი საკუთარ მოსახლეობას ვერ ეხმარება, ევროპული ქვეყნების დახმარების ფუჭ ილუზიასაც ქმნის. კრემლს ყოველთვის სცალია მავნე პროპაგანდისთვის, რომელიც აქტიურად მუშაობდა პანდემიამდე, მუშაობს პანდემიის დროსაც და იმუშავებს პანდემიის დასრულების შემდეგაც. კრემლის პროპაგანდა დიდი ხანია თავად არის პანდემია და თითქმის მთელი მსოფლიოს ინფიცირებას ახდენს. სამწუხაროდ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას რუსული პროპაგანდის პანდემიად გამოცხადების კომპეტენცია არ აქვს.

დავით ბრაგვაძე საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი