რუსული "კორონიზაცია" - მიჭირს დავიჯერო იმ ზღაპრის, რომელსაც "სიყვარულით რუსეთიდან" ჰქვია - კვირის პალიტრა

რუსული "კორონიზაცია" - მიჭირს დავიჯერო იმ ზღაპრის, რომელსაც "სიყვარულით რუსეთიდან" ჰქვია

"სიყვარულით რუსეთისგან" -  ეს წარწერა ამშვენებს რუსული "კამაზის" სატვირთოებს, რომლებზეც იტალიის დროშის ფერებში გულებიც მიუხატავთ.  ამგვარი სატვირთოებით სავსე რუსული "ილ-76" ახლახან დაეშვა რომში", - მეზობლის ფანჯრიდან ჩართული ტელევიზორის ხმა ისმის, სადაც ერთ-ერთი იტალიური საინფორმაციო გამოშვება გადის და მაყურებელს სიხარულით ამცნობენ რუსული "ილ-76"-ის რომში დაშვების ამბავს. ჩემი მეზობელი კი, თავისებურად გამოხატავს ამ სიხარულს...

არადა, რამდენიმე თვის წინ, პუტინს რომაული ატმების ყიდვაც არ შეეძლო იტალიისა და ევროკავშირის მიერ დონბასში ომის დაწყებისა და ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციების გამო. სანქციები 2020 წლის 31 იანვარს შეწყდა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ახლა ირგვლივ სრული სიჩუმეა, ყირიმი ექვსი წელია კვლავ ანექსირებულია, უკრაინაში კი რუსული ჯარია შეჭრილი. სწორედ ამიტომ ეს მწვანე ფერის სამხედრო "კამაზი" სიამოვნებისგან ვერ მაოცებს, მიუხედავად იმისა, სამხედრო მწვანე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფერია.

გასულ ზაფხულს, როცა ინგუშეთსა და ჩრდილოთ ოსეთში მოგზაურობის მერე, ჩეჩნეთიდან საქართველოში "კიას" მარკის ავტომობილით მივემგზავრებოდი, საკუთარი თვალით ვნახე ის უკიდურესი გაჭირვება, რომელშიც რუსეთის ამ რეგიონებში ცხოვრობენ. აქ სიღარიბეს ნახავთ ყველგან - ქუჩებში, საბჭოური კორპუსების ფასადებზე, ქუჩის მოვაჭრეებისა და კიბის საფეხურებზე მსხდომი ბავშვების თვალებში, რომლებსაც სამი ზომით დიდ სანდლები აცვიათ. მახსოვს, როცა ვლადიკავკაზიდან მოვდიოდი და ორ "კამაზს" შუა გავძვერით, იქაურ კლინიკებზე გავიფიქრე და კლინიკებში არსებული მდგომარეობა დამაინტერესა. მაგრამ, საბედნიეროდ, არ მომეცა მათი ნახვის საშუალება.

მაგრამ ცნობისმოყვარეობა მაინც წამძლია და ჩემს აქაურ და პოსტსაბჭოურ ქვეყნებში მცხოვრებ ახლობლებს მივწერე. რაღაც პერიოდი ერთდროულად ვემესიჯებოდი ჩეჩენს, უკრაინელსა და რამდენიმე რუსს. ვიცი, შეიძლება ანეკდოტივით ჟღერს, დაბადების დღეებზე რო ყვებიან ხოლმე 5-6 ჭიქა ღვინის მერე. მაგრამ ახლა ანეკდოტების დრო არ არის. კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა გროზნოსა და მოსკოვშიც. ხალხი ძალიან დარდობს, რადგან მათი კლინიკები მათსავე ენაზე რომ ვთქვათ, არასახარბიელო მდგომარეობაშია.

ფოტოებს მიგზავნიან და თავიანთ ამბავს მიყვებიან. თავიდან ვერც კი ვიჯერებდი. ზოგიერთი ფოტოზე იფიქრებთ კიდეც, რომ არარეალური ამბავია, არადა, ჩეჩნეთში გადაღებულ ჩემს ფოტოებს ჰგავს, იმ ზაფხულს რომ გადავიღე.

ზოგიერთი კი სხვა, უფრო შორეული რუსეთიდანაა გადაღებული. მერე ვცადე აზრები დამელაგებინა. იმის გამო, რომ რუსეთი უდიდესი და უზარმაზარია, არ მგონია, ყველა კლინიკაში საშინელი მდგომარეობა იყოს. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე მაღალი დონის კლინიკაც იქნება. ისეთები, პუტინი რომ სურათებს უღებს. ისეთები, სადაც სისხლის გადასხმა ძალიან ძვირი ღირს. მე მასწავლებელი ვარ. რუსეთში ჩემი ხელფასი 37 500 რუბლი იქნებოდა. დაახლოებით 400 ევრო.

იმ დროს, როცა რუსეთის კლინიკები უკიდურესად ცუდ მდგომარეობაშია, რა დახმარება შეუძლიათ მათ გაუწიონ ჩვენს კლინიკებს, რომლებიც საუკეთესოა ევროპაში და არა მხოლოდ? პირადად მე, მიჭირს დავიჯერო იმ ზღაპრის, რომელსაც "სიყვარულით რუსეთიდან" ჰქვია. და მიჭირს იმის დაჯერებაც, რომ როცა ეს საგანგებო მდგომარეობა დასრულდება, ამ დახმარებისთვის რუსეთი ჩეკს არ გამოგვიგზავნის.

ჩემი აზრით, იტალია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, აღიარებული და სასურველი ქვეყანაა. ამაში გასულ ზაფხულსაც დავრწმუნდი, როცა ჩეჩნეთიდან მოვდიოდი და ადგილობრივ მძღოლს მანქანაში ტოტო კუტუნიოს სიმღერები ჰქონდა ჩართული. ან რამდენიმე დღის წინ, როცა თბილისსის ანძა იტალიის დროშის ფერებში განათდა, იტალიის სოლიდარობის მიზანით. სწორედ ამიტომ, როგორ კი იტალიის მიწაზე მოძრავი "კამაზების" საბურავები დავინახე, რეალურ კოლონიზაციაზე დავფიქრდი. თუმცა, დღევანდელობის გათვალისწინებით, მე ამას "კორონიზაციას" დავარქმევდი.

ვალენტინო ბროკოლი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს