9 მაისი - კრემლის პროპაგანდა და გაყალბებული ისტორია - კვირის პალიტრა

9 მაისი - კრემლის პროპაგანდა და გაყალბებული ისტორია

9 მაისს საქართველოსა და რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ. თავისთავად, კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი ბოროტების დამარცხების აღნიშვნაში ცუდი შეიძლება არაფერია, თუმცა როდესაც ამ მოვლენას არანაკლები ბოროტი ძალა საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებს, თავს მოვალედ ვთვლი, მოვყვეთ სიმართლე, რომელიც შეიძლება ყველამ იცის და რომლის იგნორირებას კრემლი გულმოდგინედ ცდილობს.

პუტინის რუსეთში 9 მაისი სახელმწიფო პროპაგანდის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქვაკუთხედად იქცა. დღეისთვის ის სრულიად დაცლილია მისი რეალური შინაარსისგან და თითქმის აღარაფერი აქვს საერთო ისტორიულ სინამდვილესთან. რუსეთში გაურბიან "მეორე მსოფლიო ომის" ხსენებას და ის "დიდი სამამულო ომით" არის ჩანაცვლებული. თუ რატომ, ეს სრულიად ნათელია, რადგან მეორე მსოფლიო ომი 1939 წლის 1 სექტემბერს, ნაცისტური გერმანიის პოლონეთზე თავდასხმით დაიწყო და 1945 წლის 2 სექტემბერს, იაპონიის კაპიტულაციით დასრულდა. სამამულო ომის შემთხვევაში, ქრონოლოგიური ჩარჩო 1941 წლის 22 ივნისიდან 1945 წლის 9 მაისამდე პერიოდს მოიცავს.

რატომ იწყებს რუსეთი ომის ისტორიას 1941 წლის 22 ივნისიდან, იმ დღიდან, როდესაც ნაცისტური გერმანია საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე შეიჭრა? იქნებ იმიტომ, რომ 1939 წელს საბჭოთა კავშირი და ნაცისტური გერმანია მოკავშირეები იყვნენ და გერმანელების პოლონეთზე თავდასხმას მოსკოვიდან მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული? დიახ, ეს ნამდვილად ასეა! 1939 წლის 23 აგვისტოს, მოსკოვში გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის თავდაუსხმელობის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის სახელითაა ცნობილი. ამ შეთანხმებით, ორმა სახელმწიფომ გავლენის სფეროები გაიყო და რასაც ერთ კვირაში გერმანელთა პოლონეთზე თავდასხმა მოყვა. ის, რომ პოლონეთზე თავდასხმა შეთანხმებული ქმედება იყო, კიდევ ერთი რამით მტკიცდება; საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის ჯარებმა, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის გაფორმებიდან ერთი თვის შემდეგ, 1939 წლის 22 სექტემბერს, ქალაქ ბრესტში ერთობლივი აღლუმი გამართეს. დიახ, ორივე ქვეყანა პოლონეთზე გამარჯვებას ზეიმობდა.

რა თქმა უნდა, კრემლის პროპაგანდისთვის, რომელიც თავს იმ სიკეთეს წარმოადგენს, რომელმაც კაცობრიობის ისტორიის ყველაზე დიდი ბოროტება დაამარცხა, ამ ცნობილი ფაქტების შეხსენება სასიამოვნო არ არის. არც იმის გახსენებაა სასიამოვნო, რომ როდესაც ნაცისტური გერმანია პოლონეთსა და საფრანგეთს იპყრობდა, სსრკ ფინეთისა და ბალტიის ქვეყნების ოკუპაციით იყო დაკავებული. თუმცა ომის დაწყებას და მასში საბჭოთა კავშირის ბრალეულობას რომ თავი დავანებოთ, კრემლი გულმოდგინედ ჩქმალავს სხვა მნიშვნელოვან ფაქტებსაც.

რუსულ პროპაგანდას უნდა დაგვანახოს, რომ სწორედ საბჭოთა კავშირი იყო ის მთავარი ძალა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომი დაასრულა. სინამდვილეში, საბჭოთა კავშირის ყოვლისშემძლეობის მითია, ისეთივე აბსურდულია, როგორც ომის დაწყებაში მისი უდანაშაულობა. სწორედ ამიტომ, რუსეთში არ ახსენებენ ლენდ ლიზის აქტს, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატები მოკავშირე ძალებს ეხმარებოდა: სურსათით, სახმელეთო და საავიაციო ტექნიკით, ტყვია-წამლით, სამხედრო ფორმებით და სხვ. დიახ, რომ არა ლენდ ლიზი, არავინ იცის, რამდენად შეძლება სსრკ წარმატებით განედევნა ნაცისტური ძალები საკუთარი ტერიტორიიდან. აშშ-ის მიერ საბჭოთა კავშირისთვის გაწეული დახმარება, დღევანდელი კურსით დაახლოებით 194 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

უშუალო დახმარების გარდა, კრემლის პროპაგანდა იგნორირებას უკეთებს სხვა მოკავშირეთა სამხედრო ძალის წვლილსაც. ამის უმთავრეს არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ ომში საბჭოთა კავშირმა ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. ეს ნამდვილად ასეა, თუმცა ეს რამდენად შეიძლება შეფასდეს წარმატებად, საკამათოც არაა. სამხედრო ისტორიკოსთა უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ წითელი არმიის კოლოსალური მსხვერპლი მთავარსარდლობის გაუაზრებელი ქმედებებით იყო გამოწვეული. როგორც ერთი ფრთიანი ფრაზა ამბობს, "სტალინს ხალხი თვლით არ ჰყავდა ჩაბარებული".

რაც შეეხება ომის დასრულებას, აქაც იგნორირება ხდება იმ ფაქტისა, რომ მეორე მსოფლიო ომი, გერმანიის კაპიტულაციიდან კიდევ 4 თვე გრძელდებოდა. ომი საბოლოოდ 1945 წლის 2 სექტემბერს, იაპონიის კაპიტულაციით დასრულდა. თუმცა ამ ფაქტის ხაზგასმა არაა მომგებიანი, რადგან ოკეანიის ფრონტზე ამერიკელები იბრძოდნენ და შესაბამისად სსრკ-ის წვლილის გრანდიოზულად წარმოჩენა ვერ ხერხდება. სამაგიეროდ, მოსკოვმა მოახერხა დამარცხებული იაპონიისთვის ტერიტორიების წართმევა, კურილიის კუნძულების ოკუპაცია, რომელიც ორ ქვეყანას შორის დღემდე დავის საგანს წარმოადგენს.

უცნაურია ისიც, რომ გამარჯვების დღედ მოსკოვმა 9 მაისი აირჩია, რადგან გერმანიის საბოლოო კაპიტულაციას ხელი 1945 წლის 8 მაისს 21:20 საათზე მოეწერა, ამის ერთ-ერთ არგუმენტად იმას მოისმენთ, რომ ამ დროს მოსკოვში უკვე 9 მაისი იყო დამდგარი. თუმცა ეს არგუმენტი არ გამოდგება, რადგან ისტორიული მოვლენების დათარიღება ხდება იმ დროით, რომელიც იყო ისტორიული მოვლენის ადგილზე.

კრემლის სახელმწიფო პროპაგანდის მხრიდან, ისტორიის გაყალბების მცდელობა ნათელია. თუმცა, იმ პირობებში, როდესაც პუტინის რუსეთს მისი გავლენის ყოფილი სფეროებისთვის ბევრი არაფერი აქვს შესათავაზებელი, ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან იარაღად გაყალბებულ ისტორიას მიიჩნევს. 9 მაისი და მასთან დაკავშირებული პროპაგანდისტული ნარატივები აქტიურად გამოიყენება ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე.

ამ ყველაფრის მთავრი იდეა ისაა, რომ საბჭოთა ჯარმა გაათავისუფლა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნები ნაცისტური ოკუპაციისგან, "საბჭოთა ხალხები" კი მხარდამხარ იბრძოდნენ ამ ბოროტების დასამარცხებლად. მეორე მხრივ, საკითხავია, როგორ იხსენებენ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნები საბჭოთა ოკუპაციის პერიოდს. რამდენად შეიცვალა მათი ცხოვრება უკეთესობისკენ, როდესაც გერმანული ჯარი გავიდა და საბჭოთა მოვიდა? რას ფიქრობენ ამის შესახებ პოლონეთში, ჩეხეთში, უნგრეთში, ბალტიის ქვეყნებში? როგორ იხსენებენ საბჭოთა ჯარის ქმედებებს 1956 წელს ბუდაპეშტში, ან 1968 წელს პრაღაში?

რუსეთი ჯიუტად გვიმტკიცებს, რომ ის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების ერთადერთი ღირსეულად დამფასებელი სახელმწიფოა. ამის სადემონსტრაციოდ ყოველი წლის 9 მაისს, წითელ მოედანზე აღლუმს მართავს. პარადოქსულია ისიც, რომ წლების გასვლასთან ერთად, რუსეთში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა რიცხვი პრაქტიკულად არ მცირდება. რუსულ სოციალურ ქსელებში ხშირად ნახავთ ხუმრობებსა, თუ მტკიცებულებებს იმის თაობაზე, რომ ვეტერანთა ასაკი რუსეთში ახალგაზრდავდება. ეს მართლაც საოცარია, რადგან მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა და თუ მოცემულობად მივიღებთ, რომ 1945 წელს მისი ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე 16 წლის იყო (რაც ცხადია ასე არ ყოფილა), დღეს ყველაზე ახალგაზრდა ვეტერანი 91 წლის უნდა იყოს. წითელ მოედანზე კი ყოველი წლის 9 მაისს თვალში მოგხვდებათ მედლებით მკერდდამშვენებული "ვეტერანები", რომელებიც ნამდვილად არ გვანან 100 წელს მიტანებულ ადამიანებს. უკვე ბევრი იწერება იმის თაობაზე, რომ კრემელი დიდი სამამულო ომის ვეტერანებად ასაღებს ადამიანებს, რომლებიც ამ ომის დროს ჯერ დაბადებულებიც არ იყვნენ. თუმცა წლევანდელი 9 მაისი, Covid19-ის პანდემიის გამო, გამონაკლისი იქნება.

როდესაც ვეტერანების საკითხს ვეხებით, ერთი ისტორიული ფაქტი კიდევ გავიხსენოთ. მაშინ, როდესაც ომის მონაწილე ყველა ქვეყანამ, ტყვედ ჩავარდნილი თავისი ჯარისკაცები განსაკუთრებული პატივით მიიღო სამშობლოში, საბჭოთა კავშირმა ისინი მოღალატეებად გამოაცხადა და გადასახლებაში გაუშვა. ძალიან ჰგავს ვეტერანებზე მზრუნველი სახელმწიფოს ქმედებას...

პუტინის რუსეთი მტკივნეულად რეაგირებს სუვერენული სახელმწიფოების მცდელობებზე გათავისუფლდნენ მისი ყალბი ნარატივებისგან. ამის ნათელი მაგალითია 2007 წლის აპრილში ესტონეთში განვითარებული მოვლენები. ტალინის ცენტრიდან საბჭოთა ჯარისკაცის ქანდაკების სამხედორო სასაფლაოზე გადატანის შემდეგ, რუსეთმა ესტონეთის წინააღმდეგ კიბერ ომი დაიწყო და მის სამთავრობო სერვერებს შეუტია. ესტონეთისთვის პრობლემების შექმნის მიზნით, კრემლი აქტიურად იყენებდა ქვეყანაში მცხოვრებ რუსულენოვან მოსახლეობასაც.

2020 წლის 28 აპრილის მიწურულს ჩეხეთის სპეცსამსურებმა გამოავლინეს რუსული დაზვერვის აგენტი, რომელიც პრაღაში დიპლომატიური პასპორტითა და მომწამვლელი ნივთიერება რიცინით ჩავიდა. მისი მიზანი, პრაღის მერის მკვლელობა იყო, რადგან მან ქალაქის ცენტრიდან საბჭოთა გენერალ ივან კონევის ძეგლი აიღო.

ამ მეთოდების გარდა, სხვადასხვა ქვეყანაში, კრემლი აქტიურად იყენებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, პოლიტიკოსებსა, თუ გავლენის აგენტებს. ამის ნათელი მაგალითია ორგანიზაცია "უკვდავი პოლკი", რომელიც საქართველოში 2019 წლის 10 ოქტომბერს დარეგისტრირდა, თუმცა რეგისტრაციამდე, 9 მაისს ერთი პროვოკაციული დემონსტრაციის ჩატარება მოასწრო.

სინამდვილეში კი, არც კრემლს და არც მის მართულ ჯგუფებს აღელვებთ მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ადამიანების ხსოვნა. მათი მიზანი ერთია - რაც შეიძლება დიდხანს დავრჩეთ რუსეთის ორბიტაზე.

კრემლი მომავალშიც გააგრძელებს 9 მაისის თემით მანიპულირებას. ცხადია, ამ პროპაგანდის სამიზნე საქართველოც იქნება. თუმცა დაფიქრება გვმართებს; შეიძლება თუ არა გვქონდეს საერთო მომავალი მასთან, ვისაც გაყალბებული წარსულის გარდა, არაფრის შემოთავაზება შეუძლია?

დავით ბრაგვაძე

საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს