პუტინის საკონსტიტუციო რეფერენდუმი - რაუნდი 2
პუტინის საკონსტიტუციო რეფერენდუმი - რაუნდი 2
2020 წლის პირველ ივლისს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები საბოლოოდ დააფიქსირებენ თავის პოზიციას ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მას სრულ ნდობას გამოუცხადებენ.

რეფერენდუმი 2020 წლის 22 აპრილს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა COVID19-ის ეპიდემიის გამო, მისი ჩატარება დათქმულ დროს ვერ მოხერხდა. არადა, პუტინის რუსეთმა ამ თარიღში სიმბოლური მნიშვნელობა ჩადო - "ახალი რუსეთის" დაბადება ლენინის 150 წლის იუბილეს უნდა დამთხვეოდა. რამდენად შეიძლება ინიცირებული ცვლილებები რაიმე სიახლისკენ იყო მიმართული,
როდესაც მას სიმბოლურად კვლავ ლენინს უკავშირებენ? ამაზე პასუხის გაცემა რთული არაა - ეს ცვლილებები არაა მიმართული რაიმეს შეცვლისკან და მიზნად ერთადერთ რამეს - ძალაუფლებაში პუტინის სამუდამოდ დატოვებას ისახავს. ანუ ცვლილებები, მიზნად ისახავს ყოველგვარი ცვლილების პრევენციას.

სიმბოლური აქტი ვერ შედგა, პანდემიის გამო რეფერენდუმის ჩატარება ლენინის დაბადების
დღეს არ გამოვიდა, თუმცა ამით არსებითად არც არაფერი იცვლება.
ცოტა გაუგებარია, რატომ არ შეიძლებოდა რეფერენდუმის ჩატარება 22 აპრილს, თუ 1-ლ ივლისს შეიძლება, რადგან ამ დროისთვის რუსეთს უკვე ახალი კორონავირუსით ინფიცირების 620 ათასზე მეტი შემთხვევა და თითქმის 9 000 გარდაცვლილი ჰყავს. საყოველთაო მოსაზრებით, ქვეყანაში ეპიდვითარება არ გაუმჯობესებულა. ისევ არსებობს საფუძვლიანი ეჭვები იმის თაობაზე, რომ მოსკოვი რეალურ სტატისტიკას მალავს. ამ ეჭვს ისიც ამძაფრებს, რომ ექიმები, რომლებიც რუსეთის ჰოსპიტალური სექტორის კოლაფსზე ღიად საუბრობენ, მოულოდნელად თავს იკლავენ - როგორც წესი, საავადმყოფოების ფანჯრებიდან ხტებიან

როგორც ჩანს, პუტინისთვის რეფერენდუმის თარიღის კიდევ უფრო გადაწევა მიუღებელია, ამიტომ ყველაფერს მის ჩატარებას ჩქარობს. ამ მიზნის მისაღწევად კი ეპიდვითარების რეალური სურათის დამალვა და რამდენიმე კრიტიკულად განწყობილი ექიმის ფანჯრიდან გადაგდება, არც ისე რთულად შესასრულებელი ამოცანაა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეფერენდუმის ჩასატარებლად პუტინმა ივნისში ნიადაგი მოამზადა და ორი გრანდიოზული ღონისძიება ჩაატარა. 9 მაისს დასრულდა რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი ტაძრის მშენებლობა, რომელიც 14 ივნისს აკურთხეს და 22 ივნისს ოფიციალურად გახსნეს. თვითონ ტაძრის შესახებ ბევრი დაიწერა, მთავარი გუმბათის ჯვრის ჩათვლით, მისი სიმაღლე 95 მეტრს აღწევს, მასში 6 000 ადამიანის დატევა შეიძლება, კომპლექსის მთლიანი ფართობი კი 11 000 კვადრატული მეტრია. ბევრი დაიწერა იმაზეც, რომ ტაძარი სსრკ-რუსეთის ფედერაციის ძლიერების წარმოსაჩენი ნაგებობა უფროა, ვიდრე ქრისტიანული არქიტექტურის ნიმუში, რადგან, რბილად რომ ვთქვათ, მას კანონიკასთან სერიოზული პრობლემები აქვს. მის ინტერიერში შეგიძლიათ იხილოთ ვლადიმერ პუტინისა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ფრესკები, ყირიმის ანექსიის ამსახველი სცენა და კიდევ მრავალი ასეთი "ბიბლიური სიუჟეტი". ტაძრის გახსნა გრანდიოზული ღონისძიებით აღინიშნა.

მეორე გრანდიოზული ღონისძიება 9 მაისის ნაცვლად 24 ივნისს ჩატარებული "გამარჯვების აღლუმი" იყო. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75 წლის აღსანიშნავი აღლუმი ტრადიციული პომპეზურობით ჩატარდა. გამოყვანილი იყო ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა. ტრადიციულად სავსე იყო კრემლის კედელთან განთავსებული ტრიბუნები, რომელზეც რუსული ოფიციოზის გარდა შეკრებილი იყვნენ ომის მონაწილე ვეტერანები. ასევე ის ადამიანები, ვინც ვეტერანების მსგავსად იყვნენ გამოწყობილი, მაგრამ ვეტერანები არ იყვნენ. ასე მაგალითად; ტრიბუნაზე შემჩნეული იქნა ადამიანი, რომელის მკერდსაც საბჭოთა კავშირის გმირის ორდენის გარდა, "გეორგიევსკის ჯვარი" ამშვენებდა. ამ უკანასკნელს 1914-18 წლებში გასცემდნენ პირველი მსოფლიო ომის მონაწილეებზე. ამის გათვალისწინებით, კრემლის კედელთან ტრიბუნაზე მყოფი ადამიანი ახლა 125 წლის მაინც უნდა ყოფილიყო.

24 ივნისს ჩატარებულ აღლუმს ესწრებოდა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი ანატოლი ბიბილოვიც. იმავე დღეს, ცხინვალში გამართული აღლუმი რუსმა გენერალმა ვიქტორ ფეოდოროვმა ჩაიბარა, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეა.
ამ ორი ღონისძიებით პუტინმა შექმნა ილუზია, რომ ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან. ამ ფონზე კი, რეფერენდუმის ჩატარებაც შესაძლებელია.

რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში 12 ცვლილების შეტანას ისახავს მიზნად. ქედან ნაწილი პრეზიდენტისა და საკანონმდებლო ხელისუფლების ურთიერთობებს ეხება და აბსოლუტურად ფორმალურ ხასიათს ატარებს. ერთის მიხედვით, ქორწინება განისაზღვრება, როგორც ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა. საინტერესოა, რომ მოცემული ცვლილებები ითვალისწინებს პენსიის მუდმივ ინდექსაციას, ისევე როგორც მინიმალური ხელფასის გათანაბრებას საარსებო მინიმუმთან.

თუმცა ყველაზე მთავარი მაინც ის ცვლილებებია, რომელიც უშუალოდ პრეზიდენტს ეხება. პრეზიდენტობის კანდიდატს მოეთხოვება რუსეთში ცხოვრება მინიმუმ 25 წლის მანძილზე, აქედან ბოლო 10 წელი უწყვეტად. არსებულ მოცემულობაში, მსგავსი ცვლილება პუტინს შეიძლება არც სჭირდებოდეს, თუმცა აზღვევს რუსულ პოლიტიკურ ელიტაში მისი შესაძლო კონკურენტის გამოჩენის რისკს.
მთავარი ცვლილება კი ეხება არსებული ნორმიდან სიტყვა "ზედიზედ"-ის ამოღებას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტისთვის არჩევის მაქსიმალურ ვადებს განსაზღვრავს. ეს ცვლილება, თავდაპირველად ბევრმა გაიგო, თითქოს პუტინი პრეზიდენტის სავარძელს ტოვებდა და ქვეყნის მართვას სხვა პოზიციიდან გააგრძელებდა. თუმცა ეს პროგნოზი არ გამართლდა, რადგან მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ამავე რეფერენდუმით ცვლილებების მიღებამდე არჩეული პრეზიდენტების ვადები ნულდება. მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 2024 წლის 17 მარტსაა ჩანიშნული. გამოდის, რომ 2024 წლის 17 მარტს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები საარჩევნო უბნებზე მივლენ და ისე აირჩევენ პუტინს, თითქოს აქამდე არასოდეს აურჩევიათ.

აქედან გამომდინარე, ცხადია რომ ინიცირებული ცვლილებების ერთადერთი მიზანი, ქვეყანაში არსებული უძრაობის, ანუ პუტინის რაც შეიძლება დიდი ხნით შენარჩუნებაა. მოცემული ფორმულირებით პუტინის არჩევა შესაძლებელი იქნება 2024 და 2030 წელს. 2036 წელს, როდესაც პუტინს განულების შემდგომი ორი ვადა ამოეწურება, ის 83 წლის იქნება. თუ მას ხელისუფლებაში დარჩენის სურვილი კვლავ ექნება და კვლავ ისეთივე საჭირო იქნება არსებული სისტემისთვის, როგორც დღესაა, დარწმუნებულნი ვიყოთ, სისტემა ყველაფერს გააკეთებს ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების მოსამზადებლად.

ვლადიმერ პუტინმა შესაძლო საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის 19 დეკემბერს დააანონსა. ლევადა ცენტრმა საკითხზე პირველი გამოკითხვა დეკემბრის ბოლოს ჩაატარა. შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 72 პროცენტი ცვლილებებს მხარს უჭერდა, 13 პროცენტი კი წინააღმდეგი იყო. იმავე ლევადა ცენტის გამოკითხვებით, მარტში მხარდამჭერთა რაოდენობა 45 პროცენტამდე შემცირდა, მოწინააღმდეგეების კი 41 პროცენტამდე გაიზარდა. მაისის ბოლოს ჩატარებულ გამოკითხვაში 44 პროცენტი მომხრე, 32 პროცენტი კი წინააღმდეგი იყო. გამოკითხვას ატარებდნენ სხვა ორგანიზაციებიც. ასე მაგალითად, რუსეთის პოლიტიკური კულტურის კვლევითი ცენტრის მიერ აპრილის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ცვლილებებს მხარს უჭერდა გამოკითხულთა 35 პროცენტი, 37 პროცენტი კი წინააღმდეგი იყო.
ამ მონაცემების მიხედვით, ბევრს შეიძლება ეჭვიც კი შეეპაროს, რამდენად რეალურია, რომ 1 ივლისს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები წარმოდგენილი ცვლილებების საბოლოო მხარდაჭერას დააფიქსირებენ, თუმცა რუსეთში ეს ყველაფერი სხვანაირად მუშაობს. თავად პუტინმა აღნიშნა, ჩვენ ისედაც შეგვიძლია ამ ცვლილებების მიღება, მაგრამ ხალხის ნების გარეშე ეს ვერ მოხდებაო. ცხადია, რეფერენდუმი ცვლილებებს მეტ ლეგიტიმაციას სძენს და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს უქმნის ყალბ ილუზიას, რომ ისინი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობენ. სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა მოხდება იმ პროცენტით, რამდენიც საკმარისი იქნება პუტინისა და მისი სისტემისთვის.

საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა აუცილებლად მოხდება, რადგან რუსეთში კონსტიტუციის ახალი რედაქციის ბეჭდვა უკვე დაიწყეს.

ამის შემდეგ ქვეყანაში ცხოვრება ჩვეული რიტმით, უძრაობაში, პუტინით საჭესთან გაგრძელდება და 2024 წლის 17 მარტიც მოვა. დღე, როდესაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები საარჩევნო უბნებზე მივლენ და ისე აირჩევენ პუტინს, თითქოს აქამდე არასოდეს აურჩევიათ.

დავით ბრაგვაძე,
საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
გელა
02 ივლისი 2020 10:05
ჩანიშვნა კი არა, დანიშვნა. ისწავლეთ ქართულად წერა და ლაპარაკი

როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?