ლუკაშენკოს შემოდგომა(?)
21-08-2020
ლუკაშენკოს შემოდგომა(?)
9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ბელარუსში მასობრივი დემონსტრაციები არ წყდება. მოსახლეობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს, რომლის მიხედვითაც მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხმების 80 პროცენტით მეექვსე ვადით გაიმარჯვა, არ ცნობს და ხმების ხელახლა დათვლას ან ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

არჩევნებს ლეგიტიმურად არ ცნობს არც საერთაშორისო საზოგადოება. მის შედეგებს უნდობლობა გამოუცხადეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა. ვლადიმერ პუტინის გარდა, ლუკაშენკოს გამარჯვება სულ რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა მიულოცა.

ლუკაშენკო ქვეყანას 1994
წლიდან მართავს. ის ბელარუსის უზენაესი საბჭოს ერთადერთი დეპუტატი იყო, რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მისცა ხმა და ამით დღემდე ამაყობს. ვლადიმერ პუტინის მსგავსად, საბჭოთა კავშირის დაშლა მასაც ტრაგედიად მიაჩნია და ამას არასოდეს მალავს.

ლუკაშენკო რომ საბჭოთა ადამიანია, მისი 26 წლიანი მმართველობა ნათლად აჩვენებს. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მან
გააუქმა 1918-19 წლების რესპუბლიკის დროინდელი ეროვნული სიმბოლიკა (დროშა და გერბი) და ის საბჭოთა სიმბოლიკით ჩაანაცვლა. ქვეყნის ეკონომიკური სისტემა დატოვა საბჭოთა მოდელზე, ქვეყანაში შემოიღო ცენზურა, დაიწო ოპონენტების დევნა და ა.შ. რაც მთავარია, ლუკაშენკოს მმართველობამ უდიდესი დარტყმა მიაყენა ბელარუსულ იდენტობას, პრაქტიკულად ბრძოლა გამოუცხადა ბელარუსულ ენას (რომელსაც თავად თავისუფლად ვერ ფლობს) და ქვეყანა რუსიფიკაციის გზით წაიყვანა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ლუკაშენკოს ამ პოლიტიკამ პოსტ-საბჭოთა (თუ შეიძლება ეს ტერმინი გამოვიყენოთ, რადგან ქვეყანა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ "პოსტ" სტადიაზე ალბათ არც გადასულა) ბელარუსში მოახერხა არსებული წარმოების შენარჩუნება. ბევრი მის მთავარ წარმატებას სწორედ ამას მიიჩნევს. ფასადურად, ბელარუსის ეკონომიკა მართლაც შეიძლება ტოვებდეს შთაბეჭდილებას, რომ მას ყველაფერი რიგზე აქვს, თუმცა სტატისტიკა სხვა რამეს აჩვენებს. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე (GDP per capita) ბელარუსში 6288 აშშ დოლარია და ამ მაჩვენებლით თავის მეზობლებს შორის ქვეყანა ბოლოს წინა ადგილს იკავებს და მხოლოდ უკრაინას უსწრებს. ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ მეტია რუსეთში (11288 აშშ დოლარი), რომ აღარაფერი ვთქვათ ბელარუსის მეზობელ სხვა სახელმწიფოებზე.

ლუკაშენკოს მმართველობის მეორე მნიშვნელოვან წარმატებად ქვეყნის სუვერენიტეტისა (?) და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას თვლიან. ტერიტორიული მთლიანობის კუთხით, ბელარუსს პრობლემები მართლაც არ აქვს. რაც შეეხება სუვერენიტეტს - თუ დიქტატორის დამსახურება ამ კუთხით ისაა, რომ ბელარუსი რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთ რიგით სუბიექტად არ იქცა, თორემ სხვა მხრივ, 1999 წლიდან (მას შემდეგ რაც რუსეთთან სამოკავშირეო სახელმწიფო შეიქმნა), ქვეყანა ეტაპობრივად თმობს თავისი სუვერენიტეტის ნაწილებს.

9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ, მოვლენათა ასეთ განვითარებას ცოტა თუ ელოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო განწყობები მუდმივად არსებობდა, პროტესტის მასშტაბი მაინც მოულოდნელი იყო. არჩევნების შედეგებს აპროტესტებს თითქმის ყველა საზოგადოებრივი ჯგუფი. მათ შორის, არამხოლოდ ბელარუსულენოვანი, რუსულენოვანი მოსახლეობაც. მომიტინგეთა წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ გატარებულმა სასტიკმა ზომებმა პროტესტი კიდევ უფრო გაამძაფრა. ლუკაშენკას წასვლას მისი თანდასწრებით ქარხნის მუშებიც კი ითხოვდნენ, რომელსაც ის თავის ერთერთ მთავარ დასაყრდენად მიიჩნევდა.

კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ბელარუსის მოვლენებთან დაკავშირებით ისმის ისაა, თუ ვინ დგას პროტესტის უკან. თავად რეჟიმი მიიჩნევს, რომ ეს დასავლეთია. ეს ბრალდება თავად ლუკაშენკომ გააჟღერა, ახსენა ნატო და მეზობელი ქვეყნები (ლიეტუვა, პოლონეთი). ამ მოსაზრების მიმდევრებისთვის ძნელი დასაჯერებელია, რომ პროტესტი შეიძლება სპონტანურად წარმოიშვას და კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობას უბრალოდ მობეზრდეს დიქტატურაში ცხოვრება. ამიტომ, რეჟიმის მომხრეთა უმრავლესობა პროცესების მართვაში სწორედ დასავლურ სამყაროს ადანაშაულებს.

არსებობს მეორე კონსპირაციული თეორიაც, რომლის მიხედვითაც პროცესების უკან რუსეთი დგას. ამ მოსაზრების მიმდევართა აზრით, ლუკაშენკო ის ლიდერია, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს არ თმობს (?) და კრემლი ამ გზით ცდილობს მის ჩამოშორებას. სწორედ აქ ჩნდება პარალელები ბელარუსში უკრაინული სცენარის განვითარების ალბათობაზე. თუმცა, რამდენად მიუღებელიც არ უნდა იყოს კრემლი და მისი დამოკიდებულება მისი სამეზობლოს თუნდაც ყველაზე ლოიალური რეჟიმების მიმართ, ეს მოსაზრება მაინც საფუძველს მოკლებულია.

კონსპირაციების მოყვარულებმა ალბათ უნდა გააცნობიერონ, რომ ხანდახან პროტესტი შეიძლება მართლაც სპონტანური იყოს, რისი კარგი მაგალითიც 2018 წელს სომხეთში განვითარებული მოვლენებია.

ლუკაშენკოს ხშირად უწოდებენ "ევროპის უკანასკნელ დიქტატორს", თუმცა მაშინ, როდესაც მოსკოვში პუტინი ზის, ეს წოდება ცოტა გაზვიადებულია. კრემლისთვის ლუკაშენკოს რეჟიმის დასასრული კარგზე არაფერზე უნდა მიანიშნებდეს. თუ ბელარუსები შეძლებენ და 26-წლიან დიქტატურას დაასრულებენ, რატომ არ შეიძლება რუსებმაც დაასრულონ 20-წლიანი დიქტატურა? მით უმეტეს, რომ შორეულ აღმოსავლეთში მრავალათასიანი ანტიპუტინური აქციები გრძელდება და სულაც არაა გამორიცხული, პროტესტის ტალღამ მოსკოვამდეც ჩააღწიოს. მოსკოვში რომ პროტესტი აშინებთ, ამის კიდევ ერთი დემონსტრირება ოპოზიციის ლიდერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტიც გახლავთ (რომ არაფერი ვთქვათ ახლო თუ შორეულ წარსულში მომხდარ სხვა მსგავს შემთხვევებზე).

ცხადია, ამ ეტაპზე ეს მხოლოდ ვარაუდია, თუმცა პუტინისთვის რომ ლუკაშენკო ერთგვარი ბუფერის ფუნქციას ასრულებს, ამაზე ბევრი რამ მიანიშნებს. თუნდაც ის, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი ლუკაშენკო დახმარებისთვის სწორედ კრემლს მიმართავს, ისიც მზადყოფნას გამოთქვამს მას ნებისმიერი საშუალებით დაეხმაროს. მათ შორის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა და სამოკავშირეო სახელმწფოს ფორმატში მინსკში შეირაღებული ხალხიც გააგზავნოს, რადგან ბელარუს ძალოვნებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოსვლა, რაც დრო გადის, უფრო ეძნელებათ. სხვადასხვა მედიასაშუალებები იმასაც იტყობინებიან, რომ მინსკში "მწვანე კაცუნები" უკვე გამოჩდნენ.

ისევე როგორც უკრაინის შემთხვევაში, ბელარუსშიც კრემლის უპირველესი მიზანი არსებული რეჟიმის შენარჩუნებაა. ამ მიზნის ვერმიღწევის შემთხვევაში, მას აუცილებლად ექნება გეგმა "B", თუმცა თუ უკრაინის შემთხვევაში ეს ყირიმი და დონბასი იყო, რომელ რეგიონს დაადებს კრემლი ხელს ამჯერად, ძნელი სათქმელია. არც ისაა გამორიცხული, სურვილი მთელი ბელარუსის ოკუპაცია იყოს (ეს სურვილი უკრაინისა და საქართველოს შემთხვევაშიც არსებობდა), თუმცა რამდენად მოხერხდება ამის ასრულება, ასევე არაა ადვილი სათქმელი. ისიც არაა ადვილად პროგნოზირებადი, რა ზომები შეიძლება მიიღოს დასავლეთმა, თუ კრემლს მადა ასე გაეხსნა, მაგრამ ყველა ეს სცენარი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს, თუ ლუკაშენკას რეჟიმი თავის გადარჩენას ვერ შეძლებს. სხვა შემთხვევაში, ამ ეტაპზე კრემლს თავის ატკივება უბრალოდ არ სჭირდება.

ბელარუსის მოვლენების ირგვლივ მოსაზრებები საქართველოშიც გაიყო. არგუმენტები ძირითადად იგივე, რასაც ზემოთ უკვე შევეხე და აქ ვრცლად აღარ შევეხები. არც იმის პროგნოზირებას ვეცდები, რა დასასრული ექნება ამ პროტესტს. უბრალოდ იმაზე შევჩერდები, ორი შესაძლო ვარიანტიდან, რას შეიძლება ელოდოს საქართველო.

ლუკაშენკოსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის მეტ-ნაკებად თბილი ურთიერთობები ჩამოყალიბდა. ეს სტატუს კვო აწყობდა ორივე მხარეს. ლუკაშენკოსთვის, რომელიც დემოკრატიულ სამყაროში მიუღებელი ლიდერია, დემოკრატიული საქართველო პატივით იღებდა. საქართველოსთვის კი მისაღები იყო, რომ კრემლის მიმართ ლოიალურად განწყობილი ლიდერი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საჯარო მხარდაჭერას უცხადებდა.

საქართველოს ხელისუფლება განვითარებული მოვლენების ფონზე ჯერ-ჯერობით ზომიერ და ფრთხილ პოზიციას იკავებს. საქართველო სამეზობლოს ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც ლუკაშენკოსთვის გამარჯვება არ მიულოცავს, თუმცა არც სხვა ხმამაღალი განცხადება გაუკეთებია, თუ არ ჩავთვლით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ზომიერ განცხადებას.

მთავარი, რაც საქართველოს შეიძლება აღელვებდეს, ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საკითხია. იმ შემთხვევაში, თუ ლუკაშენკას რეჟიმმა თავის გადარჩენა შეძლო, ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად დააფასებს ის საქართველოს ხელისუფლების ზომიერ პოზიციას. უფრო მხარდაჭერად ჩათვლის, თუ ზურგის შექცევად. მეორე მხრივ, ძალაუფლების შენარჩუნებაში მისი მთავარი მოკავშირე კრემლი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ საკითხში უფრო მეტად იქნება დამოკიდებული კრემლის ნებაზე, ვიდრე აქამდე იყო. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავუშვათ, რომ რეჟიმის შენარჩუნების შემთხვევაში, მინსკის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერირიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების რისკი გაიზრდება. მეორე მხრივ, ლუკაშენკოს ლეგიტიმაცია საერთაშორისო დონეზე, გაცილებით დაბალი იქნება ვიდრე აქამდე. ასეთი რეჟიმის მიერ რაიმეს აღიარებას, განსაკუთრებული წონა არ ექნება. საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში კი რეჟიმის დასასრული გარდაუვალი ჩანს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველივე ხელისუფალი ამ აღიარებას უკან გაიწვევს.

მოვლენების სხვაგვარად განვითარების შემთხვევაში, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ბელარუსის დემოკრატიულმა ხელისუფლებამ ამ კუთხით ჩვენთვის არასასურველი ნაბიჯი გადადგას. მინსკში დემოკრატიული ხელისუფლების მოსვლა ქვეყანას ევროპული მომავლის პერსპექტივებს გაუხსნის, რაც თავის მხრივ საქართველოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებასაც შეუწყობს ხელს.

დავით ბრაგვაძე,
საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
sofo
24 აგვისტო 2020 10:37
რისი უსაფრთხოების ინსტიტუტიო?
555
24 აგვისტო 2020 10:36
რა გაქვთ ამ სუვერენიტეტიდან?

რედაქტორის რჩევით