"ნოვიჩოკის" პოლიტიკა - კვირის პალიტრა

"ნოვიჩოკის" პოლიტიკა

ძნელია ადამიანს, რომელიც რუსეთს 20 წელია მართავს "ნოვიჩოკი" უწოდო, თუმცა ფაქტია, რომ ვლადიმერ პუტინი, თავისი პოლიტიკის ერთ-ერთ ინსტრუმენტად აქტიურად იყენებს ნივთიერებას, რომელსაც "ნოვიჩოკი" ჰქვია. მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, რუსი ოპოზიციონერი და აქტივისტი ალექსეი ნავალნი ტომსკი-მოსკოვის რეისზე შეუძლოდ გახდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა ქალაქ ომსკის აეროპორტში, საიდანაც ნავალნი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ნავალნი მოწამლეს. მისი გარემოცვის წევრები აცხადებდნენ რომ გაფრენამდე, ტომსკის აეროპორტში მან ჩაი დალია. ეს შემთხვევა მალევე მოექცა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ორი დღის შემდეგ ალექსეი ნავალნი გერმანიის ხელისუფლებამ სპეცრეისით ბერლინში გადაიყვანა.

გერმანელმა ექიმებმა ნავალნის კომიდან გამოყვანა 7 სექტემბერს შეძლეს. 15 სექტემბერს გერმანელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ მან პირველად შეძლო დამოუკიდებლად ლოგინიდან ადგომა. თავად ნავალნიმ კი დაწერა, რომ "მთელი დღე დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე სუნთქავდა".

20 სექტემბრიდან მოყოლებული, საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის ხელისუფლებისგან გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნა, მის მიმართ ნდობა არ არსებობს, რადგან რუსეთის ხელისულება ჯიუტად აცხადებს, რომ ნავალნის მოწამვლის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. იგივე პოზიცია აქვთ რუსეთის სამართალდამცავ უწყებებსაც. მათ მიაჩნიათ, რომ წინასწარი გამოძიების შემდეგ საქმისთვის მსვლელობის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს, რადგან მოწამვლის ვერსია არ დასტურდება. მეტიც, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ რომ ნოვიჩოკი საერთოდ არაა რუსული წარმოების პროდუქტი. სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, იური შვიტკინმა განაცხადა, რომ ლაბორატორიები, რომლებშიც ეს ნივთიერება მზადდება საქართველოსა და აშშ-ის ტერიტორიაზე მდებარეობს.

საპირისპიროს ამტკიცებს გერმანიის ხელისუფლება. მათი თქმით, მათ გააჩნიათ ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულება იმისა, რომ ნავალნი ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტითაა მოწამლული.

ნავალნი პირველი არ არის, ვინც პუტინის რეჟიმმა კრიტიკული პოზიციების გამო ნოვიჩოკით მოწამლა. ბრიტანეთის ხელისუფლების მტკიცებით, სწორედ ნოვიჩოკის ნერვული აგენტი იქნა გამოყენებული 2018 წლის 4 მარტს, ინგლისის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის დაზვერვის ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის, იულია სკრიპალის მოსაწამლად.

ნოვიჩოკზე მუშაობა ქიმიური კვლევების სახელმწიფო ინსტიტუტმა ჯერ კიდევ 1971 წელს დაიწყო და ის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც, ოფიციალური ინფორმაციით 1993 წლამდე გააგრძელა. თუმცა არსებობს ჯერჯერობით დაუდასტურებელი ვერსია, რომ ნავალნის მოსაწამლად ახალი ტიპის ნოვიჩოკი იქნა გამოყენებული. თუ ეს ვერსია დადასტურდა, დამტკიცდება, რომ რუსეთი ნოვიჩოკზე კვლევებს დღემდე აგრძელებს.

საყურადღებო გარემოებაა ისიც, რომ ნავალნის გარემოცვის მტკიცებით მისი მოწამვლა ნერვული აგენტის ჩაიში შერევით მოხდა. სწორედ ჩაის სმის დროს მოწამლეს რუსეთის დაზვერვის კიდევ ერთი ყოფილი აგენტი, ალექსანდრ ლიტვინენკო 2006 წლის 1 ნოემბრს, როდესაც სასმელში პოლონიუმ-210 შეურიეს. ლიტვინენკო 3 კვირაში გარდაიცვალა, მისი მკვლელობის ორგანიზებაში კი პირადად ვლადიმერ პუტინი დაადანაშაულა.

ჩაიში საწამლავის შერევით მოწამლეს პუტინის რეჟიმის აქტიური კრიტიკოსი ანა პოლიტკოვსკაია 2004 წელს, როდესაც ის ბესლანის მოვლენების გასაშუქებლად მიემგზავრებოდა. 2 წლის შემდეგ, 2006 წლის 7 ოქტომბერს, პოლიტკოვსკაია მოსკოვის ცენტრში, საკუთარი სადარბაზოს ლიფტში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს არ ყოფილა ალექსეი ნავალნიზე ქიმიური თავდასხმის პირველი შემთხვევა. 2017 წლის 27 აპრილის, ნავალნის მოწამვლა მისი ანტიკორუფციული ფონდის სიახლოვეს სცადეს, როდესაც მას სახეში ბრილიანტის მწვანე (ე.წ. ზელიონკა) შეასხეს. ნავალნის თქმით, მისი ექიმები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ბრილიანტის მწვანეში სხვა მომწამვლელი ნივთიერება იყო გარეული. ამ შემთხვევის გამო მას მარჯვენა თვალში მხედველობა 80 პროცენტით დაუქვეითდა. მისივე მტკიცებით თავდამსხმელი ვინმე ალქსანდრ პეტრუნკო იყო, რომელსაც მჭიდრო კავშირები ჰქონდა დუმის ვიცე-სპიკერ პიოტრ ტოლსტოისთან.

მიუხედავად იმისა, რომ ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება და მისი გარემოცვის წევრების განცხადებით, ის უახლოეს მომავალში რუსეთში დაბრუნებას გეგმავს, მომხდარის გამო კრემლის მიმართ კრიტიკა არ ცხრება. კრიტიკული განცხადებები გააკეთეს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენგერბის თქმით "ჩვენ კვლავ ვხედავთ, რომ რუსეთის რეჟიმის მიმართ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს თავს ესხმიან და მათ სიცოცხლეს ემუქრებიან. ზოგ მათგანს კლავენ კიდეც". აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ნავალნის ნოვიჩოკით მოწამვლის ვერსია "ძალზედ დამაჯერებელი" და "შემაშფოთებელია".

ყველაზე კრიტიკული პოზიციით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაიკო მაასი გამოირჩევა. მისი თქმით, არაა გამორიცხული ამ შემთხვევის გამო, დღის წესრიგში რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციების დაწერების საკითხი დადგეს. მისივე თქმით, არსებობს რამდენიმე მტკიცებულება, რომელიც მიანიშნებს, რომ ნავალნის მოწამვლის უკან რუსეთის ოფიციალური პირები დგანან. ჰაიკო მაასის მიერ გაკეთებულ განცხადება მნიშვნელოვან გზავნილს შეიცავდა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ენერგეტიკული პროექტის – ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის შესახებ. მან იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვი ბერლინს არ აიძულებს გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით თავის პოზიციას გადახედოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ნავალნის მოწამვლის გამო პროექტის შეჩერებისკენ გერმანიას რამდენიმე ევროპელმა პოლიტიკოსმა მოუწოდა.

ამ ყველაფრის პარალელურად, გადაიდო ოქტომბერში დაგეგმილი სერგეი ლავროვის ვიზიტი ბერლინში. ოფიციალური ვერსიით, მიზეზი მაასის გრაფიკში შეტანილი ცვლილებებია, რომლის გამოც ორი მინისტრის შეხვედრა ორი საათის ნაცვლად მხოლოდ ერთი საათი უნდა გაგრძელებულიყო. თუმცა ანალიტიკოსთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მიზეზი არა გრაფიკის ცვლილება, არამედ გერმანიის პირველი დიპლომატის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებია.

არავის აქვს მოლოდინი, რომ ნავალნი იქნება პუტინის რეჟიმის ბოლო კრიტიკოსი, რომელიც ნოვიჩოკის პოლიტიკის სამიზნედ იქცა. თუმცა არაა გამორიცხული, რომ ის კრემლის სამიზნე მომავალშიც გახდეს. შესაძლოა ამჯერად მის წინააღმდეგ სხვა მეთოდებიც გამოიყენონ, რადგან 2015 წლის 27 თებერვლის შემდეგ, რაც ბორის ნემცოვი, კრემლის კედლებიდან რამდენიმე მეტში 7 გასროლით მოკლეს, ნავალნი პუტინის რეჟიმის ნომერ პირველ ოპონენტად იქცა.

ამ ეტაპზე ძნელია ითქვას, თუ რა სანქციებს გამოიყენებს დასავლეთი კრემლის წინააღმდეგ. ძნელია იმის თქმაც, საბოლოოდ რა შედეგს მოუტანს პუტინს ნოვიჩოკის პოლიტიკის გაგრძელება. თუმცა ცხადია, რომ ეს პოლიტიკა ნავალნის მოწამვლით არ დასრულდება.

დავით ბრაგვაძე

საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს