რუსული გამბიტი ყარაბაღის მეორე ომში
რუსული გამბიტი ყარაბაღის მეორე ომში
გამბიტი – საჭადრაკო პარტიის იმგვარი დასაწყისი, როდესაც მოთამაშე ხელსაყრელი საბოლოო შედეგის მისაღებად წირავს ფიგურას, როგორც წესი პაიკს.

ყარაბაღის მეორე ომი ოფიციალურად დასრულდა. რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც მიხედვითაც ცეცხლი 10 ნოემბერს 00:00 საათზე შეწყდა და კონფლიქტის მხარეები გაჩერდნენ ამ დროისთვის არსებულ პოზიციებზე.

ყარაბაღის მეორე ომის მოკლე მომოხილვა

მასშტაბური შეტაკებები აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს შორის 27 სექტემბერს დაიწყო. თავდაპირველი მოლოდინით, ეს ესკალაცია არ უნდა ყოფილიყო განსხვავებული
რეგიონში აქამდე ჩვეულებრივ პრაქტიკად ქცეული ხშირი შეტაკებებისგან, თუმცა მალევე ცხადი გახდა რომ კონფლიქტი ბევრად მასშტაბური იყო, ვიდრე თუნდაც 2016 წლის აპრილის ოთხდღიანი დაპირისპირება, როდესაც წლების შემდეგ მცირედით, მაგრამ მაინც სტატუს კვო აზერბაიჯანის სასარგებლოდ შეიცვალა.

ყარაბაღის მეორე ომში გამოიკვეთა აზერბაიჯანული არმიის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური უპირატესობა, რომლის ნიშნებიც
კარგად გამოჩნდა 2016 წელსაც. ამ უპირატესობის გამოყენებით აზერბაიჯანელებმა შეძლეს სწრაფი წინსვლა ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე. აზერბაიჯანმა ეტაპობრივად შეძლო ყარაბაღის ავტონომიური ოლქის გარშემო მდებარე ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილის დაკავება, მათ შორის ადმინისტრაციული ცენტრების: ჯაბრაილის, ფიზულისა და ზანგილანის, ისევე როგორც მათი მიმდებარე სოფლებისა და ნასოფლარების გათავისუფლება. უშუალოდ მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის შიგნით აზერბაიჯანულმა მხარემ შეძლო ჰადრუთის გათავისუფლება. მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა ხოჯევანდისა (მარტუნის) და ლაჩინის მიმართულებებით, ისევე როგორც ჩრდილოეთის ფრონტზე.

მიუხედავად იმისა, რომ მხარეები მოსკოვში 11 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ 10 ოქტომბერს, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, ამ ზავს პრაქტიკულად ერთი წუთიც არ უმუშავია.

ომის კულმინაციად 9 ნოემბერს აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის ისტორიული ცენტრის, ქალაქ შუშას აღება იქცა, რის შემდეგაც დისტანციურ ფორმატში სამი ქვეყნის ლიდერის მიერ ხელი მოეწერა 9 პუნქტიან სამშვიდობო შეთანხმებას.
სამშვიდობო შეთანხმება

რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით ეტაპობრივად, 15 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე შუალედში, სომხურმა ნაწილებმა უნდა დატოვონ ყარაბაღის ავტონომიური ოლქის გარშემო დაკავებული ტერიტორიები: ქელბაჯარი, ყაზახი, აღდამი და ლაჩინი.

აზერბაიჯანული მხარე ინარჩუნებს ბრძოლით დაკავებულ ტერიტორიებს, როგორც ავტონომიური ოლქის შიგნით, ისე მის გარეთ, მათ შორის ისტორიულ ქალაქ შუშას.

სომხეთის კონტროლის ქვეშ რჩება ლაჩინის კორიდორი, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს სტეპანაკერტსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის. შეთანხმების მიხედვით, ლაჩინის კორიდორში გადაადგილების ზუსტი მარშრუტი უახლოეს სამ წელიწადში უნდა განისაზღვროს, სადაც რუსული სამშვიდობო კონტინგენტი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით განლაგდება. ამავე დროს, აზერბაიჯანული მხარე უზრუნველყოფს კორიდორში მოქალაქეების, ტვირთებისა და სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო გადაადგილებას.

ლაჩინის კორიდორსა და მხარეებს შორის კონტაქტის ხაზზე განლაგდება 1960 რუსი შეიარაღებული სამშვიდობო, 90 ერთეული ჯავშანტექნიკითა და 380 ერთეული საავტომობილო და სპეციალური ტექნიკით. რეგიონში მათი ეტაპობრივი შეყვანა, სომხური ძალების გასვლის პარალელურად მოხდება.

შეთანხმების პირობების შესრულების მონიტორინგის მიზნით რეგიონში იქმნება სამშვიდობო ცენტრი.

რეგიონიდან დევნილ მოსახლეობას ეძლევა უფლება დაუბრუნდეს საკუთარ საცხოვრებელ ადგილებს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კონტროლის ქვეშ.

შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა გაიხსნას რეგიონში არსებული სატრანსპორტო კომუნიკაციები. მათ შორის, აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიის გავლით მიეცეს საშუალება კავშირი დაამყაროს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, რის უზრუნველსაყოფადაც მოხდება ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა. კორიდორში გადაადგილება რუსეთის სასაზღვრო ძალების მეთვალყურეობის ქვეშ მოხდება.

ვინ რა მიიღო ომის დასრულებითა და სამშვიდობო შეთანხმებით?

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანისთვის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ყოველთვის პრიორიტეტული იყო. შესაბამისად, არსებული შეთანხმება ილჰამ ალიევისთვის მომგებიანად შეიძლება მივიჩნიოთ. მან მოახერხა გაყინული წერტილიდან საკითხის დაძვრა და მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაბრუნება. ყარაბაღის გარეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბაქოს იურისდიქციის აღდგენა და ყარაბაღის ავტონომიური ოლქის, მათ შორის ისტორიულ ქალაქ შუშას დაბრუნება, რაც ცალსახად დიდი წარმატებაა აზერბაიჯანული სახელმწიფოსთვის.

ასევე მნიშვნელოვანი გარღვევაა დევნილთა დაბრუნების საკითხზე შეთანხმების მიღწევა და ნახიჩევანის ავტონომიასთან პირდაპირი სახმელეთო კავშირის შესაძლებლობა.

საბოლოო ჯამში, ალიევმა მიიღო იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლებოდა ომის დაწყებამდე ვინმეს წარმოედგინა. მიუხედავად ამისა, მიღწეული შეთანხმება შეიცავს მნიშვნელოვან რისკებსაც. პირველ რიგში ეს უკავშირდება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოების განლაგების საკითხს. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე აზერბაიჯანი რეგიონის ერთადერთი სახელმწიფო იყო რომლის ტერიტორიაზეც რუსი სამხედროები არ იდგნენ. უკანასკნელი რუსული სამხედრო ბაზა, გაბალას სარადარო სადგური აზერბაიჯანიდან 2013 წელს გავიდა.

ომში გამარჯვების საყოველთაო ეიფორიის პარალელურად, რუსი სამშვიდობოების ყარაბაღში განლაგების საკითხი აზერბაიჯანული საზოგადების ნაწილშიც შეშფოთებას იწვევს. თურქების სამშვიდობო ცენტრში ყოფნა (და არა სამშვიდობო ძალებში) აზერბაიჯანს სიმშვიდის გარკვეულ გარანტიას აძლევს, თუმცა მაინც უნდა აღინიშნოს, რომ მათი როლი რუსებთან შედარებით მეტად მოკრძალებულად გამოიყურება.

სამშვიდობო შეთანხმების გარდა, აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანია ის სამხედრო და ტექნოლოგიური უპირატესობა, რაც ყარაბაღის მეორე ომში გამოჩნდა. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანმა მოახერხა "დამარცხებულის როლიდან" გამოსვლა და კავკასიის ყველაზე ხანგრძლივი კონფლიქტის ტრიუმფატორად იქცა. ეს ტრიუმფი ბაქოს ბუნებრივად გაუჩენს სამხრეთ კავკასიაში ლიდერი სახელმწიფოს როლის მორგების ამბიციას.

ოფიციალური ბაქო ცდილობს შეთანხმების მხოლოდ პოზიტიური აპსექტების ხაზგასმას. თავად პრეზიდენტმა ალიევმა ის შეაფასა, როგორც "სომხეთის სრული კაპიტულაცია". აზერბაიჯანის პრეზიდენტი უდიდეს გამარჯვებად ასაღებს იმასაც, რომ ყარაბაღის სტატუსის განხილვა დღის წესრიგში არ დგას. თავის გამოსვლაში მან აგდებულად მიმართა პრემიერ ფაშინიანს და აღნიშნა, რომ ყარაბაღის საკითხი აღარც განიხილება, სანამ ის ქვეყნის პრეზიდენტია. ალიევის თქმით, ყარაბაღის სტატუსზე საუბარი "ჯოჯოხეთში წავიდა".

ცხადია, ამ შედეგით ალიევმა ისედაც მყარი პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა და შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებაში მუდმივად დარჩენის აბსოლუტური გარანტია შეიქმნა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რუსი სამშვიდობოების რეგიონში შესვლა აზერბაიჯანის მმართველი ელიტისთვის გამართლებული რისკია.

უახლოეს მომავალში, ბაქოს უმთავრესი გამოწვევა ხელშეკრულების მისთვის სასარგებლო პუნქტების ჯეროვანი შესრულება იქნება, მაგალითად სომხური ნაწილების შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით გაყვანა, ან სომხეთის გავლით ნახიჩევანთან დამაკავშირებელი სახმელეთო კორიდორის საკითხის დროული მოგვარება, რაც ყველაზე ძნელად მისაღწევ საკითხად შეიძლება მივიჩნიოთ.

აზერბაიჯანისთვის კიდევ ერთი საზრუნავი რეგიონში დაბრუნებული დევნილების ცხოვრების ღირსეული პირობების უზრუნველყოფა იქნება, თუმცა სურვილის შემთხვევაში ეს ადვილად მისაღწევი მიზანია.

სომხეთი

სომხური საზოგადოებისთვის არცახის (მთიანი ყარაბაღის სომხური სახელწოდება) პრობლემა ეგზისტენციური საკითხია და ამ მიმართულებით ნებისმიერი დათმობა უკიდურესად მტკივნეულად აღიქმება. ამ კუთხით სომხეთს ტრაგიკული გამოცდილებაც აქვს. საყოველთაოდ გავრცელებული ვერსიით 1999 წლის 27 ოქტომბერს, სომხეთის პარლამენტის სხდომათა დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარე კარენ დემირჭიანის, პრემიერ-მინისტრ ვაზგენ სარგსიანისა და სხვა პოლიტიკოსების ჩაცხრილვა სწორედ ყარაბაღის საკითხზე დათმობებისთვის მზაობას მოყვა.

2018 წლის გაზაფხულზე სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციისა და ხელისუფლებაში ნიკოლ ფაშინიანის მოსვლის შემდეგ ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა. გაჩნდა იმედი, რომ საქართველოს გარდა რეგიონის სხვა ქვეყანასაც ექნებოდა დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა. სხვადახვა რეფორმების გატარების პარალელურად, ფაშინიანის ხელისუფლებისთვის გამოწვევას მთიანი ყარაბაღის საკითხით წარმოადგენდა. ამ მიმართულებით სომხეთის ახალმა პრემიერმა ერთმანეთის საწინააღმდეგო რამდენიმე განცხადება გააკეთა.

ფაშინიანი სომხეთის პირველი ლიდერია, რომლის თქმითაც ყარაბაღის საკითხი იმგვარად უნდა გადაწყვეტილიყო, რომ ის მისაღები ყოფილიყო აზერბაიჯანული მხარისთვისაც. ამის მიუხედავად, მანვე არაერთხელ პირდაპირ განაცხადა, რომ "არცახი სომხეთია".

ცხადია, ფაშინიანსაც კარგად ესმოდა სომხურ საზოგადოებაში გაბატონებული მიდგომა, რომელის მიხედვითაც "ყველაფრის დათმობა შეიძლება ყარაბაღის გარდა" ადვილი შესაცვლელი არ იყო. შესაძლოა სწორედ ამით იყო ნაკარნახევი რეფორმატორი ლიდერის ხისტი პოზიციაც.

ფაშინიანის რიტორიკა მასშტაბურ სამხედრო კონფლიქტში წარმატების მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა. სომხური საზოგადოებისთვის ხელმოწერილი შეთანხმების პირობები ტრაგიკულია. სომხეთმა მხოლოდ ყარაბაღის დედაქალაქი სტეპანაკერტი (ხანკენდი), მისი შემოგარენი და ლაჩინის კორიდორი შეინარჩუნა.

რუსი სამშვიდობოების ყარაბაღში შესვლა უკუსვლაა სომხეთისთვისაც, რადგან აქამდე რუსეთი იქ სამხედრო ძალით წარმოდგენილი საერთოდ არ იყო. ეს ახალი გარემოება ერევნის მოქმედებებს შენარჩუნებულ ტერიტორიებზეც ლიმიტირებულს ხდის.

სომხეთისთვის საკმაოდ წინააღმდეგობრივია ნახიჩევანისა და დანარჩენი აზერბაიჯანის დამაკავშირებული სახმელეთო კორიდორის საკითხი. ამ პუნქტის რეალიზებამ სომხეთის, როგორც ომში დამარცხებულის სახე შეიძლება კიდევ უფრო მკვეთრად წარმოაჩინოს, თუმცა მეორე მხრივ ერევანს მისგან გარკვეული ეკონომიკური სარგებლის მიღებაც შეუძლია.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ყარაბაღის მეორე ომის დაწყებამდე მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა სომხეთს ბევრად მეტს შეუნარჩუნებდა, თუმცა ფაშინიანის ხელისუფლების პირობებში ეს ვერ მოხერხდა.

სომხური საზოგადოებისთვის რთული იქნება ახალ რეალობასთან შეგუება. ნიკოლ ფაშინიანის მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოქვეყნებული სტატუსის შემდეგ, 10 ნოემბრის ღამეს ერევანში განვითარებულმა მოვლენებმა ეს ნათლად აჩვენა. სპონტანურად შეკრებილი ეგზალტირებული ხალხის მიერ ადმინისტრაციული შენობების დარბევა და პარლამენტის სპიკერ არარატ მირზოიანის სასტიკი ცემა შეიძლება ტრაგიკული მოვლენების მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდეს. სომხური საზოგადება, რომელიც ყარაბაღში მისთვის სასურველ სტატუს კვოს შეეჩვია და ორ ათწლეულზე მეტი გამარჯვებულის ფსიქოლოგია უყალიბდებოდა, არცახის დათმობას და დამარცხებულის როლს ალბათ კიდევ დიდხანს ვერ შეეგუება.

ჯერ კიდევ არაა ნათელი რა ბედი ელის პრემიერ ფაშინიანს. 10 ნოემბრის ღამეს გავრცელდა ინფორმაცია რომ მან სომხეთი დატოვა და რუსეთში წავიდა, თუმცა ეს ხმები ფაშინიანმა უარყო. საბედნიეროდ შეთანხმების ხელმოწერის ღამეს დემონსტრანტებმა მისი პოვნა ვერ შეძლეს. მირზოიანის მაგალითზე, ძნელი წარმოსადგენი არაა, რამხელა აგრესია შეიძლება ჰქონოდა ხალხს ქვეყნის ლიდერის მიმართ, რომელსაც ქუჩაში, თუ სოციალურ ქსელში ყველა სალანძღავი სიტყვით მოიხსენიებდნენ, რაც კი სომხურ ენაზე არსებობს.

სომხურ საზოგადოებაში არსებული მაღალი ტემპერატურა არაერთ მძიმე გამოწვევას ქმნის. პირველ რიგში, ომში დამარცხებული სომხეთი ახალი კორონავირუსის ეპიდემიის პირბებში მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას, რასაც სამოქალაქო დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავებს. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სომხეთის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივაც. არსებობს სერიოზული რისკი იმისა, რომ ფაშინიანის ხელისუფლება ჩამოიშალოს და მისი ადგილი რევანშისტულად განწყობილმა სამხედროებმა, ან პოლიტიკოსებმა დაიკავონ, რომელებიც ეცდებიან ხალხში არსებული ემოციური ფონის სათავისოდ გამოყენებას.

სომხური დემოკრატიის დაკარგვის რისკს კარგად ხედავს საზოგადოების ნაწილი, მათ შორის საკმაოდ გავლენიანი სომხური დიასპორა. ცნობილი როკ-ჯგუფის system of a down-ის სოლისტმა სერჟ ტანკიანმა ნიკოლ ფაშინიანს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა და ხაზი გაუსვა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობას მაშინ, როდესაც მტრის სათავეში კორუფციული რეჟიმი დგას. სავარაუდოდ, ტანკიანი არაა ერთადერთი გავლენიანი სომეხი ვისაც შემქნილი ვითარების ფონზე დემოკრატიული განვითარების დასამარების პერსექტივა აღელვებს. თუმცა რამდენად იქონიებს მათი აზრი ზეგავლენას საზოგადოების განწყობის დემოკრატიის სასარგებლოდ ფორმირებაზე ძნელი სათქმელია.

სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე მყოფი სომხეთის რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხი მნიშვნელოვნად იზრდება, თუმცა გარდაუვალია, რომ სომხურ საზოგადოებაში ბოლო პერიოდში ისედაც მზარდი ანტირუსული განწყობა კიდევ უფრო გაიზრდება. მეორე მხრივ, ზემოთჩამოთვლილი პრობლემების გათვალისწინებით რთულია იმის პროგნოზირება, რამდენად აისახება ანტირუსული განწყობები სომხეთის ხელისუფლების შემადგენლობაზე.

შექმნილ ვითარებაში სომხეთისთვის ერთადერთ გონივრულ გამოსავალი სამოქალაქო თანხმობის მიღწევა და ხელისუფლების საკითხის არჩევნების გზით გადაწყვეტა იქნებოდა, თუმცა შემდეგი არჩევნები სომხეთში 2023 წლის დეკემბერში უნდა ჩატარდეს. არსებული დაძაბულობის ფონზე, ძნელად წარმოსადგენია ფაშინიანის ხელისუფლებამ 3 წლის მანძილზე ქვეყნის მართვა შეძლოს.

რუსეთი

ყარაბაღის მეორე ომის დაწყების დღიდან, მთავარი კითხვა რუსეთის პასიურობას უკავშირდებოდა. რატომ არ ასრულებდა რუსეთი მოკავშირე სომხეთის წინაშე აღებულ ვალდებულებას? ამაზე მოსკოვის ფორმალური პასუხი იყო რომ ბრძოლები სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს და ჩარევის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მოსკოვი არც ბაქოზე ზეწოლის ბერკეტებს იყენებდა.

ომის ბოლო ეტაპზე გაჩნდა აზრი, რომ რუსეთი საერთოდ არ აპირებდა ჩარევას და შეგუებული იყო აზერბაიჯანის მიერ ტერიტორიული მთლიანობის ძალისმიერი მეთოდით აღდგენას. თუმცა მაინც ძნელი წარმოსადგენი იყო ყარაბაღის კონფლიქტი რუსული წითელი ხაზების გარეშე. ერთადერთი, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისაა, რომ ეს წითელი ხაზი უმრავლესობას ყარაბაღის ადმინისტრაციულ საზღვართან წარმოედგინა და არა ყარაბაღის გულში, ქალაქ შუშასთან.

საბოლოო ჯამში თავისი მდუმარებით მიიღო მაქსიმუმი, რაც შეიძლება მიეღო. მან არ დაუშვა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა, თუმცა მისცა იმაზე მეტის დაბრუნების საშუალება, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. ამით პუტინმა ალიევის კეთილგანწყობა მოიპოვა.

ომის დასაწყისში არსებობდა ვარაუდი, რომ რუსეთის მდუმარება ფაშინიანის დასჯის მოტივით იყო ნაკარნახევი, თუმცა ფაშინიანის დასასჯელად ყარაბაღის გარეთ არსებული რომელიმე რაიონის დაკარგვაც საკმარისი მიზეზი იქნებოდა. საბოლოო ჯამში, რუსეთმა დასაჯა არა მხოლოდ ფაშინიანი, როგორც სიმბოლო სომხეთის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივისა, არამედ მთელი სომხური საზოგადოება, რომელმაც "ზედმეტი" ამბიცია და ენთუზიაზმი გამოავლინა რეალური სუვერენიტეტისა და დასავლური კურსის მიმართ.

რუსეთმა სომხურ საზოგადოებას არ აპატია მის მიმართ ლოიალურად განწობილი რეჟიმის დამხობა და მშვიდობიანი გზით ხელისუფლებაში მოსული ფაშინიანის იმ ნაბიჯების მხარდაჭერა, რომელიც თავად არ მოსწონდა. მიღწეული შედეგით სომხურ საზოგადოებაში გამოწვეული დაძაბულობის პირობებში, მოსკოვი უკეთ შეძლებს პროცესების მართვას, ყოველშემთხვევაში მათ ასე მიაჩნიათ.

რუსეთმა მოახერხა თავისი სამშვიდობოების განთავსება კავკასიის ერთადერთ კონფლიქტურ რეგიონში, რომელშიც სამხედრო ძალით აქამდე წარმოდგენილი არ ყოფილა, რაც იმას ნიშნავს რომ რუსი სამხედროები დაბრუნდნენ კავკასიის ერთადერთ სახელმწიფოში საიდანაც გასულები იყვნენ. ამით გაიზარდა ბაქოს მოსკოვზე დამოკიდებულების ხარისხიც, რადგან მომავალში აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენას კიდევ ერთი ბარიერი ექნება რუსი სამშვიდობოების სახით.

არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ საბოლოო შედეგი მოსკოვს წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული. ის არ დაუშვებდა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენას და ამით რეგიონში საკუთარი როლის დაკნინებას, ამიტომ წინასწარ განსაზღვრული სცენარით პროცესში ჩაერია მაშინ, როდესაც ყველაზე მეტ გავლენის ბერკეტს იღებდა, როგორც აზერბაიჯანზე, ისე სომხეთზე. ამ ეჭვს კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ რუსი სამშვიდობოები რეგიონში შეთანხმების ღამესვე გაემგზავრნენ.

გარდა ამისა, რუსეთმა თავი წარმოაჩინა, როგორც რეგიონის მთავარმა აქტორმა. იმ ფონზე, როდესაც ევროპულმა სახელმწიფოებმა ვერ გამოავლინეს სათანადო მზაობა, აშშ კი საპრეზიდენტო არჩევნების ციებ-ცხელებაში იყო ჩაბმული, კრემლმა ყველას დაანახა, რომ კავკასიაში მის გარეშე არაფერი ხდება.

თუმცა ამ ყველაფრიდან კრემლმა მიიღო გამოწვევებიც. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს პირველ რიგში სომხური საზოგადოებაში ანტირუსული განწყობების ზრდასთან იქნება დაკავშირებული. მეორე მხრივ, რუსეთის მიმართ ნდობას შეიძლება წყალი შეუდგეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. ძნელი წარმოსადგენია, მოსკოვმა ამ მიმართულებით საქართველოსთვის სასარგებლო ნაბიჯი გადადგას, თუმცა გაეროს წევრი მოკავშირე სახელმწიფოს გაწირვა, აუცილებლად გაუჩენს კითხვებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს.

თურქეთი

თურქეთთან დაკავშირებით, მთავარი რაც უნდა აღინიშნოს ისაა, რომ მან განიმტკიცა აზერბაიჯანის "უფროსი ძმისა" და სანდო მოკავშირის სტატუსი. როგორც ჩანს, ის სიმბოლურად იქნება წარმოდგენილი ყარაბაღში ჩამოყალიბებულ სამშვიდობო ცენტრში. ანკარას არ ექნება ადგილზე ვითარების კონტროლის ისეთი მყარი ბერკეტები, როგორც მოსკოვს, თუმცა ფორმალურად არც თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება. შეთანხმების ბოლო პუნქტის ამოქმედების შემთხვევაში კი გაუჩნდება დამატებითი შესაძებლობები აზერბაიჯანთან პირდაპირი სახმელეთო კომუნიკაციისა.

როგორც ჩანს, ამ ეტაპზე თურქეთი თანახმაა კავკასიაში მოსკოვის შემდეგ საპატიო მეორე ადგილი დაიკავოს.

საქართველო

ყარაბაღის კონფლიქტში საქართველო ყოველთვის ნეიტრალურ პოზიციას იკავებდა. თბილისი აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარებას უჭერს მხარს. იგივე პოზიციას ინარჩუნებდა საქართველო ყარაბაღის მეორე ომის დროსაც.

ცხადია, ყარაბაღის მეორე ომი არაა პრეცედენტი საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის თუნდაც ნაწილობრივი მოგვარების კუთხით, რადგან ძალისმიერი მეთოდების გამოყენება, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ჩვენთვის გამოსავალი არ არის.

რა იცვლება საქართველოსთვის მხარეებს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ფონზე? აქ რამდენმე საკითხი უნდა გამოვყოთ, რაც მეზობლებთან დაკავშირებით ქართულ საზოგადებას შეიძლება აღელვებდეს.

ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია რამდენად შეიცვლება ომში გამარჯვებული აზერბაიჯანის პოზიცია საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის მოლაპარაკებებზე. შესაძლოა ამ მოვლენებმა საკითხზე გავლენა საერთოდ არ იქონიოს და მოლაპარაკებები ისე გაგრძელდეს, როგორც აქამდე – არსებითი წინსვლის გარეშე. აზერბაიჯანსა და საქართველოს საერთო ინტერესები გაცილებით მეტი და მასშტაბური აქვთ, ვიდრე საზღვრის გარკვეული მონაკვეთების შეუთანხმებლობა. სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით განსაკუთრებულ ნეგატიურ, ან თუნდაც პოზიტიურ ძვრებს ალბათ არ უნდა ველოდოთ.

სამხედრო თვალსაზრისით რეგიონში ბალანსი შეიცვალა. დღეს საკამათო აღარ არის, რომ რეგიონის სამ სახელმწიფოს შორის აზერბაიჯანი ნომერ პირველი სამხედრო ძალაა. თუმცა ეს თბილისისთვის საფრთხის შემცველად არ უნდა მივიჩნიოთ. საქართველოს სამხედრო გამოწვევებს ნაკლებად ართულებს მთიან ყარაბაღში 1960 რუსი სამშვიდობოს განლაგებაც. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და სომხეთში წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტინგენტი გაცილებით სერიოზული საფრთხის შემცველია. საქართველოს სამხედრო საფრთხე არა ყარაბაღში განლაგებული სამშვიდობოებისგან, არამედ სულ სხვა მხირდან ემუქრება და ამ მიმართულებით ერთადერთ რეალურ გამოწვევად რუსული ოკუპაცია რჩება. თუმცა თავდაცვითი პოტენციალის ზრდის მნიშვნელობა ყარაბაღის მეორე ომმა ნათლად წარმოაჩინა. საქართველოს პირველ რიგში გააზრებული თავდაცვის პოლიტიკის შემუშავება, შემდეგ კი ამ კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადმა და სათანადო რესურსების მობილიზება ესაჭიროება.

თუ სამხედრო თვალსაზრისით რუსი სამშვიდობოების ყარაბაღში განლაგება საქართველოსთვის არსებითად ბევრს არაფერს ცვლის, ის მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკური თვალსაზრისით. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს მნიშვნელოვან გამოწვევას პირველ რიგში აზერბაიჯანისთვის წარმოადგენს. გარკვეულ საკითხებში აზერბაიჯანის რუსეთზე დამოკიდებულების ზრდა კი თბილისის ინტერესებში არ შედის.

თბილისისთვის გამოწვევა იქნება სომხეთის რუსეთზე დამოკიდებულების კიდევ უფრო გაზრდა. იმ შემთვევაში, თუ სომხური საზოგადოება საკუთარი დემოკრატიის დაცვას ვერ შეძლებს და მეტიც, საკუთარი ხელით დაანგრევს მას, საქართველოს მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, რადგან ის რეგიონში ამ თვალსაზრისით კვლავ მარტო დარჩება და პერსპექტივაში ერთადერთ რეალურ მოკავშირესაც დაკარგავს. ზოგადად, რეგიონში დემოკრატიის ხარისხის შემცირება და რუსეთზე დამოკიდებულების მკვეთრი ზრდა, თბილისის უმთავრეს პრობლემად უნდა მივიჩნიოთ.

კავკასიაში რუსეთის როლის გაძლიერება საქართველოსთვის პირდაპირი საფრთხის შემცველია. ამ კუთხით, ქვეყნის წინსვლის ერთადერთ რეალურ შანსად დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება რჩება. საქართველოსთვის საკმარისი შეიძლება აღარ იყოს სამეზობლოში ლიდერობა, იმ პირობებში როდესაც რეგიონში ერთი მმართველი მკვეთრად ავტორიტარულია და თავის ძალაუფლებას კიდევ უფრო იმტკიცებს, მეორე ქვეყნის ჩამოყალიბების პროცესში მყოფი დემოკრატია კი უბრალოდ შეიძლება თვალსა და ხელს შუა გაქრეს. აღარაფერს ვამბობთ პუტინის რეჟიმის ავტორიტარულ ბუნებასა და თურქეთის ლიდერის ასევე მზარდ ავტორიტარულ მისწრაფებებზე.

საქართველოს ესაჭიროება არა რეგიონის ლიდერ დემოკრატიულ სახელმწიფოდ დარჩენა, არამედ განვითარებადი დემოკრატიიდან, რაც შეიძლება სწრაფი სვლა განვითარებული დემოკრატიისკენ.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია ნახიჩევანსა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის სახმელეთო კორიდორის ამოქმედების საკითხმა. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ამის გამო საქართველომ შეიძლება საკუთარი სატრანზიტო ფუნქცია დაკარგოს. აქ ორ გარემოებას უნდა გავუსვათ ხაზი: 1. ჯერ კიდევ არაა ნათელი რამდენად მოხერხდება ამ პუნქტის პრაქტიკაში გატარება. 2. ამ პუნქტის პრაქტიკაში ამუშავების შემთხვევაშიც კი, საქართველო თავის სატრანზიტო ფუნქციას არ დაკარგავს. სავარაუდოა რომ ეს კორიდორი უფრო მეტად მოემსახურება აზერბაიჯანიდან ნახიჩევანის მომარაგებას, ვიდრე საერთაშორისო გადაზიდვებს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ნახიჩევანის მომარაგება აქამდეც არა საქართველოსა და თუქეთის, არამედ ძირითადად ირანის გავლით ხდებოდა ამ კუთხით საქართველოს დანაკარგი უბრალოდ ვერ ექნება. სომხეთის ტერიტორიის გავლით კორიდორი აზერბაიჯანს უფრო მეტად ფსიქოლოგიურ უპირატესობას შესძენს და გარკვეულ ლოჯისტიკურ ხარჯებს შეუმცირებს. თუმცა ის არ გამოდგება მასშტაბური სატვირთო გადაზიდვებისთვის რთული რელიეფის გამო, როგორც სომხეთის ტერიტორიაზე, ისე ნახიჩევანსა და თურქეთს შორის არსებულ საზღვარზე. რაც შეეხება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სომხეთის გავლით მშენებლობას, ეს უბრალოდ წარმოუდგენელი ჩანს, რადგან ომის დამთავრების მიუხედავად მხარეებს შორის კონფლიქტი ამოწურული არ არის და პრაგმატული მოსაზრებებით, ბაქო სომხეთის გავლით მასშტაბური პროექების განხორციელებას არ დაიწყებს. ისიც ძნელად წარმოსადგენია, რომ საქართველოში უკვე არსებულ მილსადენებს ვინმე უფუნქციოდ დატოვებს.

დასკვნის მაგიერ

გამბიტი საჭადრაკო პარტიის იმგვარი დასაწყისია, როდესაც მოთამაშე ხელსაყრელი საბოლოო შედეგის მისაღწევად წირავს ფიგურას, როგორც წესი პაიკს. სწორედ ასე დაიწო მოქმედება ყარაბაღის მეორე ომში რუსეთმა. ბევრის აზრით, მისი საბოლოო მიზანი სომხური დემოკრატიის დასამარება და ამ მიზნის მისაღწევად ფაშინიანის გაწირვა იყო, თუმცა საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ რუსეთის მიზანი კავკასიაში გაცილებით მასშტაბურია ვიდრე მხოლოდ ორი წლის წინანდელი გავლენის აღდგენა. საჭადრაკო პარტიის დასაწყისში პუტინმა არა ფაშინიანი, არამედ გაცილებით მსხვილი ფიგურა, სომხური საზოგადოება გაწირა. გაწირა უფრო დიდი მიზნისთვის: სომხური სახელმწიფოს ხელში ჩასაგდებად, აზერბაიჯანზე გავლენის გასაზრდელად და მთლიანად კავკასიაში სამხედრო და პოლიტიკური ბერკეტების კიდევ უფრო გასაძლიერებლად.

დავით ბრაგვაძე
საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ლუხო
12 ნოემბერი 2020 09:15
ძალა აქვს ძალას და არა, სიმართლეს!
მერაბი აბრამიშვილი
11 ნოემბერი 2020 17:11
რასაც არ უყვებით საზოგადოებას არის ის, რომ ხელშეკრულების ძალით ყარაბაღის დედაქალაქი სტეფანაკერტი და მიმდებარე ტერიტორიები გადაეცა სომხეთს სადაც განლაგდება რუსული „მშვიდობისმყოფელები“.

გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები