ნავალნი - ლეგენდა მეორე რუსეთზე - კვირის პალიტრა

ნავალნი - ლეგენდა მეორე რუსეთზე

მოწამვლა, გერმანიაში მკურნალობა, მოსკოვში დაბრუნება, პატიმრობა... ამ ამბებმა ალექსეი ნავალნი განსაკუთრებით პოპულარული გახადა, როგორც რუსეთის ფედერაციაში, ისე - მის საზღვრებს გარეთ. დღეს ის დასავლეთში ბევრად ცნობილი ადამიანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ნავალნის შესახებ აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს ქართველ საზოგადოებაშიც. ამ წერილს, ისევე, როგორც მის ავტორს, არ აქვს ამბიცია აბსოლუტური ჭეშმარიტების დადგენაზე; არც იმაზე, რომ მასში ყველა საჭირო კითხვა დაისმება და ყველა მათგანზე სათანადო პასუხის გაცემა მოხერხდება. ეს წერილი მცდელობაა გავიგოთ, ვინ არის ალექსეი ნავალნი, რა როლი აქვს მას თანამედროვე რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რა გავლენა შეიძლება იქონიოს მისმა წარმატებამ ჩვენზე ან, საერთოდ, წარმატების მიღწევის რა შანსი აქვს მას...

ეჭვგარეშეა, დღეს ნავალნი უბრალო რუსი ოპოზიციონერი აღარაა. რუსეთის ფედერაციის დიდ ქალაქებში მიმდინარე მასშტაბური დემონსტრაციები, მათ შორის - 50 გრადუს ყინვაში, ძალოვანი უწყებების მიერ დაკავებული ათასობით მომიტინგე, სასამართლოს მიერ შეფარდებული პატიმრობა... პროცესს, რომელსაც ბოლო პერიოდში ყველა ვხედავთ, თამამად შეიძლება ვუწოდოთ "ნავალნის ფაქტორი".

ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ამაში განსაკუთრებული არაფერია. პუტინის რუსეთს აქამდეც უნახავს მასშტაბური საპროტესტო აქციები და მასობრივი დაკავებები. თუმცა "ნავალნის ფაქტორი" გაცილებით მძლავრი და, სავარაუდოდ, დროში განგრძობადი პროცესის გამომწვევია. ეს ფრთხილი ვარაუდია, იქიდან გამომდინარე, რომ დიდი აქციები ადრეც გვინახავს, თუმცა აქამდე არ გვინახავს პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ვერ მოკლეს და მკურნალობის შემდეგ რუსეთში დაბრუნდა.

2015 წლიდან, კრემლის კედლებთან ბორის ნემცოვის მკვლელობის შემდეგ, ნავალნის როლი ერთი-ორად გაიზარდა. ნემცოვის მოცილების შემდეგ ის, პრაქტიკულად, ერთადერთია პოლიტიკოსია, რომელიც კრემლს პრობლემებს უქმნის. 2020 წლის 20 აგვისტოდან დღემდე მიმდინარე პროცესები კი აჩვენებს, რომ დღეს ნავალნი რეჟიმის მოწინააღმდეგე რუსებისთვის შთაგონების წყარო და ბრძოლის სიმბოლოა.

ნავალნის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა ბევრს გაახსენა ლეგენდა "მეორე რუსეთზე", იმ რუსეთზე, რომლის არსებობის ბევრს სჯერა, რომელიც ძალიან განსხვავდება "პირველი რუსეთისგან", რომელიც თითქოს სადღაც არსებობს, მაგრამ სინამდვილეში არავის უნახავს. "მეორე რუსეთის" განსხეულებად რეჟიმის მოწინააღმდეგე აქტივისტებს, კულტურის ან სპორტის მუშაკებს ასახელებენ, რომლებიც ხშირად ყველაზე შოვინისტ და კაცთმოძულე რუს პოლიტიკოსებზე უარეს განცხადებებს აკეთებენ.

"მეორე რუსეთი" ჯერჯერობით არ არსებობს. მისი ნახვა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ მისი პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება მოხდება. არის კი ალექსეი ნავალნი ადამიანი, რომელიც ამის მიღწევას შეძლებს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მის წარსულში გაკეთებულ განცხადებებს უნდა გადავხედოთ.

ქართველებს დღემდე მტკივნეულად გვახსოვს 2008 წელს მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელშიც მან მთელი ჩვენი ერი "მღრღნელებად" მოიხსენია და საქართველოს ტერიტორიის ფრთოსანი რაკეტებით დაბომბვას ითხოვდა. რუსულ ენაში სიტყვები - "ქართველები" (Грузины) და "მღრღნელები" (грызуны) რომ თანაჟღერადია, რუსულის არმცოდნე ქართველებმაც კარგად იციან. ამაში ალექსეი ნავალნის დამსახურება ყველაზე დიდია. მიუხედავად იმისა, რომ ასე სხვა რუსებსაც "შევუმკივართ", ყველაზე მტკივნეულად სწორედ მის მიერ, ყველაზე მძიმე დროს გაკეთებული ეს შოვინისტური განცხადება დაგვამახსოვრდა. ნავალნის მსგავსი პოზიცია ჰქონდა ყირიმის ოკუპაციის საკითხზეც. მან განაცხადა, რომ "ყირიმი უკრაინას ვერ დაუბრუნდება, რადგან ის ბუმერანგი არაა, რომელსაც აქეთ-იქით ისვრიან".

ნავალნის ეს მიდგომა ანდრეი ილარიონოვმა განიხილა 2015 წელს გამოქვეყნებულ წერილში "პუტინის წინააღმდეგ, მაგრამ იმპერიის მხარდასაჭერად. ოპოზიციის ბნელი მხარე" (Против Путина, но за империю. Темная сторона оппозиции). ვფიქრობ, წერილის დეტალური განხილვა საჭირო არაა. ავტორის პოზიცია სათაურიდანაც ნათლად ჩანს. ნავალნის, ისევე როგორც სხვა რუს ოპოზიციონერებს, პუტინი არ მოსწონთ, თუმცა რუსეთის იმპერიის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. ამ მნიშვნელობით, პუტინს ისინი, პირველ რიგში, სწორედ იმპერიის გაღარიბებასა და დასუსტებაში ადანაშაულებენ.

რამდენად შეიცვალა ნავალნის პოზიცია 2008 წლის შემდეგ? ამის თქმა დანამდვილებით რთულია. ამ კითხვაზე ნავალნის პასუხის ნახვა რადიო "ეხო მოსკვის" არქივში შეგვიძლია, რომელიც 2013 წლის 10 აპრილით თარიღდება და სადაც ნავალნი უკრაინელი აქტივისტისა და ჟურნალისტის, აიდერ მუჯდაბაევის კითხვებს პასუხობს. ციტატა წერილიდან:

"კითხვა: ნამდვილად უწოდეთ ქართველებს "მღრღნელები" თუ ამ გამოთქმას მოგაწერენ?

ნავალნის პასუხი: ბევრჯერ უკითხავთ ამის შესახებ, კიდევ ერთხელ ვპასუხობ. დიახ, ქართველები მოვიხსენიე "მღრღნელებად" "ფეისბუქის" პოსტში ომის შესახებ, რასაც ვნანობ. ეს არ არის ლამაზი და, საერთოდაც, მთელი პოსტის ნიველირება მოახდინა. ყველაფერ დანარჩენზე, ახლაც ხელს ვაწერ".

ამ პასუხიდან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: ომიდან ხუთი წლის შემდეგ ნავალნი ნანობს მის მიერ გამოყენებულ ეპითეტს, თუმცა არ იცვლის პოზიციას უშუალოდ რუსეთ-საქართველოს ომზე. ამ პასუხის შემდეგ კიდევ 7 წელი გავიდა. შეიცვალა თუ არა ნავალნის პოზიცია ომთან დაკავშირებით, რომელსაც 2013 წელს ჯერ კიდევ ხელს აწერდა? ამაზე ნავალნის პასუხი ჩვენ არ მოგვისმენია. თუმცა გვაქვს მისი უახლოესი გარემოცვის წევრის, ვლადიმირ მილოვის კომენტარი. ეს სიტყვები მან არაერთ ინტერვიუში გაიმეორა, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტთან საუბარში, 2020 წლის 9 ოქტომბერს. მილოვის თქმით, ის, ისევე როგორც ალექსეი ნავალნი, მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა მისი აღდგენის ძალისმიერ გზას არ ემხრობიან. მისივე თქმით, განვითარებული მოვლენებიდან უკვე მრავალი წელი გავიდა, მას და ნავალნის ამ საკითხზე ბევრი უკამათიათ და, საბოლოოდ, ამ უკანასკნელის პოზიცია შეიცვალა - მისთვის პოსტსაბჭოთა სივრცის საზღვრების გადახედვა მიუღებელია.

როგორც ზემოთაც აღვნიშნე, მილოვი ნავალნის ახლო გარემოცვის წევრია და მასთან შეუთანხმებლად მსგავს განცხადებას (თანაც არაერთხელ) ვერ გააკეთებდა. იმედია, მალე თავადაც გვეტყვის, მინიმუმ იმ ფორმით, როგორც გვითხა, რომ ქართველების მიმართ არაეთიკური ეპითეტის გამოყენებას ნანობს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც აუცილებლად უნდა შევეხო, ნავალნის თაობაზე არსებული კონსპირაციული თეორიებია. ერთნი დარწმუნებულნი არიან, რომ ნავალნი დასავლეთის აგენტია, სხვებს სჯერათ, რომ ის პუტინის მემკვიდრეა და ხელისუფლებაში მოსასვლელად ნიადაგს უმზადებენ.

განსაკუთრებული ვნებათაღელვა ცოტა ხნის წინ გამოსულმა ნავალნის ფილმმა გამოიწვია. 2-საათიან ფილმში, რომელიც თამამად შეიძლება შევაფასოთ ჟურნალისტური გამოძიების შედევრად, ავტორმა გვანახა პუტინის რეალური ცხოვრების წესი, რომელიც შორსაა იმ მითისგან, რომ რუსეთის "უკანასკნელი იმპერატორი" ასკეტური ცხოვრების წესით ცხოვრობს და პირადი კეთილდღეობა არ ადარდებს. ნავალნის ფილმში ვიხილეთ მთლიანად გაშიფრული პუტინის გარემოცვა, რომლის ისტორია დრეზდენში, პუტინის შპიონური წარსულიდან და ანატოლი სობჩაკის პერიოდის პეტერბურგის მერიიდან იწყება; ვიხილეთ სასახლე, რომლის თავზეც დახურული საფრენი ზონაა, რომელშიც არის თეატრი, კაზინო, ექსკლუზიური ავეჯი და - ჰოკეის მიწისქვეშა მოედანიც კი; ვიხილეთ ვენახები და ღვინის ქარხნები, ოქროს უნიტაზები და ზღვარგადასული ფუფუნების სხვა მრავალი ელემენტი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ჟურნალისტურმა გამოძიებამ საპროტესტო მუხტი კიდევ უფრო გააძლიერა და ტემპერატურა ძალიან მაღლა აწია.

თუმცა ფილმმა გააჩინა კითხვებიც: როგორ შეძლო ნავალნის დრონმა დახურულ საჰაერო სივრცეში შეღწევა და სასახლის გადაღება? საიდან მოიძია ფინანსები ძვირადღირებული 3D მოდელისთვის? რა ადამიანური რესურსი დაიხარჯა ამ მასშტაბის გამოძიებაზე და ა.შ.

"დასავლეთის აგენტი" ნავალნი თავისი "პატრონების" დახმარებით ამ ყველაფრისთვის ფულს, ალბათ, იშოვიდა, მაგრამ ძნელად თუ შეძლებდა იმ სასახლეში შეღწევას, სადაც "უნებართვოდ ჩიტი ვერ შეფრინდება". ის, რომ ნავალნის დასავლეთის მორალური მხარდაჭერა აქვს, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ იგი დასავლეთის პროექტია.

მეორე ვერსიით, პუტინი წასასვლელად ემზადება, ხალხს ცვლილებების ილუზიას უქმნის და თავის შემცვლელად სწორედ ნავალნის ამზადებს. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ იგი რუსულ კანონმდებლობაში იმგვარ ცვლილებებს ამზადებს, რომლითაც ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის სამართლებრივი დევნა ვერ მოხდება. თუ ეს ვერსია სწორია, მაშინ ზემოთ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა რთული არაა. ფინანსური თუ ადამიანური რესურსები, ან დახურულ საჰაერო სივრცეში შეღწევა სრულიად შესაძლებელი ხდება. თუმცა აქ ისმის კიდევ ერთი კითხვა: რატომ უნდა უნდოდეს პუტინს, წავიდეს აბსოლუტურად დისკრედიტებული? შეიძლება დავუშვათ, რომ იგი წასასვლელად მართლა ემზადება, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ განხორციელებული კონსტიტუციური ცვლილებები ამ ვერსიის ლოგიკურობას გამორიცხავს, მაგრამ წავიდეს აბსოლუტურად დისკრედიტებული - ეს ყველა ლოგიკას მოკლებულია.

კიდევ ერთი ვერსიით, ნავალნის თავის მემკვიდრედ ამზადებს არა თავად პუტინი, არამედ - სისტემა. ეს კითხვა "პუტინის რუსეთთან" მიმართებაში საკმაოდ ხშირად ისმის. სისტემამ შექმნა პუტინი, მართლაც ვიფიქროთ, რომ სისტემამ მისი ჩანაცვლება განიზრახა, თუმცა მაინც ძნელი დასაჯერებელია შემცვლელს "გარეთ" ეძებდეს.

ყველა აქ ჩამოთვლილი მხოლოდ ვერსიაა და საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო, უბრალო, კონსპირაციულ თეორიად რჩება.

კონსპირაციული თეორიების მოყვარულებს იმის დაჯერებაც უჭირთ, რომ "ყოვლისშემძლე" რუსულმა სპეცსამსახურებმა ნავალნი საწამლავით ვერ მოკლეს. არადა, ძალიან ადვილია გადახედო წარსულს და დაინახავ, რომ ასეთი რამ პირველად არ ხდება: 2004 წელს ანა პოლიტკოვსკაია მოწამლეს, ნავალნის მსგავსად - თვითმფრინავში, მაგრამ გადარჩა; 2006 წელს პოლიტკოვსკაიას მოსაკლავად გასროლა გახდა საჭირო; პირველად ნავალნი 2017 წელს მოწამლეს, რის შედეგადაც მან ცალ თვალში მხედველობის 80 პროცენტი დაკარგა; 2018 წელს სერგეი და იულია სკრიპალები მოწამლეს, მაგრამ გადარჩნენ.

კონსპირაციული თეორიების მიღმა არსებობს რეალობა. ამ რეალობაში რუსეთში რეჟიმისადმი საპროტესტო მუხტი იზრდება, ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება, ვინც ქუჩაში გამოსვლას ბედავს, იჭერენ, იჭერენ ოპოზიციის ერთადერთ ლიდერსაც.

ასეთ რეალობაში ნავალნის მიმართ სიმპატიები რუსეთშიც და დასავლეთშიც იზრდება, თუმცა წარმატების მისაღწევად მას მხარდაჭერა სჭირდება. ცხადია, რომ მისი მხარდაჭერა მზარდია, მაგრამ ზუსტად რამდენი, ამის თქმა თითქმის შეუძლებელია. 2013 წელს მოსკოვის მერის არჩევნებში ნავალნიმ ამომრჩეველთა ხმების 27 პროცენტი მიიღო. არჩევნებმა აჩვენა, რომ მისი ამომრჩევლები, ძირითადად, მოსკოვის ცენტრსა და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში იყვნენ კონცენტრირებულნი, ყველაზე მაღალშემოსავლიან და განათლების მაღალი დონით გამორჩეულ უბნებში. ამის შემდეგ ნავალნის არჩევნებში მონაწილეობის საშუალება აღარ მისცეს. 7 წლის შემდეგ ამ მონაცემის განზოგადება შეუძლებელია, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბოლო პერიოდის ტენდენციის გათვალისწინებით, მისი მხარდამჭერების რაოდენობა იზრდება და ისინი, ძირითადად, საშუალო კლასის წარმომადგენლები არიან, არა მხოლოდ მოსკოვის, არამედ - მთელი რუსეთის მასშტაბით, მინიმუმ დიდ ქალაქებში, რადგან საპროტესტო ტალღას ვხედავთ ყველგან, პეტერბურგიდან ვლადივასტოკამდე.

ნავალნი კრემლში, ჯერჯერობით მხოლოდ სურვილი შეიძლება იყოს. დაბეჯითებით იმის მტკიცება, რომ ის ხელისუფლებაში მოსვლას შეძლებს, არ ღირს. თუმცა დავუშვათ, რომ ეს მოხდა. მაშინ რას უნდა ველოდოთ მისგან?

ნავალნის აქტიურობის ძირითადი ხაზი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება. მისი ვიდეობლოგები და ჟურნალისტური გამოძიებები, ძირითადად, ამ თემას ეხება. ნავალნი პუტინს ადანაშაულებს ქვეყნის გაღარიბებასა და ქვეყნის რესურსების სრულად მითვისებაში. ნავალნი აკრიტიკებს ე.წ. დოტაციის პოლიტიკასაც, რომლის დამსახურებითაც ფედერალური ბიუჯეტიდან სოლიდური ფინანსური რესურსები გაედინება ჩრდილოეთ კავკასიაში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ყირიმში და შემდეგ - უკვალოდ ქრება.

ხელისუფლებაში მოსული ნავალნის ძირითადი ამოცანა სწორედ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ კუთხით სისტემის გაჯანსაღება (რამდენადაც ეს შესაძლებელია), ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება და დასავლური სანქციებისგან გათავისუფლება უნდა იყოს. ცხადია, ამ ყველაფერს დიდი დრო და დიდი რესურსები დასჭირდება. შესაბამისად, ნავალნის ნაკლებად ეცლება ექსპანსიური პოლიტიკის გასაძლიერებლად. ცხადია, ძნელი წარმოსადგენია, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლა ავტომატურად გამოიწვევს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების დაფინანსების შეწყვეტას, დანახარჯების დაზოგვის მიზნით, საქართველოდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. დიდი სურვილის ქონის შემთხვევაშიც კი (და ეს სურვილი რამდენად არსებობს, ჯერჯერობით ბოლომდე არ ვიცით), ნავალნის პუტინის მძიმე მემკვიდრეობის მიღება მოუწევს.

ნავალნის, ქვეყნის გაჯანსაღების პარალელურად, მოუწევს დასავლეთთან ურთიერთობების გამოსწორება და ეს მხოლოდ სანქციების თემას არ ეხება. ქვეყნის შიგნით რეალური შედეგის მისაღწევად ეს მისთვის სასიცოცხლო ამოცანა უნდა იყოს. მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ კრემლში არა მხოლოდ ადამიანი, არამედ აზროვნების წესი იცვლება.

მაგრამ ამ გადასახედიდან სხვა ლოგიკა არ არსებობს. უნდა ვგულშემატკივრობდეთ თუ არა ნავალნის? ცალსახად - დიახ! პირველ რიგში იმიტომ, რომ ნავალნი ნიშნავს ცვლილებებს, ცვლილებები კი ყოველთვის შანსია, მით უმეტეს - რუსეთში და მით უმეტეს - ჩვენთვის. ამ ვითარებაში ჩვენ ბევრი არაფერი შეგვიძლია, გარდა იმისა, რომ გვქონდეს რუსეთში რეალური ცვლილებების შესაძლებლობის იმედი, იმედი იმისა, რომ სწორედ ნავალნი იქნება ამ რეალური ცვლილებების შემოქმედი, როგორც საკუთრივ რუსეთისთვის, ისე - კრემლის მიერ ჩაგრული ერებისთვის, რადგან მის გარდა ჰორიზონტზე სხვა პოტენციური ალტერნატივა, უბრალოდ, არ ჩანს.

დავით ბრაგვაძე

საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს