საბჭოთა ოკუპაციის ქრონიკა - რა და როგორ მოხდა 100 წლის წინ - კვირის პალიტრა

საბჭოთა ოკუპაციის ქრონიკა - რა და როგორ მოხდა 100 წლის წინ

2021 წლის თებერვალში 100 წელი შესრულდა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან. ეს ოკუპაცია შესაძლოა, უფრო ადრეც მომხდარიყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო კრემლს ამის საშუალება არ ეძლეოდა. 1918-1919 წლებში დენიკინთან და რუსეთის თეთრი მოძრაობის სხვა გენერლებთან სამოქალაქო ომში ჩართულ კრემლს საქართველოსთვის არ ეცალა და მხოლოდ ადგილობრივი ბოლშევიკების ხელშეწყობით კმაყოფილდებოდა. საქართველოში კი ბოლშევიკებს მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი უჭერდა მხარს და მათი აჯანყებებიც უშედეგო და წარუმატებელი იყო. საბჭოთა რუსეთის ზეწოლა საქართველოზე 1920 წლის დასაწყისიდან გაძლიერდა. წითლებმა ამ დროს დენიკინი დაამარცხეს და ჩრდილო კავკასია დაიკავეს. 1920 წლის 17 მარტს ლენინმა უკვე აზერბაიჯანის ოკუაპაციის მოსამზადებელი დირექტივა გასცა და იქვე აღნიშნა, რომ იგივე ეხებოდა საქართველოსაც, ოღონდ ამ უკანასკნელთან მიმართებაში უფრო ფრთხილად უნდა ყოფილიყვნენ.

1920 წლის 28 აპრილს წითელი არმია ბაქოში შევიდა, სამი დღის შემდეგ კი წითელი ხიდიდან საქართველოზე შეტევა სცადა. ამის პარალელურად, კრემლი კომპარტიის კავკასიის სამხარეო კომიტეტის საშუალებით ქვეყნის შიგნიდან აფეთქებას ცდილობდა, თუმცა -  წარუმატებლად. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა რუსული არმიის შეტევა მოიგერია და ადგილობრივი ბოლშევიკების მცირე მასშტაბის აჯანყება იოლად ჩაახშო. რუსეთს ამ დროს პრობლემა შეექმნა ყირიმშიც და დასავლეთის ფრონტზე, პოლონეთთან. ამას თან დაერთო დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის - ლორდ ჯორჯ კერზონის ნოტა, რომელიც მოსკოვს კავკასიასა და ყირიმში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებისკენ მოუწოდებდა. 1920 წლის 7 მაისს რუსეთსა და საქართველოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო, რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა და საზღვრები ცნო, სანაცვლოდ კი საქართველოში კომპარტიის ლეგალიზაციის უფლება მიიღო. დაპატიმრებული ბოლშევიკები ციხეებიდან გამოუშვეს, კრემლი ფსონს მათზე დებდა და მათი ხელით აპირებდა საქართველოს ხელში ჩაგდებას. კრემლის ეს გეგმა ჩაიშალა, ციხეებიდან გამოსულმა ბოლშევკებმა მოსახლეობის მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს. ამ ადამიანების უმრავლესობა 1920 წლის ბოლომდე ისევ ციხეებში შეაბრუნეს კონკრეტული დანაშაულების - ზოგი ჯაშუშობის, ზოგი დივერსიის და ა.შ. გამო.

მოსკოვში დარწმუნდნენ, რომ საქართველოს ხელში ჩაგდების მხოლოდ ერთი გზა ჰქონდათ დარჩენილი - სამხედრო ინტერვენცია, რაც განახორციელეს კიდეც. 1921 წლის 26 იანვარს, იმ დროს, როდესაც ანტანტის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიდმა სახელმწიფოებმა (საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია და ა.შ) საქართველო დე იურე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ სცნეს, კრემლში კავკასიის ფრონტს დირექტივა მისცეს, თუ საჭირო იქნებოდა, მომზადებულიყვნენ საქართველოსთან ომისათვის. 6 თებერვალს საქართველოში დე იურე აღიარებას ზეიმობდნენ, კავკასიის ფრონტზე კი შეიქმნა თბილისის მიმართულების საბრძოლო დაჯგუფება, რომლის მიზანსაც თბილისის აღება წარმოადგენდა. 8 თებერვალს კრემლიდან ბრძანება გაიცა, რუსული ჯარის ქვედანაყოფებს და მათ მიერ მომზადებულ სომეხ დივერსანტებს 11-12 თებერვალს დაერტყათ საქართველოსა და სომხეთს შორის სადავო, ნეიტრალური ბორჩალოს მაზრაში მდგარი ქართული ჯარისთვის. მათი შეტევა წარმატებული გამოდგა, რის შემდეგაც მოსკოვში 14-15 თებერვალს საბოლოოდ გადაწყდა რუსული ჯარის უკვე ღია ინტერვენცია საქართველოში. 16 თებერვალს რუსული ჯარები აზერბაიჯანის მხრიდანაც შემოიჭრნენ საქართველოში, შემდეგ დღეებში კი -  ჩრდილო კავკასიიდან და სოჭის ოლქიდანაც. ომი მთლიანობაში ხუთი კვირის განმავლობაში გაგრძელდა და მიუხედავად ცალკეულ ბრძოლებში გამარჯვებისა, ქართული სახელმწიფო და მისი შეიარაღებული ძალები საბჭოთა რუსეთთან ომში დამარცხდა და დამოუკიდებლობა დაკარგა. ქართველი ხალხის მიერ არჩეული უზენაესი ორგანოს, დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილებით, მთავრობა ემიგრაციაში წავიდა, რათა იქიდან გაეგრძელებინა ბრძოლა.

როგორ წარმოაჩენდნენ?

საბჭოთა პროპაგანდა ისტორიაში რუსეთ-საქართველოს ომის არსებობას საერთოდ არ აღიარებდა. კრემლის ოფიციალური ნარატივის მიხედვით, რუსული წითელი არმია მხოლოდ ქართველი ერის ნების გამომხატველი და მისი დამხმარე იყო. თითქოს საქართველოში მოხდა აჯანყება და ქართველი ხალხის თხოვნით შემოსულმა რუსულმა არმიამ ქართველებს "საძულველი" მთავრობის მოშორებაში გადამწყვეტი დახმარება გაუწია. ეს პროპაგანდა იმდენად მძლავრი იყო, რომ თავად წითელარმიელებსაც კი სჯეროდათ. მწერალი გერონტი ქიქოძე თვითმხილვევლი გახდა საინტერესო ამბისა - 25 თებერვალს რუსი ცხენოსანი წითელარმიელების მცირე რაზმი ახალგაზრდა ოფიცრის მეთაურობით თავისუფლების მოედნისკენ მიემართებოდა, როდესაც მათ ხნიერი ქალი ჩაუვარდათ ფეხებში და შესჩივლა ქართველები რუსებს გვჩაგრავდნენო. ახალგარდა ოფიცერმა მას მათრახის ტარი მოუღერა და პროვოკატორი უწოდა, ხოლო ქალაქის თვითმართველობის შენობასთან ცხენი შეაჩერა და შესძახა - გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! მსგავსი ამბის მოწმე გახდა ომის დასრულების პირველ დღეებში სოციალ-დემოკრატი ნიკოლოზ ჭუმბურიძე. ის იხსენებდა, რომ ომის შემდეგ, უკვე მშვიდობიან ვითარებაში, რკინიგზის სადგურებზე წითელარმიელები და ქართველი ჯარისკაცები კამათობდნენ - "წითელარმიელები ჩვენებს უმტკიცებდნენ, ჩვენ თქვენს გასათავისუფლებლად მოვედითო. ჩვენები ამით შეურაცხყოფილად გრძნობდნენ თავს და თავისი დამტვრეული რუსულით "ბდღვირს" ადენდნენ რუსებს."

სინამდვილეში კი, საქართველოში არც არავინ აჯანყებულა და რუსული არმიის შემოყვანა არ მოუთხოვია. საქართველოს რევკომი, იგივე შულავერის კომიტეტი, სრული ფარსი გახლდათ. 16 თებერვალს კი, ღია სამხედრო ინტერვენციის დაწყებიდან რამდენიმე საათში, კავბიუროს მითითებით დაბა შულავერში შეიქმნა საქართველოს რევოლუციური კომიტეტი. კომიტეტმა "აჯანყებული" ქართველი მშრომელების დასახმარებლად მოსკოვს დახმარება სთხოვა. მოსკოვს კი საქართველოში ინტერვენცია არაოფიციალურად 5 დღით ადრე ჰქონდა დაწყებული, ღია ფორმით კი - იმავე დღის დილით. კომიტეტის წევრები იყვნენ ქართველი ბოლშევიკები: ფილიპე მახარაძე, ბუდუ მდივანი, ბესარიონ კვირკველია, მამია ორახელაშვილი, ამაიკ ნაზარეტიანი, შალვა ელიავა, ალექსანდრე გეგეჭკორი და სხვ. რევოლუციურ კომიტეტს თავმჯდომარეობდა ფილიპე მახარაძე, რომელიც იმ დროს სულაც არ იყო შულავერში და მოსკოვში იმყოფებოდა. ხოლო მეორე მნიშვნელოვანი წევრი - ბუდუ მდივანი კი საბჭოთა რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენელი იყო ანკარაში. ეს რევკომი რომ ფიქცია იყო, ქართველი ხალხის ინტერესებს არ გამოხატავდა და უცხო სახელმწიფოს მიერ იყო შექმნილი, იქიდანაც სჩანს, რომ როდესაც 17 თებერვალს იოსებ სტალინი მის შემადგენლობას გაეცნო, კავბიუროს ხელმძღვანელ სერგო ოროჯონიკიძეს მის შემადგენლობაში კორექტივების შეტანას ურჩევდა. სტალინის აზრით, რევკომის წევრთა სიას უნდა მიმატებოდა: არაქელა ოქუაშვილი, გიორგი ელისაბედაშვილი, მიხა ცხაკაია, ვინმე "თათართაგან" და, აგრეთვე - ფედერალისტებისგან. რევკომის თავმჯდომარე ფილიპე მახარაძე საქართველოს ოკუპაციიდან 9 თვის შემდეგ კი რუსეთის კომპარტიის ცეკასადმი წარდგენილ საიდუმლო მოხსენებაში პირდაპირ ამბობდა, რომ როდესაც წითელი ჯარის შეტევა დაიწყო, საქართველოში ამ შეტევის მიზანსა და განზრახვაზე კომპარტიის არცერთმა წევრმა არაფერი იცოდა.

რა დავკარგეთ?

პირველ რიგში, დავკარგეთ დამოუკიდებელი სახელწმიფო. საბჭოთა საქართველო და მისი სახელმწიფოებრიობა მხოლოდ ფიქცია გახლდათ. საბჭოთა საქართველოს სათავეში იყვნენ ის პარტიული პირები, რომლებიც პარტიული ხაზით კრემლს ემორჩილებოდნენ, საბჭოეთში კი პარტია თვით სახელმწიფო იყო. მაგალითისთვის, პარტიის გენერალური მდივანი იოსებ სტალინი პარტიის ხელმძღვანელი 1922 წლიდან იყო, სახელმწიფოს მეთაური კი - 1941 წლიდან, ამის მიუხედავად, არავის გასჩენია კითხვა, თუ ვინ იყო პირველი კაცი საბჭოთა კავშირში 1922-1941 წლებში, პარტიის გენერალური მდივანი თუ სახკომსაბჭოს თავმჯდომარე. საბჭოთა საქართველოს მმართველი პირები კი მხოლოდ ამ პარტიის ელიტას მიახლოებული ადამიანები იყვნენ და უმნიშვნელო საკითხების გარდა, დამოუკიდებლად ვერაფერს წყვეტდნენ.

დავკარგეთ ტერიტორიები ყველა მეზობელი ქვეყნის სასარგებლოდ; დავკარგეთ თავისუფალი და დემოკრატიული განვითარების გზა. თუ დემოკრატიულ რესპუბლიკაში დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილეს, ალექსანდრე ლომთათიძეს შეეძლო ეთქვა, რომ არჩევნების დამატებით ტურში მეტი ოპოზიციური დეპუტატის შესვლას ისურვებდა საკანონმდებლო ორგანოში, საბჭოთა საქართველოში ერთი პარტიის გარდა, სხვა პარტიის შექმნაზე ფიქრიც კი სასიკვდილო დანაშაულად ჩაითვლებოდა. თუ დამოუკიდებელ საქართველოში პარლამენტი და პრესა განსხვავებული პოლიტიკური, იდეოლოგიური თუ სოციალური შეხედულებების ჭიდილის არენას წარმოადგენდა, საბჭოეთში ასეთი ჭიდილი დანაშაული გახლდათ.

დამოუკიდებელ საქართველოში ინიციატივას მიესალმებოდნენ, საბჭოთაში კი, ინიციატივა მეტად საშიში რამ იყო. დამოუკიდებელ საქართველოში სახელმწიფო ზრუნავდა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაზე, საბჭოთაში კი მოქალაქეებს მხოლოდ დიდი სისტემის ჭანჭიკები წარმოადგენდნენ. დამოუკიდებელ საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელი იყო, საბჭოთაში კი წამების შედეგად მიღებული აღიარებითი ჩვენება უმაღლეს მტკიცებულებას წარმოადგენდა. საბჭოთა რეჟიმის ყველა მანკიერებისგან დღევანდელი საქართველო ჯერ კიდევ არ გათავისუფლებულა.

ისტორია არის ის, რაც მოხდა, თუმცა ყოველთვის გვაინტერესებს, როგორი იქნებოდა ალტერნატიული მომავალი. იგივე კითხვა ყოველთვის გვიჩნდება საქართველოს პირველ რესპუბლიკასთან მიმართებაში. ამ კითხვაზე თავის დროზე საინტერესო პასუხი გასცა ცნობილმა მეცნიერმა და იმავდროულად, პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ ექვთიმე თაყაიშვილმა. 1934 წელს ის წერდა: "ჩვენი თავისუფლება მართალია, ხანმოკლე იყო, მაგრამ ამ მოკლე დროშიც ბევრი თვალსაჩინო საქმეები გაკეთდა. ჩვენმა სამღვდელოებამ დაიბრუნა ავტოკეფალია, შევძელით დაგვეარსებია ქართული უნივერსიტეტი და ჯეროვანად მოგვეწყო მასში უმაღლესი განათლება. დაარსდა აუარებელი გიმნაზიები და სხვა სკოლები და სწავლის მიღების საქმე მკვიდრ ნიადაგზე დამყარდა, დაარსდა სენატი და მოეწყო სახალხო სუდი და სხვა. მე აღარ გავაგრძელებ სხვა თვალსაჩინო საქმეების აღნუსხვას, ვიტყვი მხოლოდ, რომ წარმატება აშკარა იყო და რომ უხეშ ძალას ანექსია არ მოეხდინა, საქართველო დღეს ერთი სამაგალითო პატარა სახელმწიფო იქნებოდა."

დიმიტრი სილაქაძე,

საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტისთვის

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს