7 წელი ყირიმის ოკუპაციიდან - კვირის პალიტრა

7 წელი ყირიმის ოკუპაციიდან

2013 წლის მიწურულს უკრაინის დედაქალაქი საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მიზეზი ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა და ევრაზიულ კავშირთან დაახლოების მცდელობა იყო. საპროტესტო აქციების შედეგად, რომელიც ისტორიაში ევრომაიდნის სახელით შევიდა, 2014 წლის 21 თებერვალს ვიქტორ იანუკოვიჩი რუსეთში გაიქცა.

პრორუსული და ანტიუკრაინული ხელისუფლების წინააღმდეგ უკრაინელი ხალხის გამოსვლები მოსკოვში მტკივნეულად მიიღეს, რასაც პასუხად ყირიმის ნახევარკუნძულის (მათ შორის - ქალაქ სევასტოპოლის) ოკუპაცია მოჰყვა. ფორმალურ საბაბად გამოიყენეს "რუსულენოვანი მოსახლეობის" დაცვის აუცილებლობა და "მწვანე კაცუნების" მეთვალყურეობით ჩატარებული "რეფერენდუმი", რომლის შედეგადაც ყირიმის მოსახლეობამ "ხმა მისცა" რუსეთის ფედერაციასთან შეერთებას.

ყირიმის "რეფერენდუმი" საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევით ჩატარდა, ის მაშინვე უკანონოდ სცნო უკრაინულმა სასამართლომ და მას დღემდე უკანონოდ მიიჩნევს მთელი საერთაშორისო საზოგადოება.

ყირიმის ოკუპაცია, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, კრემლის რევიზიონისტული პოლიტიკის მორიგი გამოვლინება იყო, რომელიც მიზნად ისახავს ცივი ომის პერიოდის სულისკვეთებით გავლენის სფეროების შენარჩუნება/გაფართოებას და არღვევს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საერთაშორისო პოლიტიკაში დამკვიდრებულ პრინციპებს.

ყირიმის ოკუპაციამ, რომელსაც ნახევარკუნძულის რუსულენოვანი მოსახლეობის ნაწილი მართლაც უჭერდა მხარს, ამავე მოსახლეობისთვის მძიმე შედეგები მოიტანა. გასული 7 წლის მანძილზე არ გაუმჯობესებულა ნახევარკუნძულის მცხოვრებთა ეკონომიკური მდგომარეობა. დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება მოსახლეობის წყალმომარაგება და სხვა საყოფაცხოვრებო საკითხები. ყირიმში გაცემულ რუსულ პასპორტებს არ ცნობს მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა, რაც მის მაცხოვრებლებს თავისუფალი გადაადგილების პრობლემას უქმნის.

მძიმე ვითარებაა ყირიმში დარჩენილი უკრაინული მოსახლეობისა და ყირიმელი თათრების უფლებრივი მდგომარეობის კუთხით. ისინი, ვინც ოკუპაციის შემდეგ ნახევარკუნძულზე დარჩნენ, ვერ სარგებლობენ ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით.

ყირიმის ოკუპაციის გამო, რუსეთის ფედერაციას ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა დაუწესეს ეკონომიკური სანქციები, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ რუსულ ეკონომიკას კიდევ უფრო ასუსტებს. ამავე დროს, თავად ნახევარკუნძული რუსეთის ბიუჯეტის დამატებით ტვირთად იქცა და მოსკოვს კიდევ ერთი დოტაციური რეგიონი დაემატა. ეს ყველაფერი მძიმედ აისახება რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციის გარდა, რუსეთის ფედერაციამ ომი გააჩაღა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში, რომელიც 2014 წლის 6 აპრილიდან დღემდე გრძელდება. დონბასის ომს შეეწირა 4500 უკრაინელი ჯარისკაცისა და 5670 სეპარატისტის სიცოცხლე, მათ შორის 500 - რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელია; სხვადასხვა მონაცემებით, მოკლული იქნა 3500-მდე სამოქალაქო პირი; დევნილად იქცა 1 500 000 უკრაინელი. დონბასში განვითარებულ მოვლენებზე კრემლი პასუხისმგებლობას დღემდე არ იღებს.

ყირიმის ნახევარკუნძულის (მათ შორის-  ქალაქ სევასტოპოლის) ოკუპაციისა და დონბასის ომის გაჩაღების შედეგად, რუსეთმა სოლიდური ეკონომიკური ზარალის მიღების პარალელურად, დაკარგა გავლენა და ზეწოლის ბერკეტები უკრაინულ შიდა პოლიტიკაზე, რადგან 2014 წლის შემდეგ რუსულენოვანი მოსახლეობის სოლიდური ნაწილი ვეღარ მონაწილეობს უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში.

ისტორიის ეს მძიმე გაკვეთილი ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთი არ არის მზად მეზობელ ქვეყნებთან (ისევე, როგორც დანარჩენ მსოფლიოსთან) ცივილიზებული ურთიერთობებისთვის და თავისი სტრატეგიული მიზნების მიღწევას დიდი ხნის წინ დავიწყებული მეთოდების გამოყენებით ცდილობს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს