"ფოლადის რევოლუცია" - დალოცვა თუ წყევლა ფაშინიანისთვის?
23-06-2021
"ფოლადის რევოლუცია" - დალოცვა თუ წყევლა ფაშინიანისთვის?
20 ივნისს სომხეთის რესპუბლიკაში ვადამდელი საპარლამენტო არჩვენები გაიმართა. არაერთი ფაქტორის გამო, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა სომხეთის უახლეს ისტორიაში.

• 20 ივნისის საპარლამენტო არჩევნები იყო პირველი არჩევნები ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, სადაც სომხეთი დამარცხდა და ათწლეულების განმავლობაში მის სასარგებლოდ არსებული სტატუსკვო შეიცვალა.

• ეს იყო პირველი საპარლამენტო არჩევნები 2018 წლის შემდეგ, რომელიც პოსტრევოლუციურ პერიოდში ჩატარდა და რომლითაც სომხეთის "ხავერდოვანი რევოლუციის" შედეგები ოფიციალურად გაფორმდა. შესაბამისად, 20 ივნისი იყო მეორე შანსი
სომხეთისთვის, ჩაეტარებინა თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები.

• ეს არჩევნები გამორჩეული იყო იმითაც, რომ მასში მონაწილეობდა დამოუკიდებელი სომხეთის ყველა მმართველი: ყოფილი პრეზიდენტები ლევონ ტერ-პეტროსიანი, რობერტ ქოჩარიანი, სერჟ სარგსიანი და მოქმედი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

• არჩევნებს განსაკუთრებულ დრამატულობას სძენდა ის გარემოებაც, რომ მისი შედეგების წინასწარ პროგნოზირება რთული იყო, რადგან
არც ერთ ძალას მასში გამარჯვება გარანტირებული არ ჰქონია.

20 ივნისის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა ყარაბაღის მეორე ომის შედეგად ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად გახდა საჭირო. სომხეთის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა რუსეთის შუამავლობით გაფორმებული ხელშეკრულება კაპიტულაციად აღიქვა, რამაც ქვეყანა უმართავი პროცესების განვითარების საფრთხის წინაშე დააყენა.

ბევრი ვარაუდობდა, რომ ფაშინიანის მთავრობა ომის შემდგომი კრიზისის გადალახვას ვერ შეძლებდა და მშვიდობიანი რევოლუციის გზით მოსულ ხელისუფლებას, ემოციურ ნიადაგზე, ძალადობრივი რევოლუციით დაამხობდნენ. ამ ვარაუდის საფუძველს იძლეოდა, როგორც ერევნის ქუჩებში განვითარებული მოვლენები, ისე დაძაბულობა სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შორის, რაც, საბოლოო ჯამში, ფაშინიანის მიერ გენერალური შტაბის უფროსის - ონიკ გასპარიანის გათავისუფლებით დასრულდა.

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა სომხეთის ხელისუფლების მხრიდან ერთადერთი გონივრული გამოსავალი იყო, რომელმაც ქვეყანა მოვლენათა უკონტროლო განვითარებისგან იხსნა.

არჩევნები რთული იყო, როგორც სომხეთის მოქმედი ხელისუფლებისთვის, ისე - მისი ოპოზიციისთვის. ხელისუფლების უმთავრეს პრობლემას, ცხადია, ყარაბაღის მეორე ომის შედეგები წარმოადგენდა. სომხური საზოგადოებისთვის ომში დამარცხება დღემდე მოუშუშებელ იარად რჩება და ნაკლებად სავარაუდოა, მისი შედეგის დავიწყება უახლოეს მომავალში მოხერხდეს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ოპოზიცია, ძირითადად, სწორედ ამ საკითხზე აპელირებდა. თუმცა, ყარაბაღის გარდა, ფაშინიანისთვის დამატებით თავის ტკივილად უშუალოდ სომხეთ-აზერბაიჯანის შემდგომი ურთიერთობების საკითხიც იქცა. ომში გამარჯვების შემდეგ ბაქოს რიტორიკა სომხეთის და უშუალოდ ფაშინიანის მიმართ კიდევ უფრო ხისტი და რადიკალური გახდა. ამას დაემატა ტყვეთა გათავისუფლების გაჭიანურებული პრობლემა და უშუალოდ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე წარმოქმნილი სირთულეები.

მიმდინარე წლის მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 250-მა აზერბაიჯანელმა სამხედრომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარი გადალახა და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 3.5 კილომეტრის სიღრმეში შეიჭრა. მათ მიზანს სევ ლიჩის (სევის) ტბის (რომლის 80 % სომხეთს, ხოლო 20 % აზერბაიჯანს ეკუთვნის) თითქმის სრულად დაკავება წარმოადგენდა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ კრემლს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ფორმატში აზერბაიჯანთან კონსულტაციების დაწყებისკენ მოუწოდა.
ისედაც რთულ ვითარებაში, ომის შემდგომ და წინასაარჩევნო პერიოდში ფაშინიანის ხელისუფლებისთვის დამატებითი პრობლემების შექმნა აჩენდა ეჭვს, რომ აზერბაიჯანის მოქმედებები მოსკოვთან წინასწარ იყო შეთანხმებული და მიზნად ისახავდა ფაშინიანის ხელისუფლების პოზიციების რაც შეიძლება მეტად დასუსტებას.

სომხეთის მოქმედი ხელისუფლების პრობლემა მხოლოდ აზერბაიჯანთან წაგებულ ომს და შემდგომ წარმოქმნილ სირთულეებს არ უკავშირდებოდა. რევოლუციურმა ხელისუფლებამ მოსახლეობის ნდობის გამართლება ბევრ საკითხში ვერ შეძლო. მათ შორის, ვერ მოხერხდა ანტიკორუფციული რეფორმების საკმარისად სწრაფ ტემპში განხორციელება, სასამართლო რეფორმის ეფექტიანი გატარება, რასაც "კოვიდ-19"-ის პანდემიით გამოწვეული შედეგებიც დაემატა და რაც სომხეთის შემთხვევაში განსაკუთრებით მძიმე იყო.

ფაშინიანისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა რუსეთის ფაქტორიც. მიუხედავად იმისა, რომ მან კრემლისგან დისტანცირება მასთან ურთიერთობების გაუარესების გარეშე სცადა, 2020 წლის მიწურულს მიიღო მდგომარეობა, რის გამოც სომხეთი კიდევ უფრო მეტად აღმოჩნდა დამოკიდებული რუსეთზე. ამასთანავე, როგორც ზემოთ აღვნიშნე, რუსეთი მისთვის სირთულეების შექმნას აზერბაიჯანის დახმარებითაც შეეცადა.

მოქმედი ხელისუფლების წინაშე არსებული გამოწვევების მიუხედავად, არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში იყო ოპოზიციური ფლანგი, რომელსაც მოსახლეობისთვის, პრაქტიკულად, არაფერი ჰქონდა შესათავაზებელი. ქვეყნის სამი ყოფილი პრეზიდენტიდან ასაკში მყოფი ლევონ ტერ-პეტროსიანის (სომხეთის ეროვნული კონგრესის პარტია) პოზიციები ძალიან სუსტი იყო, სერჟ სარგსიანი (ალიანსი "მე მაქვს ღირსება") სულ ცოტა ხნის წინ რევოლუციის გზით ჩამოაშორეს ხელისუფლებას, რობერტ ქოჩარიანი (ალიანსი "სომხეთი") კი წლები პოლიტიკური პროცესების მიღმა იყო დარჩენილი. ამავე დროს, სარგსიანიც და ქოჩარიანიც განასახიერებდენ ძველ, კორუმპირებულ რეჟიმს. უკანასკნელის წინააღმდეგ კი ამ ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეც იყო აღძრული. კიდევ ერთი ძალა, რომელსაც ბარიერის გადალახვის იმედი ჰქონდა გაგიკ ცარუკიანის "აყვავებული სომხეთი" იყო.

ოპოზიციის ერთადერთი ხელჩასაჭიდი ყარაბაღის მეორე ომში სომხეთის დამარცხება იყო, თუმცა არავის წარმოუდგენია კონკრეტული ხედვა, როგორ შეიძლებოდა შექმნილი სტატუსკვოს შეცვლა. ამრიგად, ოპოზიცია "გაბრაზებული ხალხის" იმედად დარჩა, რომელიც ომში დამარცხებული ძალის ხელისუფლებაში დარჩენას არ დაუშვებდა.
ოპოზიციის პრობლემა იყო პოლარიზაციისა და ფრაგმენტაციის მაღალი ხარისხიც. მათ ვერ შეძლეს ფაშინიანის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის გაშლა, რისი მთავარი მიზეზიც ოპოზიციის ლიდერების პოლიტიკური წარსულია. მარტივად რომ ვთქვათ, მათ გაცილებით მეტად სძულთ ერთმანეთი, ვიდრე ყველას ერთად ფაშინიანი.
შექმნილ რეალობაში სომხეთის მოსახლეობა, ერთი შეხედვით, მარტივი, მაგრამ მაინც ურთულესი არჩევნის წინაშე იდგა: აერჩია კორუმპირებული წარსულის განსახიერებად ქცეული რომელიმე ლიდერი თუ აერჩია აწმყო, ნიკოლ ფაშინიანის სახით, რომელიც ომში დამარცხდა...

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით გამოიკვეთა, რომ ფაშინიანისთვის რეალური წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ ქოჩარიანის ალიანსს შეეძლო. 2021 წლის მარტიდან ივნისამდე ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის შვიდ კვლევაში, ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტს" ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მარტში ჰქონდა - 31 პროცენტი, მაშინ, როდესაც ქოჩარიანის შედეგი მხოლოდ 6 პროცენტი იყო. შემდგომ პერიოდში ეს რიცხვები ერთმანეთთან სულ უფრო ახლოვდებოდა და ივნისში ჩატარებული ბოლო გამოკითხვის შედეგებით 28.7 - 25.2-ის წინააღმდეგ იყო, ქოჩარიანის სასარგებლოდ.

სომხური საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტში მოსახვედრად პარტიამ 5-პროცენტიანი, ხოლო ბლოკმა - 7-პროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს. მთავრობის დასაკომპლექტებლად აუცილებელია "მყარი უმრავლესობა," რაც მანდატების 54 პროცენტს შეადგენს. სწორედ ამდენი ადგილი უნდა მოიპოვოს მთავრობის დასაკომპლექტებლად გამარჯვებულმა საარჩევნო სუბიექტმა ან არჩევნების შემდგომ შექმნილმა კოალიციამ. ამავე კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტში წარმოდგენილი უნდა იყოს მესამე ადგილზე გასული ძალა, მოუხედავად იმისა, გადალახა თუ არა მან დაწესებული ბარიერი. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებულ სუბიექტს მთავრობის დასაკომპლექტებლად მანდატები არ ეყო და სამთავრობო კოალიციაც ვერ ჩამოყალიბდა, ინიშნება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას საუკეთესო შედეგის მქონე ორი სუბიექტი იღებს.

არაერთი სირთულის მიუხედავად, ნიკოლ ფაშინიანმა 20 ივნისის არჩევნებში გამარჯვების მოპოვება შეძლო. მან ზუსტად იმდენი ხმა მიიღო, რაც საჭიროა მთავრობის ფორმირებისთვის - 54 პროცენტი. მეორე ადგილზე გასულმა ქოჩარიანის ბლოკმა ხმათა 21 პროცენტი მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის დაწესებული 7-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა, ეროვნულ ასამბლეაში 6 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი სერჟ სარგსიანის ალიანსიც.
მიუხედავად იმისა, რომ რობერტ ქოჩარიანი არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს, ძნელი წარმოსადგენია, ამან მწვავე პოლიტიკური კრიზისი შექმნას, რადგან არც საერთაშორისო საზოგადოების და არც სომხეთის მოქალაქეთა თვალში არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა არ დგას. შეიძლება ითქვას, რომ ამ არჩევნებთან დაკავშირებით იმთავითვე არსებობდა საერთო ეროვნული თანხმობა და მასში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას მყარი ლეგიტიმაცია ექნებოდა.

ნიკოლ ფაშინიანმა არჩევნებში გამარჯვებას "ფოლადის რევოლუცია" უწოდა და კანონის უზენაესობის დამყარების პირობა დადო. შემდეგ წლებში მისი ხელისუფლების უმთავრესი გამოწვევა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კანონის უზენაესობის დამყარება და ეკონომიკური პრობლემის დაძლევა იქნება. მან მოკლე დროში, ომში დამარცხებისა და სხვა მწვავე პრობლემების მიუხედავად, მეორედ მოიპოვა სომეხი ამომრჩევლის ნდობა, შესაბამისად, მის მიმართ მოლოდინები და მოთხოვნები არანაკლებ მაღალი იქნება, ვიდრე 2018 წლის არჩევნების შემდეგ.
გამარჯვების მიუხედავად, ფაშინიანს მოდუნების საშუალება არ ექნება. მან 20 ივნისს 16 პროცენტით და 16 მანდატით ნაკლები მიიღო, ვიდრე - 2018 წელს. მისი მთავარი ოპონენტი კი პარლამენტის, რვის ნაცვლად, 20-პროცენტიანი პრორუსული პოლიტიკური ძალა იქნება, რომელის ლიდერსაც პოლიტიკასა და ხელისუფლებაში ყოფნის დიდი გამოცდილება აქვს. სომეხი ანალიტიკოსების აზრით, ეს ფაქტორი მასზე მუდმივი ზეწოლის უმთავრეს ბერკეტად იქცევა კრემლისთვისაც.

არჩევნებში გამარჯვება ფაშინიანისთვის დალოცვაცაა და წყევლაც. მან შეძლო გადარჩენა, როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა და ხელისუფალმა, თუმცა ქვეყნის მართვა უმძიმეს პირობებში მოუწევს, რაც გულისხმობს, როგორც ყარაბაღში მეორე ომის შედეგებს, ისე - ხავერდოვანი რევოლუციის წინა პერიოდის დატოვებულ უმძიმეს მემკვიდრეობას, რომლის დაძლევაც მან ამ დრომდე ვერ მოახერხა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 წელს ფაშინიანს არჩევნებზე მისული მოქალაქეების 70 პროცენტმა მისცა ხმა, მისი იდეების, რევოლუციის რწმენით, ახლა კი - 54 პროცენტის სოლიდურმა ნაწილმა - უკეთესი არჩევნის არარსებობის გამო. ეს, ერთი მხრივ, სომხეთის მოქალაქეების მაღალ და მზარდ პოლიტიკურ კულტურაზე მიანიშნებს, რადგან მათ ასეთი რთული ემოციური ფონის პირობებში არჩევანი არ გააკეთეს წარსულის სასარგებლოდ. მეორე მხრივ, უდიდესი გამოწვევაა ფაშინიანისთვის, რადგან ამ მოქალაქეებს მის თითოეულ შეცდომაზე მკაცრი რეაქცია ექნებათ, მიღწევებს კი, შესაძლოა, ნაკლები აღფრთოვანებით შეხვდნენ.

დავით ბრაგვაძე
საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით