პიროვნების კულტი 2.0 - პუტინიზმის მარტივი ანატომია
პიროვნების კულტი 2.0 - პუტინიზმის მარტივი ანატომია
"ძვირფასო რუსეთის მოქალაქეებო, სულ ცოტა დრო დარჩა ჩვენი ისტორიის მაგიური თარიღის დადგომამდე. დგება 2000 წელი - ახალი საუკუნე, ახალი ათასწლეული. დღეს მე თქვენ უკანასკნელად მოგმართავთ, როგორც რუსეთის პრეზიდენტი. მე მივიღე გადაწყვეტილება ხანგრძლივი და მტანჯველი განსჯის შედეგად. დღეს, წარმავალი საუკუნის ბოლო დღეს, მე გადავდექი. მინდა, გთხოვოთ პატიება იმისთვის, რომ ბევრი ჩვენი საერთო ოცნება ვერ ახდა. ის, რაც ჩვენ გვეჩვენებოდა მარტივი, შესასრულებლად აღმოჩნდა მტანჯველად მძიმე. მინდა, გთხოვოთ პატიება, რადგან არ გავამართლე გარკვეული
იმედები იმ ადამიანებისა, რომლებსაც სჯეროდათ, რომ ჩვენ ერთი ნახტომით შევძლებდით ნაცრისფერი, სტაგნაციური ტოტალიტარული წარსულის გარდაქმნას ნათელ, მდიდარ, ცივილიზებულ მომავლად" - 1999 წლის 31 დეკემბრის ღამეს ამ სიტყვებით რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი თანამდებობიდან გადადგა და მართვის სადავეები პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს გადააბარა.

კვლევების თანახმად, გადადგომის მომენტში ბორის
ელცინის მოწონების რეიტინგი მხოლოდ 2 პროცენტი იყო. შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მის გადადგომას სიხარულით შეხვდა. ამავე დროს, არსებობდა რწმენა, რომ სწორედ პუტინი იქნებოდა ის ლიდერი, რომელიც რუსეთის ნათელ მომავალს მოიტანდა. ამ დროისთვის ვლადიმირ პუტინი 5 თვის დანიშნული იყო რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, დანიშვნიდან 2 კვირაში წამოწყებული ჰქონდა ჩეჩნეთის მეორე ომი, რომელიც პრეზიდენტის პოსტის ოფიციალურად დაკავებიდან 3 კვირაში დაასრულა.

სწორედ ჩეჩნეთის მეორე ომი იყო პუტინის მზარდი პოპულარობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რადგან მან 8 თვეში შეძლო ის, რაც პირველი ომის დროს, თითქმის 2 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა. ძირითადი პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება პუტინმა სწორედ პრემიერ-მინისტრობის მცირე ხნის მანძილზე შეძლო, თუმცა გარკვეული რეპუტაციის შექმნა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობისა და უშიშროების საბჭოს მდივნობის პერიოდშიც მოახერხა.

პუტინის გაპრეზიდენტებამ რუსეთის მოქალაქეებს ნათელი მომავლის რწმენა დაუბრუნა. თუმცა ეს "ნათელი მომავალი" ყველას ერთნაირად არ წარმოედგინა. ნაწილისთვის მნიშვნელოვანი იყო ეს მომავალი ნათელთან ერთად ცივილიზებულიც ყოფილიყო, რაც თავისთავად გულისხმობდა ტოტალიტარული წარსულის დაძლევას; ნაწილს კი ცივილურობა და დაძლეული ტოტალიტარიზმი დიდად არც აღელვებდა და მხოლოდ ნათელი და, ამავე დროს, მდიდარი მომავალი სჭირდებოდა. ახალგაზრდა პრეზიდენტმა სწორება სწორედ ამ უკანასკნელ გზაზე აიღო, რადგან, ელცინისგან განსხვავებით, მიაჩნდა, რომ "საბჭოთა კავშირის დანგრევა XX საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო".

პრეზიდენტის პოსტი ვლადიმირ პუტინმა 2000 წლის 7 მაისს დაიკავა, ტერმინი "პუტინიზმი" კი რუსულ პრესაში 2000 წლის 11 იანვარს გაჩნდა, მაშინ, როდესაც მას ქვეყნის მეთაურის მოვალეობის შესრულება რამდენიმე დღის დაწყებული ჰქონდა. ანდრეი პიონტკოვსკის მიერ გაზეთ "სოვეცკაია როსიაში" გამოქვეყნებულ სტატიაში "პუტინიზმი" განმარტებული იყო, როგორც "უმაღლესი და ფინალური სტადია ბანდიტური კაპიტალიზმისა... როდესაც უარყოფილია დემოკრატიული თავისუფლებები და ადამიანის უფლებები... ერის "კონსოლიდაცია" ხდება რომელიმე ეთნიკური ჯგუფის სიძულვილის გარშემო... იდევნება სიტყვის თავისუფლება და მიმდინარეობს მასებისთვის "ტვინის გამორეცხვის" პროცესი... რუსეთი იზოლირებულია გარესამყაროსგან და გრძელდება ეკონომიკური დეგრადაციის პროცესი".

პიონტკოვსკის შემდეგ "პუტინიზმის" ფენომენით არაერთი მკვლევარი დაინტერესდა. ამაზე გავლენა იქონია როგორც პუტინის ხანგრძლივმა, შეიძლება ითქვას, უსასრულო მმართველობამ, ისე - მისმა სპეციფიკურმა ხასიათმა.
პუტინიზმის მთავარ მახასიათებლებს შორის უპირველესი პიროვნების კულტია. არაერთი მკვლევრის აზრით, 21-ე საუკუნეში "პუტინიზმი" ისეთივე მნიშვნელობის ტერმინია, როგორიც მე-20 საუკუნეში "სტალინიზმი" იყო. პიროვნების კულტის განსამტკიცებლად პუტინის განდიდებაზე მუშაობს მთელი პოლიტიკური ელიტა, სახელმწიფოს ბიუროკრატიული მანქანა და კრემლის დაქვემდებარებაში მყოფი მედიასაშუალებები. პუტინი წარმოჩენილია "ეროვნულ გმირად", რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი რუსეთის "ფეხზე დაყენება" და მისთვის "ღირსების დაბრუნება" შეძლო. მისი განდიდების მცდელობა ხანდახან იქამდეც მიდის, რომ სახელმწიფოსა და პუტინის ტოლფას ცნებებად წარმოჩენა ხდება.

პიროვნების კულტის გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს პუტინის საგარეო პოლიტიკური მიდგომები. ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრემლის რევიზიონიზმი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეთანხმებული მსოფლიო წესრიგის გადახედვის მცდელობა და შოვინისტური ნაციონალიზმი. ასეთი დამოკიდებულება მთელ რიგ საკითხებში თავისუფალ სამყაროსთან მწვავე კონფრონტაციაზე წასვლასაც გულისხმობს, რის შედეგადაც რუსეთი ხშირ შემთხვევაში ზარალდება კიდეც, თუმცა ქვეყნის შიგნით ამის წარმოჩენა ადვილად ხერხდება სხვაგვარად. რუსეთი ზესახელმწიფოა და ის არაა ვალდებული, თავისი ქმედებები ვინმესთან შეათანხმოს. რევიზიონიზმისა და შოვინისტური ნაციონალიზმის ნათელი გამოხატულება იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, ისევე, როგორც ყირიმის ოკუპაცია და რუსეთის ფედერაციის სუბიექტად გამოცხადება. საზღვრების ურყეობის პრინციპის ხელყოფა და ტერიტორიული ექსპანსიონიზმი პუტინის რუსეთს განსაკუთრებით აგრესიულ ძალად ხდის, რომელიც ცივილიზებულ სამყაროში შეთანხმებულ თამაშის წესებს სრულად უგულებელყოფს. მეორე მხრივ, ასეთი პოლიტიკა განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს რუსეთის მოქალაქეების სოლიდურ ნაწილში და მათი "ძერჟავული" მისწრაფებების მთავარი საკვებია.

სწორედ ამიტომ, არაა გასაკვირი, რომ შიდა და საგარეო პოლიტიკაში "პუტინიზმი" აქტიურად ახდენს საბჭოთა წარსულის რომანტიზებას. პუტინიზმის პრიზმაში საბჭოთა კავშირი იყო უძლიერესი ზესახელმწიფო, რომელიც ქმნიდა ბალანსს ბიპოლარულ სამყაროში და წარმოადგენდა ღირსეულ მეტოქეს დასავლეთისთვის, პირველ რიგში კი - ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. გარდა ამისა, საბჭოთა კავშირში ხალხი ბედნიერად ცხოვრობდა, თანაც ისე, რომ მათ საერთოდ არ აღელვებდათ სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და სხვა დემოკრატიული იდეალები. ელცინის მმართველობის პირობებში რუსეთი დასუსტდა. ის ვეღარ ახერხებდა დასავლეთისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევას, პუტინმა კი ეს სურათი რადიკალურად შეცვალა. დღეს რუსეთი ანგარიშგასაწევი ძალაა, რომელიც ახალ რეალობას ქმნის და ამ მხრივ საბჭოთა კავშირის ღირსეული სამართალმემკვიდრეა. პუტინი ცდილობს, "XX საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა" ნაწილობრივ მაინც გამოასწოროს.

პიროვნების კულტი თავისთავად გულისხმობს ძალაუფლების ერთი ადამიანის ხელში კონცენტრაციას. პუტინის მმართველობის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელი სწორედ ძალაუფლების სრული უზურპაციაა, სადაც პრეზიდენტი ყველაფერია, სახელმწიფო ინსტიტუტები კი - პრაქტიკულად არ არსებობს. რუსეთის ფედერაციის მთავრობა სუსტი და უუფლებოა, პარლამენტი კი - მარიონეტული. 2008 წელს პუტინს პრეზიდენტობის მეორე ოთხწლიანი ვადა ამოეწურა. მაშინ მან პრემიერ-მინისტრის სავარძელში გადაინაცვლა და ქვეყნის მართვა იქიდან განაგრძო. პარალელურად, მისი ძალაუფლების გაძლიერების მიზნით, მიიღეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის შედეგადაც პრეზიდენტის არჩევის ვადად ოთხის ნაცვლად ექვსი წელი განისაზღვრა, თუმცა ძალაში დარჩა შეზღუდვა ზედიზედ ორჯერ არჩევის შესახებ. 2012 წელს პუტინი მესამე ვადით აირჩიეს, 2018 წელს კი - მეოთხე ვადით, რის შემდეგაც "ზედიზედ" ორჯერ არჩევის ლიმიტი ისევ ამოეწურა და 2024 წლისთვის ახალი გამოსავლის პოვნა გახდა საჭირო.

რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებების ახალ პაკეტზე დაიწყო მუშაობა. ბევრი ექსპერტი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ პუტინი პრეზიდენტის სავარძელს აღარ დაიკავებდა და ქვეყნის მართვას სხვა პოზიციიდან გააგრძელებდა, რისი გამოცდილებაც მას უკვე ჰქონდა 2008-2012 წლებში, თუმცა პროცესები მოლოდინის საწინააღმდეგოდ განვითარდა. პუტინმა აღარ ისურვა თუნდაც დროებით და ფორმალურად უმაღლესი სავარძლის სხვისთვის გადაბარება და სრულიად ახლებური მიდგომა შეიმუშავა. 2024 წელს რუსეთის მოქალაქეებს კვლავ შეეძლებათ პუტინის არჩევა, თუმცა ეს ზედიზედ მესამე არჩევა არ იქნება, რადგან მისი წინა ვადები უბრალოდ "განულდა". გამოდის, რომ 2024 წლისთვის რუსები პუტინს ისე აირჩევენ, თითქოს აქამდე არასოდეს აურჩევიათ. ამ გზით ვლადიმირ ვლადიმეროვიჩმა თავისი ძალაუფლება 2036 წლამდე გაიხანგრძლივა. მანამდე კი საფიქრალად ბევრი დრო აქვს და ახლა ყველა დარწმუნებულია, რომ ძალაუფლების შენარჩუნების გზას აუცილებლად იპოვის.

მუდმივი საკონსტიტუციო ცვლილებების, ვადების გაზრდისა და განულების პარალელურად, ძალაუფლების პუტინის ხელში კონცენტრაციაზე მისი მთავრობის მიმართ დამოკიდებულებაც მიუთითებს. 1999-2008 წლებში პუტინმა სამი პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა, თუმცა ფორმალურ შემცვლელად არცერთი დაასახელა და პრეზიდენტობა პირველ ვიცეპრემიერს - დიმიტრი მედვედევს გადააბარა. 2012 წელს მან მედვედევს სკამი გაუცვალა და პრემიერად დანიშნა. 2020 წლის დასაწყისში ის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის (ანუ საკუთარ) მოადგილედ გადაიყვანა. ეს თანამდებობა მანამდე არ არსებობდა და სპეციალურად შექმნეს, რომ მედვედევი უმუშევარი არ დარჩენილიყო. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ მიშუსტინი დაინიშნა, რომელიც იმაზე არაფრისმთქმელი სახელი და გვარია, ვიდრე დიმიტრი მედვედევი.

ერთი ადამიანის აბსოლუტურ ძალაუფლებას მტკიცე საყრდენი სჭირდება. ამ მხრივ არც პუტინის მმართველობაა გამონაკლისი. პუტინიზმის მთავარი დასაყრდენი "სილოვიკების" (ძალოვნების) კლანია. ეს არცაა გასაკვირი, რადგან თავად პუტინიც "სილოვიკია" და მისი შპიონური წარსული არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს. სწორედ "სილოვიკების" ხელშია პოლიტიკური და ფინანსური ძალაუფლების სადავეები. მათი ძალაუფლება განუზომლად დიდია სხვა ელიტებთან შედარებით. რუსეთის 20-ზე მეტ ძირითად ფედერალურ უწყებას სწორედ ისინი აკონტროლებენ. ისინი არიან ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის, მილიციის, არმიის, ეროვნული გვარდიისა და სხვა ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლები. პუტინის ხელისუფლებაში მოსვლას ხშირად უწოდებენ "ჩეკისტურ გადატრიალებას", რაშიც იგულისხმება რომ თავის დროზე ბორის ელცინი საკუთარი ნებით არ წასულა, პუტინის ხელისუფლებაში მოყვანა წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია იყო, "სილოვიკებმა" შექმნეს მისი საჯარო იმიჯი, რაც, საბოლოო ჯამში, შიდა გადატრიალებით და პუტინის გაპრეზიდენტებით დასრულდა.

რუსეთში "სილოვიკების" ძალაუფლება იმდენად დიდია, რომ მკვლევართა ნაწილი დღემდე ცდილობს, პასუხი გასცეს პუტინის რუსეთის შესაფასებლად ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას: პუტინმა შექმნა მოქმედი სისტემა თუ პუტინია ამ სისტემის მიერ შექმნილი? ამაზე შეთანხმებული პასუხი არ არსებობს, თუმცა ის ფაქტი, რომ აკადემიურ და საექსპერტო წრეებში კითხვა აქტუალურობას წლებია, არ კარგავს, ამ დაჯგუფების ძალაუფლების მასშტაბის მკაფიო მანიშნებელია. 2004 წლის მონაცემებით "სილოვიკები" რუსეთის პოლიტიკური ელიტის 25 პროცენტს შეადგენდნენ. პუტინის ახლო გარემოცვაში, რომელიც დაახლოებით 20 ადამიანისგან შედგება, მათი კონცენტრაცია 58 პროცენტი იყო, ისინი წარმოადგენდნენ პარლამენტის 20 და მთავრობის 34 პროცენტს. ეს რიცხვები ყოველწლიურად იზრდება. აქედან გამომდინარე, ზემოთ დასმული კითხვა აქტუალურობას შეინარჩუნებს მანამ, სანამ ცოცხალი იქნება "პუტინის რუსეთი", რომელსაც ხშირად "ჩეკისტურ სახელმწიფოს" უწოდებენ.

პუტინის რეჟიმის ბუნება და მასში ძალოვნების მაღალი კონცენტრაცია ბუნებრივად განაპირობებს სისტემის აბსოლუტურ გაუმჭვირვალობას. გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები სრულიად ბუნდოვანია, საჯარო პოლიტიკა არ არსებობს, სახელმწიფო ბიუროკრატია კი ხალხის ნაცვლად კლანური ინტერესების სამსახურშია.
ამასთანავე, კლანს სრული კონტროლი აქვს დამყარებული რუსეთის სახელმწიფო ქონების მართვასა და ბუნებრივ რესურსებზე. თავისუფალი ბაზრის ნაცვლად მოქმედებს "კლანური კორპორაციის" წესები. რუსეთის ფედერაციის მთელი სიმდიდრე ვიწრო ჯგუფის ხელშია ჩავარდნილი, რასაც ბოლო წლებში განსაკუთრებით გააქტიურებული ანტიკორუფციული კვლევებიც ნათლად აჩვენებს.

სრულიად უზურპირებულია სასამართლო ხელისუფლებაც. შერჩევითი სამართალი პუტინის რუსეთში ჩვეულებრივ მოვლენადაა ქცეული. ქვეყანაში მოქმედებს პრინციპი - "ყველაფერი მეგობრებისთვის, კანონი მტრებისთვის", რისი ნათელი მაგალითიც რეჟიმის მოწინააღმდეგე ადამიანების დევნის არაერთი გახმაურებული შემთხვევაა.
პუტინის რეჟიმი განსაკუთრებით დაუნდობელია ოპონენტების მიმართ. პუტინის რუსეთი ჟურნალისტური საქმიანობისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქვეყნადაა მიჩნეული. ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წელს რუსეთში 19 ჟურნალისტი მოკლეს, მთლიანად, პუტინის მმართველობის პირობებში კი - მათ რაოდენობას ასეულებში ითვლიან. მათგან ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა 2006 წლის 7 ოქტომბერს - ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელეობა იყო. საგულისხმოა, რომ ჟურნალისტების მოსაკლავად იყენებენ არა მხოლოდ ცეცხლსასროლ იარაღს, არამედ - სხვადასხვა სახის საწამლავსაც.

ჟურნალისტების გარდა რეჟიმი აქტიურად ებრძვის ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. კრემლის ყველაზე აქტიური კრიტიკოსი ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს კრემლის კედლებთან ჩაცხრილეს. ალექსეი ნავალნი აბსურდული ბრალდებით დღემდე სასჯელს იხდის.

პოლიტიკოსების მსგავსად იდევნებიან სამოქალაქო აქტივისტები და მთელი სამოქალაქო საზოგადოება. სხვადასხვა ორგანიზაციებს "უცხოელი აგენტების" სტატუსს ანიჭებენ და საქმიანობას უკრძალავენ. დევნიან, წამლავენ და კლავენ ქვეყნიდან გაქცეულ ყოფილ აგენტებს (ლიტვინენკო, სკრიპალები). თითქმის სრულადაა უზურპირებული რუსული მედია. ქვეყანაში მოქმედებს ცენზურა, არსებობს ადამიანთა წრე, რომელთა მიწვევა სახელმწიფოს მიერ მართული ტელევიზიების ეთერებში არ შეიძლება.

ოპონენტების დევნა ყველა ავტორიტარული რეჟიმისთვისაა დამახასიათებელი. ცხადია, არც პუტინის რუსეთია გამონაკლისი. პუტინიზმს არ სჭირდება კრიტიკოსები და განსხვავებული აზრი, რადგან ნებისმიერ კრიტიკა უადგილოა, ნებისმიერი განსხვავებული აზრი - მიუღებელი.

როგორც ზემოთ აღინიშნა, "პუტინიზმი" დიდწილად საბჭოთა ნოსტალგიით საზრდოობს და მისი რეინკარნაციისკენ მიილტვის. ეს ვლინდება რევიზიონიზმში, ტერიტორიულ ექსპანსიონიზმში, კლანურ მმართველობაში, სამართლებრივი სახელმწიფოს არარსებობაში, ოპონენტების დევნაში და ა.შ., თუმცა არის რაღაც, რაც მას, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სსრკ-სგან განასხვავებს. საბჭოთა ათეისტური რეჟიმისგან განსხვავებით, პუტინიზმი რუსეთი ეკლესიასთან თანამშრომლობს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, კრიმინალური სახელმწიფო კრიმინალურ გარიგებაშია შესული არანაკლებ კრიმინალურ ეკლესიასთან. მებრძოლი ათეიზმის გაღვივება "პუტინიზმის" მიზნებში არ შედის, მისი მიზანი საზოგადოების მეტი დესეკულარიზაციაა. ამ პროცესში რუსეთის ეკლესია პუტინის პიროვნების კულტს მნიშვნელოვნად აძლიერებს, სანაცვლოდ კი, რეჟიმისგან ფართო პრივილეგიებით სარგებლობს.

გარდა ამისა, რეჟიმი ეკლესიასა და მართლმადიდებლობის პოლიტიკას აქტიურად იყენებს საგარეო ასპარეზზე. ცდილობს "მართლმადიდებლური სამყაროს" კონცეფციის ფართოდ დანერგვას ბალკანეთის ქვეყნებში, უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში და ამ პოლიტიკის ფარგლებში პუტინის რუსეთს დასავლეთიდან მომავალი გარყვნილების წინააღმდეგ მებრძოლ ერთადერთ ძალად, ტრადიციული მართლმადიდებლური ღირებულებების მთავარ დამცველად წარმოადგენს.

"პუტინიზმი" ვლადიმერ პუტინის მმართველობის დასაწყისში ან, შეიძლება, მისი მმართველობის დაწყებამდე გაჩნდა. განვლილი 21 წლის მანძილზე მტკიცედ ჩამოყალიბდა "სტალინიზმის" მსგავსი პიროვნების კულტი, რამაც რუსეთი ცივილიზებულ სამყაროს დიდი ხნით დააშორა. პუტინის მმართველობამ და მისი პიროვნების კულტის ჩამოყალიბებამ რუსეთის მოქალაქეების ნაწილს დაუბრუნა "სიამაყისა" და "ღირსების" განცდა, აგრძნობინა, რომ კრემლი ისევ ძლიერია და საბჭოთა კავშირის რაიმე სხვა ფორმით არსებობა შესაძლებელი. პუტინის მმართველობას გარკვეულ ეტაპზე ჰქონდა ეკონომიკური წარმატებებიც, რაც ამ განცდას კიდევ უფრო აძლიერებდა. თუმცა მმართველობის 21-ე წლისთავზე, რომელიც არსებული პროგნოზებით, მინიმუმ, 15 წელი კიდევ უნდა გაგრძელდეს, რუსეთის საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეს ბევრი არაფერი მიუღია. საბჭოთა კავშირის ილუზიაც მხოლოდ მათი ნაწილის განცდებში გააჩინა, რადგან პუტინის რუსეთს არ შეუძლია მოქალაქეებისთვის თუნდაც იმ ხარისხის სოციალური გარანტიებისა და კეთილდღეობის მოტანა, როგორიც ეს საბჭოთა პერიოდში იყო. რუსებმა მიიღეს საბჭოთა კავშირის მსგავსი მმართველობა, ძალადობრივი სახელმწიფო, კლანები, ხელისუფლების უზურპაცია, ცენზურა, ადამიანის უფლებების არარსებობა, მაგრამ ვერ მიიღეს ის, რაც სსრკ-ში ამ ყველაფრის ფონზე ჰქონდათ - კეთილდღეობის მინიმალური სტანდარტი.

"სიამაყე" და "ღირსება", რუსეთის მოქალაქის გარდა, დაიბრუნა რუსეთის სახელმწიფომაც. მან შეძლო მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია, ნაწილის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, ნაწილის საკუთარ მიწად გამოცხადება, ნაწილზე მხოლოდ ეფექტიანი კონტროლის დამყარება, თუმცა სანაცვლოდ მიიღო სანქციები, ეკონომიკური ვარდნა, დოტაციური რეგიონები და მეტი ფინანსური დანახარჯები.
"პუტინიზმმა" მოიტანა ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და უბრალო მოქალაქეების ცხედრები როგორც რუსეთში, ისე - მის საზღვრებს გარეთ. მოიტანა რუსეთის, როგორც არასანდო პარტნიორის, არაცივილიზებული სახელმწიფოს იმიჯის გამყარება.

"პუტინიზმმა", საბოლოო ჯამში, კარგი ვერაფერი მოიტანა რუსეთის მოქალაქისთვის, თუ ცხადია კარგ რამედ გარკვეული ილუზიების შექმნას არ მივიჩნევთ, ან კლანის იმ წევრების გამდიდრებას, რომლებიც იმავე რუსეთის მოქალაქეები არიან.

მიუხედავად იმისა, რომ "პუტინიზმმა" მხოლოდ პრობლემები მოიტანა, დღეს ის რუსეთის მოქალაქეების ერთადერთი არჩევანია. პუტინისა და "პუტინიზმის", როგორც რუსეთის მოქალაქის ერთადერთი არჩევნის გარდაუვალობა კარგად ჩანს სახელმწიფოს სათათბიროს სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის შეფასებაში: "დღეს, როდესაც ვუყურებთ იმ გამოწვევებსა და საფრთხეებს, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას, ნავთობი და გაზი არ არის ჩვენი უპირატესობა. როგორც დავინახეთ, ორივე მათგანის, ნავთობისა და გაზის ფასები შეიძლება დაეცეს. ჩვენი უპირატესობა ბატონი პუტინია და ჩვენ ვალდებულნი ვართ, ის დავიცვათ". თავად პუტინი კი, ალბათ, არასოდეს წარმოთქვამს შემდეგ სიტყვებს: "ძვირფასო რუსეთის მოქალაქეებო, მე დღეს თქვენ უკანასკნელად მოგმართავთ, როგორც რუსეთის პრეზიდენტი".

დავით ბრაგვაძე
საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

თვის კითხვადი სტატიები