Celebrity ქართულად - კვირის პალიტრა

Celebrity ქართულად

საინტერესო ქართული სინდრომი: გვყავს ბევრი "ვარსკვლავი", ვისაც ხშირად, შეიძლება ითქვას – მუდმივად ვხედავთ ეკრანებზე, მაგრამ მოულოდნელად თუ ვინმე გვკითხავს – რა მიზეზით არის ცნობილი, რა გაუკეთებია ზოგადად – შეიძლება უბრალოდ დაბნეულებმა ავიჩეჩოთ მხრები და პასუხიც ვერ გავცეთ.

მოდით, უფრო კარგი აღქმისთვის, ჩავატაროთ მცირე ტესტი, გაიხსენეთ სამი Top of Mind ქართველი, ცნობადი სახე, შოუბიზნესიდან, ანუ, ვინც პირველივე გახსენდებათ…

ახლა, შეეცადეთ გაიხსენოთ – რა გაუკეთებიათ აღნიშნულ ადამიანებს, მაგალითად:

მომღერლის შემთხვევაში – მისი თუნდაც ერთი სიმღერა, ან მუსიკალური კლიპი, გონების დაძაბვის შემდეგ, თუ რამეს გაიხსენებთ, შეგვიძლია განვიხილოთ აღნიშნული სიმღერის, ან მისი შესრულების ხარისხი.

celebrity-დ ჩამოყალიბების მარტივი, ქართული გზები:

გაიხადეთ – მიუხედავად მკერდის მინიატურულობისა, თუ ცელულიტებისა, უბრალოდ გაიხადეთ და პოპულარობაც ნელნელა (ან მომენტალურად მოგიახლოვდებათ)

- ჩაიცვით გამომწვევად, თუნდაც უგემოვნოდ და მიეცით ხალხს საბაბი თქვენზე ისაუბროს (თუნდაც გაგინონ) – ეცადეთ ცეკვის დროს ერთხელ მაინც "ამოაგდოთ ძუძუ"

- დაწექით ნახევარ თბილისთან, ხოლო მერე განაცხადეთ, რომ არც ისეთი "კახპა" ხართ, რასაც თქვენზე ამბობენ

- შედით კონფლიქტში ცნობად სახეებთან და მიეცით საბაბი იაფფასიან ყვითელ ვებ-გვერდებს და ჟურნალებს თქვენს სტატუსებს ფეხდაფეხ მიჰყვნენ და გააზიარონ (ბოლო დროს პოპულარულია კონფლიქტში შესვლა ნინა წკრიალაშვილთან, მარინა ბერიძესთან და ა.შ. ეს პოზიტიურ დამოკიდებულებას რამდენად ზრდის ცალკე საკითხია, თუმცა ყურადღების ცენტრში თუნდაც რამდენიმე დღით – აუცილებლად მოექცევით)

გააკეთეთ რადიკალური განცხადება რელიგიურ, პოლიტიკურ, გენდერულ და ა.შ. საკითხებზე, ამოარტყით "პანღური" კაცს, ვინც ქალს თავს გაუტოლებს, მერე გაგინებთ ნახევარი თბილისი, მაგრამ ესეც ხომ პოპულარობის ერთერთი ფორმაა?

- დადგით რომანტიკით აღსავსე, სევდიანი ლავ სთორი, შემდეგ დაღვარეთ ნიანგის ცრემლები პროფილში, ესეც გამოდგება…

პოპულარობის მომდევნო მნიშვნელოვანი ფაქტორია "ხსოვნა -არდავიწყება", ამისთვის კი საჭიროა იქორწინოთ, მერე სკანდალურად დაშორდეთ და სრულიად ქართველი ერი დაივიწყებს ყოფით პრობლემებს და თქვენს პირად ცხოვრებაზე იდარდებს.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს სავსეა ქართული "შოუ ბიზნესი" მსგავსი "ვარსკვლავებით", რომელსაც სახეზე ვიცნობთ, მაგრამ წარმოდგენა არ გვაქვს რატომ, საიდან ან როგორ – როგორც ჩანს მაინც გვიჭირს, როცა ამის საჭიროება გვაქვს, მაგალითისთვის გავიხსენოთ "ცეკვავენ ვარსკვლავები", რამდენი ვარსკვლავი ცეკვავდა თქვენი აზრით ამ შოუში და რამდენი "ვარსკვლავი" ნახეთ საერთოდ პირველად? დიახ, საკმაოდ ბევრი…

და მაინც, თქვენი აზრით რატომ არის გაცილებით უფრო პოპულარული საქართველოში ე.წ. უარყოფითი პერსონაჟები და რატომ ვაფასებთ რეალურ, ხარისხიან შემოქმედებაზე უფრო მეტად – სკანდალს და იაფფასიან ინტრიგას? შეგვიძლია განვიხილოთ რამდენიმე მიზეზი:

- არ გვაქვს საკმარისი ინტელექტი, რომ შევაფასოთ ხელოვნების კონკრეტული სფეროები, თუმცა ლანძღვა-გინებას არ სჭირდება პროფესიონალიზმი;

- არ ვართ საკმარისად დაკავებულები, გვაქვს სექსის თუ ზოგადად პირადი ცხოვრების დეფიციტი, სწორედ ამიტომ არის ასეთი აქტუალური სხვისი პირადი ცხოვრება და რაც მთავარია, მისი განხილვა;

- გვირჩევნია გავაკეთოთ უარყოფითი კომენტარები, გვაქვს ილუზია, რომ რაც უფრო მეტ აგრესიას ამოვანთხევთ სხვის მიმართ – მით უფრო კარგად აღგვიქვამენ ამდენი "ცუდის" ფონზე;

- ვართ ჩასაფრებული და ისტერიულად ვაშეარებთ ვინმე ცნობადი ადამიანის თუნდაც მექანიკურ გრამატიკულ შეცდომას და ვამაყობთ, რომ "ჩვენ ეს აღმოვაჩინეთ";

- და სხვა მრავალი ყოფით-პრობლემური მიზეზი…

და მაინც, რას ნიშნავს ქართულად სიტყვა "celebrity"?

აქვე, დაასახელეთ მინიმუმ 3 ცნობადი სახე, რომლებსაც კარგად იცნობს ქართველი ერი, მაგრამ წარმოდგენა არ გაქვთ რატომ…

გისურვებთ წარმატებას!

გურამ შეროზიას ბლოგი