Facebook-ის ტოპ 10 ფოტო-მარგალიტი (ამოიცანით საკუთარი თავი) - კვირის პალიტრა

Facebook-ის ტოპ 10 ფოტო-მარგალიტი (ამოიცანით საკუთარი თავი)

შემოგთავაზებთ ფეისბუქზე ყველაზე მეტად გავრცელებულ ტოპ 10 ფოტოს სცენარს. შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა ფორმით, ჩვენი უმრავლესობა ამ ყველაფერს სარკაზმით მოიხსენიებს, მაგრამ ამავე უმრავლესობის თუნდაც ძველა ალბომებს თვალს თუ გადავავლებთ, შესაძლოა რამე მსგავსი, ძველი ცოდვა, მარტივად "ამოვუქექოთ".

ზოგისთვის სასაცილოა, ზოგისთვის გამაღიზიანებელი, ხოლო აქტიური ფეისბუქ მომხმარებლებისთვის – სტანდარტული ყოველდღიურობა.

ჰო და, დავიწყეთ…

1. საწოლზე წამომჯდარი/სუფრასთან მჯდომი/სახლის ფანჯარაში სევდიანი მზერით მომზირალი საზეიმოდ გამოწყობილი, ქუსლებით, მაკიაჟით და დავარცხნილი თმით მოკეკლუცე გოგონები, რომლებსაც "პროფაილ" ფოტოს გადაღება სურთ და მაქსიმალურად იყენებენ "მომხიბლველ" პოზიციას.

ასევე, ძალიან სახალისოა "ვითომ არ გიყურებ" მორალით გადაღებული მსგავსი ფოტოები, სადაც არაბუნებრივად იყურებით ჭერში, იატაკზე, ან სადმე სხვაგან – უმისამართოდ და მომენტალურად იშიფრებით.

ფოტოებს მდედრობითი სქესის მეგობარი გიღებთ, რომელიც შემდეგ ამ კომენტარებიდან ერთერთს გიტოვებთ:

- ვინ გადაგიღო ნეტა ეს ფოტო?

- უუულამაზესი ხარ, აი საოცრება! და თქვენი პასუხი: მადლობა ჩემო კარგო ასეთი თბილი სიტყვებისთვის

რეალურად კი – ხშირ შემთხვევაში "ულამაზესობამდე" საკმაოდ შორს ვიმყოფებით.

2. გამომწვევად ჩაცმულ გოგონებთან ხელგადახვეული, ბედნიერი და კმაყოფილი სახის მაჩოები, რომელთა მზერაშიც იგრძნობა, რომ ყველა მათგანთან იწვა, ხოლო გოგონების ირონიულ მზერაში იგრძნობა, რომ ის მათთან ვერასდროს დაწვება.

აღნიშნული ფოტო ამაყად იდება მთავარ ფოტოდ, კომენტარის გარეშე, ხოლო მათი ურთიერთობა ფოტოს გადაღების შემდეგ – მომენტალურად მთავრდება (ფოტოს გადაღებითვე დაიწყო).

3. ცალკეულ ორგანოებზე გადაღებული ფოტოები (ყველაზე ტოპ: შიშველი პრესი, ფეხის შიშველი ტერფები, დაბერილი ტუჩები) – ძირითადად გვხვდება ულამაზო ობიექტების ალბომებში, რომლებიც თავის ერთადერთ კარგ ადგილს/სხეულის ნაწილს უწევენ პოპულარიზაციას;

4. ფიტნესის სარკეებში გადაღებული სელფშოტები, წელსზემოთ შიშველი, პროტეინებით დაბერილი ყმაწვილკაცების და მერე გულმოდგინედ გაპუტულიმკერდ-მუცლის და ა.შ. პოპულარიზაციის მიზნით. ხშირ შემთხვევაში, მეტი ეროტიკის მიზნით ტრუსის ამარა დგანან, ან პირსახოცი აქვთ შემოხვეული.

თუმცა ამაში არის გასაგები მომენტებიც, 3 თვეში რომ მოშვებულ მუცელს – ჯანმრთელ პრესად გადააქცევ, როგორ გინდა ეს საზოგადოებას არ გააგებინო, მე მესმის თქვენი, ანუ ჩვეულებრივი, "ღირსეული" მამაკაციც შეიძლება მსგავს გაუგებრობაში გაეხვიოს.

5. ბარების/კლუბების ტუალეტებში მოპოზიორე "საზეიმოჩაცმულობის" ქალღმერთები, განსაკუთრებით შთამბეჭდავია თუ უკან უნიტაზიც მოჩანს; ძირითადად გამომწვევი მზერით და დაბერილი ბაგეებით… განსაკუთრებით, თუ ამას არ აქვს მეგობრული გართობის ფორმა და აღნიშნული გოგონა მარტო პოზირებს.

არ მოგბეზრდათ?

6. სახლში საცურაო კოსტიუმით გადაღებული ფოტოები, განსაკუთრებით, თუ ფოტოზე აღბეჭდილი გოგონა მარტოა, ამავე ფორმატს შეგვიძლია მივაკუთვნოთ ზედმეტად ამოღებულ მაისურიანი ფოტოები, მკერდზე აქცენტით და ვნებიანი მზერით.

აქტუალურია ასევე ზღვაზე, საცურაო კოსტიუმით პოზირება და კადრები "ეროტიული" მიზნებით, გაშლილი ფეხები, ოთხზე დგომა, ვნება, ცეცხლი და ა.შ. განსაკუთრებით, როცა ეს ყველაფერი მთავარ ფოტოდ იდება და ზედ სექსსმოწყურებული მამრები ტოვებენ "მმმმმ", "მაგარი ხარ" და მსგავსი ფორმატის კომენტარებს.

7. საკვებზე გადაღებული ფოტოები (არ იგულისხმება ეგზოტიკური კერძებიდა და საზღვარგარეთ რესტორნებში გადაღებული "ნეიშენალ დიშ"-ები, არც თქვენი კულინარული შედერვები) მაგალითად: აი ჩემი ლანჩი, დღეს მივირთმევ ამას და ა.შ. და როცა ფოტოზე გამოსახულია ნიგვზიანი ბადრიჯანი, ოლივიე, ან პურზე გადასმული კარაქი.

8. მანქანის საჭეს ხელჩაჭიდებული, ფანჯრიდან მდაბიო მზერით მომზირალი გოგო-ბიჭები (მორალი: მე მანქანა მყაავს), "კაპოტზე" წამოწოლა და ფოტოს გამო მისი "ჩაღუნვაც" არც ისე იშვიათი შემთხვევაა.

როცა ასე გიხარიათ მანქანის შეძენა, რა პრობლემაა, გადაუღეთ სტანდარტული ფოტო და დადეთ, მოგილოცავთ გულით.

9. უნიჭოდ დადგმული სიძის ხელის გულზე დასმული პატარძლები, ცნობად სახეებთან გადაღებული ფოტო – მოხვეული ხელით, ხელში მოქცეული მზე და სხვა მრავალი.

10. ერთმანეთზე შემომჯდარი და/ან ენებგადახლართული, ფრანგული კოცნით დაკავებული შეყვარებული წყვილები და ქვემოთ შესაბამისი კომენტარები: "ჩემი ერთადერთი", "ჩემი ერთი ცალი", "სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ", "შენი თავი ღმერთმა მომივლინა" – ისე გვითხარით, რომ გიყვართ და გიგულშემატკივრებთ, ინტიმური დეტალები საჭირო არ არის.

ბუნებრივია, ბევრი საინტერესო ფორმა გამომრჩა, შესაბამისად – შეგიძლიათ განავცროთ კომენტარებში…

გურამ შეროზიას ბლოგი