ქართული ვირტუალური აგრესია, ანუ ვინ და რატომ აკრიტიკებს ყველას და ყველაფერს - კვირის პალიტრა

ქართული ვირტუალური აგრესია, ანუ ვინ და რატომ აკრიტიკებს ყველას და ყველაფერს

ბოლო პერიოდში, ჩემი პოსტების პოპულარიზაციიდან გამომდინარე, იმატა კომენტარების რაოდენობამაც.

საბოლოო ჯამში, იმდენი აგრესიული „მარგალიტი“ დაგროვდა, რომ სრულიად ობიექტურად დაიმსახურეს, მათთვის ცალკე პოსტი მიმეძღვნა.

უფრო ნათლად რომ აღვიქვათ, რაზეა საუბარი, მოვიყვან რამდენიმე მაგალითს:

  1. მქონდა ბლოგ პოსტი ფეისბუქის მარგალიტებზე, კერძოდ, საერთო ფეისბუქებზე, სარკეში გადაღებულ ფოტოებზე, მოლოცვებისას ერთ ფოტოზე მთელი ფრენდ ლისტის მონიშვნებზე, „ყველაზე ლამაზები“ და ა.შ. ამ ყველაფერს მოჰყვა ბევრი აგრესული კომენტარი, მათ შორის:

-         შენს ფოტოებს მიხედე შე საცოდავო;

-         შენი საქმე არ არის, ჩვენს პირად პროფილზე რას დავდებთ;

-         წადი საქართველოდან შე ავადმყოფო და ერის გამრყვნელო!

და სხვა მსგავსი. ამავე ლოგიკით შემიძლია გიპასუხოთ: რა თქვენი საქმეა მე რას დავდებ ჩემ პირად ბლოგზე, არავინ გაიძულებთ წაიკითხოთ… :)

  1. ზედა პოსტის კომენტარები ლოგიკურად მივიჩნიე, რამეთუ ბევრმა მათგანმა სავარაუდოდ საკუთარი თავი ამოიცნო და მათი აგრესიაც ლოგიკური იყო, მაგრამ ძალიან გამაოცა, როცა ჩემ მიერ გამოცხადებულ სტუდენტურ კონკურსსაც ძალიან აგრესული კომენტარები მოჰყვა, კონკურსის შინაარსი მდგომარეობდა ორ თვიან სტაჟირებასა და ტრენინგში, რომლის შედეგადაც 2 ან მეტ ადამიანს სამუშაოდ ვიტოვებდით ერთ დიდ და წარმატებულ კომპანიაში, კომენტარები საოცარი იყო:

-         ღმერთი არ გაპატიებთ ჩვენი შვილების შრომის უფასოდ გამოყენებას;

-         შენ თვითონ, ფოტოებზე გეტყობა, რომ პატრონაჟით ხარ მიღებული, სხვა შემთხვევაში ასეთ უინტელექტოდ ვინ დაგასაქმებდა (ჩემზეა საუბარი)

-         ყველა მსგავსი კონკურსი მოიგონეს ხალხის შრომის უფასო გამოსაყენებლად…

თქვე დალოცვილებო, როცა გარკვევით გეუბნებით, რომ 2 ან მეტი ადამიანი 100%-ით საქმდება, როცა ეს არის სტაჟირება ტრენინგი და სულ რომ მართლა უფასოდ ვამუშავოთ თქვენი შვილები – მიღებული ცოდნა, გამოცდილება, სტაჟი და დროის ეფექტიანი გამოყენება არ გირჩევნიათ მათ „ბირჟაზე“ დგომას? ან ფოტოს მიხედვით რომ ასკვნით, პატრონაჟით ვარ თუ არა მიღებული რომელიმე სამსახურში, ამის შემდეგ რა ლოგიკაზე შეიძლება იყოს საუბარი საერთოდ… :)

ამ პოსტის მიხედვით მივხვდი, რომ ქვეყანა სავსეა არარეალიზებული, წარუმატებლობისგან ფსიქიკურად დაავადებული ხალხისგან, რომლებსაც ყველაზე პოზიტიურ საკითხებშიც შეუძლიათ იპოვონ ნეგატივი და ყველაფერი ამით არ დამთავრებულა…

  1. ვიფიქრე, რომ რაკი ე.წ. თანამედროვეობა ერს ასე აღიზიანებდა, ჩემი პატრიოტული სულისკვეთების ხაზგასასმელად – საქართველოს ღირსებებზე დავდე მორიგი პოსტი, კომენტარებმაც არ დააყოვნეს:

-         საქართველო მხოლოდ შენნაირებს თუ მოეწონებათ, ალბათ კლუბებში ყანწით დადიხარ, მერე ჩხუბობ, მე შენნაირად ვერ ვიცხოვრებ…

-         შეროზია ხარ თუ ჯანდაბა, იქნებ ოდესმე გეღირსოს საქართველოს საზღვრის გადაკვეთა და მერე მაინც მიხვდები, რომ სხვა ქვეყნები ჩვენზე გაცილებით წინ არიან…

სურვილი გამიჩნდა ეს ორივე ადამიანი მეგობრებში დამემატებინა ფეისბუქზე, რომ ორივეს, იმავე ფარული „ნიკებით“ მოეხადათ ბოდიში და უკან წაეღოთ თავისი ალოგიკური დასკვნები…

საბოლოო ჯამში, ბუნებრივია პოსტები ბევრ პოზიტიურ კომენტარებსაც იმსახურებენ, მაგრამ მაინც არ წყდება აგრესია, რისი მიზეზიც რამდენიმე ვერსიად შეგვიძლია განვიხილოთ:

  1. ე.წ. „ბირჟებმა“ ვირტუალურ სივრცეში გადმოინაცვლა, სადაც განსხვავებით „ტრადიციული ბირჟებისგან“ – ფარულ სახელებს ამოფარებული ადამიანები გვმოძღვრავენ, არც ისე ინტელექტუალური ფორმით;
  2. საკუთარი წარუმატებლობა – იწვევს სხვისი არაარგუმენტირებული კრიტიკის სურვილს, შესაბამისად, ვეძებთ უარყოფითს, ყველაზე დადებითშიც კი და გამოვხატავთ ემოციას ცენზურის გარეშე;
  3. ხელი გვაქვს ჩაქნეული ცხოვრებაზე, არ გვწამს შრომის შედეგად მიღწეული წარმატების და ეჭვს აღგვიძრავს სხვა ნებისმიერი ადამიანის წარმატება;
  4. რეალურ ცხოვრებაში ვერ გამოხატული ემოცია და ჩრდილში ცხოვრება – გვიბიძნებს ვირუალურ სივრცეში მაინც ვიყოთ გაბედულები და მამაცები, შესაბამისად, რაც დაგვაკლდა ე.წ. ლაივში – ვინაზღაურებთ ვირტუალში;
  5. სხვა მრავალი ფაქტორი, რომელიც უმეტესწილად პიროვნული თუ პროფესიული არარეალიზებულობიდან და არასრულფასოვნების კომპლექსიდან იღებს სათავეს…

შესაბამისად, გირჩევთ ნაკლები დრო დაკარგოთ სხვის კრიტიკაზე, იმუშავოთ თვით განვითარებაზე და რეალიზებაზე და როგორც კი მიაღწევთ ბედნიერების თქვენთვის საჭირო ნიშნულს – მომენტალურად გაგიქრებათ აგრესიის სურვილიც…

დავასრულებ რამდენიმე თემატური ანდაზით:

„ისეთმა ფურმა დამწიხლოს, ჩემზე მეტს იწველიდესო“

„ვირისგან წიხლი რა საწყენია“

„ არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო“

„კატა ვერ შეწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღესაო“

„მკვახე იყო ის ყურძენი და მომკვეთდა კბილებსაო“ (ანდაზა არ არის, მაგრამ სიტუაციას შეესაბამება)

 

ჰოდა, მე ვაგძრელებ წერას, რამეთუ „მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია“ და „ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“… :)

წარმატება მისურვებია!