გზა ჰომოფობიიდან ტოლერანტობამდე… პასუხი 17 მაის(ებ)ის მოვლენებს! - კვირის პალიტრა

გზა ჰომოფობიიდან ტოლერანტობამდე… პასუხი 17 მაის(ებ)ის მოვლენებს!

დავიდმა ერთ-ერთ, მოგზაურების საიტზე მომწერა, რომ აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას ერთი კვირით და მთხოვა, მისთვის ადგილი გამომეყო სახლში. ეს არის საიტი, სადაც მოგზაურები პოულობენ მასპინძლებს სხვადასხვა ქვეყანაში, მეც ვმასპინძლობ და ჩემი მოგზაურობების დროსაც – მარტივად ვპოულობ ე.წ. ჰოსთებს.

წერილი ძალიან საინტერესო იყო, ხაზგასმული ჩვენი საერთო ინტერესები: სიმღერა, ლიტერატურა, მოგზაურობა, მუსიკა და ალკოჰოლი. თან, მეტად გამართული ენით ეწერა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო – მომენტალურად დავთანხმდი.

თან, პოლონელებთან განსაკუთრებული პოზიტივი მაკავშირებდა ყოველთვის, საერთო იუმორი, ხედვა, მისწრაფებები და სიფიცხე გვახასიათებს და უმეტესად, ძალიან მარტივად ვპოულობ მათთან ბევრ საერთოს…

აღდგომების პერიოდი იყო. მთელმა ოჯახმა (მშობლები, ორი დეიდაშვილი, ბებია და მე) გადავწყვიტეთ, ერთად გავსულიყავით ქალაქიდან. წავედით ბათუმში და დავიდიც თან გავიყოლეთ… ყველასთან მომენტალურად იპოვა საერთო ენა…

- სვამდა მამაჩემთან ერთად და აიტაცა ბრტყელი სადღეგრძელოები, რაც მე დიდად არ მიყვარს. შესაბამისად, მამაჩემმა გადამისვა ხაზი და განაცხადა, რომ მის მშობლებს ჩემს თავს უცვლის დავიდში;

- ფოტოებს იღებდა ბებიაჩემთან და აქტიურად ეკონტაქტებოდა "მორზეს ანბანით"…

- რესტორნებსა და კაფეებში ეპატიჟებოდა ჩემს დეიდაშვილებს (რომლებიც 20 წლამდე ასაკის არიან);

- მზარეულობდა დედაჩემთან ერთად და ესაუბრებოდა მისთვის საინტერესო ყველა თემაზე…

მოკლედ, მალევე ჩაირიცხა ოჯახის წევრთა რიგებში…

დავბრუნდით თბილისში და დავიშალეთ. მე, დევიდი და დედაჩემიც ჩემთან დავსახლდით. ადრე თუ მისი ყურადღება ყველაზე ნაწილდებოდა, ახლა დედაჩემის უახლოესი მეგობარი გახდა, ჩემი მეგობრების დიდი სიმპათიაც დაიმსახურა.

მე, სამსახურიდან გვიან მოსული და თან დაღლილი, მაქსიმუმ ორ საათს ვატარებდი მასთან და მაქსიმალურად ვცდილობდი, კარგი მასპინძელი ვყოფილიყავი. რესტორნებსა და ბარებში აქტიურად მარღვევინებდა ქართული სტუმარ-მასპინძლობის პრინციპებს და გადახდას ყოველთვის თვითონ ცდილობდა (ხან გამოსდიოდა, ხან არა).

ერთხელაც, მორიგ საღამოს გასვლისას – საუბარი ქართველ ხალხზე ჩამოვარდა და ხუმრობით ვკითხე – თუ როგორ მოსწონდა ჩვენი გოგონები და რა აზრის იყო მათზე, რაკი მე მომწონს და უცხოელების მხრიდან კიდევ – აზრთა დიდი სხვადასხვაობაა.

- გოგონებისთვის არ მიმიქცევია ყურადღება, აი, ბიჭები – მშვენივრად გამოიყურებით და ცერა თითი ასწია.

დავიბენი და სხვა ვერაფერი მოვიფიქრე: "მე გოგონები მომწონს" და მალევე ვინანე ჩემი საქციელი, თითქოს თავს ვიცავდი. არადა, არც არავის უცდია "ძალადობა".

- რა მნიშვნელობა აქვს – გაიღიმა, – ჩვენ ყოველთვის ვცნობთ ჩვენნაირებს და სხვებს არ ვახვევთ თავს არაფერს…

ჩვენს ყოველდღიურობაში არაფერი შეცვლილა.

ერთხელაც ისევ გვიან დავბრუნდი სახლში, სადაც საშინლად ტრაგიკული გარემო დამხვდა. დედა სამზარეულოში სცემდა ბოლთას, დავიდი ჩემს ლეპტოპთან იჯდა, იქვე ნახევრად დაცლილი მედოფის ბოთლი იდგა.

- იცოდი, რომ გეი იყო? – ნერვიული ხმით მომახალა დედაჩემმა და მომენტალურად მივხვდი, რომ საქმე არც ისე კარგად იყო, მით უფრო, როცა გამახსენდა, რომ ზუსტად წინა დღეს – გოგირდის აბანოებში მყავდა წაყვანილი, მართალია, საერთოში, სადაც ჩვენ გარდა, კიდევ 15 ადამიანი იყო, მაგრამ დედაჩემი აშკარად აფექტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა…

- რაა? საიდან მოიტანე? – გავიოცე მეც.

მოკლედ, სმის პროცესში დედაჩემს უკითხავს მეგობარ გოგონაზე და ამასაც გულახდილად უპასუხია.

ახლა კი – დედა აქტიურად ითხოვდა, რომ დავიდი სახლიდან გამეგდო. მეც საგონებელში ჩავვარდი და ვერ მივხვდი, რა უნდა გამეკეთებინა.

მივხვდი, რომ კამათს აზრი არ ჰქონდა და დავაყოლე: – ამ შუაღამით სად უნდა წავიდეს, რამე რომ დაემართოს, შენს სინდისზე უნდა იყოს, დარჩეს და ხვალ საღამომდე რამე ჰოსტელს მოვუძებნი, თან ხვალ ხომ თეატრში უნდა წასულიყავით და მერე პოლონური კერძი მოგემზადებინათ? უხერხულია, რაც დაპირდი, აუსრულე და მერე წავიდეს.

- კარგი, დღესაც იყოს და ხვალ ამის ფეხი არ ვნახო აქ.

შევთანხმდით.

მეორე საღამოს უკვე ჰოსტელი ნაშოვნი მქონდა და ტექსტებს ვალაგებდი, რა უნდა მეთქვა დავიდისთვის – სხვა სტუმრის მოსვლა მომემიზეზებინა თუ რამე სხვა. კარი შემოვაღე და სახე გამიბრწყინდა, როცა ნახევრად დაცლილი მედოფი ბოლომდე დაცლილი დამხვდა, სახლში ხორციანი კერძის სასიამოვნო არომატი ტრიალებდა, ხოლო ეს ორნი – კამერაში, მთაწმინდის პარკში გადაღებულ ფოტოებს მხიარულად ათვალიერებდნენ, სადაც როგორც ჩანს, თეატრის შემდეგ წავიდნენ…

მერე, როგორც გავიგე, სახლის სანტექნიკის საქმეებშიც დახმარებია და დედაჩემმა მხიარულად მომახალა:

- გეი ეძახე და საოჯახო საქმეებშიც შენზე კარგად ერკვევა და ქალის პატივისცემაც იცის! – მაგიდაზე მინდვრის ყვავილები ეწყო, ესეც ალბათ გზად უყიდა…

თითქოს მხრებიდან მძიმე ლოდი მომეხსნა…

იმავე საღამოს სელინ დიონის "Gოოდბყე ტჰე სადდესტ წორდ – Mამა" ვიმღერეთ, რაზეც დავიდს თვალები ცრემლით აევსო. როგორც მერე გავიგეთ – დედამისს სიმსივნე ჰქონდა და ორი წლის სიცოცხლე დარჩენოდა. დედაჩემს ამაზე გული აუჩუყდა და ერთმანეთს გადაეხვივნენ. "შერიგების პროცესი" წარმატებით დასრულდა.

მეორე დღეს წავიდა, დაგვემშვიდობა და ახლაც გვაქვს მიმოწერა, ორივენი ვარშავაში მიგვიპატიჟა და ალბათ, ამ თუ არა, მომავალ ზაფხულს მაინც წავალთ.

ამ ფაქტის შემდეგ, ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ მეც და დედაჩემიც საკმაოდ პოზიტიურად ვართ განწყობილნი გეების მიმართ და არ გვაქვს არანაირი აგრესია, მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ მეც ქართველი ჰომოფობი ვიყავი და გაურკვეველი მიზეზების გამო – საკმაოდ ცუდად ვიყავი განწყობილი მათ მიმართ (თუმცა ეს, მაქსიმუმ, ირონიაში გამოიხატებოდა მათ მიმართ, საცემრად არასდროს ვიწევდი).

აქვე მორალი:

- არ შეიძლება ღმერთის სახელით ებრძოლო ამავე ღმერთის მიერ ასეთად გაჩენილ ადამიანებს;

- როგორც ვახსენე, ოდესღაც მეც მქონდა აგრესია მათ მიმართ, სანამ ერთხელაც არ დავფიქრდი – რა იქნებოდა, მეც რომ ტრანსსექსუალად დავბადებულიყავი, ქალის ხმით და მოძრაობით, სხვანაირი ნაკვთებით, წვერის გარეშე და ა.შ. მეც ოთახში უნდა გამოვკეტილიყავი და ფაქტობრივად, სუიციდით დამესრულებინა სიცოცხლე? ჰოდა, ამის შემდეგ მესმის და თანაგრძნობით ვეკიდები მათ, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო.

- ადამიანებთან მათი ინტელექტის, ერთგულების, იუმორის, პოზიტივის და სხვა მსგავსი ფაქტორების გამო ვმეგობრობ და საერთოდ არ ვფიქრობ, ვის რა პოზაში აქვს სექსი და ვისთან; არ მაინტერესებს მათი წარმომავლობა, რელიგიური მრწამსი და ა.შ.

- და კიდევ ერთი ფაქტი: დავიდისგან არაფერი გადამდებია და ჩემი სექსუალური ორიენტაცია უცვლელია…