რეზერვისტის ჩანაწერები (რეალური ისტორია აგვისტოს ომის ცხელი წერტილიდან) - კვირის პალიტრა

რეზერვისტის ჩანაწერები (რეალური ისტორია აგვისტოს ომის ცხელი წერტილიდან)

მივდივარ…

ყოველთვის ხმაურიან და ბობოქარ მატარებელში ახლა სიჩუმე გამეფებულა… სიჩუმე, რომელიც კიდევ უფრო მზარავს და მენატრება ბრბოს ყაყანი, რომელიც ერთ დროს ასე მაღიზიანებდა.

გავცქერი ჩაბნელებულ ქუჩებს და წარმოასხვაში ერთმანეთს ცვლიან სხვადასხვა სურათები… სურათები წარსულის, მომავლის… და რაც ყველაზე საშინელია – ტკბილი მოგონებები კიდევ უფრო ამძიმებენ ჩემს გულზე ჩამოკიდებულ ლოდს და მომავალზე ფიქრი კი…. უფრო სწორედ მომავალზე, რომელიც უნდა წამართვან, რომელიც საერთოდ არ გავს იმ მომავალს, რომელიც წარმომედგინა…

მატარებელი აგრძელებს სვლას და მე მხოლოდ მისი ხმა მესმის. საბედნიეროდ მობილურიც დამიჯდა. მართალია, მთრგუნავს მარტოობა, მაგრამ არანაკლებ მთრგუნავს ნამტირალევი ხმები, და ყალბი გამხნევებები, სიყვარულის განსაკუთრებული სიმძაფრით გამომჟღავნება, რომელსაც გამომშვიდობების სუნი ასდის…

თითქოს მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გამიელვააა… მახსოვს როგორი ბედნიერი ვიყავი პატარა, შემდეგ იყო ბრძოლა, გამარჯვება, შიგადაშიგ დამარცხებებიც და ისევ ბრძოლა…

ახლაც ბრძოლა იწყება, ოღონდ ახლა უკვე პირდაპირი მნიშვნელობით. ბრძოლა, რომელიც უკვე წაგებულია.

მივდივარ და ვტოვებ ჩემს განუყრელ ლეპტოპს, ჩემს ახალ კამერას, სასწავლებელს, რომელშიც ახლახანს ჩავაბარე, ახალ სამსახურს, სადაც ორი კვირის წინ გადმოვედი, ანაბარს პროკრედიტ ბანკში და რაც მთავარია უამრავ საყვარელ ადამიანს, რომლებიც შეიძლება ვერასდროს ვიხილო. სკაიპშიც ოპტიმისტური წარწერა დავტოვე: "მე დავბრუნდები", თუმცა ამის ყველაზე ნაკლებად მჯერა.

წავალ… წავალ და რამდენიმე თვეში დავიწყებასაც მივეცემი, სადღეგრძელოებში მომიხსენიებენ როგორც გმირს და….. სასაცილოა… ან საერთოდ რა აზრები მიტრიალებს თავში. ვცდილობ ვიფიქრო ხალხზე, ვინც მიყვარს და ვისი ღირებულებაც ამ მძიმე წუთებში განსაკუთრებით მძაფრად შევიგრძენი… ვიცი გამიხსენებენ. გამიხსენებენ როგორც ერთ არარიგით მოკვდავს, რომელსაც ამდენი რამ დარჩა გასაკეთებელი, რომელსაც ასე უსამართლოდ მოუჭრეს გზა და ასე უღმერთოდ გაუყენეს ჯოჯოხეთის წყეულ ბილიკებს.

დანიშნულების ადგილამდე უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება და მეც უფრო და უფრო მძაფრად ვგრძნობ სიკვდილის ცხელ სუნთქვას ჩემს სხეულზე… ვგრძნობ როგორ მივიწევ ზეცისკენ… მივდივარ და გტოვებთ… და იმედს ვიტოვებ ამ ყველაფერს ოდესმე მაინც წაიკითხავთ და გაიგებთ თუნდაც ოდნავ მეტს ჩემს შესახებ… გაიგებთ რომ რეალურად შემეძლო ვყოფილიყავი ისეთი, რომ ჩემით გეამაყათ, რომ მწყუროდა სიცოცხლე, ბედნიერება და…

ჩემი ჩურჩული მესმის. ვხვდები, რომ უკვე ხმამაღლა ვფიქრობ.

ვგრძნობ როგორ მიკანკალებს ქვედა ყბა და ტუჩები მლაშე სითხით მისველდება.

ვტირი?

აქ?

მთელი ამ ხალხის წინაშე?

თუ ადრე ჩემი ცრემლები მხოლოდ მე მინახავს, სარკეში, ახლა ამას ყველა ხედავს, თუმცა რაღა აზრი აქვს… ნერვიულად ვიკვნეტ ტუჩებს…

"თქვენი ბილეთი" ბოხი ჩახლეჩილი ხმით თავზე მადგას ახალგაზრდა, ჩასუქებული გამცილებელი ქალი და ხელს მიშვერს.

მე თავს ვაბრუნებ მისკენ, ისე რომ თვალებში არ ვუყურებ და ბილეთს ვაწვდი..

ვგრძნობ რომ რაღაც უცნაურად დიდხანს გაუგრძელდა დგომა, მაგრამ თვალებში მაინც არ ვუყურებ…

"ყველაფერი კარგად იქნება" თითქოს მთელ სხეულში მისვლის მისი სევდიანი ხმა და მხარზე მის თბილ ხელს ვგრძნობ…. ვგრძნობ როგორ მეჩრება ყელში რაღაც ბურთისმაგვარი და მთელი ძალით ვუჭერ ხელებს მის უხეშ, ჭუჭყიან ხელს.

მე ვტირი…

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გვერდით ვიღაც მძიმედ ეშვება.

"რა საშინელებაა" მესმის ხმა, აშკარად მე მესაუბრება. თავს ვუქნევ. "რამდენი უდანაშაულო ადამიანი უნდა შეიწიროს ამ ომმა, ან ვის ვებრძვით" აგრძელებს ნერვიულად, "ახლახანს ჩემი მეზობლის ბიჭი გაიწვიეს რეზერვში, ისეთი, რომელმაც იარაღის ხმარებაც არ იცის, ღმერთმა იცის რა ბედი ეწევა, რა უაზროდ უნდა მოკვდეს"…

ნერვიულად მეცინება.

"მეც რეზერვისტი ვარ ქალბატონო და ახლა სწორედ იქ მივდივარ" თითქოს სადღაც შორიდან მესმის ჩემი ხმა. მისკენ არ ვიხედები, ქალბატონი ჩუმდება.

უკვე აღარ ვტირი. უბრალოდ ვცახცახებ და ეს არ არის შიში. ეს არის მოულოდნელობისა და გაურკვევლობის შეგრძნება. შეგრძნება ბოღმის, უმწეობის და არარაობის. საშინელებაა გაცნობიერება იმის, რომ ხარ მარიონეტი, რომელიც უმოწყალოდ უნდა განადგურდეს სპექტაკლის ბოლოს, მხოლოდ იმიტომ, რომ სანახაობა შთამბეჭდავი გამოვიდეს. ვხვდები, რომ მძულს ეს სისხლიანი თეატრიც, სცენარისტიც, რეჟისორიც და ყველა უმწეო მარიონეტი საკუთარი თავის ჩათვლით!

თენდება.

ახლა, როცა ყველაზე მეტად მჭირდება თანადგომა, ისე მარტო ვარ როგორც არასდროს. გამორთული ტელეფონიც ავისმომასწავებლად დუმს…

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ჩვენი ბაზა არ შეცვლილა, ისევ ისეთია როგორიც დავტოვე 1 თვის წინ, მაგრამ მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ასე მალე მომიწევდა დაბრუნება და მითუმეტეს ასეთ ვითარებაში…

თითქოს ისევ ავივსე ენერგიით და ვამხნევებ შიშისგან დაზაფრულ ხალხს. იმდენად ვერთობი ამ ყველაფრით რომ ჩემი თავი მავიწყდება…

"გამთენიისას ცხინვალში შევყავართ" მესმის აღშფოთებული ხმა, რომელიც მრავლდება და ბრბოს დიდ ჩოჩქოლად იქცევა.

ჩემთვის სულერთია, მე უკვე გამოვიტირე საკუთარი თავი, მე ხომ ერთი სიკვდილი უკვე გავათავე (ამ ფრაზას ხშირად იყენებენ ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ისე, რომ არც კი იციან მისი რეალური მნიშვნელობა. მე უკვე ვიცი…)

თითქოს ყველაფერი ჩაწყნარდა, უკვე ყველა რაღაცაზე საუბრობს, მხოლოდ მე არ მტოვებს უსიამოვნო შეგრძნება, თითქოს რაღაც საშინელი უნდა მოხდეს, თითქოს სიკვდილი აქვეა ჩასაფრებული და მოთმინებით ელის თავის მსხვერპლს.

ცარიელი იარაღებით სანგრის წინ ვწევართ და ათასგვარ სისულელეზე ვსაუბრობთ დროის გაყვანის მიზნით, არცთუ უშედეგოდ. თითქოს სასოწარკვეთის პირველმა ტალღამ უკვე გადაიარა…

მართალია ყველამ ვიცით, რომ კარგს არაფერს უნდა ველოდოთ, მაგრამ არც ისეთ საშინელს, რაც ამის შემდგომ ხდება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ვხედავ მხოლოდ ჩვენს თავზე მფრინავ ორ შემზარავ სხეულს, რომლებიც რაღაც მოელვარე ბურთებს ყრიან.

"გვბომბავენ"!!!! – ისმის განწირული ხმა და მომენტალურად ყველაფერი იცვლება.

მე ვერაფერს ვგრძნობ და ვერც ვფიქრობ, თავდაცვის ინსტინქტები ავტომატურად ირთვება.

ვერ ვხედავ რა ხდება, ვინ საით გარბის ან სად უნდა გაიქცეს, მივსდევ ბრბოს და მზად ვარ ყველაფრისთვის. ბოლო რაც მახსოვს ძლიერი წნევაა, რომელიც რამდენიმე მეტრით წინ გვაგდებს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ახლა სანგარში ვარ, სადღაც ნესტიან კუთხეში მიგდებული და გონს ვერ მოვსულვარ, ხმებიც თითქოს შორიდან მესმის… გარეთ უკუნეთი სიბნელეა. ვერ ვაცნობიერებ რა მოხდა, თითქოს სიზამრში ვარ, თითქოს ეს ყველაფერი ჩემს თავს არ ხდება. თითქოს მალე გავიღვიძებ და გავაგრძელებ ბედნიერ ცხოვრებას, ამ ყველაფერთან შედარებით კი უბედნიერესს. ვნანობ ჩემს ყველა უკმაყოფილებას რაც იყო აქამდე და თავს სიტყვას ვაძლევ რომ ბედნიერი ვიქნები, თუ რათქმა უნდა ჩემი ცხოვრება აქ არ დასრულდება.

"აქედან ფეხი არავინ მოიცვალოს" მესმის ვიღაცის აცახცახებული, მაგრამ მაინც ომახიანი ხმა. "დაღუპულებს როცა გათენდება მაშინ მოვძებნით.

დაღუპულებს?!

ეს სიტყვა თითქოს ტყვიასავით მივლის სისხლში, შემდეგ კი წვრილ ნამსხვრევებად იფშვნება და ყველა უჯრედს მტკივნეულად ესობა.

თითქოს თავში მთელი ძალით დამკრეს ჟანგიანი კონდახი და გამომაფხიზლეს.

ვერაფერს ვხედავ, თითქოს ყველაფერი ერთ დიდ შავ ტალღად იქცა და ამოტრიალდა… მესმის როგორ აწვდიან ინფორმაციას ვიღაცას. მე კი ვერც ვაცნობიერებ რომ ვინმეს ტელეფონი გამოვართვა და დავრეკო. თითქოს ვხედავ როგორ დაირაზმა ასობით მანქანა, სავსე სასოწარკვეთილი მშობლებით და ჩვენსკენ მოექანებაა.

ვგრძნობ რა ხდება მათ გულებში და მათთან ერთად მტკივა.

მინდა წამოვდგე, გავიქცე, ვიყვირო, მაგრამ ძალა აღარ შემწევს…

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თენდება ყველაზე შემზარავი დილა ჩემს ცხოვრებაში.

ახლა როგორც არასდროს, ისე არ მინდა გათენება, არ მინდა ვნახო ის, რაც სანგრის გარეთ დამხვდება…

ჯგუფებად გავყავართ სანგრებიდან. გვერდს ვუვლი ნაწილებად დაფლეთილ რეზერვისტებს და გულიც ათასობით ნაწილად მეფლითება. რაღაც ზებუნებრივი ძალა მაიძულებს ვიარო, თითქოს ზომბირებული ვარ და ვიღაც უხილავი პულტით მმართავს.

გამოვდივართ ველიდან და თვალწინ გვეშლება მანქანებთან შეჯგუფული ხალხის მასა.

ვუახლოვდებით.

მესმის როგორ ეკითხება ნერვიულად შავებში ჩაცმული ქალი ყველა გამოსულ რეზერვისტს ხომ არ უნახავთ მისი შვილი, პასუხად კი ყველა მხრებს იჩეჩავს და თავდახრილი აგრძელებს გზას. არავის შესწევს ძალა პირში მიახალოს მწარე სიმართლე…

მესმის როგორ კივის ახალგაზრდა ქალი განწირული ხმით, ვხედავ როგორ ასულიერებენ ვიღაცას.

მივიდვარ და მინდა ამ ყველაფერს რაც შეიძლება მალე მოვშორდე, იმიტომ რომ მეტი აღარ შემიძლია, ვგრძობ რომ ცოტაც და მკერდში რაღაც იფეთქებს და ჩემი სიცოცხლეც მათ ხანმოკლე სიცოხლესთან ერთად დასრულდება!…

და აი ვხედავ ნაცნობ მანქანას და ნაცნობ სახეებს

მინდა ვიყვირო, მინდა გავიქცე, მაგრამ არ შემიძლია.

მესმის ხმები, რომ ყველანი ვაბარებთ იარაღს და სახლებში გვიშვებენ, მე კი იარაღი ისევ ხელში მაქვს ჩაბღუჯული, ჩემი ჟანგიანი ავტომატი, რომელიც ყოველ მეხუთე ტყვიაზე იჭედებოდა.

უკვე მხედავენ და ჩემსკენ მოემართებიან მთელი სისწრაფით.

ვგრძნობ როგორ მეხსნება მხრებიდან უმძიმესი ტვირთი და მიწას ენარცხება. მასთან ერთად მეც მოწყვეტით ვენარცხები მრავალი უდანაშაულო სისხლით მორწყულ მიწას.

მტკივა ყველა უჯრედი, მაგრამ ეს ტკივილი არაფერია იმასთან შედარებით რაც შიგნით, სულის სიღრმეში მტკივა.

ყელში თითქოს რაღაც მაქვს გაჩრილი და მახრჩობს.

წამები თითქოს საუკუნეებად იქცნენ, მე ველი… და უაზროდ ვაშტერდები მშვიდ, ლურჯ ცას, რომელიც თეთრი ფაფუკი ღრუბლებით დაფარულა.

ვერ ვფიქრობ…

უბრალოდ ვგრძნობ

ვგრძნობ, რომ უკვე აღარ წვავს სიკვდლის ცხელი სუნთქვა ჩემს სხეულს.

ვგრძნობ, რომ სულ რაღაც წამებში ამიტაცებენ ხელში, ჩამტენიან მანქანაში და გამაქანებენ შორს, შორს ამ ტკივილისგან, კოშმარისგან და სასოწარკვეთისგან.

ვგრძნობ, როგორ მიყვარხართ ყველანი, ვინც აქ ხართ და ვინც შორს, მაგრამ ახლა, ამ წუთსაც ჩემზე ფიქრობთ და ამაოდ ცდილობთ ჩემთან დარეკვას

ვგრძობ, რომ ცხოვრების ეს ეტაპი სამუდამოდ დასრულდა, მაგრამ ვერასდროს ამოვშლი მეხსიერებიდან.

ვგრძნობ გაუსაძლის ტკივილს და ისე მინდა ვიტირო, როგორც არასდროს, მაგრამ ყელში გაჩრილი ბურთი არ მაძლევს ამის ნებას.

ვგრძნობ, როგორ ძლიერდება ფეხის ხმა.

ვგრძნობ, როგორ იფარება ჩემს თავზე ცა, მრავალი ნაცნობი, ცრემლმორეული სახით.

ვგრძნობ რაოდენ ძვირფასია სიცოცხლე…

გურამ შეროზიას ბლოგი