ქართველი გლამურული ("ნაშა") კაცების 26 თვისება - ამოიცანით გარშემომყოფები! - კვირის პალიტრა

ქართველი გლამურული ("ნაშა") კაცების 26 თვისება - ამოიცანით გარშემომყოფები!

დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოჯერ დავდე, მსგავსი შინაარსის, იუმორისტული პოსტი.

რატომ? ალბათ იმიტომ, რომ დავიღალე აგრესიისგან, იმისგანაც, რომ "ქართველობის დაკარგვის მსურველს" მიწოდებდნენ და საქართველოდან გაძევებისკენ მომიწოდებდნენ, უფრო სწორად ამაზე ხალისით დავიღალე და ნელნელა უკვე აღარც მეცინებოდა. ბლოგმაც შეიცვალა პროფილი, დასერიოზულდა და უფრო მნიშვნელოვან პრობლემებს დაეთმო ბლოგის და ჩემი დროც.

თუმცა თემიდან გადახვევა და იუმორის 5 წუთი არასდროს არის ზედმეტი, მით უფრო, როცა ამდენი სერიოზულობის შემდეგ შეიძლება შიგადაშიგ ისევ დადგეს დრო, როცა ადამიანებმა საკუთარი თავი გვერდიდან უნდა დაინახონ, გამოსწორდნენ, პროგრესირდნენ, ა.შ.

გთავაზობთ ქართველი, გლამურული კაცების ტოპ 26 თვისებას.

ტერმინის განმარტება: გლამურული კაცი- თანამედროვეობაზე არაჯანსაღი პრეტენზიის მქონდე, "ბომონდში" გარევის მსურველი მამაკაცი, რომელიც აკეთებს ყველაფერს, რომ იყოს "იდეალური მამაკაცი", თუმცა რამდენად კარგად გამოდის, ეს თქვენ გადაწყვიტეთ:გლამურ

მაშ ასე, გლამურული მამაკაცები:

1. ატარებენ ფერად ლინზებს და ფოტოებზე ტუჩებს უსასრულობამდე ბერავენ, ყველა გადაღებულ ფოტოს ათვალიერებენ და თუ რომელიმეზე თმის ღერი ზედმეტად გვერდით აქვთ გადახრილი- სასწრაფოდ შლიან/გაშლევინებენ ფოტოს;

2. თმა მუდმივად უბრწყინავთ ზედ გადაზელილი მუსით/გელით/ა.შ. და ერთხელაც ვერ ნახავთ თმაგაწეწილს;

3. არავის "ეპრანჭებიან", მათი მონაცემების ბიჭს ეს არ ეკადრება, თაყვანისმცემლების რიგი უდგათ და იმათგან არჩევენ საუკეთესოს;

4.  პრინციპულად არ უნდათ ქალიშვილი ცოლი (განა სულ ერთია, "იმენნა" არაქალიშვილს ეძებენ) და ესეც იმ მიზეზით, რომ ქალიშვილს ფსიქიკური პრობლემები ექნება და ტეხავს, რა დროს ეგაა 21-ე საუკუნეში?!

5."ფეისბუქზე აჭენებენ" (სქრინავენ) გლამურული ან ღრუზინი გოგონების მიწერილ სასიყვარულო წერილებს, ამაყობენ და თან საჯაროდ დასცინიან;

6. ბავშვობაში, ორი თვე იარეს სპორტზე და დღემდე საკუთარ თავს ყოფილ ფეხბურთელებს, მორაგბეებს, მოჭიდავეებს, კალათბურთელებს და ა.შ.-ს უწოდებენ;

7. ატარებენ რეიბანებს მინუს ტემპერატურის დროსაც, დღისითაც ღამითაც, ტუალეტშიც…

8. იცვამენ ჩაღეღილ პერანგს, საიდანაც მოსჩანს მოკლედ "გაკრეჭილი" ბალნის და მსხვილი ოქროს "ცეპის" მიქსი;

9. დადიან ფიტნესში წლობით, ჩექინდებიან და მაინც, შეხედავ და არაფერი ეტყობათ ვარჯიშის, დაეტყობათ და ჩაცმულს ვეღარ ნახავ ფეისბუქზე და მათ ვოლზე შესვლა ქმრის ღალატის ტოლფასია.

10. არიან მუდმივად დიეტაზე, არ მიირთმევენ პურს და ცხიმიან საკვებს.

11. არასდროს უჭამიათ შაურმა, ეგოიმებათ რესტორნები, შესაბამისად: ხინკალი, ქაბაბი და ა.შ., ეტანებიან სალათებს და მსუბუქ საკვებს;

12. აქვთ მინიმუმ ერთი ფოტო ფეისბუქზე, წელს ზემოთ შიშველი - ფიტნეს დარბაზის სარკეში გადაღებული და/ან ზღვაზე, საცურაო ტრუსში, გაჩაჩხული ფეხებით და ნეტარებენ, რომ "გლამურულ ნაშობას" დორბლებს აყრევინებენ;

13. ჯამში ორი წიგნი აქვთ წაკითხული, იმდენად ლამაზები და გლამურულები არიან, რა საჭიროა განათლება, გლამურულ ნაშობას მათი ვიზუალიც ეყოფა;

14. მუშაობენ ბანკში, ან რამე მსგავსი კატეგორიის კომპანიაში, პოზიციას, ხელფასს, განვითარების ტემპებს რა მნიშვნელობა აქვთ, ბანკში მუშაობენ და ეს საკმარისია! მათი ნაწილი გაფორმებულია მამამისის/ბიძამისის კომპანიაში, მენეჯერულ პოზიციაზე ფორმალურად და ამით უკიდეგანოდ ამაყობენ;

15. ნამდვილი მამაკაცობის საზომი "აყრილი და დაკერილი ნაშობის" რაოდენობაა, აბა კაცმა სხვა რით უნდა იამაყოს?

16. სოციალურ ქსელებში, ჰოთსეილზე ნაყიდი, 2 ლარიანი სტუდიური, დამუშავებული ფოტოები უდევთ, გლამურული მზერით და პოზით და თავადვე ტყვევდებიან საკუთარი ქარიზმატულობით;

17. აქტიურად აგინებენ გეებს და ამით თავს იზღვევენ, თავის ზედმეტად მოვლის გამო ჰომოსექსუალობა არ დასწამონ!

18. მამაკაცობის ხაზგასასმელად ხშირად იყენებენ ტერმინებს "ბოზიშვილივიყო" და "შეჩემა", მაგრამ მათი საუბრის ნაზ მანერას ეს საშინლად არ უხდება;

19. სადღაც გაუგიათ, რომ დაბალ ყელიანი, ფერადი წინდა "გლამურულობაა" და თავადაც აქტიურად მისდევენ ტენდენციებს, მერე რა, რომ აღნიშნულ წინდებს კლასიკურ, პრიალა და წვეტიან ფეხსაცმელზე იცვამენ;

20. "უნასკობაზეც" იგივე სმენიათ, ან უნახავთ და აქაც, კლასიკური "ტუფლის" წინდის გარეშე ჩაცმისგან ფეხზე კოჟრები აქვთ გამოსული, აბა ესპადრელი, ტოპსაიდერი და ა.შ. რა ცხოველია?

21. მთელი დღე იდგნენ რიგში რუსთავში, სამაგიეროდ მაინც აიღეს სასურველი ნომრები: გი-გა, თო-კა, თე-მო, ა.შ.

22. ზაფხულობით ეტანებიან მოტმასნილ, სტაფილოსფერ/წითელ/ყვითელ მაისურებს, უმკლავოს- კუნთების ხაზგასასმელად, თუ არ აქვთ კუნთები- ნუ მაინც, ფიტნესის მოყვარულ ტიპებს მხოლოდ ასეთი ჩაცმულობა შეეფერებათ;

23. აქტიურად იყენებენ კოცნის, გულების, სმაილებს და ტერმინებს "შენს თავს ვფიცავარ" ან "ჩემს თავს გაფიცებ", თუნდაც ერთი საათის გაცნობილი ჰყავდეთ;

24. უმეტესად მეგობრობენ მათივე მსგავს გლამურულ ყმაწვილებთან, ძირითადი სალაპარაკო თემა კი- ქალებზე ჭორაობაა, აბა ყვითელი თემების იქით უკვე ჩიხში ექცევიან;

25. იკეთებენ ცხვირის ოპერაციას, იმიტომ რომ უბრალოდ "ვერ სუნთქავენ", მერე გამოდიან და ნახევარი ცხვირი არ აქვთ, მაინც გახსნილი იყო და პლასტიკაც მიაყოლა რა.

26. იღებენ მონაწილეობას მისტერ ვალენტინის კონკურსზე, განურჩევლად ფიზიკური მონაცემებისა.

ფოტოებზე რომ ვინმეს პრეტენზია არ ჰქონდეს, ამიტომ ჩემივე, მსგავს ჟანრში გადაღებულ ფოტოს ვურთავ, დაე, ამ ერთხელ, ვიყო გლამურული კაცის სახე, მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან - არცერთს ვაკმაყოფილებ.

გურამ შეროზიას ბლოგი