"ღრუზინული ჯადო", რომელიც სამსახურის შოვნაში გვიშლის ხელს და როგორ გავთავისუფლდეთ მისგან - კვირის პალიტრა

"ღრუზინული ჯადო", რომელიც სამსახურის შოვნაში გვიშლის ხელს და როგორ გავთავისუფლდეთ მისგან

ყველაფერი დაიწყო დაახლოებით 1 კვირის, წინ, როცა ჩემი "ფეისბუკის" კედელზე ვაკანსია გამოვაქვეყნე. ერთერთი საერთაშორისო, წარმატებული და სწრაფად მზარდი კომპანია მოლარე-ოპერატორის ვაკანსიას აცხადებდა. მოთხოვნები საკმაოდ მცირე იყო: უნარ-ჩვევები, სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში (ნებისმიერ ვადიანი) და უმაღლესი განათლება.

გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ნიჭიერი და კარგი სტუდენტი მყავს და ყველა ერთად შეიძლება უცებ ვერ გამახსენდეს, ვინმე რომ არ გამომრჩენოდა, ვთხოვე რეზიუმეები გაეგზავნათ და სტუდენტი მიეთითებინათ თემის ველში. ზოგადად, ვთვლი, რომ ადამიანებს შრომა უნდა დაუფასდეთ, ამ შემთხვევაში ლექციების მსვლელობისას რაც გამოავლინეს, შესაბამისად, როცა რამე საინტერესო ვაკანსიის შესახებ ვიგებ - პირველი ჩემი მიმდინარე და/ან ყოფილი სტუდენტები მახსენდება

მოკლედ, სტატუსზე ატყდა ლანძღვა-გინება კომპანიის:

  • ბარემ დამლაგებელსაც უმაღლესი განათლება მოსთხოვეთ;
  • შენ გაქვს უმაღლესი განათლება, გურამ და შენ იმუშავებდი მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე?
  • უმაღლესი განათლება ვისაც აქვს, ის ამ პოზიციაზე არ იმუშავებს, ჩვენთან, ევროპაში ყველაფერი სხვანაირადაა;
  • ხელფასი რამდენია, 400 ლარი, თუ 550? და ამდენი მოთხოვნა?
  • ამას მხოლოდ ქართველი დამსაქმებელი თუ გააკეთებდა, რა სამარცხვინოა!
  • ყველაზე სასაცილო იყო ის, რომ ყველაზე ბრტყელი ტექსტებით გამოსულმა ხალხმა, მოლარესა და მოლარე-ოპერატორს შორის განსხვავებაც კი არ იცოდნენ, თუმცა, ვაი, არგუმენტების გაშლა მაინც არ ეზარებოდათ.

გამახსენდა ერთი ქალბატონი, რომელმაც ერთხელ განაცხადა, რომ შვილი იმისთვის არ გაუზრდია, რომ ქუჩაში დადგეს და რამე გაყიდოს, ან მაღაზიის კონსულტანტად იდგეს მთელი დღე. შვილიც ბედნიერი იყო, ასე რომ "გაუმართლა დედაში".

  • მეც მყავდა დედა, მამაც, მაგრამ 18 წლის ასაკში, ყოველგვარი ხელფასის გარეშე, ქუჩაში, მზეში თუ წვიმაში მთელი დღე ვარიგებდი ფლაიერებს;
  • მანამდე, 17 წლის ასაკში, მშენებლობაზე მუშად ვმუშაობდი, რომ საკუთარი ჯიბის ფული გამომემუშავებინა, კვალიფიკაციას ვერ ვიმაღლებდი, თუმცა დამოუკიდებლობას ვეჩვეოდი და პასუხისმგებლობის გრძნობაც მივითარდებოდა;
  • რაც შეეხება ახლა ვიმუშავებდი თუ არა მოლარე-ოპერატორად, მე რომ დამწყებ ეტაპზე ვიყო - დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი, უბრალოდ მე ეს ყველაფერი უკვე გამოვიარე და მოლარა-ოპერატორი გაცილებით მაღალი პოზიციაა იმასთან შედარებით, რითიც მე დავიწყე.

მანამდე არ ეშველება ქართველ ერს არაფერი, სანამ ვიცხოვრებთ მორალით:

  1. "300 და 400 ლარზე არასდროს ვიმუშავებ, გზის ფულადაც არ მყოფნის!" - უფასოდაც უნდა იმუშაოთ, გაიზარდოთ პროფესიულად და ამის შემდეგ გაგიჩნდეთ ეს უზარმაზარი ამბიცია!
  2. "მენეჯერულ პოზიციას ველოდები და ამიტომ ვარ უმუშევარი." - კი ბატონო, ელოდეთ, მერე გახდებით 30-ის, დაბალ პოზიციაზე არ აგიყვანენ, იმიტომ, რომ ამ პოზიციაზე დამწყებს/სტუდენტს მეტი ენთუზიაზმი ექნება, მაღალზეც ვერ აგიყვანენ, გამოცდილება არ გექნებათ სათანადო, მერე დადგებით "ბირჟაზე" და განიხილავთ როგორი უსამართლოები არიან ქართველი დამსაქმებლები;
  3. გასაუბრებაზე უარის შემდეგ, ჩათვლით, რომ უსამართლოა სამყარო, ნაცვლად საკუთარი ნაკლოვანებების პოვნისა და მათ გამოსწორებაზე ზრუნვისა. ვერ წარმოიდგენთ, რამდენი წარუმატებელი გასაუბრება მქონია 18 წლის ასაკში, ყველა გასაუბრება გაკვეთილი იყო და სტიმული პროგრესირებისთვის, მეხუთე ცდაზე ბანკმა დამასაქმა;

გავიგოთ, რომ უმაღლესი განათლება ვერ იქნება ამბიციის საფუძველი და რაღაცას ყოველთვის ვიწყებთ ნულიდან, ან საწყისი ეტაპიდან.

მოლარე-ოპერატორად საჭიროა ადამიანი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება იმიტომ, რომ:

  • ფულთან და პროგრამებთან მუშაობა საკმაოდ სერიოზული სამუშაოა და ამისთვის შესაბამისი ცოდნის მქონე ადამიანია საჭირო, ნუ უყურებთ პოზიციებს ასე ქედმაღლურად!
  • მუდმივად მოლარე-ოპერატორი არ იქნებით, დაწინაურების შემთხვევაში კი - ყოველ შემდგომ საფეხურზე, სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდება განათლება;
  • დიპლომიან ადამიანს მინიმუმ პასუხისმგებლობა აქვს, რომ დაამთავრა თავის დროზე უნივერსიტეტი, იმუშავა, იშრომა, თუნდაც მხოლოდ ბარიერები გადაელახა;
დაბოლოს, თუ თვლით, რომ რამე პოზიცია არ გეკადრებათ, დაე გაატარეთ ისინი, ვისაც ეკადრებათ, იშრომონ, განვითარდნენ, წავიდნენ წინ და წლების შემდეგ, თქვენ ხელს ჩაიქნევთ პოზიციების დაწუნებაზე, მიხვალთ პირველივე ვაკანსიაზე და გადაწყვეტილების მიმღები პირის როლში, ზუსტად ის ადამიანები დაგხვდებიან, ვინც არ ითაკილეს (ან რა სათაკილოა) თქვენს მიერ "დამცირებული" სამუშაო პოზიციები და თქვენს დასაქმება-არ დასაქმების ბედს ისინი გადაწყვეტენ.

პ.ს. გასაქმებთ, ვცდილობ გავუწიო რეკომენდაცია ადამიანებს, ვთავაზობ სამსახურს არც ისე დაბალი ხელფასით და ნაცვლად მადლობისა, ან უბრალოდ დუმილისა, კიდევ აქეთ მლანძღავთ? და მერე გახვალთ და იტყვით, რომ სამსახურები არ იშოვება და ასეთი განათლებული ადამიანები უმუშევრები არ უნდა დადიოდეთ? თქვენი გამკვირვებია.

დაიმახსოვრეთ, არ არსებობს სამარცხვინო სამსახური, სამარცხვინოა ზრდასრულ ასაკში ბირჟაზე დგომა/სახლში ჯდომა და ოჯახის, მეგობრების და სხვა ადამიანების კმაყოფაზე ყოფნა, როცა შრომის უნარიანები ვართ!

(აქვე, ვისაც არ გეთაკილებათ გენერალურ დირექტორზე დაბალი პოზიციები, გამოიწერეთ ჩემი ფეისბუქ გვერდი: Gურამ შჰეროზია და იხილეთ ხოლმე ვაკანსიები, ეტაპობრივად)

გურამ შეროზაის ბლოგი