როგორ დავგეგმოთ მოგზაურობა თითქმის უფასოდ – თქვენ ეს შეგიძლიათ! - კვირის პალიტრა

როგორ დავგეგმოთ მოგზაურობა თითქმის უფასოდ – თქვენ ეს შეგიძლიათ!

უნივერსიტეტის ადრეულ კურსებზე, თითქმის ვერც კი ვიოცნებებდი მოგზაურობაზე, მაშინაც კი, როცა მუშაობა დავიწყე, რატომღაც შორეულ და ძალიან ძვირ პერსპექტივად წარმომედგინა საზღვრის გადაკვეთა.

ოჯახსაც ვერ ვთხოვდი ფინანსებს, პირადი სიამოვნებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა 18 წლიდან უკვე გამიჩნდა ამბიცია, რომ საკუთარი საარსებო მინიმუმი ჩემი შრომით გამომემუშავებინა, მარტოც მეცხოვრა და ბუნებრივია, სამოგზაურო თანხაზე მით უმეტეს, ვერ შევაწუხებდი მშობლებს.

22 წლის გავხდი ისე, რომ საქართველოს საზღვარი არ მქონდა გადაკვეთილი და არც თვითმფრინავში ვიყავი ნაჯდომი, თუმცა მას შემდეგ, 6 წლის განმავლობაში 50-მდე ქვეყნის მონახულება შევძელი, რასაც დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ.

პირველი ქვეყანა, სადაც ვიმოგზაურე, იყო ყირგიზეთი, სადაც DAAD-ის დაფინანსებით წავედი, 2 კვირიან ტრენინგზე, გზად სტამბულში მომიწია გადაჯდომა 8 საათიანი, შესაბამისად ეს ქალაქიც დავათვალიერე და სწორედ მაშინ მოვიწამლე მოგზაურობის განუკურნებელი სენით. უახლოესი სამი წლის განმავლობაში, აქტიურად ვეძებდი დაფინანსებებს. სტუდენტებისთვის ეს არც ისე რთულია, მთავარია მონდომება და აპლიკაციის სწორი შევსება. დაფინანსებები შეგიძლიათ მოიძიოთ მთელ რიგ საიტებზე.

ასევე, შეგიძლიათ აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა უნივერსიტეტების გაცვლით პროგრამებში, თუ უფრო გრძელვადიანზე წასვლის სურვილი გაქვთ, ამ პოსტით, მე მხოლოდ მოკლე სამოგზაურო გასვლებით შემოვიფარგლები.

გავიდა დრო, მეც გავიზარდე და უკვე ვეღარ ვახერხებდი ახალგაზრდულ აქტივობებში ჩართვას, შესაბამისად, გახდა აუცილებელი, რამე ალტერნატიული გზა მომეძებნა, უფასო ან იაფიანი მოგზაურობების, თანხა უკვე მქონდა, თუმცა ხარჯების გარეშე მოგზაურობამაც მიჩვევა იცის და იმაში, რასაც ადრე უფასოდ აკეთებდი, მერეც გიჭირს თანხის გადახდა, ასე გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ქაუჩსერფინგი: www.couchsurfing.org

ეს არის საიტი, სადაც თავმოყრილია მოგზაურები სხვადასხვა ქვეყნიდან და ისინი გმასპინძლობენ უფასოდ, სანაცვლოდ, როცა შენს ქალაქში ჩამოდიან, შენ მასპინძლობ, ანუ ერთგვარი გაცვლა გამოდის საცხოვრებლების.

იკითხავთ, რამდენად უსაფრთხოაო. მუშაობს რეფერენსების სისტემა, ანუ ვინც რჩება კონკრეტულ მასპინძელთან, უტოვებს დადებით რეკომენდაციას, ან უარყოფითს, რომლის წაშლაც შეუძლებელია, შესაბამისად, როცა ნახავთ, რომ მინიმუმ 10 ადამიანი დარჩა მასთან და ყველა აღფრთოვანდა, ეს გულისხმობს იმას, რომ თქვენთვისაც კომფორტული იქნება. ჩემი პირველი სტუმარი ფრანგი ბიჭი იყო, რომელიც დამყავდა ჩემს მეგობრებთან ერთად, სხვადასხვა გასართობ ადგილებში და გარდა იმისა, რომ დრო კარგად გავატარეთ, ენის კუთხითაც საკმაოდ დადებითი პრაქტიკა გამოვიდა.

ადამიანები სასურველია შეარჩიოთ ადგილმდებარეობის, საერთო ინტერესების და სხვა ბევრი პარამეტრის მიხედვით, თუ კომენტარებში უწერენ, რომ საოცრად ამზადებს საკვებს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ უფასო ღამის გასათევთან ერთად, კვებაც გელოდებათ. სახლების დიდი ნაწილი, 4 ვარსკვლავიან სასტუმროებს არც ჩამოუვარდებიან და მთავარი:

  • აქ არ ატარებ დროს სასტუმროს ცივ კედლებში, აქ გყავს ადამიანები, რომლებიც გაკვალიანებენ, დაგყვებიან, გიხსნიან, გეხმარებიან ქალაქის შეგრძნებაში;

  • ცხოვრობ ოჯახში და უფრო ღრმად შედიხარ მათ კულტურაში, იგებ, როგორც ცხოვრობს ვთქვათ რიგითი პარიზელი ოჯახი;
  • არ გიწევს ხალხის გასაცნობად კლუბებში დროის ხარჯვა, მათ მეგობრებში გაერევი, რომლებიც უკვე კეთილგანწყობილები არიან თქვენს მიმართ და გართობაც მარტივდება
  • შეიძლება მასპინძელი ვიზუალური და სხვა ნიშნებითაც შეარჩიო და საკურორტო ლავ სთორისაც გამოჰკრათ ხელი
იხილეთ სრულად გურამ შეროზიას ბლოგზე