ინტერნეტქურდები, ანუ კრეატივის დეფიციტი ქართულ მედიაში
ინტერნეტქურდები, ანუ კრეატივის დეფიციტი ქართულ მედიაში
ქართულ პორტალებზე არაერთხელ შეხვდებოდით კოპირებულ სტატიებს, ანუ ერთი საიტიდან აღებულ სტატიებს, რომელიც მეორე საიტზე დევს ავტორის თუ წყაროს მითითების გარეშე.
თქვე კარგო ადამიანები, მიგაქვთ - წაიღეთ, მაგრამ იქნებ ბოლოში მაინც ახსენოთ ავტორი? სტატიების წაღება საიტიდან საიტზე, შეიძლება, რა თქმა უნდა, უფრო მეტიც - ყველაზე კარგი ტონია, როცა ნახევარ სტატიას წერთ და გაგრძელებისთვის, სტატიის ავტორის გვერდს ლინკავთ, მაგრამ როდესაც შენ საერთოდ არანაირ პროდუქტს არ ქმნი და მხოლოდ და მხოლოდ სხვისგან მოპარული
მასალებით ცდილობ ფონს გასვლას და თან რეიტინზეც გაქვს პრეტენზია, უკაცრავად და ქურდი ხარ, სრულიად ჩვეულებრივი ქურდი…

თანაც ის ვიღაც, ვისაც პარავ, ეგებ და არასწორ ინფორმაციას აქვეყნებს, ერთი წყაროთი მაინც არ უნდა გადაამოწმო, შე კარგო ადამიანო კი არა და, შე ცუდო საიტო?!

ამიტომაც არის რომ ამ
ქართულ ინეტერნეტბაქანალიაში დაიბნა მკითხველიც - ვის ენდოს და ვის - არა, აღარ იცის…


მე პირადად მთლიანი სტატიის წაღებაზეც არ მაქვს პრობლემა, თუ ავტორი არის ნახსენები, მაგრამ რამდენჯერმე გადავწყდი სხვების მიერ, უსახელოდ მითვისებულ ჩემს ბლოგპოსტებს და ლამის სისხლიც დაიღვარა.

მოდით, ნუმერაციით ჩამოვყვეთ მედიაში, გაურკვეველ ქმედებებს:

  1. კოპირებული სტატიის კოპირება ბოლო ავტორის მითითებით. მაგალითად: ჩემი სტატია, ჩემივე ხელით გადავეცი რომელიმე კარგ და ხარისხიან საიტს, შემდეგ ამ საიტიდან წაიღო ვინმე გუშინ გამოჩეკილმა საიტმა, პირობითად ჭიჭიკო.ჯიმ და ავტორის ველში მე კი არა ის კარგი საიტი მიუთითა, როცა, ოდნავ ტვინი რომ გაენძრია, ნახავდა რეალურ ავტორს.
  2. ანალოგიურად, როცა იდება რაღაც სტატია ნორმალურ საიტზე და უცებ, ისევ დაბალი კლასის საიტებზე, ვხედავ იგივე სტატიას, პერიფრაზის მცდელობით და ისე დამახინჯებულს, რომ აზრობრივად სულ სხვა რაღაც იკითხება.
  3. ასევე მაინტერესებს, რატომ არ აქვს ყველა სტატიას ბოლოში წყარო, ან ავტორი, მაგალითად, რომელიმე მედიასაშუალებას თუ შეუძლია, ვთქვათ, "ფეისბუკიდან" აღებული სტატუსის შინაარსით დაწერილ ნიუსზე ამავე სტატუსის ლინკი დაურთოს, ქოფი-ფეისთი რატომ არის რთული ზოგი საიტისთვის?
  4. არაფერს ვამბობ გრამატიკულ შეცდომებზე და გამოგონილ ისტორიებზე, რომელიც ასევე მრავლად გვხვდება;
  5. პლაგიატი იქით იყოს და ახლა მკითხვლზეც უნდა ვთქვა ორი სიტყვა, ძალიან ვხალისობ, ვიღაცის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო რომ იდება და კომენტარებში ხალხის ყაყანი რომ ჩაგესმის: სხვა საქმე არ გაქვთ? ეს ვის რაში აინტერესებს? თქვენ გარყვნილებო! და ა.შ. და რომ გადათვალო, მსგავს სტატიებს ყველაზე მეტი ნახვა აქვს და რომ ჰკითხო ერს, არ აინტერესებთ, მაშინ, რაღაზე ხსნი სტატიას და მით უმეტეს - აკომენტარებ, როცა სათაურშივე გიწერია შინაარსი? ჰო და, რომ მალავთ, მაგრამ ძალიანაც რომ გაინტერესებთ, ამიტომ არის პორტალები მსგავსი ტიპის ნიუსებით აჭრელებული.
  6. არ მომერიდება და დავასახელებ საიტებსაც, რომლებიც სხვა საიტებიდან მოპარულ ნიუსებსა თუ მთლიან სტატიებს ისე ატრიალებენ წინ და უკან ვითომ არაფერი:baidu.ge, abezara.com, karoche.ge, tvfree.ge, ა.შ. არა და, რა უნდა მინიმუმ "ფეისბუკის" დახმარებით მცირე სტატიების მომზადებას, მერე სხვა საიტების სალანძღავი რომ არ გაიხადოთ თავი.
  7. სათაურები ცალკე არტია, თუმცა ამ მხრივ, მკითხველს რაც აინტერესებს,სათაურიც ამის გამოხმაურებაა, შესაბამისად, ამაში ჟურნალისტებს ვერ დავადანაშაულებთ, რასაც ვითხოვთ მკითხველები - ამასვე ვიღებთ.
მაინტერესებს, რომ არ არსებობდეს მედია, რომელიც საკუთარ კონტენტს ქმნის, რით იცოცხლებდით ეს სოკოებივით მომრავლებული, დაბალი დონის საიტები და როგორ შექმნიდით ნიუსებს?

და ბოლოს, გეტყვით ორიოდ სიტყვას დამკვეთის გადმოსახედიდან, ანუ ვისთვისაც თქვენ ძალებს არ იშურებთ რეიტინგის დასადებად: როცა ვიღებ გადაწყვეტილებას, რომელ საიტზე განვათავსო ბანერი, პრეროლი, ნიუსი, ა.შ. და გადავიხადო შესაბამისი თანხა - საიტის ვიზიტორების და სხვა პარამეტრის გარდა - დიდ ყურადღებას ვაქცევ საიტის შინაარსის ხარისხს და არასდროს ვითანამშრომლებ საიტებთან, რომლებიც ქოფი ფეისთებით მიედ-მოედებიან რაღაცებს და/ან დაუზუსტებელ ინფორმაციას აქვეყნებენ.

ამიტომ, მიიღეთ ეს პოსტი კეთილ რჩევად და მშვიდობაში მოიხმარეთ.

მადლობა ყურადღებისთვის.

გურამ შეროზიას ბლოგი
sasacioloa
19 ნოემბერი 2015 18:13
ძაან ვხალისობ ხოლმე არაფრით გამორჩეული ძალით სტატიების ავტორები რომ ყელყელაობენ და კონტენტის ქურდობაზე ჩივიან...

ეს ამ ადამიანის ამპარტავნებაზე და თავხედობაზე და გაბერილ ეგოზე მიუთითებს მხოლოდ. აუცილებელია შენი სახელი ეწეროს? მთავარი ხომ ისაა, რომ შენი მოგონილი იდეა გავრცელდება და ხალხი წაიკითხავს მას?

პრიმიტიული ტიპები ამას ვერ იგებენ. პრიმიტიული ავტორებისთვის მთავარია მათ ეგოს მიაგონ პატივი. ყველამ უკლებლივ - წამკითხველმაც და გადამბეჭდავმაც.

ვერ მოგართვით. ვაი თქვენ და ვაი თქვენს გადამბეჭდავებს :D

მეც მქონდა ბლოგი და ჩემი სტატიებიც გადაუბეჭდავთ, მაგრამ არ მიგრძვნია საერთოდ დაძაბულობა ამ მხრივ. თავმდაბლობას არ ვაწვები მაგრამ უბრალოდ ვერ ვხვდები რა ფენომენია ეს ვაიმე ჩემი სტატია გადაბეჭდა წიოკი...
gogla82
19 ნოემბერი 2015 17:18
რატო ვხსნი ფაილს ? იმიტომ რომ ზოგჯერ სათაური საინტერესოა და შიგ სულ სხვა თემაზეა დაწერილი.
ვაჟა 17
19 ნოემბერი 2015 11:51
ჯერ ერთი, თუ ვინმემ შენი გადაბეჭდა, ის შენზე უბადრუკი ყოფილა, უბრალო ტექსტის შედგენა-გამოქვეყნებაც არა სცოდნია და ცოდვაა, ამისთანას რაღაცა დააყვედრო!
მეორეც, რა "დიდოსტატის მარჯვენა" და "დათა თუთაშხია" შენ მოგპარეს, რო გაწიწმატდი, შენ ადგილზე სხვა მართლა მადლობას იტყოდა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები