რა დააშავეს იმ პატიმრებმა, ვინც სანახაობას არ ქმნიან?! - ჩემი ბავშვობის ისტორია ამ თემაზე - კვირის პალიტრა

რა დააშავეს იმ პატიმრებმა, ვინც სანახაობას არ ქმნიან?! - ჩემი ბავშვობის ისტორია ამ თემაზე

მე ის პატიმრები შემეცოდნენ, ვინც გაცილებით მსუბუქი დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს და მათ არაფერი ეხებათ, რაკი ისინი არ არიან შოუ (ვუ)მენები.

დღეს გავიგე, რომ მსჯავრდებული თეონა ყოლბაია, იმედის პირდაპირ ეთერში გაათავისუფლეს, რასაც მთელი საქართველო ზეიმობს. ისიც გავიგეთ, რომ იმავე დანაშაულისთვის, უკვე მეორედ იხედიდა სასჯელს, კერძოდ - ყაჩაღობისთვის.

როცა აღნიშნულ ფაქტზე პროტესტი გამოვთქვი და გამოვხატე მწუხარება იმ „ნემსის ქურდების” მიმართ, რომლებიც ახლაც იხდიან სასჯელს და რომლებიც უბრალოდ „პურს და სანახაობას“ ვერ გვთავაზობენ, ძალიან დიდი აგრესია წამოვიდა საზოგადოების მხრიდან…

აი იმ საზოგადოების, რომელიც:

  • წყევლიდა და აგინებდა 25 წლის გოგონას, რომელიც ეჭვმიტანილია ქმრის და შვილის მკვლელობაში, მაგრამ არაფერი დადასტურებულა ჯერჯერობით
  • აზიარებდნენ გარდაცვლილების და აღნიშნული გოგონას ფოტოებს, ცეცხლზე ნავთს ასხამდნენ და რეალურად არც კი ადარდებდათ ოჯახის ემოციური მდგომარეობა
  • არც კი განუხილავთ, რომ შეიძლება ეს ყველაფერი არ შეესაბამებოდეს რეალობას.
  • და პარალელურად, ბედნიერების ცრემლებით - ზეიმობდნენ ყაჩაღობისთვის ბრალდებული თეონას თავისუფლებას.

სხვის ომში ბრძენ საზოგადოებას მინდა ერთი პატარა ისტორია მოვუყვე…

7-8 წლის ვიქნებოდი, როცა ერთ დღესაც ბებიასთან გვიანობამდე შემოვრჩი, გადავწყვიტე დარჩენა და დედას დავურეკეთ, რომ დღეს სახლში აღარ მივიდოდი, თან საღამო იყო… სკოლიდან ყოველთვის ბებიასთან დავდიოდი და გაკვეთილებსაც იქვე ვამზადებდი, სანამ მშობლები სამსახურში იყვნენ. მამა ერთი თვით ბათუმში იყო მივლინებით, იმ პერიოდში.

ღამით დედა ხმაურმა გააღვიძა, ნახევრად მძინარე, ფანჯარასთან მივიდა და შენიშნა, როგორ ცდილობდა ვიღაც ფანჯრიდან შემოძრომას. ფანჯარასთან მივარდა, რომ წინააღმდეგობა გაეწია, როცა ნიღბიანმა ხელი ჰკრა და წააქცია. მიუხედავად იმისა, რომ ფეხი ჩამოარტყა, გაეჭრა და სიარული უჭირდა, მაინც სცადა გაქცევა და დარეკვა, გზად მძარცველი დაეწია, ჭიდაობისას ლამის ნახევარი სახლი დალეწა და დედაც დააზიანა ფიზიკურად.

მერე კარი გააღო და კიდევ ორნი შემოვიდნენ, ნიღბიანები. მთელი სახლი გაჩხრიკეს, ხელში რაღაც იარაღის მაგვარი ეჭირათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში - კარგი დღე არ დაადგებოდა „მასპინძელს“. ვერაფერი იპოვეს და ისევ მუქარით შეეცადნენ, გამოეტეხათ სად იყო ფული.

მდიდრები არასდროს ვყოფილვართ. თან, 1 თვის წინ კიდევ გაგვქურდეს, ოქრო და სხვა ძვირფასი ნივთები მაშინ წაიღეს, შესაბამისად სახლში არაფერი იყო, გარდა დედაჩემის საფულეში არსებული რამდენიმე ასეული ლარისა, 200 ლარამდე დაახლოებით. „პროცედურა“ ორ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა…ყველანაირი მუქარით ცდილობდნენ გამოეტეხათ, შოკში მყოფი ახალგაზრდა ქალი, თუ სად მალავდა ფულს და ნივთებს. ცივსისხლიან ყაჩაღებს არც ცრემლები ადარდებდათ, არც ის, რომ შეიძლება დასისხლიანებულ და შიშისგან აცახცახებულ ქალს რამე დამართნოდა, ფულის მისაღებად - ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები…

  • მეორე დღეს, ვერაფრით ვხვდებოდი, რატომ მიმალავდნენ და არ მახვედრებდნენ დედას.
  • ერთი კვირის შემდეგ, იმასაც ვერ ვხვდებოდი, სახლში ყოველ დღე, რატომ რჩებოდნენ ნათესავები, რატომ ეღვიძებოდა შუაღამით, რამდენჯერმე დედაჩემს და ამოწმებდა კარის საკეტებს, ფანჯრებს…
  • რატომ ჰქონდა დალურჯებები, რომელზეც მითხრა, რომ სიბნელეში უბრალოდ დაეცა;
  • რატომ დავამატეთ კარს კიდევ სამი კლიტე…

წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, იმ დღეს, სრულიად შემთხვევით, ბებიასთან რომ არ დავრჩენილიყავი და 7 წლის ბავშვს, ეს ყველაფერი ჩემი თვალით დამენახა. და ის რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც 35 წლის დედაჩემმა წვალებით გადაიტანა, მე რამდენ ხანს გამიგრძელდებოდა?

არ წაუღიათ 200 ლარზე მეტი თანხა, უფრო სწორად ვერ, თუმცა ახლაც, 20 წლის შემდეგაც, მათი ვინაობის გაგების და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში - ციხეში ამოვალპობდი!

და ეს არ იყო პირველი შემთხვევა… პირველად 3-4 წლის ვიქნებოდი, როდესაც მშობლებთან ერთად კარის გაღებისას ღია კარი და მთლიანად დალეწილი სახლი დაგვხვდა, გადმოყრილი ნივთებით.

ვერც იმას ვხვდებოდი, რატომ გავარდა უცებ მამა, თითქოს ვიღაცას დაედევნა, რატომ ტიროდა დედა, რატომ იყო სახლში ამდენი მეზობელი, პოლიციელი, თუმცა ვხვდებოდი, რომ რაღაც კარგი არ ხდებოდა…

იმის თქმა მინდა, რომ როცა „სხვის საქმეში ჩარევას“ დაგვაბრალებთ, იქნებ გაიაზროთ, რომ ეს მხოლოდ ერთეულების საქმე არ არის და მთელ საზოგადოებას გვეხება?

ამ შემთხვევაზე, ანუ კონკრეტულად თეონაზე არ მაქვს საუბარი, მისი ბედნიერება მიხარია, არც იურისტი ვარ, რომ დეტალური ანალიზი ჩავატარო, არც იმას ვითხოვ, რომ ციხეში შეაბრუნონ, მაგრამ იქნებ დაფიქრდეთ, სანამ მსგავს კომენტარებს გააკეთებთ:

  1. 300 ლარი მოიპარა და ვიღაც დააყაჩაღა, ადამიანი ხომ არ მოუკლავს
  2. ბოღმიანები ხართ და გშურთ, ნაცვლად იმისა, რომ გიხაროდეთ
  3. 3 თვე ჰქონდა მხოლოდ დარჩენილი, რა მოხდა მერე?
  4. ეს შენ არ გეხება და რა შენი საქმეა, რატომ ჰყოფ სხვის საქმეში ცხვირს?
  5. ჰუმანურობის ხაზგასმა იყო…
ჰუმანურობის, დამნაშავის მიმართ? ანუ წახალისება, რომ ჩავიდინოთ დანაშაული, შემდეგ აღმოგვაჩდნდეს ნიჭი, გავიდეთ იქს ფაქტორში, ვოისში, ნიჭიერში და გაგვათავისუფლონ? და ერი ამას ზეიმობდეს? ან რა არის სხვისი საქმე, ის, რაც საქართველოში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს გვეხება?

ვერ გისურვებთ, რომ ეს ყველაფერი თავად გადაგხდეთ, მაგრამ გთხოვთ დაფიქრებას, მანამ, სანამ აზრს გამოთქვამთ.

ის, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა, ამას არც ვაპროტესტებთ, უბრალოდ ფაქტი და ხალხის შესაბამისი ემოცია მაშინებს. და ყველაფერს ისიც ემატება, რომ ამ ყველაფერთან უკვე არაერთხელ მქონია შეხება, საკმაოდ ახლო…

თეონას (და სხვა ამნისტირებულ პატიმრებს) კიდევ ერთხელ ვულოცავ თავისუფლებას და ვუსურვებ ამის ღირსეულად გამოყენებას.

და გავმეორდები: მე არ მქონია პროტესტი თეონას შეწყალებაზე, მე ის პატიმრები შემეცოდნენ, ვინც გაცილებით მსუბუქი დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს და მათ არაფერი ეხებათ, რაკი ისინი არ არიან შოუ (ვუ)მენები.

„კანეც სვეტა“.

იხილეთ ასევე: "მაღაზია დავაყაჩაღეთ, მიყვარდა და შედეგზე არ მიფიქრია" - "ვოისის" პატიმარი კონკურსანტი თეონა ყოლბაია პირდაპირ ეთერში გაათავისუფლეს

გურამ შეროზიას ბლოგი