"ფლირტი" იტალიელ მაჩოსთან - ანუ ჩემი ბელგიური თავგადასავალი - კვირის პალიტრა

"ფლირტი" იტალიელ მაჩოსთან - ანუ ჩემი ბელგიური თავგადასავალი

მაისის ბოლო იყო, თუმცა მაინც ისე ციოდა, რომ ეს ჩემი გამოზაფხულების შესაბამისი მაისურები ლამის სამ-სამად მეცვა, მერე პარიზში რაღაც იაფფასიანი, ოდნავ თბილი პოლოვერი ვიყიდე მეორადებში, წარწერით ITALIA და თითქმის ყოველ დღე, გარედან ამით ვთბებოდი. პარიზიდან ამსტერდამში წავედი, შემდეგ კი ბრიუსელის დრო დადგა.

მასპინძელს ანდრეა ერქვა, 33 წლის იყო და ქალაქის ცენტრში ცხოვრობდა, მასზე მხოლოდ ეს ვიცოდი და ჰო, კიდევ ძალიან ბევრი დადებითი რეკომენდაცია ქაუჩსარფინგზე (საიტი, სადაც უფასო მასპინძლებს პოულობ). ტელეფონით ვიყავი შესული, თუმცა 33 წლის იტალიელი, რატომღაც ძალიან ცეცხლოვანი და საინტერესო წარმომედგინა, მიუხედავად იმისა, რომ ფოტოები არ ედო. თან ისე როგორ უნდა ჩაევლო ამ ყველაფერს, რომ ერთი მცირე მეტრაჟიანი ლავ სთორი მაინც არ მქონოდა. ბრიუსელს ვუახლოდებოდით, მძღოლის ნომრიდან ანდრეას მივწერე:

- თითქმის მოვედი, სახლში ხარ?

- კი, გელოდები, რამე მოგიმზადო?

- ჩემი მზრუნველი გოგო! გავიფიქრე და გულებით და დაფიფქული სმაილებით დავეთანხმე. პასუხადაც იგივე მომივიდა.

- იატაკის მატრასზე დაიძინებ, თუ ჩემთან გაიყოფ საწოლს? – მომივიდა მორიგი სმს;

- ბოზი! ჯერ არ მიმიწერია და უკვე საწოლში მიმათრევს – გავიფიქრე და ხმამაღლა გადავიხარხარე. – საწოლი მირჩევნია, იატაკზე წოლას არ ვარ შეჩვეული – მივწერე პასუხად და თან დავფიქრდი, იქნება და როგორ გამოიყურებოდა. თუმცა საწოლი და სექსი როდის ყოფილა სინონიმები, ხოლო ფლირტის შემთხვევაში, მის ვიზუალს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მიმოწერაში ფლირტი გავაგრძელე, თუმცა მისი რეაქცია ოდნავ მაკვირვება, ვერ ვხვდებოდი, ამყვა თუ პირიქით, თავაზიანად მიშორებდა თავიდან.

ჩავედი თუ არა პირველივე მაღაზიაში, პატარა თაიგული ვიყიდე ყვავილების და ანდრეას შესახვედრად მოვემზადე.

10 წუთი იქნებოდა გასული, როცა მაღალი, შავგრემანი მამაკაცი მომიახლოვდა და გადამეხვია. ვერ ვხვდებოდი ვინ იყო, ან საიდან მიცნო, ჩავთვალე, რომ ანდრეამ გამოგზავნა და ჩემი ფოტოებიც აჩვენა.

- ანდრეა! – გამომიწოდა ხელი

- ჰა?! – აღმომხდა ისტერიულად და სიცილი ამიტყდა, თან მარცხენა ხელში გაქვავებულ ყვავილებს დავხედე.

- ანდრეამაც გადაიხარხარა და ამიხსნა, რომ იტალიაში ეს კაცის სახელია. მერე ანდრეა ბოჩელი გამახსენდა და გავბრაზდი, ჩემი ბავშვობის სერიალებმა ამხელა გავლენა რომ მოახდინეს. (ჩემი ბავშვობის სერიალებში, ყველა ანდრეა ქალი იყო!)

სახლში იტალიური სპაგეტი დამხვდა, რომელსაც მალევე მოჰყვა უგემრიელესი ყავა. იმ საღამოს წვიმდა, ანდრეამ კარადა გამოაღო და თავისი ტანსაცმელი შემომთავაზა. აი აქ, უკვე გამიხარდა, რომ ჩემი მასპინძელი კაცი აღმოჩნდა, სასწრაფოდ შევარჩიე ერთერთი, შავი პალტო, რომელიც მომერგო, უბრალოდ მხრებზე მიჭერდა ოდნავ. ქოლგა ავიღეთ და სასეირნოდ წავედით, ბელგიის მთელი ისტორია ლამის ზეპირად ვისწავლე, მეტისმეტად საინტერესო თანამოსაუბრე აღმოჩნდა. დავმეგობრდით. სეირნობის შემდეგ, ბარები შემოვიარეთ… მეორე დილით მაგიდაზე საუზმე დამხვდა და წერილი, რომლითაც რჩევებს მაძლევდა, თუ რა უნდა მენახა, გადავწყვიტე ბრიუგე დამეთვალიერებინა. მანამდე კი, ბრიუსელის ცენტრში გავედი.

ქალაქი ულამაზესი იყო, მომინდა, რომ არასდროს წავსულიყავი აქედან! ჯერ იყო და ბელგიურ ცხელ ვაფლს ვეცი, ვანილის ნაყინით და ცოცხალი მარწყვით, ათივე თითით ვჭამდი, ხელები სასწრაფოდ დავიბანე და შოკოლადის დეგუსტაციებს ჩამოვუყევი. ყიდვა აღარ დამჭირდა, იმდენი მივირთვი, ბოლოს უკვე გული მერეოდა.

სუვენირების ყველა მაღაზიაში, ყველაზე ხშირად "მშარდავი ბავშვის" ქანდაკება მხვდებოდა, გადავწყვიტე მენახა და გამოვედი. ხალხისთვის გამიჭირდა ამეხსნა, რას ვეძებდი, მით უმეტეს რომ მათი ნაწილი ინგლისურად კარგად ვერ საუბრობდა, ამიტომ უბრალოდ იმიტაციას ვაკეთებდი და შემდეგ მათ გაშვერილ ხელს მივყვებოდი.

როცა 5 წრე დავარტყი და მივხვდი, რომ ერთ ადგილას ვტრიალებდი, გამიკვირდა, რამ დამაბრმავა და რატომ ვერ დავინახე. მერე ჯგუფურად შეკრებილი ხალხი ვნახე, რომელიც რაღაცას ათვალიერებდა. ჰო, ეს სწორედ ის, ბავშვის ქანდაკება იყო, რომელიც ზუსტად მუშტის ზომის აღმოჩნდა.

ბრიუგეს მიმართულებით სტუდენტური ბილეთი ავიღე, რეალურად კიდევ, სტუდენტი უკვე აღარ ვიყავი და მთელი გზა დაჯარიმების შიშში გავატარე, რამაც ისე დამსტრესა, უკანა გზაზე აღარ გამირისკავს. ბრიუგეც ულამაზესი იყო, ბევრი წყლით, ძველებური არქიტექტურით, სიმწვანით, უამრავი ტურისტით. აქაც იყო ჩემი საყვარელი ვაფლი, ბევრი.

გზად ორი რუსი გოგონა გავიცანი და შემდეგი რამდენიმე საათი ერთად გავატარეთ, ბრიუსელში სასიამოვნოდ დაქანცული დავბრუნდი, სახლში შევლასლასდი და მშიათქო წავილუღლუღე.

- პრინცი ხარ – გაეცინა ანდრეას

- ანუ, პრინცივით სიმპატიური? – გამეღიმა მეც

- არა… უფრო სწორად კი, მაგრამ თან ბევრი სურვილით და გიყვარს, როცა თავს გევლებიან (უარყოფას აზრი არ ჰქონდა)

სასტუმრო ოთახში განთავსებულ როიალს მივუჯექი და "იმღერე რამე" დავუკარი, მეგონა ჩემი ნიჭიერებით გავაოცებდი, თუმცა ჩემი დაკვრის შემდეგ თავად მიუჯდა და მანდ უკვე ვინანე, რამ დამაკვრევინამეთქი. პიანისტი აღმოჩნდა პროფესიით, ერთი სიამოვნება იყო მისი მოსმენა.

ოდნავ დავისვენე თუ არა, ისევ ქალაქში გავედი, შემეძლო დაუსრულებლად მეხეტიალა ამ სიცოცხლით სავსე, მყუდრო და ძალიან ლამაზ ქუჩებში. ხალხიც ძალიან საყვარელი იყო, მაგალითად, ბრიუგესკენ მიმავალ გზაზე, სადგურში ვკითხულობდი რომელი მატარებელი მიდიოდა ბრიუგში, ქალმა ვერ გაიგო რა ვკითხე და სადღაც გაიქცა. ცოტა ხანში, ვხედავ მორბის და ვიღაც მოჰყავს, რომელიც თარჯიმნად გამოიყენა, მანამდე კიდევ, ცდა არ დაუკლია მთელი სხეულის ჩართულობით, რომ აეხსნა – მატარებელი, ოც წუთში, მეორე პლატფორმიდან რომ გადიოდა. გადავეხვიე მადლობის ნიშნად და გავიქეცი მატარბლისკენ.

მესამე დილით, ანრეამ თავისი ექაუნთით მანქანით მგზავრობა მიყიდა პარიზის მიმართულებით, ფული არ გამომართვა, რაზეც აღვშფოთდი:

- მე ვარ ქართველი, თუ შენ?!

- არაქართველებმაც ვიცით სტუმრისთვის პატივისცემა – მიპასუხა მან და ვეღარ შევეწინააღმდეგე.

ბრიუსელში ბოლო წუთებს ვითვლიდი, მანქანა მოვიდა და წინ დაჯდომა დავაპირე, როცა ახალგაზრდა ქალი ჩახტა და ნიშნისმოგებით ამომხედა. გაბრაზებულმა შევხედე და რაღაცნაირად თითქოს მენიშნა, რომ ამ ქალთან ერთად ახალი თავგადასავალი უნდა დაწყებულიყო

დავემშვიდობე ბრიუსელს, მასპინძელს და გზას გავუდექით პარიზისკენ…

გურამ შეროზიას ბლოგი