მამაკაცების "დისკრიმინაციის" 14 მაგალითი ქართულად - კვირის პალიტრა

მამაკაცების "დისკრიმინაციის" 14 მაგალითი ქართულად

შესავალში დიდი დრო რომ არ დავკარგოთ, მოდით, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და განვიხილოთ პუნქტებად:

1. მამაკაცები პენსიაზე 5 წლით გვიან გავდივართ, ქალებთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკურად ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა ნაკლებია და ასეც რომ არ იყოს, მიზეზი გაუგებარია;

2. ქალს შეუძლია აბორტის გაკეთება მამის თანხმობის გარეშე; (ძალიან გთხოვთ ნუ ვიკამათებთ, ვინ რამდენი იშრომა და ვის რა წვლილი მიუძღვის, ფაქტია, ეს როლი არავისთვის "შეგვიტენია" იძულებით და ბავშვს ჰყავს ორი მშობელი)

3. არასრუწლოვანთან სექსის (თუნდაც ქორწინების) გამო მამაკაცები ისჯებიან, თუმცა არავინ ინტერესდება მეძავები რა ასაკიდან იღებენ ბიჭ "მუშტარს"

4. განშორების დროს, შემთხვევების უმრავლესობაში – ბავშვი დედასთან რჩება;

5. სამხედრო სავალდებულო სამსახური მხოლოდ მამაკაცებისთვის არის სავალდებულო, ომშიც მამაკაცები ვიღუპებით;

6. ქალი, რომელიც არ მუშაობს და ქმრის კმაყოფაზეა საკუთარივე ნებით – დედაა და დედობა "ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობაა", ხოლო იგივე როლში მყოფი მამაკაცი – მუქთახორა, ჟიგოლო, ალფონსი და მრავალი სხვა ნეგატიური ეპითეტით ფასდება;

7. მამაკაცების ტანსაცმლის სექციას, მაღაზიის ¼ უჭირავს და ის ნაწილიც, ბავშვთან არის გაერთიანებული;

8. ხშირია შემთხვევები, როცა სექსუალური კავშირის შემდეგ, ქალების ან მათი ოჯახების მხრიდან ხდება მათივე ცოლად შერთვის იძულება, როცა ამავე სექსუალური მიზეზებით, მამაკაცები ვერავის ვაიძულებთ ქმრად შეგვირთონ;

9. ქალებს შეუძლიათ შეიტანონ კორექტირებები საკუთარ ვიზუალში, ნებისმიერი რაოდენობით და ფორმით, რაც მამაკაცებისთვის დღემდე სირცხვილად ითვლება (პროცენტული უმრავლესობით);

10. შუაზე გაყოფის გარდა შემთხვევებში, როცა ორიდან ერთი მხარე იხდის საერთო ლანჩის თანხას, უმრავლეს შემთხვევებში ეს მამაკაცია (ანალოგიურად ტაქსის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ა.შ. შემთხვევებში), სხვა შემთხვევაში მომენტალური პარალელები ივლება სიძუნწესთან, უნიათობასთან, ქალის პატივისცემის არ არსებობასთან, ა.შ.

11. თუ ქალი იამაყებს თავისივე სქესით – ის დამოუკიდებელი, ძლიერი ქალია, ხოლო მამაკაცის შემთხვევაში – ის სექსისტია;

12. არატრადიციული სექსის შემთხვევაში, მამაკაცების მიმართ აგრესია ქალებთან შედარებით გაცილებით მაღალია;

13. ქალებს ჩაცმულობის მხრივ გაცილებით დიდი არჩევანი აქვთ, რაც მამაკაცების შემთხვევაში მიუღებელია და ჩვენი გარდერობი ვიწრო დიაპაზონით არის განსაზღვრული;

14. საზოგადოებისთვის ნაკლებად პრესტიჟულ, თუ მძიმე, ან უსუფთაო პოზიციებზე უმეტესად მამაკაცები არიან დასაქმებულები: ტაქსის მძღოლი, დაცვის თანამშრომელი, ფიზიკური მუშა, ნაგვის მანქანებთან მომუშავეები (როგორც დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს უწოდებენ), იგივეა სიცოცხლისთვის სახიფათო პოზიციების შემთხვევაშიც, ხოლო პრესტიჟულ და კომფორტულ სამსახურებში, მაგ: ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, რითეილი, კვლევითი ცენტრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ა.შ. – ქალთა პროცენტული წილი გაცილებით მაღალია.

ეს ჩამონათვალი არ გულისხმობს იმას, რომ მამაკაცები მეტად ვიჩაგრებით, არც იმას, რომ ქალების შემთხვევაში ყველაფერი იდეალურადაა და ვინმე მათ დაცვას ეწინააღმდეგება, უბრალოდ – ვთვლი, რომ იგივე გენდერული პრობლემები, ცალმხრივად არ უნდა განიხილებოდეს და ორივე სქესი, თანასწორი უფლებებით უნდა სარგებლობდეს, ყველა მიმართულებით.

შიგადაშიგ, შეიძლება იუმორითაც შეხედოთ, ანუ არ ვწუწუნებ, უბრალოდ ზოგ სახალისო და ზოგ კიდევ, არც ისე მარტივ პრობლემაზე ვამახვილებ ყურადღებას.

მადლობა ყურადღებისთვის.

პატივისცემით,

მამაკაცი.

გურამ შეროზიას ბლოგი