არცერთი საქმე, რომელსაც ენთუზიაზმით ვაკეთებთ, არ არის სამარცხვინო, ანუ ამბავი ერთ პრომო ბიჭზე - კვირის პალიტრა

არცერთი საქმე, რომელსაც ენთუზიაზმით ვაკეთებთ, არ არის სამარცხვინო, ანუ ამბავი ერთ პრომო ბიჭზე

ყოველთვის, როცა ქუჩაში მდგომ, ფლაიერების გამავრცელებელ პრომო გოგონას ან ბიჭს ვხედავ, განსაკუთრებით ზამთარში, რომლებიც მიუხედავად დამღლელი სამუშაოსი, მაინც ენთუზიაზმით და ღიმილით არსულებენ დაკისრებულ მოვალეობას, მომენტალურად პოზიტივით ვივსები მათ მიმართ.

და ჩემი თავი მახსენდება…

…2004 თუ 2005 წელია… მე და ჩემმა მეწყვილემ 500-500 ბუკლეტი ავიღეთ და გავედით.

დღეს გლდანის ტერიტორია უნდა ავითვისოთ, ოღონდ არამხოლოდ უნდა მივაწოდოთ, არამედ რამდენიმე კითხვაზე უნდა გვიპასუხოს კიდეც და შევსებული ფურცლები ოფისში უნდა მივიტანოთ საღამოს.

წვიმდა, ახლა ოდნავ ქარი ამოვარდა… გვცივა და მაინც: დღევანდელი საქმე დღესვე უნდა დასრულდეს და მედგრად მივიწევთ წინ.

  • ადამიანების ნაწილი, ზედაც არ გვიყურებს, ისე გვივლის გვერდს, თითქოს ადევნებული აჩრდილები ვიყოთ;
  • ზოგი ზემოდან გვიყურებს, სიბრალულით და ხელს აგვიქნევს ხოლმე, ხანდახან თავის სევდიანი გაქნევ-გამოქნევებით;
  • რა ტვინი წაიღეთ, გაეთრიეთ აქედან! - გვიყვირის შუახნის კაცი, რომელსაც ბანკის წარმომადგენლები ვგონივართ, არა და - ჩვენ უბრალოდ ბუკლეტი გავუწოდეთ, ისიც ღიმილით…
  • ვაი შვილო, ამ სიცივეში ქუჩაში რომ დაწანწალებთ, ნეტა რამდენს გიხდიან ამაში! - თავში ირტყამს ხელს კეთილი, მაგრამ უტაქტო ქალბატონი. რომ ვუთხრა, რომ გზის თანხის გარდა არაფერსაც არ გვიხდიან, ნეტა საერთოდ სახეს ჩამოიხოკავს?
  • გავლისას ჯიპი ტალახიან წყალს გვასხამს (მარკებს და მოდელებს ჯერ კიდევ ვერ ვარჩევ). გავრბივარ, რომ სადმე წყალი ვიშოვო და ჩამოვირეცხო, ანუ სრულ იდილიას სისველეც ემატება.
და ყოველი ასეთი ნეგატიური დამოკიდებულების შემდეგ, მოტივაცია გვიათმაგდება! გვჯერა, რომ ოდესმე არამხოლოდ მათივე მსგავს, არამედ გაცილებით მაღალ პოზიციებზე ვიქნებით და ეს ყველაფერი გვიღირს ამისთვის! და ისიც, რომ ოდესმე აუცილებლად დავამტკიცებთ, რომ ჩვენი შრომა და მონდომება წყალში გადაყრილი არ ყოფილა, მეტიც - სხვა ახალგაზრდებსაც მივცემთ მაგალითს.

კეთილი ხალხიც არსებობენ:

  • ერთერთი საცხობის გამყიდველმა შეგვიპატიჟა და ხაჭაპურები მოგვცა, ამდენი სიარულისგან მოშიებული იქნებითო.
  • სალონის სტილისტი თმის უფასო შეჭრას მთავაზობს (არა და ძლივს გადავწყვიტე გავიზარდო და ახლა ამაზე დამითანხმებს?)
  • რა საყვარელი ბავშვები ხართ, ასეთ ასაკში ასე რომ შრომობთ - გვეუბნება ახალგაზრდა ქალი და ვფიქრობ, ნეტა შუბლზე მაწერია 18 წელი ცოტა ხნის წინ რომ შემისრულდა? თან მიხარია, ძლივს რომ ვიღაცამ თბილი სიტყვა გაიმეტა, უკვე საღამოა და ამდენი ხეტიალისგან სიცივეში, ნელნელა თავი მტკივდება.
თანხაზე ძალიანაც ვერ ვიწუწუნებთ, მართალია, მხოლოდ გზის ფულს გვინაზღაურებენ, მაგრამ ყოველ დღე, როცა ტაქსის ფულს გვაძლევენ, ჩვენ მეტროთი მივდივართ და დღეში 5-7 ლარამდე გვრჩება, თვეში უკვე 150 ლარია მინიმუმ და ეს საკმარისია იმისთვის, რომ ტანსაცმლის და გართობის თანხა მშობლებს არ ვთხოვო, 2005 წელს ჯერ კიდევ მყარია ლარი.

უნივერსიტეტში, როცა გამოცვლას ვერ ვასწრებ და პრომო ტანსაცმლით მივდივარ:

  • სტუდენტების ნაწილი დაგვცინის, რაღაზე ვწვალობთ, გამოცდილებაში მაინც არ ჩაგვეთვლება;
  • ზოგს ჰგონია, რომ ტანსაცმელს იმისთვის არ ვიცვლით, რომ ხალხს ჩვენი დასაქმებულობა დავანახოთ და ზურგსუკან "ტოჟე მნე საქმიანი" რეპლიკები გვესმის;
  • მირჩევნია ცოტა დავიცადო და წესიერ სამსახურს დაველოდო - ირიბად გვესვრის ირონიულ ფრაზებს ზოგი.
1 წლის შემდეგ, 19 წლის უკვე ბანკში ვარ გასაუბრებაზე. თანატოლების უმრავლესობისგან განსხვავებით, უკვე მაქვს 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება და თან ისე, რომ სწავლის ხარისხს არ ვაგდებ, პრეზიტენტის სტიპენდიად წოდებული 150 ლარი ბინის ქირას მიხდის და თან მაქსიმალისტი ვარ, თუ ვაკეთებ რამეს - ბოლომდე ვიხარჯები. გასაუბრებაზეც იგივეს ვამბობ.

უკვე საქართველოს ბანკის სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი ვარ, 440 ლარს ბონუსი ემატება, ჯამში 650 ლარამდე და თავი დიდი ბიჭი მგონია. ბინის თანხის შეგროვებასაც ვიწყებ და ყოველი დღე მოტივაციით არის აღსავსე.

აქაც გვითიშავენ ტელეფონს, ხანდახან გვაგინებენ, ხან გვიყვირიან, ხან დაგვიყვავებენ… რეიტინგებში არ ვთმობ პირველობას, რასაც ამაყად ვაცხადებ თიბისიში გასაუბრებაზე, გადამოწმებაც უმარტივესია. შრომა კიდევ ერთხელ მიფასდება და უკვე საკრედიტო ექსპერტი ვარ, ორჯერ მეტი შემოსავლით, არა და 21 წელი ჯერ არ შემსრულებია და სტიპენდიასაც არ ვთმობ უნივერსიტეტში.

არაფერში მჭირდება ამ პოზიციაზე, მაგრამ ინგლისური ენის გაძლიერებაზე მაინც ვზრუნავ, ვკითხულობ ლიტერატურას, ვესაუბრები სკაიპში "ნეითივ სფიქერებს", აქაც მაქსიმალისტი უნდა ვიყო, ლამაზი თვალების გამო არავინ დამაწინაურებს, იმ ლამაზი თვალების, რომელიც არ მაქვს. ჩემი გეგმების შესრულების შესახებ ლეგენდებს სათაოში იგებენ, გადავდივარ მენეჯერულ პოზიციაზე, ახლა უკვე მე მიწევს გაყიდვების აგენტების განაწილება ლოკაციებზე და ჩემი "არაფერში გამოსადეგი" სტაჟი ძალიან პროდუქტიულად მადგება.

პარალელურად ლექტორი ვხდები, ბინის თანხაც მოგროვებული მაქვს და ვყიდულობ პირველ ბინას, სესხის თანხის დამატებით. უკვე გავიზარდე და 23 წლის ვარ…

მორალი: არცერთი პოზიცია, რომელსაც ენთუზიაზმით ვაკეთებთ - არ არის სამარცხვინო, უფრო მეტიც, შრომა აუცილებლად დაგვიფასდება. გარშემო კი - ცხოვრების ყველა ეტაპზე იქნებიან ადამიანები, ვინც ჩვენს შეფერხებას, მოტივაციის ჩაკვლას შეეცდებიან და არგუმენტად მოიყვანენ იმას, რომ რაც მათ არ გამოუვიდათ, არც თქვენ გამოგივათ. ხელის ჩაქნევაზე გაცილებით სასიამოვნო, არც ისე რთული და ძალიან აზარტული - მათთვის საპირისპიროს დამტკიცებაა!

ჰოდა, როგორ შეიძლება არ მიყვარდეს ყველა ის პატარა და საყვარელი ბავშვი, რომელიც სიცივეში, წვიმასა თუ ქარში, ქუჩაში ფლაიერებს ავრცელებს და მათ თვალებში ანთებული ენთუზიაზმის ნაპერწკლებში ჩემ ბავშვობას ვხედავ?

ბავშვობას, რომელმაც იქ მომიყვანა, სადაც ყოველთვის მინდოდა..!

გურამ შეროზიას ბლოგი