მე სამარცხვინო ბიჭი ვარ...!
მე სამარცხვინო ბიჭი ვარ...!
მე სამარცხვინო ბიჭი ვარ, აი შენი და შენი მახინჯი საზოგადოების შექმნილ ყველა სტერეოტიპს რომ ვამსხვრევ ისეთი…

დედაშენი ბებიაჩემს შეძრწუნებული რომ დაურეკავს და საბჭოთა კავშირისთვის შეუფერებელ ვაჟკაცად შემრაცხავს - ისეთიც.

  • მე ის ბიჭი ვარ, ყველაზე დიდ ცხოვრებისეულ სიძნელეებს უშიშრად რომ ლახავს, მაგრამ კალიების და მიცვალებულების რომ ეშინია
  • ის ბიჭიც მე ვარ, უფრო მეტი გოგონა მეგობარი რომ ჰყავს და ბირჟაზე ფურთხების რადიუსის სიგრძეში შეჯიბრების ნაცვლად, სახლში მარტო ფორტეპიანოზე
    დაკვრა, ათივე თითით აკვარელში ამოთხვრა და ხატვა ან სევდიანი ლექსის ან პროზის წერა რომ ურჩევნია
  • მე ის ბიჭი ვარ, "ფეხბურთი და ლუდი კაცს რომ არ უყვარს ის რა კაცია" და მაინც რომ თქვენზე ძლიერია
  • როცა ტკივა ტირილითაც რომ გამოხატავს
    და ამის რომ არ ეშინია, არც რცხვენია
  • სახლში საოჯახო საქმეებს თანაბრად რომ იყოფს ცოლთან და კაცის და ქალის ფუნქციებს ცა და დედამიწის კონტექსტში არ განიხილავს, საერთოდ რომ არ განიხილავს.
  • ზოგჯერ სუსტიც რომ არის და იმდენად ძლიერია, რომ ამ სისუსტის აღიარების არ ეშინია
  • მე ის ბიჭი ვარ, სექსუალური პარტნიორების რაოდენობით რომ არ ამაყობს, ყველას და ყველაფერს სექსის ობიექტად რომ არ აღიქვამს და უარიც ბევრჯერ უთქვამს
  • ცოლიც რომ ჰყავს, საყვარელიც, მეგობარი გოგონაც, "ნაშაც" და ეს ყველაფერი მისთვის ერთადერთ ქალში რომ არის მოქცეული
  • სითბოსაც რომ გამოხატავს, გოგოსაც ჩახუტებია, ბიჭსაც, მოფერება რომ არ ერიდება და ყველანაირ პოზიტივს პირდაპირ რომ გამოხატავს
  • გეისთან ერთ ოთახშიც და ერთ საწოლშიც რომ უძინია და არ შეშინებია, რომ ღამით ვინმე ფარულად "გააბახებდა" (ვტფ)
  • მე ის ბიჭი ვარ, რომელიც ნებისმიერი ძალადობრივი ქმედების შემთხვევაში გიჩივლებთ და ციხეში ამოგალპობთ, ნაცვლად ჩაცუცქული, "კაიბიჭური" საუბრებისა. არავაჟკაცურად გეჩვენებათ? აბა ხელი მოისვით…
  • მე ის ბიჭი ვარ, ვისთვისაც საზღვრების გადმოწევა არის პრობლემა და არა ათი ლესბოსელის ლოზუნგებით გასეირნება რუსთაველის გამზირზე
  • ის ბიჭიც ვარ, გულზე მჯიღს რომ არ იცემს ფეისბუქზე მოჭარბებული პატრიოტიზმისგან და ომის დროს ბუნკერებში არ იმალება, უბრალოდ მშვიდად დგება და მის წილს პასუხისმგებლობას იღებს ქვეყნის წინაშე.
  • მე ის ბიჭი ვარ, რომელიც ბედნიერია, იმიტომ რომ ზუსტად ისეთია, როგორიც სინამდვილეში, ტკბება თავისუფლებით და მისი ბედნიერების ყველა რეცეპტორი გამოკვებილია, განსხვავებით "ქართველი ვაჟკაცის" ნიღბის უკან დამალული მხდალი და სუსტი "კაცებისა"
მე სამარცხვინო ბიჭი ვარ, თმაც რომ შეუღებავს, საყურეც რომ გაუკეთებია და არც პლასტიკური ქირურგია მიაჩნია სირცხვილად - აი ისეთი.

ჰო, მე სტერეოტიპული, მარწუხებში მოქცეული, ყალბი და სახეზე მტკივნეულად შემოჭერილ ნიღბებში მცხოვრები საზოგადოებისთვის სამარცხვინო ბიჭი ვარ და ეს მეამაყება.

…საკმაოდ ბევრი წელი მანგრევდნენ სტერეოტიპები, დადგა დრო, რომ ახლა უკვე მე დავანგრიო ისინი.


ჰოდა, წარმატება მისურვეთ!

გურამ შეროზიას ბლოგი
მკითხველის კომენტარი (79)
---
06 დეკემბერი 2017 10:29
მალადეც, ძალიან მაგარი ხარ. ასე გააგრძელე
elene
06 დეკემბერი 2017 10:24
ოჰ, ე.ი. "კარგი ბიჭი" ხართ?!
ყველაფერს ვკითხულობ რასავ თქვენ წერთ (თითქმის), ეს მართლა ვერ/არ გავიგე რა არის?

პატივისცემით . . !
გისურვებთ წარმატებებს!
გვანცა
06 დეკემბერი 2017 10:11
სამარცხვინო კი არა, ნეტა 40% მაინც შენსავით ფიქრობდეს. ოღონდ ერთს აღვნიშნავ, არა რა საყურე და თმის შეღებვა. შეიძლება ვცდები, მაგრამ ვფიქრობ, ქართველ ვაჟკაცს, დიახ, ვაჟკაცს - არ შეჰფერის.
Ponto
06 დეკემბერი 2017 10:05
მაინც რაღაც კომპლექსია ეს ამდენი „სამარცხვინოს„ ძახილი საკუთარ თავზე.
ზოგადად, აბსოლიტური სამარცხვინო და აბსოლიტური სამაგალითო ადამიანი არ არსებობს. ცალკეული საქციელი და შეცდომები ფასდება და, ისიც, ინდივიდები სხვადასხვანაირად აფასებენ და არა ასე კრებსითად „საზოგადოება“.
123
06 დეკემბერი 2017 09:38
შეროზია არ მოგბეზრდა მუდმივად თავის ქება? გავიგეთ რომ კარგი ხარ. სხა რამე საინტერესო თქვი.
lalo
06 დეკემბერი 2017 09:24
აუუუუ, როგორ არ მიყვარს ასეთი ,,ჰაზრების,, ფრქვევა... გურამ, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ სათქმელი არაფერი გაქვს და ,,თითიდან იწოვ,, საბლოგერო თემებს? ჰა?((
შენ ის "ბიჭი" ხარ...
06 დეკემბერი 2017 08:59
სმწუხაროდ, ვიცი დამბლოკავენ და ამიტომ.. დანარჩენს ალბათ თვითონ გაისიგრძეგანებ,,
kako
06 დეკემბერი 2017 08:36
პლასტიკური ქირურგია ვერ გიშველის ვერანაირად
06 დეკემბერი 2017 08:07
წარმატებები! და ღრმა იმედს ვიტოვებ,რომ ნამდვილად ისეთი ხართ,როგორსაც აღწერთ საკუთარ პერსონას და ვისურვებდი რომ ბევრი ქართველი იყოს მსგავსი მენტალობის.
ალექსანდრე
06 დეკემბერი 2017 04:05
და ის ბიჭიც ხარ, ქვეითთა სავალ ნაწილზე რომ აჩერებ მანქანას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?