ეი, მონავ - კვირის პალიტრა

ეი, მონავ

ეს ბლოგია და არა სტატია. აქ აგრესია და ტკივილია. სუბიექტური ვარ, მაგრამ არაობიექტურობასაც ვერ დამწამებთ და თუ მაინც გაღიზიანდით, იყავით ჩემზე კორექტული და დამანახეთ, რომ ვცდები მონების შეფასებაში.

სხვებს დავცინი ხოლმე და ახლა თვითონ მჭირს პოლიტიკაზე შუაღამისეული გაჭედვა ((( ვერ ვინელებ ზოგიერთი ფეისბუკელის (ვიმედოვნებ ასეთი ცოტაა) ბოდვას იმის შესახებ, რომ თურმე რუსეთი დიდებული ქვეყანაა და სისულელეა მისთვის ოკუპანტის დარქმევა. ერთმა პატარა უტვინო ბიჭმა დაწერა სტატუსად, რუსეთისკენ მალე გაიხსნას გზა, ბორში და ქალები გვინდაო... აღმომხდა, ვაი შენს პატრონს და ვაი დედაშენს - მეთქი. თუ პატრონს არ გაუზრდია და ასეთი, მედროვე და მოღალატე ბუნებით გამოვიდა, კიდევ უფრო ვაი მის პატრონს და მით უფრო დედას... სკოლას ამთავრებს ის ბიჭი და რომ ჰკითხო ბავშვია ჯერ, რუსის ქალი და ბორში კი უნდა.

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ვახტანგ გზირიშვილიც ბავშვი იყო, 19 წლის... ბიჭები, რომლებმაც ვახო ბრძოლის ველიდან დაჭრილი გამოიყვანეს, მიამბობდნენ, როგორ უნდოდა სიცოცხლე ჯარისკაცს, რომელსაც ჰოსპიტალში მისვლამდე სისხლის დენა ვერ შეუჩერეს და... ჰოდა, შენ, ბიჭო, რუსის ქალები და ბორში რომ გინდა, შეგიძლია ვახტანგ გზირიშვილის და ომში დაღუპული დანარჩენი ბიჭების დედებს თვალებში ჩახედო? ნუთუ შეგიძლია ამ დედებს უთხრა, რომ "გევასება" რუსეთი და ერთი სული გაქვს ჩრდილოეთისკენ "გატრაშუნდე", რომ სავარაუდოდ, გენეტიკურად თანდაყოლილი ხურუში დაიკმაყოფილო (ან დაიკმაყოფილებ კი? ბავშვობიდან რომ ასე "გამოგაყრის," ხურუში მგონი ავადმყოფობაა).

1993 წლის სექტემბერში, სოხუმი რომ დავკარგეთ, 19 წლის ვიყავი, უფრო ბავშვური, ვიდრე შენ ხარ ახლა, მაგრამ 27 სექტემბერს, ჭუბერზე ქალიან-კაციან, ბავშვიან-მოხუციანად რომ დაიყინა ხალხი, კინაღამ გავგიჟდი... სამაჩაბლოში სეპარატისტი (და არა ოსი, ვიცნობდი და ვიცნობ ოსებს, იქაურებს და ვიცი ვის სურდა ომი და ტკივილი და პროცენტულად რამდენი იყვნენ) რომ დამაჯდა თავზე, ბოღმამ დამახრჩო, რუსთან საკუთარი უძლურების ბოღმამ, იმ რუსთან, ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში რომ ცდილობს ამომშანთოს და ამომძირკვოს როგორც ერი. დიდხანს მოვუნდი ტკივილების შეჩვევას, თორემ არც აფხაზეთი მომშუშებია და არც სამაჩაბლო.

2008 წლის აგვისტოში ისევ გამეხსნა ყველა იარა. ამჯერად კინაღამ კი არა, გავგიჟდი როცა გავიგე, რომ ჩემი შვილივით გაზრდილი ჯარისკაცი ძმა იქ იყო, ბრძოლის ველზე, შუაგულში... ისიც რომ არ ყოფილიყო, ყველა, ვინც არაკაცურად და ლაჩრულად არ გამოქცეულა იმ ომიდან, ჩემი ძმა იყო... ჩემი, ალალი, სისხლი და ხორცი რომ საღ-სალამათი დაბრუნდა, მერე უფრო ვიგრძენი როგორ მტკიოდნენ სხვები, ბრძოლის ველზე სამუდამოდ დარჩენილები, დაჭრილები, დასახიჩრებულები, გულმოკლულები, სულშიჩფურთხებულები... მტკიოდნენ ერთი შეხედვით სხვები, თორემ ისევ ჩემები, ქართველები და კინაღამ გასკდა გული ტკივილისგან.

ახლა ვიღაც არარაობები (სამწუხაროდ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე) აცხადებენ, რომ თურმე რუსეთი ოკუპანტი არ არის და მარტო მაინც ვერ გავიტანთ თავს და "ახვარი" ამერიკის მონობას, ისევ რუსეთის მონობა მიჯობსო... მონავ, ჯერ კიდევ მაქვს მოთმინების უნარი, რომ არ მოგწვდე და ფიზიკურად არ შეგეხო, მაგრამ ღმერთმა დამიფაროს და ჩემი ძმა რომ ვერ დაბრუნებულიყო იმ ომიდან, მოვიდოდი და დაგახრჩობდი, მერე ჩემი გმირი ძმის საფლავს ჩავძახებდი, აი, ერთი მტერით ნაკლები დარჩა საქართველოს-მეთქი. მტერი ხარ, აბა ვინ ხარ, შენნაირები იყვნენ ყოველთვის ჩვენი მტრების ხიდები და თქვენ კუზიან (სულიერად კუზიან) ზურგებზე შესკუპებულები ხარბად სვამდნენ ჩვენი წინაპრების სისხლს. ღმერთმა მოგიყვანოს გონზე მონავ და თუ ვერ გაიღვიძებს შენი გაყინული ტვინი, იმ დღეში ჩავარდნილიყავი, როგორსაც თუნდაც 2008 წლის აგვისტოში შეეწირნენ ჩვენი ძმები... იქნებ იქ მაინც გაცოცხლდეს შენში ვაჟკაცი. მირჩევნია გიორგი ანწუხელიძესავით წამებაში ამოგართვან სული და არ გატყდე, ვიდრე რუსი ქალების და ბორშის ნატვრაში ობდებოდე.

ამ ბლოგს ისეთს ფოტოს დავურთავ, შენნაირებს მთელი დღე რომ უნდა აყურებინო იძულებით, იქნებ მიხვდე, რას ნიშნავს მამულიშვილობა, რომ სამშობლოს ბორშზე და ქალებზე გაყიდვის სურვილი აღარ გაგიჩნდეს.