გახდი არსენა ან უბრალოდ დამეხმარე - კვირის პალიტრა

გახდი არსენა ან უბრალოდ დამეხმარე

ერთი პერიოდი აქტიურად ვწერდი სოციალურად გაუბედურებული, ღატაკი ადამიანების შესახებ. მიხაროდა, როდესაც მათ რიგითი მოქალაქეები ეხმარებოდნენ. მიხაროდა, როდესაც სახელმწიფოსგან ფაქტობრივად განწირული ჩემი რესპოდენტების თვალებში ბედნიერების სხივს ვხედავდი. მერე ვიგრძენი, რომ მიჭირდა ტკივილიანი ოჯახების ტრაგედიების გადატანა. ყველას ერთნაირი ფსიქიკა ხომ არ გვაქვს, ხოდა, მე, ძალიან ემოციურს და მგრძნობიარეს, გამიჭირდა გადამეხარშა ამდენი უბედურება და ბოლომდე ვერა, მაგრამ მაინც გავერიდე სოციალურად გაჭირვებულებს და მოვუკელი მათ შესახებ წერას. მიუხედავად ამისა, დღემდე მწერენ წერილებს ადამიანები იმის შესახებ, თუ როგორ უჭირთ. მეც მიჭირს თვალი ავარიდო მათ სატკივარს, მაგრამ ვცდილობ გულგრილი გავხდე. დიახ, სხვა გზა აღარ მაქვს და გავცივდი. თუმცა, ეს ერთი შეხედვით.

ფეისბუკში ყოველდღე ვიღაცის გადასარჩენად ითხოვენ ფულის გაღებას, შემწეობას... ყველა ახალგაზრდა ან ბავშვია, ყველა ლამაზი და სიცოცხლით სავსეა, ყველა ისეთია, ფერებს რომ აძლევენ სამყაროს და გინდა, რომ ეს ფერები არ გახუნდეს და არ გაქრეს, გინდა, რომ გაისარჯო და გადაარჩინო ეს ხალხი, მაგრამ რა, არაფერი გამომდის, დიდი დიდი, თვეში 20 ლარი გავიღო ასეთი შესაწირავების სახით. 20 ლარი კი რა ფულია გაუბედურებული ხალხის გადასარჩენად? სამწუხაროდ მეტი არ მაქვს, მაგასაც ზოგჯერ ვალად ვიღებ, რადგან ზუსტად ვიცი, რომ გადახდა არ გამიჭირდება. მეტს კი ვერ ვრისკავ. თან იმაზე ვფიქრობ, მე რომ დამჭირდეს, რომ გამიჭირდეს, როგორ უნდა მოვითხოვო მეტი? მოკლედ, ცუდ დღეში ვარ, თუ ასეთი, სასწრაფოდ დასახმარებელი ბავშვების და ახალგაზრდების რაოდენობა არ შემცირდა, თუ ამ პრობლემას დროულად არ მოევლო, მეც გავხდები დასახმარებელი. ვერ ვუძლებ ამდენ ტკივილს, ამიტომაც ამ წერილს ვწერ თხოვნით, გადამარჩინეთ, ამისათვის საჭიროა გადაარჩინოთ სულ მცირე ორი ადამიანი, ვის შესახებაც ყოველდღე მესმის და ვკითხულობ.

თენგო ზაკაშვილი სულ რაღაც 8 წლის არის, ჯერ ბავშვია. ამ სიტყვებს რომ ვწერ, მაშინაც კი გული მიდუღს ტკივილით იმის წარმოდგენაზე, რასაც მისი გონება განიცდის... ასი ათასი ევრო სჭირდება, რომ ვერაგ დაავადებას დაუძვრეს და გაიზარდოს, გამრავლდეს და მერე თვითონ გაზარდოს მისნაირი თვალებღვრიალა ბავშვები. ვერ გროვდება ეს ოხერი ასი ათასი, რადგან მათ, ვისაც უნდათ, რომ თენგოს დაეხმარონ, ყოველთვიურად განსაცდელში მყოფთათვის ჩემსავით მხოლოდ 20 ლარის გაღება შეუძლიათ, აქედან ალბათ დიდი დიდი ხუთი ლარი ერგოს თენგოს, ასე ხუთ ლარობით კი არ გროვდება ეს ოხერი 10 0000 ევრო და მდგომარეობა კიდევ დღითი დღე მძიმდება. მეც ვდგავარ და შესაძლოა გულბრყვილოდ ან რა ვიცი, როგორაც გამოსავალზე ვფიქრობ...

რა მოხდება, პარლამენტარებმა და ხელისუფლების პირველმა პირებმა ძვირადღირებული მანქანებით რომ არ ირბინონ. ან სულაც ველოსიპედებზე გადასხდნენ რამდენიმე თვით მაინც, სანამ იაფფასიან მანქანებს შუძენენ. თენგოს ხომ გადავარჩენთ? რა უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ პარლამენტარებმა ძვირადღირებული ავტომობილებით იარონ, კომფორტი არ დაიკლონ, თუ ბავშვი არ დაიღუპოს?

სოსო ჯაჭვლიანი გამახსენდა, ეგ რომ გაყიდდეს თავის მანქანას, ან ვინც აჩუქა, იმას რომ დაუბრუნებდეს და ეტყოდეს, ძმურად, თენგო ზაკაშვილის სიცოცხლე მაჩუქე, მოემცი ფული ბავშვის გადასარჩენადო, დედას ვფიცავარ, ჯაჭვლიანს სადაც შევხვდები, იქ დავუკრავ თავს მიწამდე და ვეტყვი, შენ დიდი კაცი ხარ-მეთქი (ეს ამბავი თუ მიუვა, ალბათ იტყვის, ვინ ოხერი ხარ და შენი თავის დაკვრა რაში მჭირდებაო... შესაძლოა შემომაგინოს კიდეც...). ცნობისთვის, ნათესავმა კანონიერმა ქურდმა, "სუხუმსკიმ" აჩუქა მანქანა პარლამენტარსო. "სუხუმსკი" არ წაიკითხავს ამ ბლოგს, მაგრამ იქნებ ვინმე მისიანი შემთხვევით წააწყდეთ ჩემს თხოვნას და გადასცეთ მას. არ ვიცი როგორ მოგმართოთ ბატონო ქურდო, კანონიერო ქურდო თუ მერაბ "სუხუმსკივ," მე არავინ ვარ თქვენთვის, ისე, როგორც თქვენ ხართ არავინ ჩემთვის, თქვენი "რამკებით", მაგრამ ვიცი ფულის მახინაციებით და ავი გზებით მოძიებას თქვენ ვერ გადაეჩვევით. არადა, ფულს რომ მოიპოვებთ, ხომ უნდა დახარჯოთ და დახარჯეთ სიკეთეში, მაჩუქეთ თენგო ზაკაშვილის სიცოცხლე, აჩუქეთ მის მშობლებს და პირველ რიგში თქვენს თავს აჩუქეთ. ვფიქრობ, არ გაგიჭირდებათ 100 000 ევროს შოვნა. მე კი ქვეყანას მოვდებ, რომ თქვენ მას თავიდან დაბადების საშუალება მიეცით. უფ, ახლა იტყვით, ეგ ერთი თენგო რომ გადავარჩინო და ამბავი გახმაურდეს, მერე უამრავი გადასარჩენი გამოჩნდებაო.მერე რა? ვიმეორებ, თქვენ ხომ ფულის მოპარვას თუ მითვისებას ვერ გადაგაჩვევთ ვერავინ და სიკეთეში მაინც სცადეთ მისი დაბანდება, გადაარჩინეთ ადამიანების სიცოცხლე. გახდით არსენა ბატონო მერაბ.

ყოველ დღე მსახიობ გიორგი ყორღანაშვილის შესახებ მხვდება განცხადება, გადაარჩინეთ გიორგი. იხვეწებიან კოლეგები. არადა, ხვეწნა რა საჭიროა, საოცარი ადამიანია ეს გიორგი, ულამაზესი ბიჭი, სუფთა, რაღაცნაირი, მზიანი, მაგრამ მაინც ჩუდგა ვერაგი სენი სხეულში...

წეღან სოსო ჯაჭვლიანი და მისი ქურდი ნათესავი გამახსენდა, მაგრამ განა სხვები ცოტანი არიან პარლამენტში და მის გარეთ ფულიანი? ამბობენ, მანანა კობახიძის მაზლის არის რომელიღაც ავტოგასამართი სადგურების ქსელი და ტენდერში გაამარჯვებინეს, რომ სახელმწიფო ორგანიზაციებს მხოლოდ ეგ მომესახუროსო... მოკლედ, თვეში აქვს იმხელა მოგება (არ ვამტკიცებ არაფერს, ასე ამბობენ), რამდენიც ყორღანაშვილის ან ზაკაშვილის გამოჯანმრთელებას ეყოფაო...

თითები კი არა, ღამე არ მეყოფა იმის ჩამოსათვლელად ვის რამდენი ადამიანის გადარჩენა შეუძლია და რამდენ ხანში. მარტო ის რად ღირს, რაც წინა ხელისუფლებას მიუტაცნია, ხოდა, დააბრუნებინეთ ამ ხალხს ფული და გადაარჩინეთ ბავშვები, ახალგაზრდები...

საერთოდაც სულ მიკვირს (ვითომ იმიტომ, რომ მე არ ვარ მდიდარი?), როგორ შეიძლება ბედნიერად გრძნობდე თავს, როდესაც შენს ირგვლივ ადამიანები იხოცებიან იმის გამო, რომ ქვეყანაში არ არსებობს წესიერი სადიაგნოსტიკო და სამკურნალო საშუალებები და თუ არსებობს იმდენად ძვირია, რომ უფულობის გამო სასიკვდილოდ განწირულები ვრჩებით...

რა საჭიროა ამდენი პრემიების დარიგება ჩინოსნებისთვის? ხომ შეიძლება ერთი წელი ისე გავიდეს, რომ პრემიები არ დარიგდეს და ყველამ იმუშავოს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადავარჩინოთ? რამე უტოპიურს, შეუძლებელს და სულელურს ვამბობ? ეჰ, ფულიანები კითხულობენ ბლოგებს? და მაინც თუ კითხულობთ, მე არ მაქვს თქვენს მიმართ აგრესია, უბრალოდ მინდა მიგანიშნოთ, რომ ყველანი წუთის სოფელში ვცხოვრობთ, რომელიც მალე გავა და თუ ქურდობთ, ვიმეორებ, არსენა მაინც გახდით და თუ არ ქურდობთ და ბიზნესს ეწევით, დაფიქრდით, იქნებ იმისთვის გეძლევათ ამდენი ფული, რომ ადამიანები გადაარჩინოთ და არ ფლანგოთ ეს თანხები ძვირადღირებულ კომფორტში, როცა თქვენს გვერდით ბავშვები შიმშილისგან და ავადმყოფობისგან კვდებიან.

ლეგენდარული სტივ ჯობსი მილიარდელი იყო, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა ვერაგ სენს, თუმცა, სანამ იცხოვრა, იყო საოცრად უბრალო და მოწყალე, რადგან სიცოცხლეშივე მიხვდა, რომ არაფერს ნიშნავს გქონდეს ბევრი ფული, თუ ადამიანობას გაცილებს ქონება. ამიტომაც თუ თქვენ გეძლევათ შანსი, რომ თქვენი ფულებით დაამარცხოთ ვერაგი სენი სხვა ადამიანებში, ნუ დაიხევთ უკან, ნუ დააგვიანებთ.

არავის ვუძვრები ჯიბეში, უბრალოდ გთხოვთ, გაიღეთ მოწყალება და სულ მცირე დარეკეთ მაინც:

თენგო ზაკაშვილის საბანკო რეკვიზიტებია: "საქართველოს ბანკის" კოდი BAGAGE22, ანგარიშის ნომერი: GE46BG0000000294539900

გიორგი ყორღანაშვილი დარეკეთ: 09 01 800 804 (ზარი- 1 ლარი)

საბანკო ანგარიში: ბანკი რესპუბლიკა - GE13Bღ0000010150958229