რატომ ვართ ცუდები? - კვირის პალიტრა

რატომ ვართ ცუდები?

ბოლო დროს სოციალურ ქსელებში ხშირად წერენ, რომ თითქოს ცუდი ხალხი ვართ ქართველები. სხვა, უცხო კი არ გვლანძღავს, ისევ ჩვენ ვიმეტებთ ჩვენს თავს საძაგებლად. ვგოდებთ, ცუდი ერი ვართ! საკმარისია რაღაც არასასიამოვნო ინფორმაცია გახმაურდეს, რომ მყისვე საყოველთაო ცოდვად მოვნათლავთ ერთი კაცის ან რამდენიმეს შეცდომას და თვითგვემას ვიწყებთ, თავზე ნაცარს ვიყრით და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვგოდებთ, ცუდები ვართ, ცუდები ვართ... ასეთ დროს მახსენდება ანდაზა, შეძახილმა ხე გაახმოო და მეშინია, ამდენი ცუდის ძახილში მართლა არ გავცუდდეთ. ამიტომაც გადავწყვიტე, თუ რამ კარგი მახსენდება ჩვენი ხალხის ყოველდღიურობიდან, გულიდან და გონებიდან ამოვიღო და გაგანდოთ. მერე იქნებ ბევრმა თქვას, კარგები ვართ, ერთმანეთის გატანა შეგვიძლია, გაჭრივებაში ჩავარდნილს გზად არ მივაგდებთო და ა.შ. ისე, მე თუ მკითხავთ არც არავიზე არაფრით უკეთესი ან უარესი ვართ და ეს თვითგვემაც, ხშირად უსაგნო კეკლუცობას ჰგავს, აი ისეთს, ვიღაცას რომ სურს სოციალურ ქსელებშიაუცილებლად სთქვას რამე, რახან გვერდი აქვს.

აი, ერთი ფაქტი, რომელიც ყოველთვის სასიამოვნოდ მაგონდება და მაფიქრებს, რომ ისევე, როგორც მსოფლიოში მცხოვრებ სხვადასხვა ერებს, ჩვენც ბევრი კარგი თვისება გვაქვს. ზოგს რომ ჰგონია, თითქოს ერთმანეთის გატანა არ ვიცით, ვიცით და მერე როგორ?! რასაც გიამბობთ, შესაძლოა, მთის ხალხს სულაც არ გაუკვირდეს და მხრების აჩეჩვით იკითხონ, რა ნახა ამ ქალმა ამ ამბავში განსაკუთრებულიო? ასე მოხდა მაშინაც, როდესაც თუშებს აღფრთოვანებული შევყურებდი და ბედნიერი ვუხიდი მადლობას. რისთვის, ასეთი რა გავაკეთეთო? უკვირდათ ჩემი საქციელი. მთიელთა ასეთი გულგრილობა კიდევ უფრო მატებს მათ ღირსებას, რადგან რაც ჩემთვის საოცრება იყო, მათთვის ჩვეულებაა. 2008 წლის 29 სექტემბერი იდგა. თუშეთში პირველად მივდიოდი. ცნობილ, თორღვას აბანოს ავცდით უღელტეხილზე და უცებ რას ვხედავთ, გზა ჩამოშლილა. ტრაქტორები არ ჩანს. კაცმა არ იცის როდის მოვლენ. კიდეც რომ მოვიდნენ, სანამ ჩამონაშალს გაწმენდენ, დიდი დრო გავა. დაღამდება და გზის გაგრძელება სახიფათო იქნება. ჩემი მეგზურები ვარაუდობენ, რომ უკან დაბრუნება მოგვიწევს, მაგრამ უცებ თვალი გაგვირბის ერთად შეკრებილი, აჩოჩქოლებული ხალხისკენ. თუშებმა მანქანებიდან ნიჩბები გადმოიღეს და საქმე დაიწყეს. არა, გაწმენდა კი არა, ჩამონაშალის მოსწორებას შეუდგნენ. ისე უნდა მოასწორონ, რომ მანქანებმა ზედ გადავლა შეძლონ. არადა, სარისკოა, მანქანის ერთი მოცურება და ხრამისკენ დაშვებულს ვერაფერი შეაჩერებს. მთიელები ასეთ "სასაცილო" მიზეზებს არ უშინდებიან. ქალაქელებსაც გული მოგვეცა, ვითომ ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ ჯაბანნი? ვამბობთ ღიმილით და თუშებს ვუერთდებით.

ერთი გენახათ რა სანახავი იყო ჩამოშლილი კლდის პირას ნაშალი ქვის გორას აქეთ-იქიდან ორი მანქანა რომ მიადგა. სატვირთოს "ტროსით" უბამდნენ მსუბუქს და ისე გადმოჰყავდათ მეორე მხრიდა. თან გვერდიდან აწვებოდნენ ჯიპებს, ემანდ არ მოსრიალდეს და თავქვე არ დაეშვასო. არადა, მანქანა რომ მოცურებულიყო, ვერ შეაკავებდნენ. მეტიც, ვიღაცას უთუოდ გადაიყოლებდა, მაგრამ თუშებს უბრალოდ ვერ წარმოედგინათ სხვანაირად როგორ უნდა მოქცეულიყვნენ.

თავიდან კი მეშინოდა მათ შემხედვარეს და გულში ვლოცულობდი, ღმერთო უშველე ამ გიჟებს-მეთქი, მაგრამ მერე მეც შევედი აზარტში... თან მიხაროდა, ასეთი ფაქტის შემსწრე გავხდი.

ჩვენც გადავედით კლდის ნაშალზე. თუშების "რკინის მერნების რემა" წინ მიდიოდა, ერთიც უკან მოგვდევდა. ბინდდება, გზებზე დიდი ტალახებია, სადმე არ ჩვარდეთო, მარტო არ გვტოვებდნენ.

იმ ღამით არ მეძინა, თითქმის მთელი ღამე ვფიქრობდი განცდილზე და მეღიმებოდა.

ახლა გეკითხებით, შეიძლება ხალხი, რომელსაც გაჭირვებაში ასეთი მხნეობის, სილაღის და ადამიანის სიყვარულის უნარი აქვს, ცუდი იყოს? შეკრიბეთ ასეთი კარგი თვისებები, აასხით ფიქრის მძივად და დაიკიდეთ კისერზე. მერე ცუდი თვისებებიც შევკრიბოთ, მაგრამ ნუ შევინახავთ, ფიქრი წყალს გავატანოთ და ცუდი ჩვევები კი მოვიშალოთ. ალბათ ასე სარკეშიც უფრო ლაღად ჩავიხედავთ, სოციალურ ქსელებშიც სავიშვიშო აღარ გვექნება და დასაძრახადაც აღარ მოვიქცევით.