ავოიე, ირანია?! - კვირის პალიტრა

ავოიე, ირანია?!

სავარაუდოდ 17 მაისი არ დამთავრებულა. ლგბტ საზოგადოების წევრები ავად თუ კარგად გადაურჩნენ სოციალურ-რელიგიურად აღგზნებულთა ტალღას, მაგრამ შესაძლოა სწორედ მათი რისხვა ვერ ასცდა სარეკლამო ბილბორდებს, სადაც ქალებს მოკლე ან ღრმა დეკოლტიანი კაბები აცვიათ. თბილისი ვიღაცის ინტერესის მიხედვით შელამაზებული რეკლამებით აჭრელდა. მათ დანახვაზე კი ცნობილი "ნატვრის ხის" მთავარი პერსონაჟები ძია ციციკორე და ნარგიზა გამახსენდა. კერძოდ ის სცენა, ციციკორე ნარგიზას მორალზე რომ უქადაგებს და თან მისი მოშიშვლებული დეკოლტისკენ გაურბის თვალი…

როგორც ჩანს, საქართველოში არამხოლოდ ლგბტ-ებს ჰყავთ მტრები. ვიღაცას ნერვებს უწეწავს თამამად ჩაცმული ქალები და მხოლოდ კოჭებამდე გრძელსა და ნიკაპამდე საკინძეშეკრულ კაბებს აღიარებს. "მორალისტები" სარეკლამო ბანერებზე გამოსახულ მოდელებს შიშველ ფეხებს და მკერდს საღებავით უფარავენ (ჯერ-ჯერობით მხოლოდ ბანერებზე). გული მიგრძნობს, მათ მალე მანდილითაც შემოსავენ და იქვე მიაწერენ, ოდეს ყოფილ არს ქალს თმაგარდატევებულს ევლოსო?!

შელამაზებული ბანერების დანახვისას 3-4 წლის წინანდელი პერიოდი გამახსენდა. ღამ-ღამობით უხილავი ხელი შავი საღებავით სავსე ცელოფნის პარკებს ესროდა სავარაუდოდ, მისთვის მიუღებელ უზარმაზარ სარეკლამო აბრებს. ამჯერად დაზიანების ანუ მავნეობის მეთოდი შეცვლილა. შესწორებულია მხოლოდ ჩაცმულობა, ავტორი აშკარად მიგვანიშნებს, როგორ უნდა შევიმოსოთ ისე, რომ მას ეამოს. ციციკორეც ხომ ასე ფიქრობდა, რაც მას მოსწონდა, ის იყო სასარგებლო ხალხისთვისაც.

ვფიქრობ, ვინც ეს გააკეთა რას განიცდის, როდესაც ქუჩაში სარეკლამო მოდელების მსგავსად გამოწყობილ, შილიფად შემოსილ ქალებს ხედავს? ალბათ როგორ უნდა, რომ საღებავი შეასხას შიშველ ფეხებზერ, ან მკერდი შეუღებოს ლამაზებს. ისე, ხვალ ჩვენი გარეგნობის შესწორება მართლა რომ მოუნდეს, მერე რა ვქნათ?

ძნელი არ უნდა იყოს იმის დადგენა, თუ ვინ არის ამ "სარეკლამო ხელოვნების" შემოქმედი. ფაქტია, რომ მათ შორის არცერთი არ იქნება ქართველი "კუტურიე." რა, დაიბოღმნენ, რომ უცხოურ ბრენდებისგან იჩაგრებიან და რევანში დაიწყეს?

ყველგან სადაც ბილბორდებია განთავსებული, დამონტაჟებულია სათვალთვალო ვიდეოკამერები. შესაბამისად დამნაშავეეების დაჭერა და დასჯაც არ უნდა გაჭირდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაუსჯელობისგან თავგასული "დიზაინერები" არამხოლოდ "მანგოს," "ზარას" და სხვა, ბანერებზე გამოფენილი ბრენდების დიზაინს დაიწუნებენ, დღისით, მზისით ქუჩაში შემოგვახვევენ ტომარას, ადეიალას, ან სულაც ჩადრს ჩამოგვაფარებენ. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი არ არის გამორიცხული, ისევე, როგორც ფუნდამენტალისტურ, რელიგიური ფანატიზმის ქვეყნებში, მჟავაც შეგვასხან, ან სხვა ფორმით დაგვისახიჩრონ სხეულის ნაწილები, რათა იძულებული გავხდეთ და გამომზეურებული ფეხები და მკერდი შევიფუთოთ.

ვინ შეიძლება იყოს თბილისური სარეკლამო ბანერების "კორექტორი"? იგივე ხალხი, ვინც 17 მაისის დამარბეველთა აქციაში მონაწილებოდა? რატომაც არა? ასევე თავისუფლად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბანერების დიზანი შეცვალა დაინტერესებულმა ძალამ, რომელიც, როგორც ამბობენ, აქტიურად ცდილობს დაამკვიდროს აზრი, საქართველოში კაციჭამია, რელიგიურად ფანატიკოსი საზოგადოების არსებობის შესახებ, რომელიც თითქოს მზად არის საქართველოში ირანიზაცია გამოაცხადოს. რატომ ირანიზაციაო, არ მკითხოთ. საყოველთაოდ არის ცნობილი, რა დამართა ირანის საინფორმაციო სააგენტომ ამერიკის შეერთებული შტატების პირველ ლედის, მიშელ ობამას. "ფოტოშოპის" მეშვეობით დეკოლტე დაუფარეს. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უზენაეს წარმომადგენელს, კეტრინ ეშტონს კი ირანულ პრესაში დაბეჭდილ ფოტოებზე დეკოლტე "აუწიეს" და შარვალი კაბად გადაუკეთეს.

ვინც არ უნდა იყოს "დიზაინერი", მთავარია სწრაფად დადგინდეს მისი ვინაობა.

წინააღმდეგ შემთხვევაში ხელი მიეცემათ ფანატიკოსებს ან პროვოკატორებს, რომლებიც ერთნაირად საშიში არიან ქართველი საზოგადოებისათვის. ფანატიკოსები დღეს ზეწარს და ჩადრს შემომახვევენ, ხვალ მჟავას შემასხამენ, ზეგ კუდიანობას დამწამებენ და კოცონზე შემწვავენ, პროვოკატორები კი წაახალისებენ ფანატიკოსების გამოჩენას (თითო ტვინნაღრძობი ყოველთვის მოიძებნება) და მე (ალბათ თქვენც) კოცონი მაინც არ ამ(გვ)ცდება.

პ.ს. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად საქართველოს მოსახლეობაზე დიდი იყო აზიური მენტალიტეტის გავლენა, ქალის უფლებები და მისი ჩაცმულობა ნაკლებად იზღუდებოდა, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში. იქ, სადაც ლეკვი ძუ-ხვადობის მიუხედავად ლომის სწორი იყო, სადაც მეფე ქალი გახლდათ და დედოფალს კი არა, მეფეს ეძახდენენ, სასაცილოა ვიღაც ვარსქენ პიტიახშის და უფრო ადრინდელ დროში ცდილობდეს ქვეყნის დაბრუნებას, ან რატომ უნდა ცდილობდეს? ამიტომაც ვიმედოვნებ, რომ რეკლამებს პროვოკატორები "ამშვენებენ", რაც უფრო დიდი, წინასწარგანზრახული ბოროტება მგონია, ვიდრე ვიღაც ფანატიკოსის ახირება - "ყველამ ჩადრი აიფარეთ, მე რომ მშვიდად ვიაროო." ფანატიკოსი საღებავით სავსე ცელოფანს უფრო იოლად არ მოიქნევდა?