"სავაშომანია" - თურქული ჰაშიში ქართველი ქალებისათვის - კვირის პალიტრა

"სავაშომანია" - თურქული ჰაშიში ქართველი ქალებისათვის

"სავაშომანია" ანუ რა სურთ ქალებს

საქართველოში ახალი ეპიდემია გავრცელდა, სახელად სავაში. "დაავადება" თურქეთიდან შემოვიდა და ტელეეკრანიდან გადადის. თუ ტელესერიალებზე იმუნიტეტი არ გაქვს, საღამოს შვიდი საათიდან კი ეკრანთან აღმოჩნდი და პულტი იმ არხზე შეაჩერე, სადაც ერთ-ერთი თურქული სერიალი `სიყვარული და სასჯელი~ გადის, დაინფიცირების საფრთხე ფაქტობრივად გარდაუვალია. აღსანიშნავია, რომ ეპიდემია ძირითადად მდედრობით სქესში მძვინვარებს, განურჩევლად ასაკისა და სოციალური სტატუსისა.

"დასნებოვნებულთა" ერთ ნაწილს ახასიათებს თანამიმდევრულად, ყოველდღიურად უყუროს ფილმის თითო სერიას, დღეში ორჯერ, ახალ და განმეორებით ვერსიას. მეორე ნაწილი ინტერნეტში პოულობს ფილმის სრულ ჩანაწერს, აცდენს სამსახურს და 24 საათის განმავლობაში ყველა სერიას ნახულობს. მეორე დღეს კი უძილობით თვალებდასივებული ყველას უამბობს ნანახის შესახებ. არსებობს კიდევ უფრო მძიმე კატეგორია, დაინფიცირებული, რომელმაც შემთხვევით ნანახი ერთი სერიის შემდეგ სასწრაფოდ მოიძია და ნახა მთელი ფილმი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველდღე თანმიმდევრულად უყურებს ფილმის ახალ და განმეორებით სერიებს, მეტიც, ყოველი სერიის ნახვის შემდეგ ისე განიცდის, თითქოს წარმოდგენა არ ჰქონდეს რა მოხდება ფილმის განგრძელებაში.

"დაავადებულთა" ერთი ნაწილი ცდილობს ფილმის მსვლელობის პერიოდში ეკრანთან მიიტყუოს და ვირუსი გადადოს ქმარს ან მეგობარ მამაკაცს, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ ასე მათი საყვარელი კაცები კიდევ უფრო საყვარელ სავაშს, ცხოვრება კი თურქულ სერიალს დაემსგავსება რომანტიკულ ნაწილში (თორემ არავის სურს თავი სტკიოდეს იმის გამო, რომ მაფიოზური კლანების დაპირისპირების ეპიცენტრში იყოს, როგორც ეს ფილმში ხდება).

ვინ არის სავაში? სავაში არის პასუხი კითხვაზე რა სურთ ქალებს? თურქი მსახიობის მურატ ილდიმირის პერსონაჟმა ფაქტობრივად გონება დააკარგვინა ჯერ ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს, რუს ქალებს (რომელთათვის ჭკუის დაკარგვა არცთუ ისე ძნელი რამ ყოფილა). რუსული ფორუმები ფაქტობრივად წალეკა სავაშომანიამ. იმ დროისთვის ვირუსი საქართველოშიც შემოვიდა, მაგრამ შედარებით სუსტი კლინიკური ნიშნებით უმნიშვნელო მასშტაბზე მოქმედებდა. ქართულ არხზე და თანაც ქართულად გახმოვანებულმა ფილმმა კი "ბოლო მოუღო" ქართველი ქალების ძალიან დიდ ნაწილსაც.

სოციალურ ქსელებში წააწყდებით "დაინფიცირებულთა" მძიმე კლინიკურ ნიშნებს. ქალების ერთმა ნაწილმა დაკარგა რეალობის შეგრძნება და ფილმის მთავარ გმირს აღიქვამს როგორც რეალურს, მეტიც, მიაჩნია, რომ სერიალის გმირი თურქი მამაკაცების უმრავლესობის პროტოტიპია და დანანებით აცხადებენ, რა საყვარლები არიან თურქი კაცები და რა უვარგისები ჩვენი ბიჭებიო.

ქალების ასეთ დამოკიდებულებაზე მძიმე რეაქცია აქვს ჩემს მეზობელ 75 წლის ანზორის, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან დიდი ხნის განმავლობაში ილაშქრებდა თურქეთში საშოვარზე ქალების გაშვების წინააღმდეგ. იმის გამო, რომ მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია და არც მეორე ტელევიზორი აქვს, საყვარელი ცოლის გამო იძულებულია დაისაჯოს და `სიყვარულს და სასჯელს~ დღეში ორჯერ უყუროს (ახალ და განმეორებით სერიებს). მდგომარეობას მეტისმეტად ძაბავს მარტოხელა მეზობელი ზაირა, რომელიც ანზორის ცოლ ეთერისთან ერთად ფილმის ცქერის დროს მუხლებზე ხელს ირტყამს და დანანებით ამბობს, "ასეთი კაცები რომ გვყოლოდა, ხომ არ დავრჩებოდი გაუთხოვარი, შენი ჭირიმე სავაშ, კაცი შენ ხარო." ანზორი ამ დროს თავს ვეღარ იკავებს და ყვირის, გადართეთ სხვა არხზე, სანამ გაბოზებულხართ და სავაშს საყვარლებად დადგომიხართო. დიახ, მისი ეჭვიანობა უსაზღვროა, ვერ ითვალისწინებს, რომ მოხუც ზაირას და ეთერის სავაშის მოხიბვლის არანაირი პერსპექტივა არ აქვთ, მაგრამ სასტიკად გმობს ფილმს, რომელმაც მისი თქმით, ქართველი ქალები ერთი თურქი კაცის ვირტუალურ ჰარამხანაში მოაქცია.

ანზორის ეჭვიანობა და ხუმრობა იქით იყოს და სავაში ფორმულას გავს, რომელიც ქალებს თავბრუს ახვევს. ფილმის გმირი წარმატებული, საქმიანი მამაკაცია, რომელიც ეწინააღმდეგება დრომოჭმულ ტრადიციებს და ოჯახის წევრებს აიძულებს პატივი სცენ მის პრინციპებს, მის რჩეულ ქალს, რომლის დაჩაგვრის უფლებას არ აძლევს არავის, მათ შორის საკუთარ დედას (ბოროტი დედამთილისგან დამცველი ხომ ქართველი ქალების ცნობიერებაში გველეშაპთან მებრძოლთან ასოცირდება). სავაშს აქვს შესაძლებლობა მურტალოსავით ყოველდღე მხოლოდ ერთი კალათა ვარდები კი არა, ყვავილების მთელი მაღაზია გაუგზავნოს შეყვარებულს. კუკარაჩასგან განსხვავებით ერთ "ტილიან" მურტალოსთან კი არ იბრძოლოს, ნარკომაფიის ლიდერს გაუსწორდეს საკადრისად და შინ დაბრუნებულმა საყვარელ ქალს უთხრას უნაზესი სიტყვები. არ მოერიდოს იმის აღიარება, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. მოკლედ, სავაში ქალისთვის იდეალური, საყვარელი მამაკაცის ხატებაა და არა თურქი კაცების ანალოგი. მისი გაფეტიშება კი გვაფიქრებინებს, რომ საზოგადოების იმ ნაწილში, სადაც სავაშომანია მძვინვარებს, ქალებს სიყვარული და ზრუნვა აკლიათ. ალბათ გადაჭერბებული იქნება იმის დასკვნაც, რომ ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოშია.

არსებული სიტუაციის მიხედვით, ქართველ რეჟისორებს გამზადებული ფორმულა ეძლევათ ისეთი ფილმის შესაქმნელად, რომელსაც წინასწარ გარანტირებული ექნება მაღალი რეიტინგი. ფაქტია, ერთფეროვანი და დაბალხარისხოვანი ლათინოამერიკული სერიალების ეპოქა წარსულს ბარდება (მას ჯერ კიდევ ინერციით ჰყავს მაყურებელი) და სანამ აგრარული და სხვა ბაზრების მსგავსად კინობაზარზეც თურქული პროდუქცია გაბატონებულა (რომელსაც აუცილებლად ექნება იდეოლოგიური ზეგავლენა), ალბათ დროა შეიქმნას ისეთი ქართული ფილმები და სერიალები, რომელიც არამხოლოდ საქართველოში, მეზობელ ქვეყნებში ექსპორტის შემთხვევაშიც ძალიან პოპულარული იქნება. ძნელად დასაჯერებელია, რომ ასეთი გმირების მოძიება და შექმნა ვერ შევძლოთ. ისე, კი სერიალების ცქერას, თეატრში სპექტაკლის ნახვა სჯობს. აი, ამ ბლოგს დავასრულებ თუ არა, რუსთაველის თეატრში მივდივარ "ფსიქოზი 4.48-ის" სანახავად. სპექტაკლი სწორედ იმ დროს გადის, როდესაც ერში სავაშომანიის ვირუსული ფსიქოზი მძვინვარებს.