ჯარისკაცის დედა - კვირის პალიტრა

ჯარისკაცის დედა

ამ ნოველას ვუძღვნი ყველა ჯარისკაცის დედას. ისე აუტანელია ავღანეთში დაღუპული ბიჭების გამო გაჩენილი ტკივილი, რომ მხოლოდ ჯარისკაცებზე ფიქრებით ვარ გაჟღენთილი. ნათელში იყოს მათი სულები და დედებს ძალა მისცეს ღმერთმა!

ალბათ ვერ გადარჩებაო, მამაშენს უთხრეს და ინკუბატორში მოგათავსეს. მას კი მაინც მიეცა იმედი, რადგან ექიმს მშვიდი სახე ჰქონდა, ალბათ რამდენი უდღეური ბავშვის გადარჩენა უცდია და შეეჩვია.

ნარკოზიდან გამოვდიოდი. რაც უფრო იფანტებოდა ნისლი გონებაში, მით უფრო ვბრუნდებოდი იქ, საიდანაც ტკივილი დაიწყო. უზარმაზარ ტრაილერს რომ არ შევვარდნოდით ბორბლებში, მამაშენმა გეზი სანიაღვრე არხისკენ აიღო და ამოვყირავდით.

საავადმყოფოს პალატაში თვალი რომ გავახილე, მზერა მუცლისკენ გამექცა. მკერდქვეშ სიცარიელე და უშენობა ვიგრძენი და მუცელზე ხელი მოვისვი, დიდი ჭრილობა მქონდა. მტკიოდა ნაადრევად რომ გასცილდი ჩემს სხეულს, მაგრამ ვგრძნობდი შენს სიცოცხლეს და მჯეროდა, დიდხანს ვიცხოვრებდით ერთად. კრიზისმა რომ გაიარა, ექიმმა მითხრა, სამწუხაროდ, მეტი შვილის გაჩენას ვეღარ შეძლებთ, ეს ვაჟკაცი კი ჯანმრთელია და სიკვდილთან ომში იოლად გაიმარჯვაო. შენი კარგად ყოფნით ისე ბედნიერი ვიყავი, იმაზე აღარ მიდარდია, და-ძმას რომ ვერ გაჩუქებდი.

სახლში რომ წაგიყვანე, ძალიან პატარა იყავი და არ მეგონა, ოდესმე მამაშენივით უზარმაზარი თუ გაიზრდებოდი. შენი გაზრდა კი პირველად მაშინ ვიგრძენი, ჯერ კიდევ თინეიჯერმა კაცურად რომ გამომიცხადე, დე, ჯარისკაცი უნდა გავხდეო. ჰო, როდესაც მოვა დრო, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარო, შენც გახდები ჯარისკაცი-მეთქი. არა, სულ ჯარისკაცი უნდა ვიყო და სამშობლოსთვის ვიბრძოლოო. მაშინ საქართველოს დასაცავი არაფერი სჭირდა და მეც მშვიდად გისმენდი. ვიფიქრე, ბიჭური ახირება ერთ დღესაც გაგივლიდა. თან მეამაყებოდა, რომ კაცი მეზრდებოდი დე, გულადი, მამაცი.

შენი რომ არ მოიშალე და მაინც ჯარის გზით წახვედი, თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ არასოდეს იქნებოდა ომი ჩვენს სამშობლოში და სიკვდილი ვერ წამართმევდა შენს თავს. არ გამიმართლა დე. ნეტავ იმ დედას, ვინც შვილი ისე გააჩინა, გაზარდა და დაუბერდა, რომ ომი არ უნახავს.

გუშინ, საოპერაციო ბლოკში რომ შეგიყვანეს, ექიმმა მამაშენს მხრებზე ზუსტად ისე დაადო ხელი, როგორც 25 წლის წინ, არ უთქვამს, ალბათ ვერ გადარჩებაო, არც არაფერი უთქვამს, მაგრამ ჩემმა გულმა მითხრა დე, რომ მიმატოვებდი. 25 წლის წინანდელი იარა ამტკივდა მუცელზე და საშინელი სიცარიელე ვიგრძენი მკერდქვეშ.

არ ვიცი სხვა დედები რას განიცდიან, მაგრამ როდესაც ომში იბრძოდი, ძუძუები მეწვოდა და ისე ცხადად ვგრძნობდი ტყვიების დარტყმას, როგორც შენი დაგლეჯილი სხეული. დედა გვიან ათვითცნობიერებ, რა დაგემართა, როდესაც გეტყვიან, გამაგრდი! ამის შემდეგ აღარაფერი გესმის, მხოლოდ შეგრძებებიღა რჩება, ისეთი, თითქოს კოცონზე ცოცხლად გწვავენ.

რამხელა გაზრდილხარ დე, შენი ცივი მხრები გიგანტური ჩანს მამაშენის ჩამოყრილ მხრებთან და გული მწყდება, რომ 25 წლის წინ არ შეწყდა ყველაფერი, რომ ეს დღე არ დამდგარიყო. მაპატიე დე, მე არ ვარ ხერხეულიძეების დედა, ან კი რატომ გასწვლიდი სიყრმიდანვე მის ამბავს?!