მოითხოვე მისი უფლებების დაცვა, სანამ შენ გახდები დასაცავი, ანუ უარი ცოცხლად დასამარებას!
მოითხოვე მისი უფლებების დაცვა, სანამ შენ გახდები დასაცავი, ანუ უარი ცოცხლად დასამარებას!
ავტობუსის გაჩერებაზე ინვალიდის ეტლში ჩასმულ მოზარდთან, სავარაუდოდ შვილთან ერთად მოვიდა ახალგაზრდა ქალი. გარეგნობით ჩვენებურს არ ჰგავდა. სატრანსპორტო საშუალების გაჩერების დროს ქალი ეტლის ასასვლელს ათვალიერებდა... გაუშვა ერთი, მეორე, მესამე... გაოცებულმა მხრები აიჩეჩა და გაჩერებაზე მდგომ ხალხს ჰკითხა, ამ ქალაქში დადის თუ არა ტრანსპორტი, რომელსაც ინვალიდის ეტლის ასასვლელი აქვსო? ხალხმაც მხრები აიჩეჩა. ქალმა ტაქსი გაჩერა და ყურადღებიანი ადამიანების დახმარებით შვილი ავტომობილში ჩასვა...
გაჩერებაზე მყოფი ადამიანებიდან ყველას თუ არა, ბევრ მათგანს ალბათ არც
უფიქრია ამ პრობლემაზე, ყურადღებაც კი არ მიუქცევია ასეთი ასასვლელის არარსებობისთვის. ჩვენ ხომ ბავშვობიდან გვახსოვს, რომ ფიზიკური ან გონებრივი შესაძლებლობების შეზღუდვის შედეგად ინვალიდის ეტლზე მიჯაჭვულობა ფაქტობრივად ცოცხლად დასამარებას ნიშნავს. ასეთი ადამიანები განწირული იყვნენ იძულებით ეცხოვრათ შინაპატიმრობაში. გ
არეთ დამოუკიდებლად ვერ ივლიდნენ და ეტლით ვერ გადაადგილდებოდნენ, რადგან მათთვის არ არსებობდა ელემენტარული გზა და შენობაში შესასვლელი. სამწუხაროდ, სურათი დღესაც არ შეცვლილა. ისინი კვლავ იძულებით რჩებიან შინა პატიმრობაში.
ავტობუსის გაჩერებაზე მომხდარი ამბიდან მალევე, ფეისბუკში გავრცელდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების პეტიცია, რომლითაც საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებს მიმართეს. მას შემდეგ, რაც პეტიციის პუნქტებს გავეცანი და რეალობასთან პარალელები გავავლე, შიშმა შემიპყრო. წარმოვიდგინე, რომ უცებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთა რიგებში აღმოვჩნდი. ახლა კიდევ უფრო მტკიცედ შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველოში ამ მდგომარეობაში ყოფნა ნამდვილად ნიშნავს ცოცხლად დასამარებას. ვითომ ვაჭარბებ?
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 1989 წელს მიღებულ ,,ბავშვის უფლებათა კონვენციის"" (საქართველოს სახელმწიფო 1994 წლის 2 ივნისს მიუერთდა ამ კონვენციას, რომელიც იმავე წლის 2 ივლისიდან მოქმედებს ქვეყნის კანონმდებლობაში) 23-ე მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ გონებრივად ან ფიზიკურად არასრულფასოვან ბავშვს უფლება აქვს სრულფასოვნად და ღირსეულად იცხოვროს. სახელმწიფო თავის თავზე იღებს ისეთი პირობების შექმნას, რომ არასრულფასოვან ბავშვს საკუთარი თავის რწმენა ჰქონდეს და აქტიურად მონაწილეობდეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დიახ, კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ არასრულფასოვანი ბავშვის უფლებას განსაკუთრებულ ზრუნვაზე. ვიმეორებ, საქართველო, როგორც ამ კონვენციასთან მიერთებული სახელმწიფო აღიარებს, რომ განსაკუთრებით იზრუნებს არასრულფასოვანი ბავშვის უფლებების დაცვაზე. თუმცა, განსაკუთრებული ზრუნვა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე მხოლოდ ქაღალდზე იგულისხმება. არადა, საქართველომ 2009 წლის 10 ივლისს ხელი მოაწერა გაეროს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასაც."" კონვენციაზე მიერთება ჯერ არ მომხდარა და კვლავ პრობლემად რჩება კონვენციის ძირითადი პრინციპი ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების შესაძლებლობის განვითარებისა და ინდივიდუალობის შენარჩუნების უფლების პატივისცემა."" ზემოთ აღნიშნული პეტიციის თანახმად, სწორედ აღნიშნული პრინციპის დაცვით უნდა შემუშავდეს ან შეიცვალოს საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან და მით უფრო ბავშვებთან დაკავშირებით საქართველოში კატასტროფულად რთული მდგომარეობაა. მახსოვს 7-8 წლის წინ რა მძიმე იყო მშობლებისთვის იმის გადატანა, რომ მათ შშმ შვილებს ე.წ. ინვალიდობის პენსია მოუხსნეს. მიუხედავად იმისა, რომ პენსია დიდი არაფერი თანხა იყო, ისედაც ეკონომიკურად გაჭირვებულ ოჯახებს მათი უქონლობა მძიმე ტვირთად დააწვათ. ამიტომაც მშობლები დღესაც მოითხოვენ, რომ შშმ ბავშვებს მიეცეთ საარსებო მინიმუმის ოდენობით პენსია და მასზე დანამატი.
შშმ ბავშვები უზრუნველყოფილნი არ არიან უფასო სარეაბილიტაციო და ტექნიკური საშუალებებით. არ აქვთ კლასიფიცირებული სამედიცინო დაზღვევა მათი ჯანმრთელობისათვის საჭირო მთხოვნების გათვალისწინებით, რომელშიც ჩართული იქნება გადაუდებელი ფარმაცვეტული პრეპარატები და კვების რაციონი; ძალიან შორს წაგვიყვანს იმ პრობლემების ჩამოთვლა, რომლის მოგვარების გარეშეც ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების უფლებების დაცვაზე და ჰუმანურობაზე ლაპარაკი.
იმის მაგალითად კი, თუ რამდენად არაჰუმანურ გარემოში უწევთ ცხოვრება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ხარაგაულში, დიდვაკის დასახლებაში მცხოვრები ციალა მაღრაძის ამბავიც კმარა. 50 წელს გადაცილებული ქალი მარტო ცხოვრობს საერთო საცხოვრებლის პირველ სართულზე. მის ბინას ტუალეტი არ აქვს. ქალს დამოუკიდებლად, ეტლით გადაადგილებაც კი არ შეუძლია. მისმა ფეხებმა დიდი ხნის წინ დაკარგეს მუხლებში მოხრის უნარი. ამიტომაც ციალა სულ სახლში იმყოფება და სიარულის ნაცვლად დახოხავს. ტუალეტის მაგივრობას ღამის ქოთანი უწევს და რომ არა კეთილი, სათნო მეზობლები ირინე ფერაძე და მანან გაბუნია, ციალას ამ ქოთნის გასუფთავების შესაძლებლობაც ვერ ექნებოდა. უცნაურია, მაგრამ სამ სართულიანი საერთო საცხოვრებლის არცერთ სართულზე ტუალეტი არ არის და ამ კორპუსის ბინადართ ნებისმიერ დროს ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად წასვლა სადღაც ქუჩის გადაღმა განთავსებულ ტუალეტებში სჭირდებათ.
ირინეს და მანანას გარეშე ციალა ვერც იბანავებდა, ვერც იმას გაანდობდა ვინმეს, რომ ღამე უძილობა აწუხებს, რის გამოც თავი სტკივა, მაგრამ წამალი არ აქვს ტკივილის გასაყუჩებლად.
სამწუხაროდ, ციალა მაღრაძე ერთადერთი, ან ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი არ არის შშმ პირთა შორის, რომელსაც ასეთ სასტიკ რეალობაში ცხოვრება უწევს.
არ ვფიქრობ, რომ შექმნილ სიტუაციაში განტევების ვაცის ამბავში, როგორც დამნაშავეს, რომელიმე სახელმწიფო უწყებას უნდა გადავამტვრიოთ ჯოხი თავზე. ჩემი აზრით, სანამ თითოეული ჩვენგანი თუ არა, საზოგადოების უმრავლესობა არ შეფოთდება სულ მცირე იმის გამო, რომ შენობებში, სადაც ჩვენ დავდივართ, არ არსებობს ინვალიდის ეტლის შესასვლელი, სანამ არ მოვითხოვთ, რომ ყველა საზოგადოებრივ სატრანსპორტო საშუალებებში იყოს ასასვლელი ჩვენი შესაძლებლობა შეზღუდული მეზობლებისთვის, ახლობლებისთვის, მეგობრებისთვის ან უბრალოდ ასეთი ადამიანებისთვის, სახელმწიფო უწყებები ვერაფერს შეცვლიან, რადგან ეს სამსახურები ხშირ შემთხვევაში სხვისი ჭირის მიმართ ინერტულად განწყობილი ადამიანებისგან არის წარმოდგენილი. რომელთათვის შესაძლოა ბუსუსებიანი პრეზერვატივის ან ტელესერიალების აკრძალვის თემა უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე უნარებშეზღუდული ადამიანის თავისუფლად გადაადგილების და ადამიანურად ცხოვრების უფლება.
მოდი, ყველამ ერთად გამოვუცხადოთ უარი ცოცხლად დასამარებას და შევცვალოთ ის, რაც ჩვენი შესაცვლელია. უმრავლესობას თუ არ უსარგებლია, უნახავს მაინც დედაქალაქში სატრანსპორტო გზებზე, გადასასვლელების ნაცვლად მერიის მიერ გადებული მაღალი ხიდები, სადაც სამიოდე წლის წინ ვითომ ინვალიდის ეტლის ასასვლელ-ჩამოსასვლელი პანდუსიც დაამაგრეს. გიფიქრიათ, როგორ შეიძლება ავიდეს ან ჩამოვიდეს ამ პანდუსზე ეტლი? ახლა დაფიქრდით და იზრუნეთ შშმ პირების გადაადგილების უფლებაზე, სანამ, ჩვენ დაგვჭირვებია ამ უფლებებით სარგებლობა.








მკითხველის კომენტარი (13)
ეჰ
06 ნოემბერი 2013 22:14
შშმ ადამიანი შესაძლოა იყოს ახალგაზდა, რომელსაც სხვებივით უნდა გარეთ გასვლა, სწავლა, მუშაობა. გინახავთ სადმე ეტლს მიჯაჭვული სტუდენტი ან მუშაკი? ან ქუჩაში მოსეირნე ბოლოს როდის ნახეთ? კარგია რომ გამოფხიზლება დაიწყო! მადლობა სტატიის ავტორს!
nona
27 ივლისი 2013 10:20
აი, ვის სჭირდება დაცვა და მხარში დგომა და არა არატრადიცული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს. ის ურჩევნია ყველა მათ გულშემატკივარს და არასამთავრობოებს, რომ ის თანხა (და თანაც საკმაოდ დიდი რაოდენობით)სწორედ უმწეო ადამიანებს მოახმარონ, თორემ ცისფერები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მშვენივრად გრძნობენ თავს საზოგადოების ყველა სფეროში.
ქეთევანი
03 ივლისი 2013 16:46
უპირველესად,შშმპ–ის უფლებებს უნდა იცავდეს კა–ნო–ნი!!! მაშინ, ვერც მეზობელი და ვერც ქუჩაში გამვლელი ამრეზით ვერ შეხედავს მათ. სახელმწიფოს და საზოგადოების ტანდემით ადვილად დაიძლევა ყველა მათი პრობლემა – საყოფაცხოვრებო,ჯანმრთელობის(2012 წლის საქტემბრამდე სამედიცინო დაზღვევაც კი არ ჰქონდათ),საზოგადოებაში ინტეგრაციის,გადაადგილების.თითოეულს,სშმპ–ს, უნდა შეეძლოს ადამიანურად იცხოვროს და არა რამდენიმეს,რომელსაც რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია შეარჩევს.ისე,ზალიან მაინტერესებს როგორ შეიძლება სევქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია,მასწავლოს ეგებ ვინმემ.


dali
01 ივლისი 2013 08:54
ინვალიდები საერთოდ არ ჩანან ქუჩებში და მათი აბსებობა დავიწყებული აქვს ხალხს. ხშირად უნდა იყვეს გადაცემები მათ შესახებ,შეახსენონ მათი პრობლემები, შეაწუხონ ის პიროვნებები ვის მოვალეობაშიც შედის ამ პრობლემების მოგვარება.
irakli1805
30 ივნისი 2013 17:32
ყველა მთრობა თავლს ხუწავდა ამ პრობლმაზე ელემენტარული ავტობუსები მაინც უნდა იყოს სეთი რო შედზლოა ადამანმა ეტლით იმგზავროს
დიმიტრი
30 ივნისი 2013 11:29
მათლაც რომ გვძინავს და დინებას მივყვებით, ზუსტად ამაშია ჩვენი პრობლემა! ჯობია სიმართლეს გავუსწოროთ თვალი! ჩვენი გასაკეთებელი გვინდა, რომ სხვამ გააკეთოს. ერთსულოვნება და გულისხმიერება გვაკლია ქართველებს... იქნებ ხელმოწერები მაინც შევაგროვოთ, ან მშვიდობიანი აქცია გავმართოთ შშმ პირთა მახარდასაჭერად? რაც კარგი აქვთ ამ ევროპაში, ის მაინც ვისწავლოთ და გადმოვიღოთ. :(
ნინი
30 ივნისი 2013 01:51
მართალია ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცუდი სიტუაციაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე და მათ ინტეგრირებასთან დაკავშიებით...მრავალი მშბელი შეზღუდულია ამ პრობლემის გამო გამოკეტოს შვილი ან ახლობელი სახლში.არც საჯარო სამსახურებში მისასვლელი გზა და არც თრანსპორტით სარგებლობა არ შეუძლიათ მაშინ როდესაც მათი დაცვა და ხელშეწყობა მთავრობის საქმეა.
ჩვენ რამდენიმე პიროვნებამ კი ჩამოვაყალიბეთ მათთვის უფლება დამცველი ორგანიზაცია მაგრამ საოფისედ შენობა ვერ მოგვიძებნია რომ მივიგოთ და დავეხმაროთ უფლებების დაცვაში და საზოგადოებაში ინტეგრირებაში. ხმა უნდა ამოიღოს ერმაც და ბერმაც ხვალინდელი ჯანმრთელი ცხოვრება არავის გვაქვს გარანტირებული გ ა მ ო ფ ხ ი ზ ლ დ ი თ და დახმარების ხელი გავუწოდოთ ყველა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს .
თამუნა
29 ივნისი 2013 23:23
მეც წაკითხვის მერე დამიანტერესა ხალხის გამოხმაურება ! მგონი ლაპარაკი ზედმეტია.... ქვეყანაში ყველაფერი სხვის დასანახად ხდება :|
ჯავახელი
29 ივნისი 2013 22:45
მტკივა და თან როგორ..ყველა ეხლა ალაპარაკდა პრობლემებზე, იმიტომ, რომ ხალხს იმედი ჩაესახა და....სახელმწიფოს თხოვს დახმარებას!!!
ბოდიშით მაგრამ საზოგადოება(რა თქმაუნდა თუ არსებობს ასეთი ფენომენი საქართველოში) უნდა შეიცვალოს და სახელმწიფოს(მთავრობა,პარლამენტი) არ უყუროს ხელებში, იმიტომ რომ სახელმწიფოა საზოგადოება და ეს უნდა გავითავისოთ.
თაკოო
29 ივნისი 2013 21:11
მარტო პანდუსებს არ არსებობა არაა ჩვენი პრობლემა.უსინათლოებიც დავიწყებული გვყავს.ვითომ თვალის ასახვევად რამდენიმე ხმოვანი შუქნიშანი რომ გააკეთეს ქალაქში,უსინათლო კი არა მე ვერ ვასწრებ იქ გადასვლად ად როგორ შეიძლება უნარშეძღუდული ადამიანი ასე ჩქარა გადავიდეს გზაზე ? :/

10 მილიონ ევროდ გაყიდული 1500 ბოთლი ღვინის ისტორია
/
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს  საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები