ამომივიდა აპკი ყელში, (ო)ღონდაცა რაააააააააააააა! - კვირის პალიტრა

ამომივიდა აპკი ყელში, (ო)ღონდაცა რაააააააააააააა!

იმდენს ლაპარაკობენ ქალიშვილობის იდიოტურ მოწმობაზე, რომ ყელში ამომივიდა აპკი (თუმცა, სადღა მაქვს. 20 წლის წინ შეიწირა ქმარმა, რომელსაც დიდი ხანია გავცილდი). მინდოდა წამეყრუებინა და აჟიოტაჟისთვის ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ ინფორმაციამ, ამ ამბავს ყურადღება ”ბიბისიმაც” დაუთმოო, მოთმინება დამაკარგვინა. უკაცრავად და საქართველოში ხომ "ქლიავების" დოღია, ”ბიბისიზეც” ოხრად ყოლიათ. რას როშავო? არ მკითხოთ, როშვა იმათგან მოიკითხეთ თითიდან გამოწოვილ ტყუილზე, ერთი ამბავი რომ ატეხეს.

ინფო მათთვის, ვისაც ყველაფერი ისე ესმის, როგორც აწვდიან: ისე, ასეთებს ჭურებს, თუთიყუშებს და კიდევ რა ვიცი რას არ ეძახიან...

როგორც ინფორმაცია გავრცელდა, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ატარებენ სხვადასხვა ტიპის ექსპერტიზას. მათ შორის, საჭიროებისამებრ ადგენენ ქალიშვილობას, - თუ საქმე ეხება გაუპატიურებას, გაუპატიურების მცდელობას, სხვადასხვა ტრამვის შედეგად საქალწულე აპკის დაზიანებას და მოკლედ, აპკის მდგომარეობას იძიებენ ყველა იმ შემთხვევაში, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლები ითხოვს. მოკვლევის შემდეგ დაიწერება დასკვნა, რომელიც ცნობის სახით გაიცემა. ეს ყველაფერი კი სულაც არ მეტყველებს იმაზე, რომ ქალიშვილობის მოწმობა გაიცემა, ან აპკის ხარისხიანობის დამდგენი ექსპერტის აუცილებლობა საზოგადოებრივმა მოთხოვნამ განაპირობა.

თუმცა, შესაძლოა ქალიშვილობის დადგენის სურვილი სულაც არ იყოს დაკავშირებული სისხლის სამართლის ფაქტების გამოძიებასთან და მოხალისეები უბრალოდ ცნობისმოყვარეობის ან ყოველ შემთხვევაში გადამოწმების მიზნით, საკუთარი ინიციატივით, ვინმეს ძალდატანებით, ან რჩევითაც ცდილობდნენ იმის გარკვევას საერთოდ ქალიშვილად დაიბადნენ თუ არა.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასეთი კატეგორიებიც შესაძლოა არსებობდნენ ბუნებაში და სრული სერიოზულობით სამედიცინო ჟურნალის ვებგვერდზე შემდეგი ტიპის კითხვებსაც კი წერდნენ: `მე და ჩემს შეყვარებულს ჩაცმულებს გვქონდა სექსი. ისე, რომ შარვალი არ გაუხსნია, განიცადა ორგაზმი, მაქვს თუ არა საფრთხე, რომ დავვორსულდე? ”ან ”მქონდა ორალური სექსი. სხვანაირად ქალიშვილი ვარ. შეიძლება ასე დავვორსულდე?" უფ, მსგავს კითხვებს და უარესებსაც რომ აღმოაჩენთ, ალბათ ზოგი ამოიოხრებთ, რა სიბნელეაო და კითხვას სოციალურ ქსელში მიასტატუსებთ სექსუალურ საკითხებში გათვითცნობიერებულის კომენტარით.

მეორე კატეგორია ახარხარდება და ასევე თავის გვერდზე მიასტატუსებს "სასწაულ" კთხვას. მესამე კატეგორია უბრალოდ გააზიარებს ამ კითხვას თავის გვერდზე, უკომენტაროდ, "სმაილიკების გარეშე" (სხვა საქმეა გულში რას გაიფიქრებს), მეოთხე, მეხუთე და ა.შ. კატეგორიებიც შეეცდებიან რამენაირად დააფიქსირონ, რომ "ბნელ კითხვებს" წააწყდნენ. შესაბამისად სოციალურ ქსელში შეიქმნება შთაბეჭდილება, რომ ქართულ საზოგადოებაში სრული სექსუალური უვიცობა სუფევს და კვლავაც ძალიან აქტუალურია უბრალოდ სექსის, ქალწულობის, უკვე ათას ბრუნვაში ნატრიალები საქალწულე აპკის და მსგავსი თემები. არადა, აღნიშნული კითხვების ავტორები თითო-ოროლა თუ იქნებიან ბუნებაში (მათ შორის ქართულშიც), მაგრამ ონლაინ სივრცეში თვალშისაცემად ჩანან და ჭორაობის და სკანდალების მოყვარულთ წარმოსახვით რაოდენობაში ებევრებათ.

ძვირფასი მოსტატუსეები, ვერც კი ხვდებიან, როგორ აწყობენ ფსევდორეალობის ჯაჭვს. შემდეგ ამ პროცესში და თემების პოპულარიზაციაში ერთვებიან ჟურნალისტიკის, სქესობრივი და ზოგადად ადამიანური ურთიერთობების კულტურის საკითხებში გაუთვითცნობიერებელი ჟურნალისტები (ძირითადად ახალბედები, ან ისინი, ვინც მთელი ცხოვრება ახალბედებად რჩებიან), რომელთაც დღე და ღამე იმაზე ფიქრი სტანჯავთ, როგორ მიაგნონ ხმაურიან თემებს, რომ სახელი გაუვარდეთ. ალბათ ასეთი ჟურნალისტისთვის საკმარისია გაიგოს, რომ რომელიღაც ექსპერტიზის ბიუროში ქალიშვილობას ადგენენ. სავარაუდოდ თავშივე ვერ ათვითცნობიერებს, რომ ეს ჩვეულებრივი, არაფრით განსაკუთრებული პროცესია. შესაძლოა ადგილზე მისვლის შემდეგაც ვერ ათვითცნობიერებს, ან ხვდება, რომ დაგოიმდა, მაგრამ უფრო მეტად აწვება გოიმობას და თხზავს მითს იმის შესახებ, თუ როგორ დადის საქართველოს "გამოშტერებული" (ასეთ შთაბეჭდილებას ქმნის გავრცელებული ინფორმაცია) მოსახლეობა საკუთარი ან სხვისი ქალიშვილობის დასადგენად ექსპერტთან.

მოკლედ, საქმე იქამდე მიდის, რომ ქართულ მედიაში ატეხილი უაზრო აჟიოტაჟის შემდეგ უცხოური, ცნობილი საინფორმაციო საშუალებებიც კი ინტერესდებიან ამ თემით და აცხადებენ: "ქორწინებამდე უმანკოების შენარჩუნების ფენომენს ღრმად აქვს ფესვები გადგმული ქართულ ორთოდოქსულ კულტურაში." აშკარად ყოველგვარი დაკვირვებისა და კვლევის გარეშე, სავარაუდოდ ქართველი კოლეგების ინფორმაციებზე დაყრდნობით ავრცელებენ მსგავს პათეტიკას.

გენცვალ, გვიან საღამოს კუს და ლისის ტბის მიხვეულ-მოხვეულებში ფეხს ვერ აუქცევ მანქანებს, სადაც ე.წ. "უსახლკაროები" ექსტრემალური სექსუალური ურთიერთობით არიან დაკავებული. რომელ ორთოდოქსულ კულტურაზე მელაპარაკებით? ვიღას ახსოვს აპკი, ან რამდენი გეგულებათ ქართველ ბიჭებში ისეთი გულუბრყვილო, რომ ყოფილი "ნაშას” რესტავრირებულ ქალწულობაზე დაგოიმდეს? თუ კვლევაა, კვლევა იყოს და თუ პრობლემები გაინტერესებთ, მართლა მოიძიეთ.

ერთი ქუთაისური, ძველი ანეგდოტია: მაგარი "ნაგულავები" ნაზიკია ჭიჭიკიას დაარწმუნებს რომ უბიწოა და ცოლად შერთვაზე დაიყოლიებს, ქორწინების წინა დღეს კი ნაქებ ექიმთან საგულდაგულოდ ჩაიტარებს აპკის რესტავრაციას. პირველი ღამის შემდეგ ნაზიკიას ეღვიძება და თავჩაქინდრულ ჭიჭკიას ხედავს. რა გჭირს ჭიჭო? გასძახებს ნაზად. აგია რაია ქალო? ამოიხვნეშებს ჭიჭიკია და ხელისგულზე სავარაუდოდ გოჭის კანის ნაფლეთს აჩვენებს. უი, ეგი ჩემი საქალწულე აპკია,- კეკლუცად მიუგებს ახალშერთული ცოლი. აპკი გამიგია მე, მარა ცეკავშირის ბეჭედი საიდან მოხვდა ზედ? - დაჰკივლებს ქმარი...

მხოლოდ ეს ანეგდოტი არ მოძველებულა, მართლა მოძველდა ეს თემა. ამიტომაც ვერავინ დამაჯერებს, რომ ჭიჭიკიას მსგავსად თავისი ნაზიკიას საქალწულე აპკზე დეზერტირების საკოლმეუნეო ბაზრის, ან ხორც-პროდუქტებით მოვაჭრე რომელიმე ბრენდ მაღაზიის ბეჭედი აღმოაჩინა და ღირსების დასადგენად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გაქანდა.

(ო)ღონდაცა რაააააააა!

სამწუხაროდ, საქართველოში სექსუალური აღზრდის კულტურა ნამდვილად დაბალია, რაზეც სეპციალისტების საინტერესო კვლევები მოწმობს, მაგრამ ის ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკითხებს უკავშირდება, ვიდრე იმას, რაზეც დღეს ამდენი ხალხი გნიასობს. თითქოსდა იქმნებოდეს "ქალიშვილობის მოწმობა". ეს გნიასი და ღლიცინიც დაბალ კულტურაზე მეტყველებს, - სექსი, ქალის და კაცის ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ფორმა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ახალი სიცოცხლის ჩასახვის საფუძველია, კვლავაც სტიგმად რჩება ადამიანების ცნობიერებაში (არამარტო ჩვენს ხალხში. განვითარებულ ქვეყნებშიც კი, მასაში კვლავაც ბნელა ამ მხრივ, თუმცა, ეს ცალკე თემაა და უფრო სერიოზულ მსჯელობას მოითხოვს) და ხუმრობანარევი ხორხოცი უხერხულობის დამალვის ფორმას უფრო ჰგავს, ვიდრე ჯანსაღად მოაზროვნე ხალხის საქციელს.

რაც შეეხება შემდეგს: ქორწინებამდე უნდა დაიცვას თუ არა უბიწოება ქალმა (კაცმაც)? ვფიქრობ, ეს თემაც მოძველდა, ან უფრო სწორი იქნებოდა საკითხის ასე დასმა, - საერთოდაც სწორედ რომ გოიმობაა, ამ თემის ტრიალი. Lლგბტ "სასტავების" უფლებების დამცველ საზოგადოებაში ვისი რა საჯდომის საქმეა ვინ რას ისურვებს, ქალწულად ჩაბარდეს ქმარს, თუ სექსუალურ ურთიერთობებში დახელოვნებული შეჩერდეს საბოლოო არჩევანზე?!

(ო)ღონდაცა რააააააააააა!

საშინელი ამბავი გამახსენდა, მგონი შარშან იყო, აჭარაში. Dდედის განმარტებით, რუსეთში "დავაჟკაცებულმა მუტრუკმა" რომ ვერ დაადგინა 16 წლის ცოლი უბიწოდ ჩაბარდა თუ არა. საწყალი გოგო ჯერ ლოგინში აწამა და მერე დაბალი სექსუალური კულტურის მქონე პოლიციელებით გამოტენილ სამართალდამცავ ორგანოში. როგორც მახსოვს ტვინზე აპკგადაფარებული დედამთილი ითხოვდა, ექსპერტიზას გაერკვია რძალმა თავი შეაპარა თუ არა და მის "ქლიავ" შვილს რქები როდის ამოუვიდოდა თავზე. გულზე ხელი დაიდეთ, ვინმეს გჯერათ, რომ ასეთები მრავლად არიან საქართველოში? მე არ მჯერა და რასაც მართლა ვხედავ როგორც პრობლემას, საშურად მიმაჩნია იმ თემებზე ჯანსაღი მსჯელობა. თუნდაც ის, რომ მოზარდობიდან იცოდეს ბავშვმა სექსის მნიშვნელობა, სწორი, ზუსტი მნიშვნელობა და უნებლიე ჩუკენობით მოგვრილი ემოციების გათვითცნობიერებას ფარულად არ ცდილობდეს. ასეთ დროს არასწორად მიწოდებული ინფორმაციის შედეგად შესაძლოა სამუდამოდ დაუზიანდეს ფსიქიკა, რაც მერე, არავინ იცის რა ფორმით და სად პოვებს გამოძახილს.

მართლა (ო)ღონდაცა რააააააააა!